№ას-299-299-2018 22 ივნისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – ე.ჯ., რ.ჯ., ა.ჯ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ყ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ყ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში რ.ჯ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ე.ჯ–ისა (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ა.ჯ–ის (შემდეგში - მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), (შემდეგში - ერთობლივად მოხსენიებული როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქალაქ თბილისში, ..... მდებარე ბინა #11-ის (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.......), (შემდეგში უძრავი ქონება) გამოთხოვის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით, პირველი და მეორე მოპასუხის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეებს/აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, დაევალათ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის, გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოში წარდგენა. მათვე დაევალათ სააპელაციო საჩივრის წარდგენა გასაჩივრების საფუძვლების მითითებით. ამავე განჩინებით, აპელანტებს განემარტათ, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივარი დაჩებოდა განუხილველად.
4.2. 2017 წლის 8 ნოემბერს მეორე მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად ვადის 10 დღით გაგრძელება.
4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხეებს 7 დღით გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.
4.4. 2017 წლის 6 დეკემბერს მეორე მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ფინანსური მდგომარეობის გამო, კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხეებს 5 დღით გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა. აპელანტებს განემარტათ, რომ დადგენილი ხარვეზის შესავსებად საბოლოოდ უგრძელდებოდათ ვადა.
4.6. 2018 წლის 7 თებერვალს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად ვადის 15 დღით გაგრძელება, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 5 - დღიან ვადაში იყო ორი არასამუშაო დღე.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე და 368.5-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადაგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტების შუამდგომლობა ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ხოლო ვადის კვლავ გაგრძელება მიზანშეუწონლად, ვინაიდან, ამით საქმის განხილვა ჭიანურდებაოდა და დაუსაბუთებლად ილახებოდა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ვინაიდან, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ვერ შეძლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მათი შუამდგომლობა ხარვეზის შვსების ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლომ მიიჩნია საქმის გაჭიანურების მცდელობად, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა და მზად არიან, გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
8. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოპასუხეთა მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობა.
9. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ვერ შეძლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს, ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება, გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს.
11. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღსანიშნავია, ასევე, რომ მოპასუხეებს არც საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენიათ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად, მათ ვერ დაამტკიცეს გადახდისუუნარობის ფაქტი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაუსაბუთებელი იყო და ვერ დაკმაყოფილდებოდა.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368.5 და 374-ე მუხლები და მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან მათ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული არცერთი მოთხოვნა არ შეასრულეს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი), რომლის შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, მიიღებს იმ უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
14. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტებმა ვერ დაამტკიცეს, რომ, გადახდისუუნარობის გამო, ვერ მოახერხეს სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა, შესაბამისად, მათთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი არ არსებობდა და სააპელაციო სასამართლომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა (იხ. სუსგ. #ას-920-886-2016, 29 დეკემბერი 2016 წ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ჯ–ის, რ.ჯ–ის და ა.ჯ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორებს: ე.ჯ–ს (პ/ნ ........), რ.ჯ–ს (პ/ნ ........) და ა.ჯ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეთ კერძო საჩივარზე რ.ჯ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (50 ლარი, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 07.03.2018) 25 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი