Facebook Twitter

საქმე №ას-178-2019 12 აპრილი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ.გ–ას (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი რ.ბ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

4. მოპასუხემ, 2018 წლის 30 ოქტომბერს სააპელაციო საჩივარი წარადგინა, დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ აპელანტის წარმომადგენელს - პ.ნ–ძეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, შესაგებელში მის მიერ მითითებულ მისამართზე (ტ.1,ს.ფ.43) და 2018 წლის 3 ოქტომბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - რ.ჩ–ძეს.

7. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გზავნილი ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება 2018 წლის 3 ოქტომბერს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის ათვლა მხარეს დაეწყო იმავე წლის 4 ოქტომბრიდან და ამოეწურა 2018 წლის 17 ოქტომბერს (ოთხშაბათს), 24:00 საათზე. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 30 ოქტომბერს, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. სსსკ-ის 63-ე და 369-ე მუხლები).

8. აპელანტმა კერძო საჩივარი წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისმა წარმომადგენელმა განჩინება ჩაიბარა 2018 წლის 17 ოქტომბერს, რასაც საქმეში არსებული ხელწერილიც ადასტურებს. ფოსტის მიერ რ.ჩ–თვის გზავნილის ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს კანონის თანახმად გზავნილის ჩაბარებად, ვინაიდან რ.ჩ–ძე არ წარმოადგენს მისი წარმომადგენლის ორგანიზაციას და არანაირი ურთიერთობა არ აქვს (ტ.1,ს.ფ. 146).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღიან ვადაში წარადგინა სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, საქალაქო სასამართლოს მიერ გზავნილის რ.ჩ–თვის ჩაბარება, კანონის თანახმად ჩაბარებულად და არასწორად ათვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა (იხ. კერძო საჩივარი - ტ.1,ს.ფ.144).

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა შეამოწმოს სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის „თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“ გამოყენების დასაბუთებულობა.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ სადავო საკითხს არ წარმოადგენს, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მისამართი. წარმომადგენლის მიერ ყველა საპროცესო დოკუმენტში მის ძირითად მისამართად მითითებულია - ქ. ბათუმი, ...... (იხ. შესაგებელი - ტ.1,ს.ფ. 43; განცხადება - ს.ფ.52; შესაგებელი დაზუსტებულ სარჩელზე - ს.ფ.73; სააპელაციო საჩივარი - 123 და ა.შ). დასახელებულ მისამართზე, არაერთხელ, საქმის წარმოების მიმდინარეობისას, პირადად წარმომადგენელს ბარდებოდა სასამართლო გზავნილები (ს.ფ. – 72; 93; სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე - ტ.1,ს.ფ. 142), განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე არსებული განჩინების თაობაზე, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გზავნილი ფოსტის მეშვეობით ჩაბარებული აქვს ზემოხსენებულ მისამართზე, თუმცა არა პირადად წარმომადგენელს, არამედ სხვა პირს - რ.ჩ–ძეს (ტ.1,ს.ფ. 121), ამასთან, აღნიშნულ უკუგზავნილთან ერთად, ასევე საქმეში არსებული გზავნილით ირკვევა, რომ დასახელებული განჩინება, პირადად მხარის წარმომადგენელს პ.ნ–ძეს 2018 წლის 16 ოქტომბერს აქვს ჩაბარებული სასამართლოში გამოცხადების შედეგად (ტ.1,ს.ფ. 119).

15. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ უნდა შეამოწმოს მხარის წარმომადგენლისათვის გზავნილის ჩაბარების კანონიერების საკითხი, საქმეში არსებული მასალებიდან (იხ. ს.ფ. 119 და ს.ფ. 121) გამომდინარე, დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს, თუ როდის ჩაბარდა მხარეს გასასაჩივრებელი სასამართლო აქტი, რასაც უკავშირდება სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საპროცესო ვადის შემოწმების საკითხი. სააპელაციო სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, გასაზიარებელია თუ არა ს.ფ. 119-ზე მხარის წარმომადგენლისათვის - პ. ნ–თვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინების ჩაბარების თარიღად 2018 წლის 16 ოქტომბრის მიჩნევა.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი საფუძვლიანია, შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, კერძო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ბ–ძის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რ.ბ–ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე