საქმე №ას-263-2019 3 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ე. მ-ი, ლ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – რ. შ-ე, ნ. ი-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა (ძირითად სარჩელში) და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ე. მ-ის, გ. ს-ისა და ლ. ს-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
ე. მ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების – რ. შ-ისა და ნ. ი-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით რ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღკვეთილ იქნა ე. მ-ის, გ. ს-ისა და ლ. ს-ის მიერ რ. შ-ის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით ისინი გამოსახლებულ იქნენ ქ-ში, ზ–ის ქ. №-ში მდებარე ბინა №-დან, ს/კ №0-.. და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა რ. შ-ეს. ე. მ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. მ-მა, გ. ს-ემ, ლ. ს-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ე. მ-ის, გ. ს-ისა და ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. მ-მა, გ. ს-ემ, ლ. ს-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით ე. მ-ისა და ლ. ს-ის წარმომადგენელ ი. ჯ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3886 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, გ. ს-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეების ვინაობის დაზუსტება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელ ი. ჯ-ეს რამდენიმეჯერ გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ და სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე, მაგრამ სასამართლოში მობრუნებული კონვერტებით ირკვევა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა არყოფნის გამო. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორ ე. მ-ს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 18 აპრილს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განჩინების ასლი, კასატორების წარმომადგენელ ი. ჯ-ეს რამდენიმეჯერ გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ და სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე, მაგრამ სასამართლოში მობრუნებული კონვერტებით ირკვევა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა არყოფნის გამო. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორ ე. მ-ს, ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი პირადად სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2019 წლის 18 აპრილს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.362). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 19 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 23 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. მ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი