№ას-285-285-2018 20 ივნისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ს.კ.ფ.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.დ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს.კ.ფ–მა“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია), ლ.დ–გან (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამსესხებელი) 2015 წლის 4 დეკემბრიდან 2016 წლის 29 მარტის ჩათვლით ისესხა სხვადასხვა რაოდენობის თანხა, კერძოდ, 04.12.2015 წელს 27 000 ლარი, 28.12.2015 წელს 2 600 ლარი, 29.03.2016 წელს კი - 10 000 ლარი (იხ. შემოსავლის ორდერები, ტ. 1, ს.ფ. 13-16).
2. მოპასუხე კომპანიის მიერ 206 წლის 13 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, დადასტურებულია 2016 წლის 1 ივნისის მონაცემებით მოსარჩელის მიმართ სასესხო დავალიანების, 20 850 ლარის, არსებობა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 19). მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ცნობის გაცემის შემდგომ მოპასუხემ გადაიხადა 250 ლარი, შესაბამისად, გადაუხდელია 20 600 ლარი.
3. 2016 წლის 21 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის მიმართ 20 600 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარდგენილი 2015 წლის 3 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება დადებული და ხელმოწერილია კომპანიის არაუფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, მოსარჩელე იყო კომპანიის ფინანსური დირექტორი და დადო თვალთმაქცური გარიგება კომპანიის ფინანსების დაუფლების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 20 600 ლარის გადახდა დაეკისრა.
5.1. საქალაქო სასამართლომ მოპასუხის მტკიცება სასესხო ურთიერთობის არარსებობის შესახებ არ გაიზიარა, მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების დადების (სესხის გადაცემის) ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია და ვერ გააქარწყლა სესხის არსებობის პრეზუმფცია საწინააღმდეგო, სარწმუნო და დამაჯერებელი ფაქტებითა და მტკიცებულებით. იმ პირობებში კი, როცა დადგინდა მოპასუხის მიერ სესხის მიღების ფაქტი და დაუდასტურებელი იყო მისი დაბრუნება, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არსებობდა.
6. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია სესხის ხელშეკრულების დადება მხარეთა შორის, მაშინ, როდესაც კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, ხოლო ე.წ. მსესხებელი/მოსარჩელე გახლდათ საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი და დადო თვალთმაქცური გარიგება კომპანიის ფინანსების დაუფლების მიზნით.
6.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა მათი არგუმენტაცია სასესხო ურთიერთობის არარსებობის შესახებ და სალაროს შემოსავლების ორდერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის დასაბუთება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაიზიარა მისი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ასრულებდა დირექტორის ფუნქციებს კომპანიაში და ნებისმიერი მოქმედებით შეეძლო ვალდებულების ხელოვნური წარმოშობა, სასამართლომ მათი მსჯელობა მოსარჩელის დირექტორის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებდა წარმომადგენლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების მსჯელობის საგნადაც არ აქცია.
6.3. აპელანტმა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი მოქმედებების შედეგად დადგინდა კომპანიის საზიანოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები, რის გამოც მოპასუხე მხარე ცნობილ იქნა დაზარალებულად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7.1. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, იმაზე მითითებით, რომ ხელშეკრულებას აპელანტის სახელით ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს რეალურ ხელშეკრულებას, რომელიც დადებულად მიიჩნევა სესხის გადაცემის მომენტიდან. საქმეში წარდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით, კომპანიის ანგარიშის ბარათით და უშუალოდ მოპასუხე კომპანიის ბუღალტერის მიერ დამოწმებული ცნობით დასტურდებოდა, რომ მოპასუხეს, მოსარჩელისაგან ნასესხები ჰქონდა ამ განჩინების მესამე პუნქტში აღნიშნული თანხა.
7.2. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში კვლევის შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, მოპასუხეს სესხად გადასცა 20850 ლარი, შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო ურთიერთობა. სასესხო დავალიანება შეადგენდა 20 600 (20850-250) ლარს, რისი გადახდაც მართებულად დაეკისრა მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:
8.1. კასატორმა სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა (იხ. პ. 8.1 - 8.3.) და დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მათ მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ შეთანხმებაზე, სადაც მოსარჩელე ხელს აწერს კომპანიის სახელით, როგორც დირექტორი და სოლიდურ ვალდებულებას პატიობს მოვალეს, კომპანიის ინტერესების საზიანოდ. აღნიშნული დაადასტურებდა მოსარჩელის სტატუსს კომპანიაში და მის განუსაზღვრელ უფლებამოსილებას, რომელიც, თავის მხრივ გამორიცხავდა მისი - როგორც გამსესხებლის როლში ყოფნას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლიდან გამომდინარეობს.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
15. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ 2015 წლის 3 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებას კომპანიის მხრიდან ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, ამასთან, მოსარჩელე საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირია და დადებულია თვალთმაქცური გარიგება კომპანიის ფინანსების დაუფლების მიზნით.
16. კასატორის მითითებულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს:
16.1. სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ. სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016). სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12. 2015).
16.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი); (შდრ. სუსგ #ას-279-264-17, 21.04.17) „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული). საკასაციო სასამართლო საქმეში წარდგენილ სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემულ სალაროს შემოსავლის ორდერებს, კომპანიის ანგარიშის ბარათს და უშუალოდ მოპასუხე კომპანიის ბუღალტრის მიერ დამოწმებულ ცნობას, სასესხო დავალიანების არსებობის თაობაზე, გასესხებული თანხის, 20 850 ლარის, გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს. შესაბამისად, საკასაციო პალატის აზრით, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს სსკ-ის 623-ე მუხლი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მართებულად დაეკისრა 20 600 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
16.3. დაუსაბუთებელია კასატორის მსჯელობა 03.12.2015 წლის სესხის ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ იგი არაუფლებამოსილი პირის მიერაა ხელმოწერილი. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მითითებულ დროს სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, ვინაიდან დადგენილია, რომ 2015 წლის 3 დეკემბერს მოპასუხეს სესხი არ მიუღია. სესხის ხელშეკრულება კი, როგორც ზემოთ ითქვა, რეალური ხელშეკრულებაა და დადებულად ითვლება სესხის გადაცემის მომენტიდან. სწორედ ამიტომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება მაშინ დაიდო, როცა მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხის თანხა მიიღო (იხ. პ. 16.1-16.2).
17. კასატორი ასევე აპელირებს, იმ გარემოებაზე რომ მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი მოქმედების შედეგად დადგენილი იქნა კომპანიის საზიანოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტი და მოპასუხე ცნობილი იქნა დაზარალებულად. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული გარემოება, ზიანის ანაზღაურების თაობაზე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის წინაპირობაა და მოცემული დავის ფარგლებში (სესხის დაბრუნება) სასამართლო დანაშაულით მიყენებულ ზიანზე ვერ იმსჯელებდა. იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს მხარის ესა თუ ის პრეტენზია, ამ უკანასკნელმა კანონით დადგენილი წესით უნდა აღძრას სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-87-87-2018 17.04.2018წ).
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.კ.ფ–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ს.კ.ფ–ს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.დ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1030 ლარის (1030 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 18.04.2018), 70% – 721 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი