Facebook Twitter

საქმე №ას-537-2019 24 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. და ო. ტ-ეები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ზ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ზ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. და ო. ტ-ეების (შემდგომ – მოპასუხეები) მიმართ ზიანის – 2000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 10 აგვისტოს დილით მოსარჩელემ ნახირში გარეკა ოთხი სული პირუტყვი (ორი სული მეწველი და ორი სული მშრალი), რომლებიც ჩააბარა მწყემსებს – მოპასუხეებს. საღამოს მენახირემ მოუყვანა მხოლოდ ერთი სული. მეორე დღის დილას მოსარჩელის შვილმა ძებნის შემდეგ სახლში მიიყვანა ორი სული დილის 7 საათზე, ხოლო 11 საათზე თავისით მივიდა მესამე პირუტყვი, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ცური, ყელი და ბარკლები.

3. მოსარჩელემ მწყემსებს შესთავაზა, დაგლეჯილი პირუტყვის სანაცვლოდ, მიეყვანათ მისთვის ჯანმრთელი, მაგრამ მათგან უარი მიიღო. მოსარჩელემ მიიყვანა ვეტექიმი, რომელმაც გაუწია პირველადი დახმარება, მაგრამ პირუტყვი მეორე დღეს დაეცა. ვეტექიმმა შეატყობინა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელის თანამშრომლებმაც პირუტყვს თავი მოკვეთეს და გააგზავნეს თბილისის ლაბორატორიაში ცოფზე გამოსაკვლევად.

4. მოსარჩელემ მიმართა ბაზრის დირექტორს, პერიოდისათვის არსებული პირუტყვის საბაზრო ღირებულების ოდენობის დასადგენად. პასუხად მას ეცნობა, რომ იმ პერიოდისათვის 4-წლიანი მეწველი ძროხის საბაზრო ღირებულების საშუალო ფასი შეადგენდა 1300-1750 ლარს, ხოლო კონკრეტული ფასი დამოკიდებულია პირუტყვის წონაზე და წველადობაზე.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ორი სული პირუტყვი მოსარჩელეს ჩააბარეს უვნებლად, დარჩენილი ორი თავისი ფეხით მივიდა სახლში. დაზიანებული პირუტყვი მათ უვნებლად ჩააბარეს მოსარჩელეს, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნიათ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიყენებული ზიანის – 1400 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა ზიანის – 1400 ლარის გადახდა.

9. აპელანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სრულად, თუმცა სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

11. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა ბაზრის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა სადავო პირუტყვის ღირებულების შესახებ, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადოდ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა.

12. მხარემ დაადასტურა, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 365-ე მუხლის მოთხოვნებს, თუმცა ჩათვალა, რომ სააპელაციო პალატას მაინც უნდა მიეღო და განეხილა სააპელაციო საჩივარი, რადგან საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის უხეში დარღვევებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

15. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

16. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017)

17. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით (სუსგ 30.03.2018წ. საქმე №ას-297-297-2018).

18. განსახილველი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიყენებული ზიანის – 1400 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემული სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება. აღნიშნული დაადასტურეს თავად კერძო საჩივრის ავტორებმაც.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ საქალაქო სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რა დროსაც სადავო მოძრავი ნივთის ღირებულების განსაზღვრისათვის გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი არასათანადო მტკიცებულება – ბაზრის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, ექსპერტიზის დასკვნის ნაცვლად.

21. უპირველესად, როგორც ზემოთ უკვე განიმარტა, სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი ქონებრივი ცენზის შეუსაბამო სააპელაციო საჩივარი, კანონის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ცალსახად დაუშვებელია და ვერანაირი სხვა გარემოება აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენს.

22. ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელის მიერ წარდგენილი შეფასების საწინააღმდეგოდ მოპასუხეებმა სადავო ნივთის განსხვავებული ღირებულების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინეს, ამდენად, მათი არგუმენტი სამართლებრივ დასაბუთებულობას მოკლებულია.

23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. და ო. ტ-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე