Facebook Twitter

საქმე №ას-433-433-2018 8 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „კ-ი“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „დ-ო“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2015 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით კასატორისათვის პირგასატეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა, 2015 წლის 25 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრებული პირგასამტეხლოს განაკვეთის შემცირება, მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 114 863,24 ლარის დაკისრება

დავის საგანი – დავალიანების დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „დ-ომ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მოწინააღმდეგე მხარე ან მზღვეველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დამზღვევი) მიმართ და მოითხოვა: დაზღვევის ხელშეკრულებიდან და MB 43406/13, CPE 000233/14, MB 000234/14, MI 48354/4, PV 7553/14 პოლისებიდან გამომდინარე 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით არსებული დავალიანების _ 76 947,91 აშშ დოლარის, დაზღვევის ხელშეკრულებიდან და CPE 000115/12, CPE 000123/13, MI 40611/12, MI 41144/13, CPE 000174/13, CPE 000203/14, MI 43406/13, MI 46537/14, MI 46763/14, PV 014/14, PV 7375/13, CPE 000233/14, MB 000234/14, MI 48354/14, PV 7553/14 პოლისებიდან გამომდინარე, 2015 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს _ 132 218.13 აშშ დოლარისა და 185.91 ევროს, ასევე, 2015 წლის 25 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით 76.94 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება (გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად).

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარებს შორის 2012 წლის 5 ნოემბერს (#04836/12), 2013 წლის 5 ნოემბერსა (#06132/13) და 2014 წლის 4 ნოემბერს (#07664/14) გაფორმებული დაზღვევის სფეროში ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებისა და შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისების საფუძველზე დაზღვეულ იქნა მოპასუხის კუთვნილი ქონება _ ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მანქანა-დანადგარები. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, დამზღვევი იღებდა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებას, ხოლო, საზღაურის ვადის გადაცილების გამო გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. დამზღვევმა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა მასზე დაკისრებული სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, რის გამოც, მხარეებს შორის 2015 წლის 20 აპრილს გაფორმდა შეთანხმება დავალიანების ნაწილობრივ გაქვითვისა და დარჩენილი დავალიანების გადანაწილების შესახებ, ამავე შეთანხმების თანახმად, 2012 წლის 5 ნოემბერს (#04836/12), 2013 წლის 5 ნოემბერსა (#06132/13) და 2014 წლის 4 ნოემბერს (#07664/14) გაფორმებული დაზღვევის სფეროში ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებისა და შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულება/პოლისების პირობები რჩებოდა უცვლელი, ხოლო შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევა იწვევდა გრაფიკის გაუქმებას და მოსარჩელეს აძლევდა უფლებას, მოეთხოვა დარღვევის დღისთვის არსებული დავალიანების დაფარვა სრულად. მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო წარმოშობილი დავალიანება სადაზღვევო პრემიის ნაწილში ჯამში _ 76 947.91 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში - 132 218.13 აშშ დოლარსა და 185.91 ევროს შეადგენს, გარდა ამისა, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება 2015 წლის 25 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 76.94 აშშ დოლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მზღვეველის მიმართ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის _ 114 863,24 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 5 ნოემბერს, 2013 წლის 5 ნოემბერსა და 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებებისა და გაცემული პოლისების საფუძველზე დაზღვეულ იქნა შეგებებული მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მანქანა-დანადგარები. ხელშეკრულებების თანახმად, დამზღვევს უნდა გადაეხადა სადაზღვევო პრემია, ხოლო, მზღვეველს _ აენაზღაურებინა სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი, რაც ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია. მზღვეველის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო, მხარეებს შორის 2015 წლის 20 აპრილს გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც რეალურად გადასახდელი პრემიის თანხები გაიქვითა მზღვეველის მიერ გასაცემ ასანაზღაურებელ თანხებში. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა გადასახდელი თანხის ოდენობა და შედგა გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ჯამში გადახდილი აქვს 3 398.96 ევრო და 120 000 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს გაფორმებული სადაზღვევო პოლისების პრემიას დამზღვევი პერიოდულად იხდიდა 2015 წლის 20 აპრილის შემდგომაც. შეთანხმების გაფორმების შემდგომ, 2015 წლის 13 მაისიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით დადგა სადაზღვევო შემთხვევები, რომელთა შედეგად მიყენებული ზიანი ჯამში 114 863.24 ლარს შეადგენს და იგი არ არის ანაზღაურებული.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მარტივი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ამასთან, განმარტა, რომ გაურკვეველია, როგორ აქვს გაანგარიშებული მოსარჩელეს დავალიანების ოდენობა პრემიისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია სადაზღვევო პრემიის დავალიანებასთან მიმართებით, კალკულაციისას არ არის გათვალისწინებული შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულების შედეგად გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან და მისი დაკისრება მოპასუხეს მძიმე ტვირთად დააწვება;

2.2. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი იქნა წარდგენილი მზვეველის მიერ შეგებებული სარჩელის წინააღმდეგ. შესაგებლის თანახმად, 2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით მართლაც გაიქვითა დამზღვევთან გადასახდელი პრემიები მზღვეველის მიერ გასაცემ ასანაზღაურებელ თანხებში. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა იმ მომენტისათვის დამზღვევის მხრიდან გადასახდელი თანხის ოდენობა და შედგა გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც შეგებებულმა მოსარჩელემ მხოლოდ 30 000 აშშ დოლარი გადაიხადა, მოგვიანებით შეწყვიტა გადახდა, რის გამოც მისი აპელირება შეთანხმების შემდგომ დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა. ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით დამზღვევს წარმოდგენილი აქვს ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი და ზოგადად, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ არასრული და ხარვეზიანი ინფორმაციის მიწოდებასთანაა დაკავშირებული არა მხოლოდ შემთხვევების სადაზღვევო შემთხვევად აღიარებისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის, არამედ სადაზღვევო პირობების შესაბამისად განსაზღვრული გამონაკლისების არსებობის გამორიცხვის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. გარდა ამისა, მზღვეველს სათანადო დოკუმენტაცია არ გადასცემია, საიდანაც დადგინდებოდა ჰქონდა თუ არა ადგილი სადაზღვევო შემთხვევას, რომელი დაზღვეული რისკით არის გამოწვეული შემთხვევა, გაურკვეველია ზიანის გამომწვევი მიზეზები და ა.შ., ხოლო, შეგებებული სარჩელის ავტორის მხოლოდ ახსნა-განმარტება აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად არ გამოდგება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა) დამზღვევს მზღვეველის სასარგებლოდ დაეკისრა დაზღვევის ხელშეკრულებიდან და პოლისებიდან (MB 43406/13, CPE 000233/14, MB 000234/14, MI 48354/4, PV 7553/14) გამომდინარე 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით არსებული დავალიანების _ 76 947.91 აშშ დოლარის; ბ) დაზღვევის ხელშეკრულებიდან და პოლისებიდან (CPE 000115/12, CPE 000123/13, MI 40611/12, MI 41144/13, CPE 000174/13, CPE 000203/14, MI 43406/13, MI 46537/14, MI 46763/14, PV 014/14, PV 7375/13, CPE 000233/14, MB 000234/14, MI 48354/14, PV 7553/14) გამომდინარე 2015 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს _ 79 330.88 აშშ დოლარისა და 185.91 ევროს; გ) პირგასამტეხლოს - გადასახდელი სადაზღვევო პრემიის 0,06%-ის ოდენობით გადახდა (გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 25 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა, 2015 წლის 25 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრებული ყოველდღიური პირგასამტეხლოს შემცირება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 (2018) წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2015 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით კასატორისათვის პირგასატეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა, 2015 წლის 25 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრებული პირგასამტეხლოს განაკვეთის შემცირება, მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 114 863,24 ლარის დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მხარეებს შორის 2012 წლის 5 ნოემბერს, 2013 წლის 5 ნოემბერსა და 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული დაზღვევის სფეროში ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებისა და შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულება/პოლისების საფუძველზე, დაზღვეულ იქნა მოპასუხის კუთვნილი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მანქანა-დანადგარები. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, დამზღვევმა იკისრა სადაზღვევო პრემიის გადახდის, ხოლო, მზღვეველმა _ სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ამასთან, საზღაურის ვადის გადაცილების გამო, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.1% ოდენობით;

1.2.2. 2015 წლის 20 აპრილს გაფორმდა შეთანხმება დავალიანების ნაწილობრივ გაქვითვისა და დარჩენილი დავალიანების გადანაწილების შესახებ, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 5 ნოემბერს, 2013 წლის 5 ნოემბერსა და 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული დაზღვევის სფეროში ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებისა და შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულება/პოლისების პირობები რჩებოდა უცვლელი. შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევა იწვევდა გრაფიკის გაუქმებასა და მოსარჩელეს აძლევდა უფლებას, მოეთხოვა დარღვევის დღისთვის არსებული დავალიანების სრულად დაფარვა (2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, 2015 წლის 24 ივნისს დამზღვევმა სადაზღვევო პრემიის სახით გადაიხადა 30 000 აშშ დოლარი, რის გამოც მზღვევლმა 2017 წლის 1 ივნისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოთხოვნა შეამცირა სადაზღვევო პრემიის დავალიანების ნაწილში 30 000 აშშ დოლარის ოდენობით);

1.2.3. სადაზღვევო პრემიის ნაწილში დამზღვევის დავალიანება ჯამში 76 947.91 აშშ დოლარს, ხოლო, პირგასამტეხლოს ნაწილში - ჯამში 132 218.13 აშშ დოლარსა და 185.91 ევროს შეადგენს;

1.2.4. დამზღვევმა ვერ დაადასტურა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი, გაურკვეველია ასევე მესამე პირთა ბრალეულობის საკითხი, არ დგინდება არც შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობის გაანგარიშების წესი და საფუძველი (დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევების დადგომის სამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილია სადაზღვევო შემთხვევების ჩამონათვალისა და ზიანის ოდენობის ნუსხა, აგრეთვე - წერილები მზღვეველის გენერალური დირექტორის სახელზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მანქანა-დანადგარების ფოტოილუსტრაცია და სასაქონლო ზედნადებებისა და ხარჯთაღრიცხვის ასლები, თუმცა, ხსენებული დოკუმენტაციით არ დგინდება, საიდან გამომდინარეობს ხარჯთაღრიცხვაში მითითებული თანხები, რა კავშირშია დოკუმენტაცია მხარეებს შორის გაფორმებულ დაზღვევის ხელშეკრულებებსა და პოლისებთან, ჰქონდა თუ არა რეალურად ადგილი სადაზღვევო შემთხვევას და რომელი დაზღვეული რისკით არის გამოწველი შემთხვევა, როდის და რა გარემოებებში მოხდა შემთხვევები, ვისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ზიანი და ა.შ).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ მხარეთა მოთხოვნების დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის ელემენტებიც შემდეგია: მხარეთა შორის უნდა არსებობდეს დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია სადაზღვევო რისკი და ამ რისკის ანაზღაურების წესი, ამ ხელშეკრულების ფარგლებში დამზღვევი მოვალეა, აანაზღაუროს სადაზღვევო პრემია, ხოლო მზღვეველი, სადაზღვევო რისკის დადგომის შემთხვევაში, აანაზღაუროს ზიანი, მოხმობილი ნორმის ელემენტებიდან გამომდინარე კი, მხარე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს ნორმის ფაქტობრივი წინაპიროები (მითითების ტვირთი), იმის მიხედვით კი, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე შესაგებლით, განისაზღვრება მტკიცების საგანი და მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი. საქმეში წარმოდგენილი თავდაპირველი სარჩელის შესწავლით დგინდება, რომ ის ფორმალურად გამართულია, ამ სარჩელის წინაღმდეგ არსებითი ხასიათის შედავება არ ყოფილა წარმოდგენილი დამზღვევის მიერ, ამასთანავე, მზღვეველმა სარწმუნო და განკუთვნადი მტკიცებულებებით დაადატურა პრემიის დავალიანების არსებობა (მათ შორის, შეთანხმება დავალიანების ნაწილობრივ გაქვითვისა და დარჩენილი დავალიანების ანაზღაურების გრაფიკის განსაზღვრის თაობაზე), რაც სარჩელის წარმატებულობაზე მეტყველებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, ისე _ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოვალეს. ამ მხრივ დამზღვევს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები და არც საკასაციო საჩივარშია გადმოცემული დასაბუთებული შედავება, ხოლო, სადაზღვევო პრემიის დაკისრების ნაწილში ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება მტკიცებულებათა შეფასების საპროცესო სტანდარტს (სსსკ-ის 105-ე მუხლი). პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს ნაწილში. უდავოა, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალების გამოყენებაზე მხარეები შეთანხმდნენ წერილობით (სკ-ის 418.2 მუხლი), ამასთანავე, დავალიანების არსებობა (ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, იხ. სკ-ის მე-400 მუხლი) თავისთავად იწვევს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას (სკ-ის 417-ე მუხლი). საგულისხმოა, რომ სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, შეამცირა თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რომელიც, საკასაციო პალატის დასკვნით, ვალდებულების დარღვევის ადეკვატურია და ამ ნაწილში, ისევე, როგორც დარიცხული პირგასამტეხლოსაგან კასატორის გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში დამზღვევი ვერ უთითებს განჩინების უკანონობაზე. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, ამ სარჩელის შესწავლით ასევე დასტურდება მისი ფორმალური გამართულობა, კერძოდ, მასში მითითებულია მოთხოვნის წინაპირობები (სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარეთა ყოფნა; სადაზღვეო შემთხვევის დადგომა, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება), თუმცა, ამ მოთხოვნის წინააღმდეგ მზღვეველმა არსებითი ხასიათის შედავება წარადგინა _ მან სადავო გახადა მოთხოვნის წინაპირობების არსებობა, რის გამოც, ამ წინაპირობების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება შეგებებულ მოსარჩელეს. ამ მხრივ საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს, რომ დამზღვევმა ვერ წარადგინა სარწმუნო მტკიცებულებები (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.4.). მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლი, თუმცა, ამ დარღვევას საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება არ მოჰყოლია, ვინაიდან მზღვეველს დამზღვევისათვის მიცემული ჰქონდა დამატებითი შესრულების ვადა ახალი შეთანხმებით და ამ უკანასკნელს ვალდებულება არც ამ ვადაში შეუსრულებია, რაც თავისთავად გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებას და რაც უფრო მთავარია, დამზღვევმა თავი ვერ გაართვა მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცებას (საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის დათქმა, რომ თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება, არ შეიძლება განმარტებულ იქნას ამავე მუხლის მე-2 ნაწილისაგან განყენებულად, რადგანაც ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია მზღვეველის მიერ შეტყობინების უფლების გამოუყენებლობისათვის ერთგვარი სამოქალაქოსამართლებრივი სანქცია, კერძოდ ის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მას წარმოუშობს სადაზღვევოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია წერილობით გააფრთხილებს დამზღვევს პრემიის გადახდის თაობაზე და 2-კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევოს შემთხვევა, ამ ვადის გასვლამდე მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, დამზღვევს გადაცილებული აქვს თუ არა პრემიის შეტანის ვადა იხ. სუსგ 1708-1602-2012, 9 ოქტომბერი, 2013 წელი). საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნებზე, ასევე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებისა თუ მისი გონივრული ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 24.03.2018წ. #1502271277 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „კ-ს“ (ს/კ #2-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 24.03.2018წ. #1502271277 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი