Facebook Twitter

საქმე №ას-273-2019 24 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ-ი“, შპს „ტ–ი“, ი. რ. გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. ა-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ-ის“ (შემდგომ – შპს), შპს „ტ–ისა“ (შემდგომ – მეორე შპს) და ი. რ. გ. (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, 2010 წლის 2 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის, როგორც მ. მ–ის (შემდგომ – მსესხებელი) მიერ უფლებადათმობილი პირისათვის, მოპასუხე შპს-ებისათვის სოლიდარულად გადაუხდელი 16300 აშშ დოლარის ანაზღაურების, ასევე, მოპასუხეთათვის სოლიდარულად მიყენებული ქონებრივი ზიანის – 450 000 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 2 დეკემბერს მსესხებელსა და მოპასუხე შპს-ებს შორის დაიდო ნოტარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელს ამ ორგანიზაციებისაგან უნდა მიეღო სესხი – 40 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. ხელშეკრულების დადებამდე აღნიშნული ბინა დატვირთული იყო იპოთეკით სხვა პირის მიერ, რომლისგანაც მსესხებელს სესხად მიღებული ჰქონდა 17 700 აშშ დოლარი.

3. 2010 წლის 2 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, 40 000 აშშ დოლარის გადაცემა მოხდებოდა მას შემდეგ, როდესაც ზემოხსენებულ საცხოვრებელ ბინაზე მოიხსნებოდა წინა იპოთეკა და პირველი რიგის იპოთეკარები გახდებოდნენ მოპასუხეები.

4. შეთანხმებისამებრ მოპასუხე შპს-ებმა წინამორბედ იპოთეკარს გადაუხადეს 17700 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ისინი დარეგისტრირდნენ იპოთეკარებად, მაგრამ მათ არ შეასრულეს ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, 40 000 აშშ დოლარის ნაცვლად, გადასცეს 23 700 აშშ დოლარი (ამ თანხიდან 17 700 აშშ დოლარი გადაეცა წინა იპოთეკარს).

5. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს-ებმა მოატყუეს მსესხებელი, არ გადაუხადეს დარჩელი 16 300 აშშ დოლარი. შემდეგ მათ სააღსრულებლო ფურცელი ნოტარიუსისაგან და აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით აუქციონზე გაყიდეს 540 000 ლარად ღირებული მსესხებლის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, რომელიც აუქციონზე იყიდა გამსესხებელი პირების მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა – მოპასუხემ. იგი კეთილსინდისიერი მყიდველი არ არის, რადგან გასესხებული თანხის ნაწილი სინამდვილეში მისი კუთვნილიც იყო და იცოდა ამ თანხის თაობაზე.

6. სააღსრულებო ბიურომ მსესხებელი გამოასახლა სახლიდან. იგი მძიმედ ავადაა, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. მსესხებლის ოჯახის ინტერესების დაცვის მიზნით, სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გადასცა მის მეუღლეს – მოსარჩელეს.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2010 წლის 2 დეკემბერს იპოთეკის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი (40 000 აშშ დოლარი) მსესხებელს გადაეცემოდა 2 ნაწილად. სესხის პირველი ნაწილი – 17 700 აშშ დოლარი მსესხებელს უნდა მიეღო იპოთეკით დასატვირთ უძრავ ქონებაზე გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 22 300 აშშ დოლარი მას შემდეგ, რაც გამსესხებელი იქნებოდა ერთადერთი იპოთეკარი უძრავ ქონებაზე (ანუ გაუქმდებოდა პირველი რიგის იპოთეკარის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა).

8. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიიჩნეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, კერძოდ, ბრალდება, რომ მსესხებელს სესხის თანხა არ მიუღია სინამდვილეს არ შეესაბამება, რასაც ადასტურებს 2010 წლის 2 დეკემბრის ხელწერილები სესხის თანხის სრულად და ჯეროვნად მიღების თაობაზე. ხელშეკრულების გაფორმებიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 5 წელი, 11 თვე და რამდენიმე დღე.

9. მოპასუხე კეთილსინდისიერი შემძენია, მან კანონის მოთხოვნათა დაცვით შეიძინა აუქციონზე უძრავი ნივთი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ:

13. 2010 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე შპს-ებმა მსესხებელს ასესხეს 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 3 თვის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 5% სარგებლის დარიცხვით.

14. გამსესხებლის მიერ მისაღები თანხა მთლიანად განისაზღვრა 46 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. ამასთან, თითოეული თვის სარგებლისა და სესხის ძირითადი თანხის 50% მსესხებელს უნდა გადაეხადა შპს-სათვის, ხოლო 50% – მეორე შპს-სათვის.

15. 2010 წლის 2 დეკემბრის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მესაკუთრის ქონება დატვირთული იყო იპოთეკით. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 17 700 აშშ დოლარს.

16. ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცემოდა მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრში გამსესხებელი დარეგისტრირდებოდა იპოთეკარად, შემდეგ მესაკუთრე მიიღებდა 17 700 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა (ძირითად თანხას გამოკლებული 17 000 აშშ დოლარი) მესაკუთრეს გადაეცემოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამსესხებელი რეგისტრირებული იქნებოდა ერთადერთ იპოთეკარად.

17. 2010 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის უძრავი ქონება.

18. სანოტარო წესით დამოწმებული 2010 წლის 2 დეკემბრის ხელწერილებით მსესხებელმა დაადასტურა, რომ 2010 წლის 2 დეკემბერს შპს-ს დირექტორის მინდობილი პირისა და მეორე შპს-ის დირექტორისაგან მიიღო 2010 წლის 2 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე მუხლით განსაზღვრული სესხის თანხის როგორც პირველი ნაწილი – 17700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ისე სესხის დარჩენილი 22300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

19. იმ მიზეზით, რომ მსესხებელმა დაარღვია 2010 წლის 2 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები, 2011 წლის 28 ივნისს, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებლო ფურცელი, სადაც მიეთითა, რომ მსესხებელმა გადაიხადა პირველი 3 თვის გადასახდელი – 6 000 აშშ დოლარი, რაც შეადგენდა სესხის ძირითად თანხაზე დარიცხულ ყოველთვიურ სარგებელს.

20. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 12 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე უძრავი ქონება 87 500 ლარად ონლაინ აუქციონზე იყიდა მოპასუხემ.

21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლით და, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგნისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 50-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 411-412-ე, 128-130-ე, 145-ე, 153-ე, 286-ე მუხლები, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.1, 5.1, 38.1. „ა“ პუნქტები, სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტა:

22. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ რომ, წერილობითი მტკიცებულებები – 2010 წლის 2 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული თანხის მიღების თაობაზე ხელწერილები მსესხებელის მიერ ხელმოწერილი არ ყოფილა.

23. აპელანტმა ასევე მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის თაობაზე იყო არასწორი.

24. ხელწერილების ნამდვილობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 135-ე მუხლზე, 137-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 215-ე მუხლის მესამე ნაწილსა და 380-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება, მათ შორის დოკუმენტის სიყალბეზე განაცხადის გაკეთება დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაადასტურებს საპატიო მიზეზს პირველი ინსტანციის სასამართლოში მათი წარუდგენლობის თაობაზე.

25. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ წერილობითი მტკიცებულებები – 2010 წლის 2 დეკემბრის სანოტარო წესით დადასტურებული მსესხებლის ხელწერილის ქსეროასლები მოპასუხე მხარემ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელთან ერთად წარადგინა და სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, თუმცა აპელანტს (მოსარჩელე) პირველი ინსტანციის სასმართლოში საქმის განხილვის არცერთ საპროცესო ეტაპზე არ მოუთხოვია ამ დოკუმენტების დედნის წარდგენა, სადავო არ გაუხდია დოკუმენტზე მსესხებლის ხელმოწერის ნამდვილობა, მის სიყალბეზე განაცხადი არ გაუკეთებია და არც სააპელაციო საჩივარში მიუთითებია საპატიო მიზეზზე, თუ რატომ არ დააყენა იგივე შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაბამის სტადიაზე.

26. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2010 წლის 2 დეკემბრის სანოტარო წესით დადასტურებული მსესხებლის ხელწერილის ნამდვილობასთან დაკავშირებით აპელანტის მიერ მითითებული ახალი ფაქტები შეფასებული ვერ იქნება.

27. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 2 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული მსესხებლის ხელწერილების ნამდვილობა დადასტურებულია, მათი შეფასების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი შეფასება, როგორც თანხის დაკისრების ისე, ზიანის ანაზღაურების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით დასაბუთებულია და სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში აპელანტის პრეტენზია არ გაიზიარა.

28. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა გამოიყენება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების მიმართ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ფიქსირდება, რადგან მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემა, ასევე ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება.

29. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორად იქნა გამოყენებული სსკ-ის 129-130-ე მუხლები, რომელიც სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიან ვადას ითვალისწინებს და მისი ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

30. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

31. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის – მოპასუხის (ან მისი წარმომადგენლის) დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. მოპასუხეების წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე თავად განაცხადა, რომ არ არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ამ განცხადებას ყურადღება არ მიაქცია და გააგრძელა სასამართლო პროცესი, რითაც დაარღვია სსსკ-ის 94-ე, 96-ე და 97-ე მუხლები და საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.

32. კასატორმა სასამართლო პროცესზე იშუამდგომლა, სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, გამოტანილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილელად, მაგრამ სასამართლომ უკანონოდ უარი უთხრა.

33. პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარეებმა შესაგებლები წარადგინეს ვადადარღვევით, ხოლო სააპელაციო პალატისათვის საერთოდ არ წარუდგენიათ, რაც სსსკ-ის 2321 მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაა, ამ დროს აუცილებელი არ არის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სათანადო შუამდომლობის წარდგენა, სასამართლომ თავად უნდა გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც არ განახორციელა არცერთი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან.

34. სააპელაციო პალატა მთლიანად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კანონიერად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობა სარჩელის წარმოებაში მიღების განჩინებასა და საბოლოო გადაწყვეტილებაში მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

35. სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია სავალდებულოდ სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის დედნის გამოკვლევა, რაც დაუშვებელია.

36. სსსკ-ის 135-ე მუხლის შესაბამისად, აუცილებელია მტკიცებულების სახით წერილობითი დოკუმენტის დედნის წარდგენა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მხარე მას სადავოდ ხდის, რაც იგნორირებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

38. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

39. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე შპს-ებმა მსესხებელს ასესხეს 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 3 თვის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 5% სარგებლის დარიცხვით.

40. გამსესხებლის მიერ მისაღები თანხა მთლიანად განისაზღვრა 46 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. ამასთან, თითოეული თვის სარგებლისა და სესხის ძირითადი თანხის 50% მსესხებელს უნდა გადაეხადა შპს-სათვის, ხოლო 50% – მეორე შპს-სათვის.

41. 2010 წლის 2 დეკემბრის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მესაკუთრის ქონება დატვირთული იყო იპოთეკით. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 17 700 აშშ დოლარს.

42. ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცემოდა მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრში გამსესხებელი დარეგისტრირდებოდა იპოთეკარად, შემდეგ მესაკუთრე მიიღებდა 17 700 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა (ძირითად თანხას გამოკლებული 17 000 აშშ დოლარი) მესაკუთრეს გადაეცემოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამსესხებელი რეგისტრირებული იქნებოდა ერთადერთ იპოთეკარად.

43. 2010 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის უძრავი ქონება.

44. სანოტარო წესით დამოწმებული 2010 წლის 2 დეკემბრის ხელწერილებით მსესხებელმა დაადასტურა, რომ 2010 წლის 2 დეკემბერს შპს-ს დირექტორის მინდობილი პირისა და მეორე შპს-ის დირექტორისაგან მიიღო 2010 წლის 2 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე მუხლით განსაზღვრული სესხის თანხის როგორც პირველი ნაწილი – 17700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ისე სესხის დარჩენილი 22300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

45. იმ მიზეზით, რომ მსესხებელმა დაარღვია 2010 წლის 2 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები, 2011 წლის 28 ივნისს, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მიეთითა, რომ მსესხებელმა გადაიხადა პირველი 3 თვის გადასახდელი – 6 000 აშშ დოლარი, რაც შეადგენდა სესხის ძირითად თანხაზე დარიცხულ ყოველთვიურ სარგებელს.

46. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 12 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე უძრავი ქონება 87 500 ლარად ონლაინ აუქციონზე იყიდა მოპასუხემ.

47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

48. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

49. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მხარის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ საქმის განხილვის შესახებ კანონით დადგენილი წესით მოპასუხეს არ აცნობა.

50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად მოპასუხეს საკუთარი კანონიერი ინტერესების დარღვევის შესახებ პრეტენზია არ განუცხადებია, მეტიც, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მისთვის ცნობილი იყო წარმოების მიმდინარეობის თაობაზე და მოპასუხე შპს-ებთან ერთად სააპელაციო შესაგებელიც კი წარადგინა.

51. ასევე დაუშვებელია კასატორის პრეტენზია, რომ მოპასუხეთა ინტერესებს სააპელაციო სასამართლოს პროცესზე იცავდა პირი, რომელიც არ არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ამ გარემოებას ყურადღება არ მიაქცია და საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.

52. სსსკ-ის 440-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის თანამშრომლისა, – ამ ორგანოს, ორგანიზაციის საქმეზე.

53. ამდენად, მითითებული ნორმა უფლებას ანიჭებს ორგანიზაციის თანამშრომლებს ამ ორგანიზაციის მონაწილეობით მიმდინარე საქმეებზე გამოვიდნენ სასამართლოში მათი სახელით სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე (იხ. სუსგ 29.10.2007წ. საქმე №ას-431-781-07).

54. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეთა წარმომადგენლებად პროცესში მონაწილეობდნენ მოპასუხე ორგანიზაციის იურისტები (ტ. 2, ს.ფ. 250), რომელთა მიმართაც ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების მოთხოვნა არ ვრცელდება.

55. საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს კასატორის არგუმენტზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული საკითხი მხარეს სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ვინაიდან სააპელაციო პალატას კასატორის მიერ მითითებული საკითხი არ შეუფასებია, იგი ვერც ზემდგომი ინსტანციის მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

56. ანალოგიურად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ 2010 წლის 2 დეკემბრის სანოტარო წესით დადასტურებული მსესხებლის ხელწერილის ქსეროასლები მოპასუხე მხარემ წარადგინა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შეტანილ შესაგებელთან ერთად მოსარჩელეს კი, აღნიშნული მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ არ მოუთხოვია მათი დედნების წარდგენა, სადავო არ გაუხდია დოკუმენტზე მსესხებლის ხელმოწერის ნამდვილობა, მის სიყალბეზე განაცხადი არ გაუკეთებია და არც სააპელაციო საჩივარში მიუთითებია საპატიო მიზეზზე, თუ რატომ არ დააყენა იგივე შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაბამის სტადიაზე.

57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენისა და გამოთხოვის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა (ან მათი მოწინააღმდეგე მხარისაგან გამოთხოვა) შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების – საპატიო მიზეზის არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი).

58. განსახილველ საქმეზე მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს ვერ დაუსაბუთა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული ისეთი საპატიო მიზეზის არსებობა, რაც მას ობიექტურად ხელს შეუშლიდა სადავო მტკიცებულებების დედნების გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის წარდგენაში.

59. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის არგუმენტი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შეფასებისას უძრავ ნივთებზე დადებული ხელშეკრულების მიმართ მოქმედი 6-წლიანი ვადის გავრცელების თაობაზე.

60. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (შდრ: სუსგ №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი).

61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

62. ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

63. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20903 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

64. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.

65. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

66. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.

67. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა მხარეთა შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნაზე გაავრცელა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა (იხ. წინამდებარე განჩინების პპ. 28-29).

68. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

69. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

70. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

71. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

72. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი