საქმე №ას-1819-2018 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ი. და კ. კ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. ც-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგებების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით, შ. ც-ის სარჩელი დ. ს-ის, ი. კ-ის, კ. კ-ის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. ...-ისა“ და მ. ჯ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. ...-ის“ 2011 წლის 20 მაისის #5 და 2011 წლის 23 მაისის #6 კრების ოქმები, ხოლო, დ. ს-ის, ი. კ-ის, კ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა, ისევე, როგორც უარყოფილ იქნა დ. ს-ის შეგებებული სარჩელი შ. ც-ის მიმართ 2011 წლის 30 მარტის გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე (სადავო მისამართზე მდებარე უძრავი ქონების ნაწილის მესამე პირის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე).
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბმა „გ. ...-ის“, დ. ს-ისა და შ. ც-ის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ს-ის, ი. კ-ისა და კ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შ. ც-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, გ. ....-ში, მე-... სართულზე მდებარე 12 კვ.მ საცხოვრებელი ოთახი, ხოლო 16.71 კვ.მ სათავსის გამოთხოვის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება 2016 წლის 29 ივლისს შევიდა კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ შ. ც-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო. 2018 წლის 11 ივნისს, სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალედ მითითებულ იქნა მხოლოდ დ. ს-ე. სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების თხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შ. ც-ემ, რაც სააპელაცო სასამართლომ 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა სრულად და 2018 წლის 11 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალე მხარედ დამატებით მიეთითა ი. და კ. კ-ები.
4. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ი. და კ. კ-ებმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იქნა მოთხოვნილი იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ გააჩნდა საფუძველი, სააღსრულებო ფურცელში მოვალეებად მიეთითებინა კერძო საჩივრის ავტორები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. და კ. კ-ების კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააღსრულებო ფურცელში, უსწორობის გასწორების გზით, მოვალეთა დამატების კანონიერება. ამ თვალსაზრისით კი, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2.1. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შ. ც-ის საკუთრებას წარმოადგენს ქ.თბილისში, გ. ....-ში, მე-... სართულზე მდებარე 12 კვ.მ საცხოვრებელი ოთახი, რომელსაც ფლობენ მოპასუხეები: დ. ს-ე, ი. და კ. კ-ები;
2.2. ხსენებულმა მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს სახლთმფლობელობის სადავო ნაწილზე მფლობელობის მართლზომიერი უფლების არსებობა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე, მათი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის წინაპირობას წარმოადგენდა;
2.3. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: „დ. ს-ის, ი. და კ. კ-ების უკანონო მფლობლობიდან გამოთხოვილ იქნას შ. ც-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების, მდებარე თბილისში, გ. ..., მე-... სართულის ნაწილი, 12 კვ.მ საცხოვრებელი ოთახი“. ამავე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით, შ. ც-ის სასარგებლოდ, პროცესის ხარჯი დაეკისრა მხოლოდ დ. ს-ეს;
2.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 11 ივნისს, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ზამოხსენებული გადაწყვეტილების მე-4 და მე-6 პუნქტების აღსრულების მიზნით, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა მოვალის ველში მითითებულ იქნა მხოლოდ დ. ს-ე;
2.5. უსწორობის გასწორების შესახებ კრედიტორის განცხადებაზე დართული სააღსრულებო ბიუროს წერილით (სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ) ირკვევა, რომ აღმასრულებელი სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში მითითებულ პირებზე _ კ. და ი. კ-ებზე აპელირებს, რომლებიც სააღსრულებო ფურცელში მოვალედ არ არიან მოხსენიებული და კრედიტორისაგან მოითხოვს ხსენებული უსწორობის გასწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუმარტავს კრედიტორს სააღსრულებო ფურცლის აღუსრულებლად დაბრუნების თაობაზე.
3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით დადგენილია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგები და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264.2 მუხლი) და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები, წინამდებარე განჩინების მიმართ შეუდავებელი ძალის მატარებელია. თავად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის კუთვნილ ფართს ფლობდა არა მხოლოდ დ. ს-ე, არამედ, მფლობელები კ. და ი. კ-ებიც იყვნენ და მათგანაც იქნა გამოთხოვილი ქონება. ხსენებული გარემოება იმაზე მეტყველებს, რომ სააღსრულებო პროცესის მიზნებისათვის 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით, დ. ს-ესთან ერთად მოვალეებს კერძო საჩივრის ავტორებიც წარმოადგენენ.
4. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 11 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებულ იქნა ტექნიკური ხასიათის უსწორობა, რომლის გასწორებაც სრულად ექცევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის რეგულაციის ფარგლებში. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. და კ. კ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი