№ას-253-2019 24 აპრილი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ც.ჯ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „თ.ბ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, გირავნობისა და იპოთეკის საგნის რეალიზაცია
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც.ჯ–ის (შემდგომში - მოპასუხე, მოვალე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 38 652.71 აშშ დოლარისა და 10426.81 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა ქალაქ თბილისში, ...... მდებარე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ბინა #34-ისა (საკადასტრო კოდით - №.....) და ავტომანქანა „ლინკონ ნავიგატორ 5.41-ის“ (სახელმწიფო ნომრით - .....), აუქციონზე იძულებითი რეალიზაციის გზით. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მოპასუხის კუთვნილ სხვა ქონებაზეც მიექცა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოპასუხემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა, აეკრძალოს მოსარჩელეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის უფლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით, მოპასუხის/აპელანტის შუამდგომლობა უარყოფილ იქნა.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა/მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოსარჩელეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, როდესაც შესაძლოა, ვითარებიდან გამომდინარე, ვერ მოახერხოს სააღსრულებო წარმოების შეჩერება და ისეთი ზიანი მიადგეს, რომ, მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს. მისი მითითებით, სსსკ-ის 375-ე მუხლის ანალიზი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩეროს ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის - დასაწყისშივე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
8. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით, მოპასუხის/აპელანტის შუამდგომლობა აღსრულების შეჩერებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის აკრძალვის თაობაზე უარყოფილ იქნა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, შუამდგომლობის უარყოფის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან კრედიტორს/მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოვალეს/მოპასუხეს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. სწორედ ამიტომ, მოპასუხის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეჩერდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის/აპელანტის ზემოაღნიშნულ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. უპირველესად, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება აქვს მოსარჩელეს და არა მოპასუხეს. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოვალე სარჩელის უზრუნველყოფას ვერ მოითხოვს, ვინაიდან იგი მოპასუხეა და არა მოსარჩელე. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხის შუამდგომლობა წარმოადგენს არა სარჩელის უზრუნველყოფის, არამედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შუამდგომლობას.
9.2. აღსრულების შეჩერების თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს, კერძოდ, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ მხოლოდ იმ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაა შესაძლებელი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში ან გადაცემულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების არცერთი ზემოხსენებული წინაპირობა არ არსებობს, კერძოდ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით და, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში (თუ არსებობს სააპელაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია, სსსკ-ის 375.1 მუხლი) და არც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არაა გადაცემული (თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე, აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით, სსსკ-ის 375.2 მუხლი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა უსაფუძვლოა.
9.3. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, კანონი ითვალისწინებს, შესაბამისად, მოპასუხის მოთხოვნის დაკმაყოფილება კრედიტორისათვის/მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების ჩამორთმევა იქნებოდა, რაც დაუშვებელია. ამასთან, კრედიტორის მიერ ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში, მოვალე დაუცველი არ რჩება, სახელდობრ, თუ კრედიტორის მოთხოვნა არ უპასუხებს ამ ნორმით გათვალისწინებულ წინაპირობებს, სასამართლო არ დააკმაყოფილებს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვალეს/მოპასუხეს რჩება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც.ჯ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი