№ას-1199-1119-2017 30 ნოემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – მ.ს–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „მ.რ.ე.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში დავალიანების არარსებობის აღიარება, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში ნაწილობრივ ცვლილების შეტანა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2014 წლის 26 დეკემბერს მ.ს–ძესა (შემდეგში - მოსარჩელე, მსესხებელი ან მოვალე) და შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ.ე–ს” (შემდეგში - მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) შორის დაიდო №10775 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ 10 წლით ისესხა 9500 აშშ დოლარი წლიური 24% სარგებლის დარიცხვით. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ.ზესტაფონში, ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..... (შემდეგში - იპოთეკის საგანი).
2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 10.3 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, გამსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.
3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა დარიცხული სარგებელი, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
4. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურეცლი (იხ. ტ.1, ს.ფ. 59-61), რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირი თანხა - 9 278 აშშ დოლარით, ხოლო სარგებელი - 398 აშშ დოლარით.
5. 2015 წლის 21 აგვისტოს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვა 2014 წლის 26 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხიდან, 3000 აშშ დოლარის ნაწილში, დავალიანების არარსებობის აღიარება, ასევე - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის გაუქმება ზემოხსენებული თანხის ნაწილში. მოსარჩელის განმარტებით, 26.12.2014 წლის ხელშეკრულებით სესხის თანხად 9500 აშშ დოლარი კი განისაზღვრა, თუმცა - მას ეს თანხა სრულად არ აუღია, ამ თანხით წინა სესხი დაიფარა მთლიანად თავისი პროცენტებით. სწორედ წინა ორ სესხზე დარიცხულმა სარგებელმა შეადგინა 3000 აშშ დოლარი, რომელიც ბოლო სესხით გადაიფარა ისე, რომ მას ეს თანხა არ გადასცემია.
6. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელემ ისესხა 26.12.2014 წლის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა. მოსარჩელემ ვალდებულება დაარღვია, არ გადაიხადა დარიცხული სარგებელი. მას გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება და მიეცა საკრედიტო ხელშეკრულების 2.10 მუხლით განსაზღვრული 30-დღიანი ვადა დავალიანების გადასახდელად. მიუხედავად ამისა, მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. მოპასუხემ გამოიყენა საკრედიტო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება, შეწყვიტა ხელშეკრულება და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თხოვნით მიმართა ნოტარიუსს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მიუთითა, რომ 2014 წლის 26 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო მხარეთა ნების გამოვლენის საფუძველზე, რაც დასტურდებოდა მხარეთა ხელმოწერით. ხელმოწერის ფაქტი გულისხმობდა, რომ მხარე გაეცნო მის შინაარსს და დაეთანხმა პირობებს. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, აპელირება იმ გარემობაზე, რომ სესხის რეალური მოცულობა მითითებულზე 3000 აშშ დოლარით ნაკლებია, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული. სასამართლომ მიუთითა ასევე, რომ სადავო ხელშეკრულებით არ დასტურდებოდა ამ ხელშეკრულებით გაცემული სესხით სხვა ხელშეკრულებებით გაცემული სასესხო ვალდებულებების შესრულება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი კანონის მოთხოვნათა დაცვით გაიცა, მასში ასახული სესხის ძირი თანხისა და პროცენტის მოცულობა შეესაბამებოდა 26.12.2014 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მოცულობას. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 623-ე და 625-ე მუხლები.
9. ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, რომ მოვალემ ისესხა 9500 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება, შეთანხმებული გრაფიკით დაებრუნებინა სესხი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პრეტენზია საკრედიტო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის დაუშვებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება მეორე მხარისათვის შეტყობინების გაგზავნით და მოეთხოვა გაცემული კრედიტის დაუყოვნებლივ დაბრუნება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურსამართლებრივი წინაპირობები.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12.1. კასატორის განმარტებით, მან მოპასუხისგან მიიღო მხოლოდ 6000 აშშ დოლარი, 3000 აშშ დოლარი კი, წარმოადგენდა მასზე დარიცხულ პროცენტს, რაც გადაიფარა 24.12.2016 წლის ხელშეკრულებით. შესაბამისად, ეს თანხა უნდა გამოკლებოდა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ სესხის ძირს;
12.2. კასატორის მოსაზრებით, კრედიტორს არ ჰქონდა უფლება შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა სესხის სრულად დაბრუნება, ვინაიდან სესხი გაცემული იყო 10 წლით და მას შეეძლო მისი გადახდა შეთანხმებული გრაფიკით.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სესხის ძირი თანხის 3000 აშშ დოლარით შემცირებაა. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ხელშეკრულებით მას 3000 აშშ დოლარი არ უსესხებია, ამიტომ ეს თანხა უნდა გამოაკლდეს სააღსრულებო ფურცელში მითითებულ სესხის ძირს. სამართლებრივი შედეგი მიიღწეოდა თუ მოსარჩელე დაამტკიცებდა, რომ 24.12.2016 წლის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ნაწილი, კერძოდ, 3000 აშშ დოლარი მოპასუხისგან არ უსესხებია, ანუ - მოთხოვნის წარმოშობის გამომრიცხველი შესაგებლის წინაპირობების გამოვლენისას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მის მიერ მითითებული გარემოების არსებობა, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც სანოტარო წესით დამოწმებული 24.12.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დგინდება მოსარჩელისათვის 9500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, მოვალეს სარწმუნო და წონადი მტკიცებულებებით უნდა გაექარწყლებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ამასთან, კასატორი თავადაც აღნიშნავს, რომ წინა ხელშეკრულებებით გაცემული სესხი სარგებლიანი იყო და ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოც გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის სარგებელი და პირგასამტეხლო რომც გადაფარულიყო 24.12.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, ეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედება მაინც არ იქნებოდა მოპასუხის მხრიდან, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მთავარია მოსარჩელის მიერ სესხის მიღების ფაქტი და არა სესხის მიზანი. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზიაც სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის თაობაზე, ვინაიდან არ დასტურდება საქმის მასალებით. საყურადღებოა ისიც, რომ ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა, ხოლო, მოსარჩელის შუამდგომლობის გამო, სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შეჩერებულია სადავო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, რაც დამატებით ზიანს აყენებს კრედიტორს.
18. საკასაციო პალატა კასატორის ვერც იმ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, რომლის მიხედვით, კრედიტორს ხელშეკრულების შეწყვეტისა და სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა. პალატა მიუთითებს სსკ-ის 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია, შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა) მუხლზე და მიიჩნევს, რაკი მოვალემ ზედიზედ ორჯერ გადააცილა გადახდის ვადას და კრედიტორის მხრიდან გაფრთხილებაც უშედეგო აღმოჩნდა, ამ უკანასკნელს შეეძლო, შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოვალისაგან სესხის დაბრუნება მოეთხოვა.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის მ1 ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი