საქმე №ას-191-180-2017 14 სექტემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ვ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ.ხ–მა (შემდეგში: მჩუქებელი ან მოპასუხის მეუღლე) 2013 წლის 15 იანვარს მ.ვ–ას (შემდეგში: დასაჩუქრებული, გამყიდველი, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ქ. თბილისში, ......, პირველ სართულზე მდებარე 60 კვ.მ. ავტოსადგომი №გ6 (შემდეგში: უძრავი ქონება) აჩუქა. ჩუქების საგნის ღირებულება 15 000 აშშ დოლარით განისაზღვრა (იხ. ჩუქების ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 23-25).
2. დასაჩუქრებულმა, 2015 წლის 27 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა და მის საკუთრებაში არსებული ავტოსადგომის დანიშნულების შეცვლა და მისთვის საცხოვრებელი ფართის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. მოპასუხის განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 აპრილის №882015170692-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 1, ს/ ფ 27-29).
3. დასაჩუქრებულმა 2015 წლის 16 აპრილს ლ.კ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, მყიდველი ან მესაკუთრე) საცხოვრებელი სტატუსის მქონე უძრავი ქონება, 36 000 აშშ დოლარად, განვადებით მიჰყიდა. მყიდველს გამყიდველისათვის ნასყიდობის თანხა ორ ნაწილად უნდა გადაეხადა. პირველი ნაწილი - 20 000 აშშ დოლარი, შესაბამისი კურსით ლარებში, საჯარო რეესტრში ხელმოწერისთანავე უნდა გადაეხადა, მეორე ნაწილი - 16 000 აშშ დოლარი, შესაბამისი კურსით ლარებში, კი - 2015 წლის 30 ივლისის ჩათვლით (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 20-21).
4. მოსარჩელე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ, 2015 წლის 3 აგვისტოს, დარეგისტრირდა (იხ. ტ. 1, ს/ფ 38-39).
5. უძრავი ქონების მესაკუთრემ 2015 წლის 29 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა და უძრავი ქონების საცხოვრებელი სტატუსის ავტოფარეხის სტატუსით შეცვლა მოითხოვა (ტ. 1, ს/ფ 46).
6. მესაკუთრემ 2015 წლის 25 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა უძრავ ქონებაზე სტატუსის შეცვლისა და საცხოვრებელ ფართად დარეგისტრირების მოთხოვნით (იხ. ტ. 1, ს/ფ 49).
7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 11 დეკემბრის №2338352 გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელეს უარი ეთქვა უძრავი ქონების რეკონსტრუქციაზე იმ საფუძვლით, რომ არსებული სიტუაციის ფოტოსურათებისა და საჯარო რეესტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება ავტოსადგომია, შესაბამისად, არქიტექტურის სამსახური მოსარჩელის მიერ დაგეგმილი სამუშაოების (ავტოფარეხის რეკონსტრუქცია ფუნქციის ცვლილებით) განხორციელებას არ დაეთანხმა (იხ. ტ. 1, ს/ფ 50-51).
8. დამოუკიდებელი შემფასებლის №v-14/03/2016 დასკვნის თანახმად უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 22 200 აშშ დოლარია (იხ. ტ. 1, ს/ფ 124-147).
9. მოსარჩელე პროფესიით სტომატოლოგია და ინდ. მეწარმედ არის რეგისტრირებული (იხ. ტ. 1, ს/ფ 13-19).
10. სარჩელის საფუძვლები
10.1. მოსარჩელემ 2015 წლის 17 დეკემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავ ქონებაზე გამყიდველის საკუთრების უფლების აღდგენისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 36 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
10.2. მოსარჩელის განმარტებით, მან უძრავი ქონება იმ მიზნით შეიძინა, რომ სტომატოლოგიური კლინიკა გაეხსნა, რაც გამყიდველისათვის ცნობილი იყო. მოპასუხის მეუღლემ მყიდველს განუცხადა, რომ სამშენებლო კომპანიაში, რომელმაც საცხოვრებელი სახლი ააშენა, თავად მუშაობდა და დაარწმუნა, რომ მოსარჩელეს უძრავ ქონებაში სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობა შეეძლო.
10.3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართის სტატუსით ნაყიდი უძრავი ქონება ავტოფარეხი აღმოჩნდა და ფართში სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობა შეუძლებელი გახდა, ამიტომ მან ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა, ხოლო თავად ვეღარ გაყიდა, რადგან მან ისევ შეუცვალა სტატუსი უძრავ ქონებას, დაარეგისტრირა ავტოსადგომად, ხოლო ფასად კვლავ 36 000 აშშ დოლარი განსაზღვრა, რაც ავტოსადგომისათვის შეუსაბამოდ მაღალია.
10.4. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების დადებისას მან არ იცოდა, რომ ყიდულობდა სტატუსშეცვლილ ავტოსადგომს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უძრავ ქონებას არ იყიდდა და 36 000 აშშ დოლარს არ გადაიხდიდა, შესაბამისად სახეზეა მოტყუებით დადებული გარიგება, რომლისთვისაც შეცილების ვადა 1 წელია.
11. მოპასუხის შესაგებელი
11.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი, წერილობით წარდგენილი შესაგებლით, არ ცნო და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს ნასყიდობის საგანი საცხოვრებელი ფართი იყო, უძრავ ქონებას სტატუსი კანონის მოთხოვნათა დაცვით შეეცვალა.
11.2. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ იცოდა, რომ უძრავ ქონებას სტატუსი შეცვლილი ჰქონდა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:
12.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 16 აპრილს გაფორმებული უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი;
12.1.2. მოპასუხეს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება აღუდგა;
12.1.3. გამყიდველს მყიდველის სასარგებლოდ ნასყიდობის საფასურის - 36 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
12.2. საქალაქო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 54-ე, 81-82-ე, 183-ე, 477-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
13. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
13.1. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
14.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათზე მიუთითა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390.3-ე მუხლი).
14.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სსკ-ის 81-84-ე მუხლების ნაცვლად სსკ-ის 72-80-ე მუხლებით უნდა მოწესრიგებულიყო. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნების გამოვლენის შეცილება, მოტყუების გამო, შეცდომის საფუძვლით შეცილების უფლებას არ გამორიცხავს. შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევებში მოტყუებისა და შეცდომის გამო შეცილების ნიშნები ერთდროულად არსებობდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც სსკ-ის 79.2-ე მუხლის მიზნებისათვის, მოტყუების და შეცდომის გამო შეცილების უფლებებს სხვადასხვა სამართლებრივი შედეგი მოსდევთ, უნდა განიმარტოს და დადგინდეს, თუ რომელი საფუძვლით განხორციელდა ნების გამოვლენის შეცილება.
14.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საგნის თვისებრიობა მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ თვისებრიობას, არამედ, ასევე ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ ფაქტორებს (ნივთობრივი და უფლებრივი სიკეთეები), რომელიც დაკავშირებულია საგანთან და ზეგავლენას ახდენს მის გამოყენებით (მოხმარების) ფუნქციასა და ღირებულებაზე. ეს თვისებები საგანს აწმყოში უნდა ახასიათებდეს, ანუ გარიგების დადების და შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელებისას.
14.5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარიგების დადებისას ნების გამოვლენა არსებითი შეცდომის საფუძველზე მოხდა, რაც საგნის ძირითად თვისებებში შეცდომით გამოიხატა, რამაც საგნის ღირებულების განსაზღვრაზე ზეგავლენა მოახდინა.
14.6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-9 პუნქტებში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, სსსკ-ის მე-4, 102-103-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მყიდველისათვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნასყიდობის საგნის სტომატოლოგიური კაბინეტის სახით გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა. გამყიდველისათვის მყიდველის ამ ქონებისადმი ინტერესი ცნობილი იყო. უდავოა, რომ მესაკუთრე მისთვის სასურველი მიზნით უძრავ ქონებას ვერ გამოიყენებდა. მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო უძრავი ქონების სტატუსის ცვლილების თაობაზე, რაც მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა. მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომელსაც მოსარჩელე არ ეთანხმება, სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.
14.7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო სადავო უძრავი ქონების სტატუსის ცვლილების და სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობის შეუძლებლობის შესახებ, ის მოპასუხესთან გარიგებას არ გააფორმებდა.
14.8. სააპელაციო სასამართლომ უძრავი ქონების ფასზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ავტოსადგომის ფასი საცხოვრებელ სახლთან შედარებით გაცილებით ნაკლებია, რასაც დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა, ასევე,მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის დადებული ხელშეკრულებაც ადასტურებს. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, მყიდველისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, საცხოვრებელი ფართი რეალურად ავტოსადგომი იყო, მასში 36 000 აშშ დოლარს არ გადაიხდიდა.
15. გამყიდველის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1. აპელანტმა (გამყიდველმა) სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15.2. კასატორი სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ განვადებით ნასყიდობის დადებისას არც მოტყუებას და არც შეცდომას ადგილი არ ჰქონია. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა მყიდველის შეცდომა, რადგან მან იმ ხელშეკრულების გაფორმებაზე გამოხატა ნება, რაც ნამდვილად სურდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 74-ე მუხლი არამართებულოდ გამოიყენა და განმარტა.
15.3. კასატორი სააპელაციო სასამართლოს, ამ გადაწყვეტილების 14.6-14.8 ქვეპუნქტებში ასახულ, მსჯელობას არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეკონსტრუქციო ფართი არსებული სიტუაციის ფოტოსურათებისა და საჯარო რეესტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად ავტოსადგომია. მყიდველმა ხელშეკრულების თანახმად საცხოვრებელი ფართი იყიდა, რაც ყიდვის დროს არსებული ამონაწერით დასტურდება. საბოლოოდ მოსარჩელე 2015 წლის 5 აგვისტოს უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა, სადაც ფართის სტატუსად მითითებულია - საცხოვრებელი ფართი. არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებაში 2015 წლის 1 ოქტომბრის ამონაწერზეა საუბარი, სადაც ფართის სტატუსი ავტოსადგომია. მესაკუთრემ, 2015 წლის 29 სექტემბრის განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 1 ოქტომბერს თავად შეცვალა ფართის სტატუსი და არქიტექტურის სამსახურში განცხადება წარადგინა. შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურის პასუხიც ფართზე შეცვლილ სტატუსს - ავტოსადგომს შეეხება და არა ყიდვის დროს არსებულ საცხოვრებელ სტატუსს. საქმეში არ არის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი, რომ არქიტექტურის სამსახური საცხოვრებელი სტატუსის მქონე უძრავ ქონებაზეც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა, რამაც უძრავი ქონების მყიდველის (მესაკუთრის) უკმაყოფილება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ გარიგება შეცდომის საფუძველზე დაიდო დაუსაბუთებელია.
15.4. კასატორის განმარტებით იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ გარიგება არსებითი შეცდომის საფუძველზე დაიდო, სარჩელი მაინც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან სარჩელი ხანდაზმულია. კასატორმა შეცდომით დადებული გარიგების შეცილებისათვის კანონით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის გარიგების შეცილების საფუძვლის თაობაზე, სულ მცირე 2015 წლის 1 ოქტომბერს, ცნობილი იყო, რადგან სადავო უძრავ ქონებას სტატუსი სწორედ ამ დღეს შეეცვალა.
15.5. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ უძრავი ქონება შეიძინა კარის, ფანჯრების, გაზის, ელექტროენერგიისა და სხვა საცხოვრებელი ფართისათვის აუცილებელი და საჭირო კომუნიკაციებისა და აღჭურვილობის გარეშე და ის ვიზუალურად არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ფართს, მიუხედავად მისი სტატუსისა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები არასწორია.
16. საკასაციო სამართალწამოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
16.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.
18. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის და რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღწევა.
18.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, სარჩელი აღძრა გამყიდველის წინააღმდეგ და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ მოპასუხის აღდგენა და ნასყიდობის საფასურის 36 000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა. მყიდველი თავის სასარჩელო მოთხოვნას სსკ-ის 81-84-ე მუხლებზე დაყრდნობით ბათილად მიიჩნევს, რადგან მოსარჩელის განმარტებით მოპასუხემ მასთან ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა. მოტყუება კი იმაში გამოიხატა, რომ მოპასუხისა და მისი მეუღლისათვის (მჩუქებელი) ცნობილი იყო მყიდველის მიზანი - უძრავი ქონება სტომატოლოგიურ კაბინეტად გადაეკეთებინა, მათ კი მყიდველს დაუმალეს, რომ ფართს სტატუსი შეცვლილი ჰქონდა და მესაკუთრე უძრავი ქონების რეკონსტრუქციას ვერ შეძლებდა;
18.2. სააპელაციო სასამართლომ მყიდველის სარჩელი დასაბუთებულად მიიჩნია, თუმცა სამართლებრივი საფუძველი შეცვალა და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი სსკ-ის 74.2-ე მუხლია. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მყიდველი გარიგების დადებისას ნასყიდობის საგნის თვისებრიობაში შეცდა, რის გამოც გარიგების შეცილების საფუძველზე გარიგება ბათილია, რაც, თავის მხრივ, პირვანდელი მდგომარეობის (ორმხრივი რესტიტუცია) წინაპირობაა;
18.3. კასატორის (მოპასუხის) მტკიცებით, სადავო გარიგება არც შეცდომით და არც მოტყუებით არ დადებულა, ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია.
19. საკასაციო სასამართლო მოსარჩელისა და სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს არ ეთანხმება, ხოლო კასატორის პრეტენზიებს შემდეგ გარემოებათა გამო იზიარებს:
19.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეცდომით დადებული გარიგების შეცილებასთან დაკავშირებული საკითხები სსკ-ის 72-80 მუხლებითაა მოწესრიგებული. სსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე, ამავე კოდექსის 73-ე მუხლი არსებითი შეცდომის სახეებს განსაზღვრავს: ა) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად, ხოლო 74-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არსებითად, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის;
19.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების დადებისას შეცდომას მაშინ აქვს ადგილი, როცა პირის რეალური და გამოხატული ნება ერთმანეთს არ ემთხვევა. შეცდომა არსებითი მაშინაა, როცა შემთხვევის ნამდვილი შემადგენლობის ცოდნის შემთხვევაში პირი ნებას საერთოდ არ გამოავლენდა ან სხვა ფორმით გამოავლენდა (შდრ. სუსგ #ას-385-358-2010, 14.06.2010 წ.). ნების გამოვლენის ნიშნებში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში ნების გამომვლენი შეცდომას უშვებს ნების გარეგნულ ჩამოყალიბებაში. ასეთი შეცდომა გამოკვეთილია მაშინ, როდესაც გამოვლენილი ნება არ შეიცავს იმ ნიშნებსა და შინაარსს, რომელიც ნების გამომვლენს რეალურად სურდა (სსკ-ის 73 „ა“ მუხლი). შინაარსში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში ნების გამომვლენი პირი შეცდომას უშვებს ნების გამოვლენის ნიშნების ობიექტურ მნიშვნელობაში, გამოვლენილ ნიშანს იგი სუბიექტურად უსადაგებს სხვა მნიშვნელობას მაშინ, როდესაც ობიექტურად გამოყენებულ ნიშანს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს (სსკ-ის 73 „ბ“ მუხლი). გარიგების საფუძვლებში დაშვებული შეცდომისას გამოვლენილია მხარეთა (ორივე მხარის) ერთობლივი მცდარი წარმოდგენა იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც ისინი გარიგებას დებენ და მას გარიგების საფუძვლად განიხილავენ. გარიგების საფუძველი უნდა გაიმიჯნოს ხელშეკრულების შინაარსისაგან. იგი არ უნდა იყოს ხელშეკრულების შინაარსი, რომელსაც მხარეები შესაბამისი სახელშეკრულებო პირობით დებენ (სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები). გარიგების საფუძველი არის ხელშეკრულების გარეთ არსებული, თუმცა მასთან დაკავშირებული გარემოება ან წარმოდგენა. იმ შემთხვევაში, თუ გარიგების საფუძველი ხელშეკრულების შინაარსშია შეტანილი და მხარეები მასთან დაკავშირებით შეცდომას უშვებენ, გამოკვეთილი იქნება შინაარსში დაშვებული შეცდომის ფაქტი. შესაბამისად, ძირითად შემთხვევებში, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული არც ცალმხრივი მოტივი ან მოლოდინები ჩაითვლება გარიგების საფუძვლად (სსკ-ის 73 „გ“ მუხლი). საგნის თვისებრიობა მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ თვისებრიობას, არამედ - ასევე ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებას, რომელიც საგანთან ხანგრძლივი ვადითაა დაკავშირებული და მის გამოყენებით ფუნქციასა და ღირებულებაზე ზეგავლენას ახდენს. ეს თვისებები საგანს გარიგების დადებისა და შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელებისას უნდა ახასიათებდეს. ისეთი შემთხვევა, როცა ნასყიდობის საგანი საბაზრო ფასზე ძვირად იყიდება და მყიდველი რეალურ ფასს ნივთის ყიდვის შემდეგ აღმოაჩენს, გარიგების შეცილების საფუძველს არ ქმნის. ამის დაშვება საბაზრო ეკონომიკისა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპებს შეეწინააღმდეგებოდა, სადაც ფასები მუდმივად მერყეობს და ფასის ოდენობის განმარტებაზე გამყიდველს ვალდებულება არ ეკისრება (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბ., 2017, გვ: 411-412, 417, 425, 427, 438-439);
19.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ და მოპასუხემ 2015 წლის 16 აპრილს წერილობით გამოავლინეს ნება მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, თანხის ოდენობასა და გადახდის წესზე, რაც მათ შორის სადავო არ არის. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მე-6 პუნქტში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის საგნის ხარისხი შეთანხმებულია მხარეთა შორის, იგი ნივთობრივად უნაკლოა, თუ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი აღმოჩნდება უფლებრივად ან ნივთობრივად სხვა ნაკლის მქონე, გამყიდველი ვალდებულია თავისი ხარჯით გამოასწოროს ეს ნაკლი. მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ამ ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამ ნაკლის შესახებ (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 20-21);
19.4. მყიდველი (მოსარჩელე) გარიგების ბათილობის საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მან უძრავი ქონება იმ დანიშნულებით ვერ გამოიყენა, რა მიზნითაც ხელშეკრულება გააფორმა. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გარიგების დადების დროს უძრავი ქონების სტატუსი საცხოვრებელი ფართი იყო და მისი იერსახე გარიგების გაფორმების შემდეგაც არ შეცვლილა, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან;
19.5. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის, ამ გადაწყვეტილების 15.3 ქვეპუნქტში ასახულ, მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ არქიტექტურის სამსახურმა მესაკუთრეს ფართის რეკონსტრუქციაზე უარი ფოტოსურათებისა და 2015 წლის 1 ოქტომბრის ამონაწერის საფუძველზე უთხრა, ვინაიდან ფართის სტატუსი ავტოსადგომი იყო (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი; ასევე- ტ.1, ს.ფ. 50-51). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გარიგების დადებისას მოსარჩელეს არსებითი შეცდომა არ დაუშვია, მისი ნება იყო უძრავი ქონების შეძენა, მან ხელშეკრულებაში დაადასტურა, რომ ნასყიდობის საგნის ხარისხი შეთანხმებული და მოწონებული იყო. გარიგების დადების შემდეგ კი არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც თავიდანვე არ იყო ცნობილი მყიდველისათვის. დაუსაბუთებელია მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხის მიმართ ფაქტობრივი გარემოების - საცხოვრებელი ფართის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის დამალვასთან დაკავშირებით, რადგან არქიტექტურის სამსახურში განცხადების შეტანამდე მესაკუთრემ თავად შეუცვალა სტატუსი უძრავ ქონებას და ავტოსადგომად რეგისტრირების შემდეგ ითხოვა ფართის რეკონსტრუქცია (იხ. ტ.1, ს.ფ. 46-49);
19.6. მყიდველს სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეთა შეთანხმება მოიცავდა ფართის იმგვარად გამოყენების შესაძლებლობას, რასაც მესაკუთრე სარჩელში აღნიშნავდა. ხელშეკრულებაში არ არის მითითება ნასყიდობის საგნის თვისებრიობაზე (სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნისათვის შესაფერისი), როგორც ხელშეკრულების არსებითი პირობა. აქედან გამომდინარე, ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა ნასყიდობის საგნის თვისებრიობაში (სსკ-ი 74.2 მუხლი) მყიდველის მიერ დაშვებული შეცდომის გამო გარიგების ბათილად ცნობასთან და მის თანმდევ შედეგებთან დაკავშირებით;
19.7. სსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მყიდველის პრეტენზიას გამყიდველის მიერ მისი მოტყუების გამო გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან გარიგების საფუძვლად ქცეული მცდარი წარმოდგენა პირს ანიჭებს შეცილების უფლებას, თუ ის გამოწვეულია მისი კონტრაჰენტის მხრიდან მოტყუებით. გარიგების დადებისას მოტყუება ხელყოფს გარიგების მონაწილის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, ხელყოფს ნების გამოვლენის თავისუფლებას. მოტყუება კონტრაჰენტის განზრახ შეცდომაში შეყვანას ნიშნავს, ან ისეთი ინფორმაციის დამალვას, რისი მიწოდების ვალდებულებაც მეორე მხარეს აქვს (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბ., 2017, გვ: 460-462).
19.8. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს, ამ გადაწყვეტილების 14.7 ქვეპუნქტში ასახულ, მსჯელობას არ იზიარებს და წინამდებარე გადაწყვეტილების 19.3-19.6 ქვეპუნქტებში მოცემული შეფასებების საფუძველზე განმარტავს, რომ მყიდველი ვერ ადასტურებს, თუ რაში გამოიხატა გამყიდველის მიერ მისი მოტყუება. თავის მხრივ, გამყიდველის (კასატორის) არგუმენტი (იხ. ამ გადაწყვეტილების 15.5 ქვეპუნქტი), რომ მოსარჩელისათვის, გარიგების დადებისას, უძრავი ქონების ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობილი იყო, საქმის მასალებით დადასტურებულია და საწინააღმდეგოს მოსარჩელე ვერ ასაბუთებს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
20. რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის 36 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, აღნიშნულის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი განხორციელებული იქნებოდა სსკ-ის 976.1-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტისა და 979.1-ე მუხლის წინაპირობები, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ: „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას„ (შდრ. სუსგ-ები #ას-1193-1122-2015, 31.05.2016 წ.; #ას-74-71-2016, 25.05.2016 წ.; #ას-225-215-2016, 25.05.2016 წ., #ას-184-171-2015, 20.05.2016 წ.).
21. საკასაციო სასამართლო კასატორის, ამ გადაწყვეტილების 15.4 ქვეპუნქტში ასახულ, პრეტენზიას ვერ შეაფასებს, რადგან მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არც შესაგებლში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსამზადებელ სხდომაზე, არ განუცხადებია. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხანდაზმულობის საკითხზე მითითების ტვირთი მხარის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მითითებებით, კონკრეტულ შემთხვევაში კი, მხარემ საპროცესო ვადის დარღვევით მიუთითა ამ გარემოებაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია (შდრ. სუსგ #ას-526-499-2014, 18.03.2015 წ.).
22. ზემოხსენებული მოტივაციით, გამყიდველის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (სსსკ-ის 410-ე მუხლი).
23. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მოხმობილი ნორმის საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
24. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 1991-ე მუხლზე დაყრდნობით გააუქმებს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე და 1991-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ.ვ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ლ.კ–ძეს მ.ვ–ას სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი, 7 684.02 ( შვიდი ათას ექვსას ოთხმოცდაოთხი ლარი და ორი თეთრი) ლარის გადახდა;
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ.ვ–ას (პ/ნ ......) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......., 169.16 კვ.მ. ფართი, ს/კ ......, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე