საქმე №ას-1350-2018 22 თებერვალი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –შპს ''ჯ.უ.ე.ფ." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ააიპ ''ე.ს.ც.'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისში, ..... /ს/კ ....../ მდებარე უძრავი ქონება, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენს (იხ.ტ.1, ს.ფ. 108-109);
2. სსიპ ,ე.ს.ც.“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დაზარალებული), 2010 წლის 3 სექტემბრის უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების ვადით სარგებლობს, კერძოდ, N1 შენობა-ნაგებობის პირველი სართულის 246.96 კვ.მ-ით, 151.83 კვ.მ სარდაფით და მე-2 სართულის 169.27 კვ.მ-ით (იხ.ტ.1, ს.ფ. 108-109);
3. მიწის ქვეშ არსებული წყლის მილი, 2015 წლის 10 ივლისს გასკდა და წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების პირველი და მეორე სართულები დააზიანა (იხ. განჩინება, ტ.3, ს.ფ. 46).
4. სარჩელის საფუძვლები
4.1 მოსარჩელემ, 2015 წლის 16 ოქტომბერს, სარჩელი აღძრა შპს "ჯ.უ.ე.ფ–ის" (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის, შენობის მე-2 სართულის გარე ფასადის სარემონტო-აღდგენითი სამუშაობის ღირებულების - 8685.07 ლარის, ტექნიკისა და ავეჯის - 282.50 ლარისა და კონდიცირების აპარატის ღირებულების - 160 ლარის ანაზღაურება მოითხოვა (იხ. მოთხოვნის დაზუსტება - ტ. 2, ს.ფ. 198).
4.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიუროს) შეფასების მიხედვით, წყლის ჭავლის შედეგად დაზიანებული შენობის სარემონტო სამუშაოების ღირებულება - 8685.07 ლარია, დაზიანებული კომპიუტერების, სამედიცინო ტექნიკისა და ავეჯის - 282.5 ლარი, ხოლო ,,ვესტელის” ფირმის დაზიანებული ზამთარ-ზაფხულის ტიპის ჰაერის კონდიციონერის სრულყოფილად აღსადგენად საჭირო თანხა 110-160 ლარის ფარგლებში მერყეობს.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
5.2 მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ, კომპანიის ბრალეულობა ზიანის მიყენებაში ვერ დაასაბუთა. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მაგ: პოლიციის მიერ შედგენილი ოქმით, მისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი არ დასტურდება, ისევე, როგორც ის, რომ დაზიანებული უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა.
5.3 მოპასუხემ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფასები საორიენტაციოდ არის დაანგარიშებული, ამასთან, დაზიანების ხანდაზმულობა არ ვლინდება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა.
6.1.1 კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 9127.57 ლარის, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმიწო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 300 ლარის გადახდა დაეკისრა.
6.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 161-ე, 316-ე, 317-ე და 992-ე მუხლებით.
6.3 საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დგინდება, მოპასუხის სარგებლობაში არსებული მილის დაზიანების შედეგად, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ქონების დაზიანებებისა და ამ ორ გარემოებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. სააპელაციო საჩივარი
7.1 მოპასუხემ (კომპანიამ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2 სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.-3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
8.3 სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 105-ე მუხლი და განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობისა და არასარწმუნოობის თვალსაზრისით, ასევე, იმის მიხედვით, თუ კონკრეტული მტკიცებულება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები - სარწმუნოდ. მტკიცებულებები ფასდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში, უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება, წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
8.4 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, სსსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართლსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის) მოსარჩელეს ეკისრება, რომელთა დადასტურების შემთხვევაში, სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების საპირწონე მტკიცებულებებით გაქარწყლება.
8.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა არაკვალიფიციური შედავება წარადგინა, რადგან მისი პრეტენზიები ძირითადად მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ეხება, თუმცა, თავად ამ მტკიცებულებების საპირწონე, სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი, არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის.
8.6 სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია ექსპერტიზის ბიუროს დასკვნისა და შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გასაუბრების ოქმის არაარსებით მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით.
8.7 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 105-ე მუხლზე და განმარტა, რომ სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლო ზიანის ოდენობის დადგენისას, წარდგენილ დასკვნას მართებულად დაეყრდო და მის საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა სწორად დაადგინა.
8.8 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს, რომელიც ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას სადავოდ ხდიდა, შეეძლო ისეთი შინაარსის მტკიცებულებები წარედგინა, რომლებიც მოსარჩელის პოზიციას ზიანის ამგვარად შეფასებასთან დაკავშირებით გააქარწყლებდა, თუმცა მოპასუხე ასე არ მოქცეულა.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დაადგინა, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გადაანაწილა და კანონიც არასწორად განმარტა.
9.3 კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, ხოლო ზოგ შემთხვევაში დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
9.4 კასატორის მტკიცებით, საქმეში არ არის წარდგენილი მოპასუხის (კომპანიის) მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
9.5 კასატორის განმარტებით, საქმეში წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილების 2015 წლის 10 ივლისის ზეპირი გასაუბრების შესახებ ოქმის დიდი ნაწილი, ცუდი კალიგრაფიის გამო, არ იკითხება, ამასთან, გასაუბრების ოქმი არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომლითაც შესაძლოა, რაიმე გარემოება დადასტურდეს. საპატრულო პოლიცია ამ ოქმით, მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენლის ჩვენებას აფიქსირებს და არავითარ შემთხვევაში - სხვა გარემოებას.
9.6 კასატორი უთითებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს (N2/19092-16; 30.03.2017წ.), თბილისის სააპელაციო სასამართლოს (საქმე N2ბ/2954-17) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს (საქმე N448-448-2018; 01.05.2018წ) გადაწყვეტილებებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არ გაიზიარა, ვინაიდან ექსპერტი საკუთარ დასკვნაში დამკვეთის მონაყოლს ეყრდნობოდა და თავად სადავო ფაქტი არ გამოუკვლევია.
9.7 კასატორის განმარტებით, ზიანის ოდენობა საორიენტაციოა, ამასთან, არ გამოკვლეულა, რის შედეგად მიადგა ზიანი შენობას და როდის.
9.8 კასატორი ასევე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი, მოპასუხეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დააკისრა.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. წინამდებარე შემთხვევაში, მოპასუხის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში, არ დაადასტურებდა.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე (შდრ. სუსგ #ას-129-122-2014, 30.04. 2014 წ.).
19. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის მიერ შედგენილი, 2015 წლის 10 ივლისის ზეპირი გასაუბრების ოქმი (იხ. ტ.1, ს.ფ. 18), რომლის თანახმადაც, მოსარჩელის დირექტორი განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების მიწის ქვეშ, მაღალი წნევის წყლის მილი გასკდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია, ექსპერტიზის ბიუროს N004457215 დასკვნაც, რომელიც წყლის და მისი ნაკადით ნასროლი ქვების ზემოქმედების გამო, დაზიანებული შენობის სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო ხარჯთაღიცხვას, მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით, ადასტურებს.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე გამომდინარებს დელიქტური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმიდან, სსკ-ის მე-1000 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან „1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია,თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი“, 408.1-ე და 409-ე მუხლებიდან.
22. საკასაციო სასამართლომ ანალოგიურ არაერთ საქმეზე განმარტა: „სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ადგენს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, ნივთის მფლობელს, ბრალის მიუხედავად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას უდგენს, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს განხორციელებამ ადამიანის სხეულისა და ჯანმრთელობის, ასევე, ნივთის დაზიანება გამოიწვია. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს ნებისმიერ ისეთ ნივთს, რომელიც თავისი თვისებებით მომეტებული საფრთხის შემცველია. საფრთხემომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულალბათობას ადამიანის მიერ მასზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო (იხ. სუსგ-ები # ას-40-37-2015, 24.12.2015; # ას-1295-1215-2017, 23.10.2017წ; # ას-55-55-2018, 31.03.2018წ). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მიწის ქვეშ მოთავსებული წყლის მილი სწორედ ამგვარი ნივთია, რადგან იგი არ ექვემდებარებოდა მოსარჩელის მხრიდან სრულ კონტროლს.
23. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ვინაიდან პოტენციური საფრთხის წყაროების გამოყენება სამართლებრივად ნებადართულია, კომპენსაციის სახით, უფრო მკაცრია იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც ასეთი საგნების მოხმარებით საფრთხის წყაროს ქმნის. სსკ-ის მე-1000 მუხლი არის ნებადართული საფრთხისათვის პასუხისმგებლობის საფუძველი“ (იხ. სუსგ # 1275-1215-2017, 23.10.2017წ.). ამდენად, ამ კატეგორიის დავებზე სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობის (ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი, ბრალი და მართლწინააღმდეგობა) არსებობა და მტკიცება არ არის საჭირო, რადგან მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყენების დროს, ბრალის გარეშეც, ასეთი საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობაა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამ ვითარებაში, რადგან მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, მოთხოვნა წარმოშობილია და მის განხორციელებადობას არ აფერხებს ხანდაზმულობის შესაგებელი, მოპასუხის სტადიის შემოწმების ეტაპზე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, არაკვალიფიციური შედავებისა და საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა პირველ ინსტანციაში მიცემულ ახსნა-განმარტებაზეც, რომლის თანახმად, წყლის მილის დაზიანების შემდეგ, სწორედ მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლები გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე და დაზიანებული მილიც მათ შეაკეთეს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ მისამართზე მოსარჩელის მსგავსად, სხვა კომპანიაც საქმიანობს და მოპასუხემ, ამ შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანთან დაკავშირებით, მასთან დავა მორიგებით დაასრულა.
25. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების 9.7 ქვეპუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების 8.5-8.8 ქვეპუნქტებშია მითითებული და განმარტავს, რომ მოსარჩელემ, თავისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითა და ამ ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინა სასამართლოში, ხოლო მოპასუხე მხოლოდ მათი ნეგატიური შეფასებით შემოიფარგლა, მას შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია სასამართლოში.
26. ადვოკატის მომსახურების ხარჯთან დაკავშირებულ საკასაციო პრეტენზიაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ხარჯი, კასატორს არა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე კომპანიას მისთვის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრება, სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს, გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებში (სსსკ-ის 377 მუხლი) ამ საკითხზე არ უმსჯელია, აღნიშნული კი, კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობას გამორიცხავს, მით უფრო, როცა, ადვოკატის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილია საქმეში (იხ. ტ.2, ს.ფ 58), ხოლო სასამართლოს ხარჯების მხარეთა შორის განაწილების წესი დადგენილია სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით და კანონიერია.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (კომპანიის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჯ.უ.ე.ფ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ჯ.უ.ე.ფ–ს" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, მის მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 456,38 ლარის (საგადასახადო დავალება N39, გადახდის თარიღი 2018 წლის 20 ნოემბერი), 70% – 319,46 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე