Facebook Twitter

№ას-634-634-2018 31 ოქტომბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – გ.გ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)– სს „ს.ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა გ.გ–ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ი.ჩ–ას (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან აპელანტი) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს 16 893,42 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ; ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა ქალაქ კასპში, ...... მდებარე პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №....., იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით; იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მოპასუხეთა კუთვნილ სხვა ქონებაზეც მიექცა. პირველ მოპასუხეს 3276,23 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 12 თებერვალს, 15:00 სთ-ზე, რომელიც არაერთხელ გადაიდო და, ბოლოს, 2018 წლის 2 აპრილს 13:20 საათზე, სხდომის გამართვის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, პირველ მოპასუხეს სასამართლო უწყება ჩაჰბარდა პირადად 2018 წლის 19 მარტს (იხ. ტ.2. ს.ფ. 71, (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), იმავე წლის 22 მარტს მასვე ჩაჰბარდა სასამართლო უწყება მეორე მოპასუხისათვის (მეუღლისთვის) გადასაცემად.

4.2. 2018 წლის 2 აპრილს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომლებიც ინფორმირებული იყვნენ სასამართლო სხდომის შესახებ და ჰქონდათ გონივრული დრო იმისათვის, რომ საქმის განხილვაში მიეღოთ მონაწილეობა. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე, 73.1-ე, 74.1-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ წინამდებარე განჩინების 4.1-4.2 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა პირველმა მოპასუხემ. მისი მტკიცებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სასამართლო უწყების მიხედვით, სხდომა 20-ე დარბაზში უნდა გამართულიყო, სასამართლოში დანიშნულ დროსა და ადგილას გამოცხადდა, მაგრამ მითითებულ დარბაზში სხდომა არ ჩატარებულა. მოგვიანებით თანაშემწემ აცნობა, რომ სასამართლო სხდომა მე-13 დაბაზში გაიმართა და აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი, დარჩა განუხილველად. მისი მტკიცებით, სასამართლო სხდომის დარბაზის შეცვლის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით არ უცნობებიათ.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობა.

10. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229.1 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

11. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის, აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

13. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. #ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; #ას-1410-1330-2017; 30.01.208 წ).

14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 2 აპრილს, 13:20 საათზე, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორს/პირველ მოპასუხეს სასამართლო უწყება ჩაჰბარდა პირადად 2018 წლის 19 მარტს (იხ. ხელწერილი, ტ.2. ს.ფ. 71, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები). მისი მტკიცებით, მართალია, სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა მასში მითითებულია, რომ სასამართლომ პროცესში მონაწილეობის მისაღებად 2018 წლის 2 აპრილს, 13:20 საათზე #20 სხდომის დარბაზში მიიწვია. დანიშნულ დროსა და ადგილას გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა მოგვიანებით მოსამართლის თანაშემწემ აცნობა, რომ სხდომა #13 დარბაზში გაიმართა და, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზმა, კერძოდ, სასამართლო სხდომის ჩატარების ადგილის (სხდომის დარბაზის) შეცვლამ განაპირობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსათვის არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია ზემოხსენებულ გარემოებათა დასადასტურებლად. ამასთან, საქმეშიც არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სასამართლო სხდომა, ნაცვლად სასამართლო უწყებაში მითითებული #20 დარბაზისა, #13 სხდომის დარბაზში გაიმართა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 2 აპრილს, 13:20 საათზე, თუმცა სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სხდომა გაიხსნა 13:30:54 საათზე და დაიხურა 13:34:22 საათზე. შესაბამისად, თუ აპელანტი სასამართლოში 13:20 საათზე გამოცხადდებოდა, იგი თანაშემწესთან დაკავშირებას, სხდომის ადგილის დროულად გარკვევასა და სხდომაზე დასწრებასაც შეძლებდა.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი