Facebook Twitter

საქმე №ას-1186-2018 8 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. დ–ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ფ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ვ. ფ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. დ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან გამყიდველი) მიმართ, მოპასუხისათვის 3 000 აშშ დოლარისა და 56 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.1.1. თავდაპირველი სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 16 მარტს მოსარჩელემ მოპასუხესთან გააფორმა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს მოსარჩელისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა ქ.თბილისში, შ-ის ქ#1-ში მდებარე 55 კვ. საცხოვრებელი და 38,51 კვ.მ დამხმარე ფართი, ხოლო, 29,13 კვ.მ სარდაფი რჩებოდა მოპასუხის საკუთრებაში. ამავე მისამართზე მოპასუხეს გააჩნია სხვა დაუკანონებელი სარდაფიც, თუმცა, მხარეთა შეთანხმებით, გამყიდველი სარდაფს დაიკანონებდა და ისე გადასცემდა მყიდველს საკუთრებაში. ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებამდე მოპასუხეს გადაეცა 4 000 აშშ დოლარი, რაც დადასტურებულ იქნა 2015 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით. მყიდველმა ასევე გადაიხადა ხელშეკრულების რეგისტრაციის თანხა _ 56 ლარი და მხარეთა შეთანხმება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2015 წლის 16 მარტის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით მოპასუხე იძლეოდა გარანტიას, რომ ნასყიდობის საგანს ნივთობრივად უნაკლო ნაგებობა წარმოადგენდა, ხოლო, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ნასყიდობის საგანს მნიშვნელოვანი ნივთობრივი ნაკლი გააჩნდა. გამყიდველს მოსარჩელემ განუცხადა პრეტენზია და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება, რაზეც უარი მიიღო. მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული დოკუმენტაცია ოფიციალურად ადასტურებს, რომ ნასყიდობის საგანი 2013 წლიდან ავარიულია. მოპასუხემ დაარღვია კეთილსინდისიერების პრინციპი და არ მიაწოდა ინფორმაცია მყიდველს ნივთის ნაკლის შესახებ.

1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების გაუქმებისა და მოპასუხისათვის 2 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 15 მარტს, უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დადებისას შემძენმა მოწმეთა თანდასწრებით 4 000 აშშ დოლარი გადასცა მაკლერს, რომელმაც იუსტიციის სახლში საკუთარი ხელით ჩაურიცხა 2 000 აშშ დოლარი გამყიდველს საბანკო ანგარიშზე, ამასთან, შეგებებული მოსარჩელის ნების არარასებობის მიუხედავად, მან დაიტოვა გასამრჯელო _ 2 000 აშშ დოლარი. მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო თანხის სრულად გადახდისთანავე _ 2015 წლის 30 აპრილამდე, თუმცა, ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ შემძენი პრეტენზიას უყენებს გამყიდველს, რომელსაც თანხა არ მიუღია და აღნიშნულით ადგება მნიშვნელოვანი ზიანი.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მარტივი შედავებით მოპასუხემ არ ცნო თავდაპირველი სარჩელი და განმარტა, რომ მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ მოითხოვს მოსარჩელე 3 000 აშშ დოლარის დაკისრებას, როდესაც თანხა _ 4 000 აშშ დოლარი შემძენმა გადასცა მაკლერს, ხოლო, ამ უკანასკნელმა მხოლოდ 2 000 აშშ დოლარი ჩაურიცხა მოპასუხეს ანგარიშზე ბეს სახით;

2.2. შეგებებული სარჩელი არც თავდაპირველა მოსარჩელემ ცნო იმ საფუძვლით, რომ გამყიდველი შუამავლის მეშვეობით აწარმოებდა მოლაპარაკებებს და გასამრჯელოც მას უნდა მოსთხოვოს, ამასთან, თანხის გადაცემა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით დადასტურდეს. რაც შეეხება სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს, ისინი დაუშვებელი მტკიცებულებებია. გარდა ამისა, სახლი დაზიანებულია, რაც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას არ უცნობებია მყიდველისათვის.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის (შეგებებული მოსარჩელის) გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, გამყიდველს მყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 აშშ დოლარისა და 56 ლარის გადახდა. ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა;

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გამყიდველმა, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე მოპასუხე (შეგებებული მოსარჩელე) გაფრთხილდა ხელწერილით, სხდომის თარიღი და დრო (2017 წლის 19 დეკემბერი, 15:00 საათი, სხდომის დარბაზი #27) შეთანხმდა მხარეებთან, რაც დადასტურდა ხელწერილზე ხელის მოწერით;

1.2.2. დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, ხოლო, მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;

1.2.3. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მოპასუხე მიიჩნევს საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას (სმენის ნეიროსენსორული დაკარგვა, ორმხრივი), ასევე იმას, რომ სარჩელში მითთებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის (შეგებებული მოსარჩელის) გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერია, რამდენადაც გამოუცხადებელი მხარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით იქნა გაფრთხილებილი სხდომის შესახებ (სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით), რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ხელწერილითა და საკასაციო საჩივარში გადმოცემული მხარის განმარტებით, შესაბამისად, სმენითი პრობლემები, ბუნებრივია, გავლენას ვერ იქონიებს წერილობით დადასტურებულ გარემოებაზე (სსსკ-ის 241-ე მუხლი), ამდენად, პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, შეგებებული მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, რომლისთვისაც ცნობილია სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, მისი სარჩელის უარყოფის წინაპირობაა, ამავდროულად, ამავე ფაქტით დასტურდება, რომ შეგებებული მოსარჩელე წარმოადგენდა მოპასუხეს თავდაპირველ სარჩელზე და არასაპატიოდ სასამართლოში განსაზღვრულ დროს გამოუცხადებლობა განაპირობებს სარჩელში მითითებული ფაქტების დადგენილად მიჩნევას (იხ. ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.1. პუნქტი: მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა უძრავი ქონება - საცხოვრებელი ფართი. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 4 000 ევრო. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, რა დროსაც რეგისტრაციის თანხა - 56 ლარი მოსარჩელემ გადაიხადა. აღმოჩნდა, რომ ნასყიდობის საგანი ავარიულ მდგომარეობაშია - უფლებრივად ნაკლიანია, რის შესახებაც მოპასუხემ მოსარჩელეს არ მიაწოდა ინფორმაცია). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას დადგენილი გარემოებების ფარგლებში მოთხოვნის იურიდიული გაუმართლებლობის თაობაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვემდგომი სასამართლოებისაგან განსხვავებით, დადასტურებულად მიჩნეული გარემოებები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის მოტივით (სკ-ის 487-ე და 488-ე მუხლები) მხარეთა შორის აღარ გაფორმდა ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო, გადაცემული თანხა წარმოადგენდა ბეს (სკ-ის 421-ე მუხლი: ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი), რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა ძირითადი ნასყიდობის გაფორმება, თუმცა, ვალდებულება დაირღვა რა გამყიდველის მხრიდან, მან უნდა აანაზღაუროს ბედ გადაცემული თანხა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 423.2 მუხლისა, გარდა ამისა, ნასყიდობის საგნის ნაკლზე მიუთითებლობით მოპასუხემ დაარღვია რა ვალდებულება, მყიდველი გავიდა წინარე ხელშეკრულებიდან და ამავე მუხლის შესაბამისად, მას დაეკისრა ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც (ზიანი). საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოპასუხის/შეგებებული მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებთან დაკავშირებით არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენს, არამედ, ის გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებლადაა მიჩნეული, მით უფრო, როდესაც საუბარია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერებაზე, რა დროსაც, ამავე კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებათა კვლევა არ ხდება, არამედ, სარჩელში მითითებული გარემოებები კანონის ძალით მიიჩნევა დადასტურებულად და სასამართლო მხოლოდ ამ გარემოებათა იურიდიულ საფუძვლიანობას ამოწმებს, გაუმართლებელია მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების კვლევა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უარი უნდა ეთქვას მტკიცებულებათა მიღებაზე და დაუბრუნდეს 22.10.2018წ. #ა-4823-18 განცხადებაზე დართული დოკუმენტები 17 (ჩვიდმეტი) ფურცლად და 02.11.2018წ. #ა-5046-18 განცხადებაზე დართული _ 2 (ორი) ფურცლად.

3. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ც. გ-იას მიერ 19.10.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 409 ლარის 70% _ 286,3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ. დ–ს (პ/#0--...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ც. გ-იას მიერ 19.10.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 409 ლარის 70% _ 286,3 ლარი.

3. კასატორს ასევე დაუბრუნდეს 22.10.2018წ. #ა-4823-18 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 17 (ჩვიდმეტი) ფურცლად და 02.11.2018წ. #ა-5046-18 განცხადებაზე დართული მტკიცებულება 2 (ორი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი