Facebook Twitter

საქმე №ას-545-2019 24 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ტ-ში (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ც. ლ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა (ძირითად სარჩელში), განქორწინება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ც. ლ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ტ-შის (შემდგომ – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი.

3. 2012 წლის 28 ივნისს მეუღლეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე.

4. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე არის კონფლიქტური და ნერვიული პიროვნება, მათ შორის არის დაძაბული ურთიერთობა, მოსარჩელის მიმართ არის აგრესიული და აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოპასუხე არ აძლევს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონებით სარგებლობის საშუალებას, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მხოლოდ მისია. სადავო ქონება შეძენილია მხოლოდ მოსარჩელის სახსრებით, რადგან უძრავი ქონების შეძენის დროსაც და ახლაც, მხოლოდ მოსარჩელეა დასაქმებული, ხოლო მოპასუხე არის პენსიონერი.

შეგებებული სარჩელის ავტორისა და მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელესთან განქორწინების მოთხოვნით.

6. 1999 წელს მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა, ბინაში შესახლება და ნივთების გაყოფა. სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა, მხარეთა შორის ქორწინება შეწყვიტა და მოსარჩელე შესახლდა მოპასუხის ბინაში, თუმცა ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაცია მმაჩის განყოფილებაში არ მომხდარა.

7. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა ქორწინების შეწყვეტის შესახებ მმაჩის განყოფილებაში რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ, რითაც ისარგებლა მისმა ყოფილმა მეუღლემ – მოსარჩელემ და მოითხოვა მოპასუხის სახსრებით შეძენილი ქონების გაყოფა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა, დადგინდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მისი ასლის გაგზავნა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით, განემარტათ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 1280 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში განჩინებით დადგენილ ვადაში, ასევე, სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა. აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11. საქმეში არსებული უკუგზავნილით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აღნიშნული განჩინება აპელანტს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 27 თებერვალს (იხ. ტომი 2, ს.ფ 10). ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 28 თებერვალს და ათდღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 11 მარტს (ვინაიდან 9 მარტი იყო უქმე დღე შაბათი-კვირა). მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტის მიერ ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შევსებულა.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის, 63-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით, აპელანტს ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუვსია, რაც, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და არ გაითვალისწინა მხარის სოციალური მდგომარეობა. განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა მხოლოდ აპელანტს იმ მისამართზე, სადაც მოსარჩელეც ცხოვრობს და იგი არ გაგზავნია მის წარმომადგენელს. აპელანტმა ჩათვალა, რომ ხარვეზის განჩინება მოსარჩელის ერთ-ერთ ხრიკს წარმოადგენდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ სასამართლოში ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა. მხარის ინტერესებს იცავდა წარმომადგენელი, შესაბამისად, აპელანტი იმედოვნებდა, რომ საჭირო დოკუმენტაცია სასამართლოდან ადვოკატს გაეგზავნებოდა.

15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება და არ მიეცა შესაძლებლობა, ედავა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის შესაცვლელად.

16. 2019 წლის 20 მარტს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, თუმცა იმავე დღეს სასამართლომ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

19. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

20. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

21. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 1280 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

22. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

23. დასახელებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს საჭირო საპროცესო დოკუმენტები გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი, შესაბამისად, მხარის კანონიერი ინტერესების დარღვევად არ ჩაითვლება სასამართლო გზავნილის უშუალოდ მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის გაგზავნა.

24. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, აპელანტს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 27 თებერვალს (იხ. ტომი 2, ს.ფ 10).

25. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

26. ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 28 თებერვალს და ათდღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 11 მარტს (ვინაიდან 9-10 მარტი იყო უქმე დღეები, შაბათი-კვირა).

27. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტს სასამართლოს მიერ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

28. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

29. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

30. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

32. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

33. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

34. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.

35. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018).

38. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომ სამედიცინო ქირურგიული ოპერაციის გამო ამ ეტაპზე თანხის გადახდა არ შეეძლო, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარემ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მის მოთხოვნას მართებულად ეთქვა უარი.

39. რაც შეეხება აპელანტის მიერ 2019 წლის 20 მარტს შეტანილ განცხადებას საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

40. ამდენად, სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კანონიერად დატოვა განუხილველად.

41. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ტ-შის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე