№ას-1456-1376-2018 22 ივნისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) - ნ.ე–ძე, დ.ე–ძე, დ.ე–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე.კ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა ე.კ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) დ.ე–ძის (შემდეგში პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ნ.ე–ძის (შემდეგში მეორე მოპასუხე), დ.ე–ძის (შემდეგში მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ნ.ჟ–ას (შემდეგში მეოთხე მოპასუხე), ლ.ე–ძისა (შემდეგში მეხუთე მოპასუხე) და ნ.ე–ძის (შემდეგში მეექვსე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), (შემდეგში - ერთობლივად მოხსენებული როგორც მოპასუხეები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქალაქ თბილისში, ..... მდებარე ბინა #15-ის (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.....), (შემდეგში უძრავი ქონება) გამოთხოვისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა, მესამე და მეექვსე მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 387.1, 229-ე, 275-ე და 276-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, პირველი, მესამე და მეექვსე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 11 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს მთავარი სხდომის ჩანიშვნის შესახებ უწყება, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, პირადად ჩაჰბარდა პირველ მოპასუხეს 2017 წლის 23 სექტემბერს, მასვე ჩაჰბარდა სასამართლო უწყებები მესამე და მეექვსე მოპასუხეთათვის გადასაცემად (მესამე მოპასუხის დედა, მეექვსე მოპასუხის მეუღლე), (ს.ფ. 32-39, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), თუმცა აპელანტები სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულან, მათ არც სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე არ დაუყენებიათ შუამდგომლობა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებიათ სასამართლოსთვის;
5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან აპელანტები არ გამოცხადდნენ მთავარ სხდომაზე, ხოლო მათი გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ არ მიიჩნია, შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მათი სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ არ შეეძლოთ, დროულად ეცნობებინათ სასამართლოსათვის, კერძოდ, პირველ და მესამე მოპასუხეებს უწყება არ ჩაჰბარებიათ, შესაბამისად, მათთვის სხდომის შესახებ ცნობილი არ იყო, ამასთან, პირველი მოპასუხე იყო ავად, რაც, ასევე შეუძლებელს ხდიდა სასამართლო სხდომაზე მის გამოცხადებას. მესამე მოპასუხე არ ცხოვრობს სარჩელში მითითებულ მისამართზე და არც მისი წარმომადგენლისთვის არ იყო ცნობილი სასამართლო სხდომის თაობაზე. მეექვსე მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობაც გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მეუღლის, პირველი მოპასუხის, ავადმყოფობით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
8. 2018 წლის 11 იანვარს მესამე და მეექვსე მოპასუხეებმა შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მიუთითეს, რომ პირველი მოპასუხე/კერძო საჩივრის ავტორი გარდაიცვალა 2017 წლის 28 დეკემბერს და, გარდაცვლილის უფლებამონაცვლის დადგენამდე ითხოვეს საქმისწარმოების შეჩერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირველი მოპასუხის კერძო საჩივარზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო მესამე და მეექვსე მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მათი შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ.
9. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
11. კანონის მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში (შდრ. №ას-54-53-2014, 30.04.2015).
12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, როგორც მესაკუთრე, ითხოვს ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, რაც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს ეფუძნება. ამ უფლების მოწინააღმდეგე მხარეა მხოლოდ არაუფლებამოსილი მფლობელი. შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება, თუ მოპასუხეს სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერი საფუძველი გააჩნია. აწ გარდაცვლილ პირველ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, კერძოდ, არ მიუთითებია და არ დაუდასტურებია ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც სადავო ფართზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას გაამართლებდა (სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება). აქედან გამომდინარე, ვინაიდან ნივთის ფლობას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ვერც აპელანტის მემკვიდრეებზე გადავა რაიმე სახის უფლება (სსკ-ის 157-ე მუხლი). კანონის თანახმად, მატერიალურსამართლებრივი უფლებამონაცვლეობა განაპირობებს საპროცესო უფლებამონაცვლეობას. მატერიალურსამართლებრივი უფლებამონაცვლეობის დროს ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა იღებდეს თავის თავზე განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში მისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს (შდრ. სუსგ #ას-328-328-2018, 08.05.2018წ; #ას- 223-215-2012, 03.05.2012წ). ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, პირველი მოპასუხის კერძო საჩივარი სასამართლოს წარმოებაში არ უნდა მიეღო, კერძოდ, სსსკ-ის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს ან მათ უფლებამონაცვლეებს. თუმცა ასეთ შემთხვევაში, გამოიყენება სსსკ-ის 187.2 (თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები)) მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, პირველი მოპასუხის კერძო საჩივარზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს, სსსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი პირველი მოპასუხის მიმართ უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია და კერძო საჩივარზე საქმისწარმოება შეწყდა, ცხადია, საქმისწარმოების შეჩერების სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველიც აღარ არსებობს.
14. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტები, რომლებსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობათ მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ აცნობეს სასამართლოს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მესამე მოპასუხეს უწყება არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით, ხოლო მეექვსე მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
16. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
17. მესამე კერძო საჩივრის ატორის პრეტენზია, როგორც ზემოთ ითქვა, ისაა, რომ იგი კანონით დადგენილი წესით არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. საკასაციო სასამართლო მესამე მოპასუხის ამ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ იგი სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო სსსკ-ის სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით (იხ. საქმეში წარმოდგენილი უწყებები და უკუგზავნილები, ს.ფ. 32-39, და წინამდებარე განჩინების 4.1. პუნქტი), თუმცა დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიმეზი უცნობებია სასამართლოსათვის.
18. მეექვსე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია კი ისაა, რომ მას სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდა, კერძოდ, მეუღლის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
19. მეექვსე მოპასუხის მითითება განსაკუთრებული ობიექტური გარემოების (მეუღლის ავადმყოფობის) არსებობის თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია მეუღლის/პირველი მოპასუხის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება კი, მხარეს აკისრია, სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად (შდრ. იხ. სუსგ, #ას-801-754-2012, 18.06.2012წ.). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა/მეექვსე მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსათვის არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არასაკმარისია სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის (შდრ. იხ. სუსგ, #ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ).
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგანაც აპელანტებს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობათ საქმის განხილვის შესახებ, ისინი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ პროცესზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი არ აცნობეს სასამართლოს, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს (შდრ. სუსგ-ები № ას-1312-1232-2017, 24.11.2017; № ას-633-591-2017, 21.09.2017; № ას-48-44-2017, 01.03.2017; № ას-880-830-2015, 21.10.2015).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ე–ძის და დ.ე–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. დ.ე–ძის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. დ. და ნ.ე–ძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი