Facebook Twitter

№ას-1652-2018 24 აპრილი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.ნ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ მოძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს #4/6146-15 და 2015 წლის 15 ნომბერს 4/7449-15 გაცემული სააღსრულებო ფურცლების თანახმად, გ.ზ–ძეს (შემდეგში - პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, თანხის გადახდა დაეკისრა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის მიერ, 2016 წლის 8 აპრილს აღიწერა და დაყადაღდა ქალაქ თბილისში, ......, ზემოხსენებული მოვალის საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ნივთები:

ა) შავი კომპიუტერის კომპლექსი „viewsonic“ მონიტორით, პროცესორი, კლავიატურა, მაუსი;

ბ) შავი პლაზმური ტელევიზორი „prime“, დიდი ზომის;

გ) სარეცხი მანქანა „სამსუნგი“ , თეთრი, 4 კგ-იანი;

დ) მაცივარი “NATIONAL“ , ვერცხლისფერი, ორგანყოფილებიანი;

ე)მწვანე ნაჭრის სამეული - ერთი დივანი, ორი სავარძელი;

ვ) ხის ყავისფერი ჟურნალის მაგიდა (იხ. აქტი, ს.ფ. 26-27, ტ.1).

3. მ.ნ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ სადავო ქონების მესაკუთრეა, მაგრამ არა - უშუალო მოვალე, რაც გამორიცხავს მის საკუთრებაში არსებულ ნივთებზე სააღსრულებო წარმოებას.

4. მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ სადავო მოძრავი ქონება მას არ შეუძენია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნივთები ეკუთვნოდა არა მოვალეს, არამედ მოსარჩელეს, აქედან გამომდინარე, ყადაღისაგან გათავისუფლდა 2016 წლის 8 აპრილის აქტით დაყადაღებული მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 158-ე, 170-ე, 172-ე და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40.1, 44-ე და 32.2 მუხლები გამოიყენა.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და დამატებით მიუთითა, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთებიდან ავეჯი მოსარჩელის მიერაა შეძენილი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პირველი მოპასუხე არასრულწლოვანი იყო, ამას მოწმეთა ჩვენებაც ადასტურებს, რომლებმაც ისიც მიუთითეს, რომ პირველ მოპასუხეს არასოდეს უმუშავია და მას არც შემოსავალი არ ჰქონდა, ამდენად, ეს ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა.

8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

8.1. კასატორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელესა და მის მიმართ საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს მოძრავ ნივთებთან მიმართებით, მოვალეც ცხოვრობს აღნიშნულ უძრავ ქონებაში, ხოლო სპეციალური კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ აყალიბებს ზოგადისაგან განსხვავებულ პრეზუმფციას, რომ ნივთები, რომელსაც მოვალესთან პოულობენ, მას ეკუთვნის. ამასთან, მოწმეთა ჩვენებით საკუთრების უფლების დადასტურების ფაქტი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: სსკ-ის 158.1 (ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე) მუხლი და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს) პუნქტები.

14. აქვე საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაპყრობს ერთგვაროვანი პრაქტიკისკენ, რომელიც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე. ამ კატეგორიის დავების მიმართ სასამართლოს დამოკიდებულება შემდეგნაირია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ, მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში - მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).

15. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილია სადავო ნივთების საგარანტიო ბარათები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც ცალსახად დასტურდება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისათვის კუთვნილება, ამ გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხეს უნდა წარედგინა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მან ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მხოლოდ მითითება, რომ ნივთები, რომელსაც მოვალესთან პოულობენ, მას ეკუთვნის, არ არის საკმარისი ამ სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები №ას-914-954-2011, 27.10.2011; №ას-658-625-2014, 5.12.2014; №ას-1189-1119-2015, 23.03.2016; №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).

17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი