საქმე №ას-510-2019 24 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ხ. მ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ა–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე. ა–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. მ-ას (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ორი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან ყოველთვიურად 200-200 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლიდან მხარეები იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. მხარეები ბოლო შვიდი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია.
3. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარებაში და არ ეხმარება მათ მატერიალურად. იგი ვალდებულია, შვილებს შეუქმნას რჩენა-აღზრდის მინიმალური პირობები მაინც.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, ალიმენტის სახით 50-50 ლარის გადახდის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხე არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ორი არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად 140-140 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ასევე, მოპასუხემ მოითხოვა ალიმენტის დაკისრება დაიწყოს არა სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2018 წლის 23 იანვრიდან, არამედ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით აპელანტს თავის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა თვითოეულისათვის 140 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 23 იანვრიდან.
8. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, სააპელაციო მოთხოვნის გრაფაში მითითებულია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს არასრულწოლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100-100 ლარის გადახდა გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან – 2018 წლის 28 სექტემბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული თანხის ოდენობა შეადგენს 1680 ლარს (აპელანტმა სადავოდ გადახა მისთვის ალიმენტის სახით დაკისრებული 280 ლარიდან 80 ლარის დაკისრება, 80 ლარი ერთი წელზე დაანგარიშებული შეადგენს 960 ლარს. აპელანტმა ასევე გაასააჩივრა გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითან მას დაეკისრა ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრიდან – 2018 წლის 23 იანვრიდან და მოითხოვა მისთვის ალიმენტის გადახდის დაკირება გადაწყვეტილების გამოცხადების დრიდან – 2018 წლის 28 სექტემბრიდან. დავის საგნის ღირებულება ამ ნაწილში შეადგენს 720 ლარს (80 ლარი დაანგარიშებული 2018 წლის 23 იანვარიდან 2018 წლის 28 სექტემბრამდე) სულ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 1680 ლარს (960 + 720 = 1680)).
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 365-ე მუხლის, 41-ე, მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღმატება 2000 ლარს (დავის საგანი შეადგენს 1680 ლარს ლარს) მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 2000 ლარს აღემატება. აპელანტის დავის საგნის ღირებულება – 80 ლარის ნაწილში ერთ წელზე დაანგარიშებით შეადგენს 960 ლარს, ხოლო ალიმენტის გადახდის დაწყების დროს 80 ლარი კი არ უნდა იქნეს დაანგარიშებული 2018 წლის 23 იანვრიდან 28 სექტემბრამდე, არამედ 280 ლარი, ვინაიდან ერთიანი ალიმენტის გადახდის ვადის დაწყებას აპელანტი ითხოვდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 2018 წლის 28 სექტემბრიდან. სულ სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 280 ლარი 9 თვის ანგარიშში, ანუ 2520 ლარი, ხოლო თუ ალიმენტის ოდენობა 80 ლარით შემცირდა და 200 ლარს დაანგარიშდება 9 თვეზე, – 1800 ლარს, რასაც ემატება 960 ლარი და აღნიშნული ოდენობა 2000 ლარს აღემატება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
14. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
15. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017)
16. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
17. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ორი არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად 140-140 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ასევე, მოპასუხემ მოითხოვა ალიმენტის დაკისრება დაიწყოს არა სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2018 წლის 23 იანვრიდან, არამედ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან.
18. ამდენად, აპელანტი ცნობს ალიმენტის ოდენობის ნაწილს, დაკისრებული 140 ლარიდან 100 ლარს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ და სადავოდ ხდის ყოველთვიურად გადასახდელ 40-40, სულ – 80 ლარს, ასევე, არ ეთანხმება ალიმენტის გადახდის ათვლის პერიოდს სარჩელის აღძვრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ 9 თვეს.
19. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის როგორც „გ“, ისე „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრის შემთხვევაშიც, უნდა გამოანგარიშდეს სადავო 80 ლარი ერთ წელიწადზე, ანუ 12 თვეზე, რაც შეადგენს 960 ლარს, რასაც დაემატება აპელანტის მიერ ალიმენტის გადახდის სადავოდ გამხდარი პერიოდი – 9 თვეზე – 720 ლარი. სულ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენს 1680 ლარს, რაც კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას განაპირობებს.
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე