Facebook Twitter

საქმე №ას-1190-2018 12 აპრილი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.წ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი ან დამსაქმებელი) 2010 წლის 7 სექტემბრიდან გ.წ–ძესთან (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან დასაქმებული) შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა (იხ. გადაწყვეტილება, ტ. 1, ს/ფ 13-19).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელს დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის 2010 წლის 7 სექტემბრიდან, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე, 2013 წლის 10 მაისამდე ყოველთვიურად 640 ლარის ანაზღაურება დაეკისრა (იხ. გადაწყვეტილება, ტ. 1, ს/ფ 13-19).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, 2015 წლის 27 იანვარს, კანონიერ ძალაში შევიდა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განჩინება, ტ. 1, ს/ფ 69-73).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, იძულებითი განაცდურის - 21 120 ლარის ანაზღაურების ნაწილში - 2015 წლის 1 აპრილს, ხოლო მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, 2015 წლის 13 მაისს აღსრულდა (იხ. ტ. 1, ს/ფ 20, 29).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1. დასაქმებულმა 2017 წლის 9 იანვარს სარჩელით მიმართა სასამართლოს დამსაქმებლის წინააღმდეგ იძულებითი განაცდურის, ინფლაციის გათვალისწინებით, 16 485.40 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

5.2. მოსარჩელემ ამ გადაწყვეტილების 1-4 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ 2013 წლის 10 მაისიდან 2015 წლის 8 მაისამდე მოპასუხე მოსარჩელის ბრალით მოცდა, რის გამოც დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს იძულებითი განაცდური 15 360 ლარი (ინფლაციის გათვალისწინებით 16 485.40 ლარი) აუნაზღაუროს.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1. მოპასუხემ მის მიერ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების იმ პერიოდისათვის მოთხოვნა, როცა საქმის განხილვა მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებში მიმდინარეობდა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2. საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) მე-2, 31-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე, 267-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

8.1. მოსარჩელემ (დასაქმებულმა) საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის 15 360 ლარის გადახდა დაეკისრა.

9.2. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მეორე მუხლის პირველ ნაწილზე, მესამე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა და განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპი უზრუნველყოფს დავის საგანზე მხარეთა ბატონობას და ანიჭებს მხარეებს შესაძლებლობას, თვითონ გადაწყვიტონ, თუ რომელი ფაქტები დაურთონ მოთხოვნას საფუძვლად. თუმცა, მისი შინაარსი იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსი. ამ პირობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია, რადგან შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს, შეამოწმოს იურიდიული კავშირი მოსარჩელის მიერ წარდგენილ ფაქტებსა და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შორის. ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მხარისათვის მოულოდნელი. მოთხოვნის ადრესატმა უნდა იცოდეს მის მიმართ არსებული პრეტენზიის, როგორც ფაქტობრივი, ისე - სამართლებრივი შინაარსი.

9.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ გამოკვეთილია სსსკ-ის 266-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, რომელიც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს უფლებას უკარგავს, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა განსხვავებული, როგორც სასარჩელო მოთხოვნა, ასევე - ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც ეფუძნება იგი. კერძოდ, სარჩელით მოთხოვნილია შრომის იძულებითი განაცდური 2013 წლის 10 მაისიდან (თავდაპირველი სარჩელის შეტანიდან) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2015 წლის 8 მაისამდე (24 თვე).

9.4. სააპელაციო სასამართლომ, სშკ-ის 32.1-ე მუხლზე დაყრდნობით, დაასკვნა, რომ „სრული ოდენობა“ გულისხმობს იძულებით მოცდენის მთლიანი პერიოდისათვის ანაზღაურებას. მოცემულ შემთხვევაში კი, იძულებითი მოცდენის პერიოდი გაგრძელდა 2015 წლის 8 მაისამდე, რაც მოსარჩელეს აღჭურავს უფლებით, იძულებითი განაცდური მოითხოვოს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირი, რომლის უფლებაც დარღვეული იქნა, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და საკუთარი შეხედულებისამებრ მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა, მით უფრო მაშინ, როდესაც სახეზე არ არის ერთი და იგივე მოთხოვნა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გამოკვეთილია სშკ-ის 32-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები და დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15 360 ლარის გადახდა.

9.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დასაქმებულის მტკიცება „ინფლაციის თანხასთან“ დაკავშირებით, რადგან აღნიშნულ ნაწილში აპელანტმა ვერ შეძლო მისი მოთხოვნის შინაარსის იმგვარად ჩამოყალიბება, რომ სრულყოფილად მომხდარიყო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსის განსაზღვრა (მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი) და შესაბამისი კვლევა.

10. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. მოპასუხემ (დამსაქმებელმა) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

10.2. კასატორის განმარტებით, მან, როგორც წაგებულმა მხარემ კანონის დაცვით აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული და დამსაქმებელს არ ჰქონდა ვალდებულება, სასამართლოს გადაწყვეტილება დავის საბოლოოდ დასრულებამდე (კანონიერ ძალაში შესვლამდე) აღესრულებინა.

10.3. კასატორი მიიჩნევს, რომ დასაქმებულს შეეძლო საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება არა გათავისუფლების დღიდან სარჩელის აღძვრამდე, არამედ, გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოეთხოვა. დასაქმებულს დასახელებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაში შევიდა (სსსკ-ის 266-ე მუხლი), რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

11.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებელს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.

13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის, ამ გადაწყვეტილების 10.2-10.3 ქვეპუნქტებში ასახულ, პრეტენზიებს დაგანმარტავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2010 წლის 7 სექტემბრის #გ-2077 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; დასაქმებული აღდგენილ იქნა დამსაქმებლის ქუთაისის რეგიონული ცენტრის მომსახურეობის სამმართველოს ჭიათურის სერვის ცენტრის ოფიცრად ან მის ტოლფას თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გათავისუფლების დღიდან, 2010 წლის 7 სექტემბრიდან, სარჩელის აღძვრამდე (33 თვე) იძულებითი განაცდური თვეში 640 ლარი (ხელზე მისაღები) სულ 21 120 ლარი (იხ. ტ. 1, ს/ფ 18-19). საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (დამსაქმებელმა), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. ტ. 1, ს/ ფ 56-68). სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ. ტ. 1, ს/ფ 69-73). სსსკ-ის 264-ე მუხლის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2015 წლის 27 იანვარს შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო ამავე კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

14. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ დასაქმებულის მიერ 2013 წლის 10 მაისს წარდგენილ სარჩელზე (გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება) გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, რაც შემდეგ, მოპასუხის მიერ გასაჩივრების მიუხედავად, არ შეცვლილა. დასაქმებული არც იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დამსაქმებელმა გადაწყვეტილება აღასრულა. დასაქმებულს მიაჩნია, რომ მას სარჩელის აღძვრიდან (2013 წლის 10 მაისი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე (2015 წლის 8 მაისი) პერიოდისათვის იძულებითი განაცდური უნდა მიეკუთვნოს და ამ მოთხოვნას ახალი სარჩელის წარდგენით აყენებს. მოსარჩელის ამგვარი მოთხოვნა ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებულია.

15. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 266-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოსარჩელე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იგივე სასარჩელო მოთხოვნა განაცხადა იმავე საფუძველზე, ვინაიდან დასაქმებულმა მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ ის სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ამ გადაწყვეტილების 9.3 ქვეპუნქტში ასახულ, მსჯელობას და განმარტავს, რომ მოსარჩელეს თავდაპირველი სარჩელის წარდგენის დროს შეეძლო მოეთხოვა იძულებითი განცდურის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე და არა მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის ახალი სარჩელი, არამედ დასაქმებულმა ფაქტობრივად თავდაპირველი მოთხოვნა გაზარდა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, გათავისუფლებიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდის ნაცვლად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის მოითხოვა, რაც დაუშვებელია. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების ან გაზრდის უფლებას სსსკ-ის 83.2-ე მუხლი ითვალისწინებს და ამგვარი შესაძლებლობა მოსარჩელეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე აქვს და ამის შესახებ სასამართლო მოპასუხეს ატყობინებს, რათა არ დაირღვეს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (264-ე მუხლი) და მატერიალური (266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც, პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მითითებული ნორმის ანალიზი შემდეგი დასკვნის საფუძველს იძლევა: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს (შდრ. სუსგ №ას-355-337-2015, 20.07.2015, #ას-832-832-2018, 25.07.2018 წ.).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკსაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის (დამსაქმებლის) მოთხოვნა დასაბუთებულია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს შეფასება და დასკვნა, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაქმებულის სარჩელის უარყოფის თაობაზე, არამართებულია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

19. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან ორივე მხარე გათავისუფლებულია (სსსკ-ის 55.3-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. გ.წ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე