Facebook Twitter

№ას-525-525-2018 18 მაისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ.ც–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ე.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებლო ფურცელში ცვლილებების შეტანა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2017 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა ნ.ც–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, მოვალე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) ე.მ–ძის (შემდეგში -მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) მიმართ 2017 წლის 22 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე, კერძოდ, ძირითადი თანხა, ნაცვლად 4800 აშშ დოლარისა, განისაზღვროს 3400 აშშ დოლარით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 22 სექტემბერს გაცემულ #171117597 სააღსრულებო ფურცელში და ძირითად თანხად 3600 აშშ დოლარი განისაზღვრა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააღსრულებო ფურცელში ძირითადი თანხის დამატებით კიდევ 220 აშშ დოლარით შემცირება მოითხოვა შემდეგი საფუძვლით:

3.1. აპელანტის მითითებით, ამჟამად მოპასუხისათვის გადახდილი აქვს ძირი თანხის ნაწილი 1820 აშშ დოლარი (220 აშშ დოლარი გადახდილია გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, 1400 აშშ დოლარი გადარიცხულია გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო 200 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის ამოწერამდე), შესაბამისად ძირ თანხას - 4800 აშშ დოლარს, უნდა გამოაკლდეს 1620 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცელში თანხა 3180 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო:

4.1. პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტი სადავოდ ხდიდა 220 აშშ დოლარს, რომლის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე - 1000 ლარზე ნაკლებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგ გარემოებაზე მითითებით:

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სააღსრულებო ფურცელში ძირითადი თანხა, 4800 აშშ დოლარის ნაცვლად, 3600 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო 200 აშშ დოლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სანამ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდებოდა მოწინააღმდეგე მხარეს, კვლავ გადაურიცხა დამატებით 220 აშშ დოლარი, ჯამში - 420 აშშ დოლარი, რაც 1000 ლარს აღემატება. ამდენად, სააღსრულებო ფურცელში თანხა, ნაცვლად 3600 აშშ დოლარისა, 3 180 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

8. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 1 000 ლარს არ აღემატებოდა (იხ. ამ განჩინების 7.1. პუნქტი).

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მისი სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ცნობილიყო, ვინაიდან მოპასუხისათვის გადარიცხული თანხა ერთობლივად 420 აშშ დოლარია, რაც 1000 ლარს აღემატება.

10. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოდგენდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ, 1400 აშშ დოლარით შესრულების ფაქტის დადგენა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძირითად დავალიანებას, 4800 აშშ დოლარს, გამოაკლდა 1200 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცელში ძირითად თანხად 3600 აშშ დოლარი განისაზღვრა. მოსარჩელის მოთხოვნა 200 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულებულად აღიარების თაობაზე უარყოფილ იქნა და სწორედ აღნიშნული 200 აშშ დოლარი შეიძლება იყოს სააპელაციო საჩივრის განხილვის საგანი, რაც, სააპელაციო საჩივრის ფასიდან გამომდინარე, არ შეესაბამება ზემოხსენებული საპროცესო ნორმის მოთხოვნას და იგი მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო სასამართლომ.

11. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილია სააპელაციო საჩივრის ღირებულება, რომელიც არ შეიძლება, იყოს 1000 (ათასი) ლარზე ნაკლები. სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). საკასაციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში, დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, განაცხადის დასაშვებობისას, ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვ; იხ. სუსგ # ას- 230-218-2016, 28.04.2017წ). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი, მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება, ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR)“ -იხ. სუსგ ას-692-646-2017, 14.07.2017წ.)

12. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ძირითად თანხაზე დამატებით 220 აშშ დოლარის გამოკლების მოთხოვნას უკავშირდება, საკასაციო სასამართლო მხარეს მიუთითებს, რომ, სსსკ-ის 381-ე (დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე, შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია) მუხლის თანახმად, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს მსჯელობის საგანი უშუალოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილი დავის ფარგლებია და კანონმდებლობა ამ ფარგლების შეცვლას იმპერატიულად კრძალავს, ამდენად, მხარეს/აპელანტს სააპელაციო ინსტანციაში დავის საგნის გაზრდის საპროცესო უფლებამოსილება არ გააჩნია, აპელანტის ამგვარი პრეტენზია (რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის მოცულობა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე მეტია) დაუშვებელია და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინება კანონიერი, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ც–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი