საქმე №ას-1705-2018 15 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან ბენეფიციარი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ა-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან გარანტი) მიმართ, მოპასუხისათვის 1 545,53 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელესა და შპს „ა-ი 2007-ს“ (შემდგომში _ პრინციპალი) შორის 2013 წლის 20 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #1.1.1/30/184-1 ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 1 309 997.82 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხარეს მდებარე ქუჩების ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 20 მაისს მოპასუხემ გასცა საბანკო გარანტია 39 300 ლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე გადაეხადა ხსენებული თანხა. პრინციპალმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, გზის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები კონკრეტულ ობიექტებზე დასრულდა მიცემული დავალების გეგმა-გრაფიკის ვადის დარღვევით (ვადაგადაცილებულ იქნა 30 კალენდარულ დღეზე მეტი). 2014 წლის 31 იანვარსა და 2014 წლის 25 ივლისს ბენეფიციარმა წერილობით მიმართა გარანტს და მოითხოვა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო, საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილის გადახდა, თუმცა, გარანტმა ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა - 26 661.33 ლარის ნაცვლად, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხა მხოლოდ 25 115.80 ლარი, დარჩენილი 1 545.53 ლარი კი არ აუნაზღაურებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მას საბანკო გარანტიის ნამდვილობა და პირობები სადავოდ არ გაუხდია, თუმცა აღნიშნა, რომ 2014 წლის 31 იანვარს მას მიმართა ბენეფიციარმა და მოითხოვა პრინციპალის მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, 25 115.80 ლარის ანაზღაურება, რაც გარანტმა დააკმაყოფილა, თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. 2014 წლის 25 ივლისს, მოსარჩელემ კვლავ მიმართა გარანტს და ამავე გარანტიის ფარგლებში მოითხოვა 26 661.33 ლარის ანაზღაურება. ვინაიდან, გარანტმა ბენეფიციარის პირველი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადარიცხა 25 115.80 ლარი, ამჯერად, მოთხოვნას წარმოადგენდა უკვე 1545.53 ლარის გადახდა. აღნიშნული მოთხოვნა კი, კომპანიამ არ დააკმაყოფილა, რადგან წარდგენილი იყო საგარანტიო ვადის დასრულების შემდეგ (საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი მოქმედების ვადა 2014 წლის 10 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა, ხოლო, ბენეფიციარის მეორე მიმართვა დათარიღებულია 2014 წლის 25 ივლისით).
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბენეფიციარმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2013 წლის 20 მაისს მოსარჩელესა და პრინციპალს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ამ უკანასკნელს ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხარეს მდებარე ქუჩების ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების შეუსრულებლობა უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო საბანკო გარანტიით;
1.2.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ყოფილიყო გარანტი და პასუხისმგებელი მოსარჩელის წინაშე პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. გარანტიის საერთო თანხა შეადგენდა 39 000 ლარს, ხოლო, მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 10 თებერვალი;
1.2.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის 2013 წლის 17 ოქტომბრის წერილით პრინციპალს ეთხოვა კონკრეტულ ობიექტზე ტროტუარების მოასფალტების სამუშაოების დასრულება 2013 წლის 5 ნოემბრამდე, თუმცა სამუშაო შესრულდა განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2013 წლის 11 და 27 დეკემბერს, ანუ გადაცილებულ იქნა 30 კალენდარულ დღეზე მეტი. 2013 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით პრინციპალმა შეასრულა 421 287.03 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების თანხამ შეადგინა 888 710.79 ლარი, რომლის 3% შეადგენდა 26 661.33 ლარს;
1.2.4. 2014 წლის 31 იანვარს ბენეფიციარმა წერილობით მიმართა მოპასუხეს და პრინციპალის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირობების დარღვევის გამო, საგარანტიო თანხის - 25 115.7951 ლარის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა, რაც 2014 წლის 16 აპრილს გარანტმა დააკმაყოფილა;
1.2.5. 2014 წლის 25 ივლისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, საგარანტიო თანხის - 26 661.33 ლარის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნა გარანტმა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი;
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა სრულად უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი წარმოადგენს. სარჩელის შესწავლით ირკვევა, რომ იგი ფორმალური თვალსაზრისით დასაბუთებულია, თუმცა, ბენეფიციარის მოთხოვნას პრინციპალმა არსებითი შედავება დაუპირისპირა, კერძოდ, მან მიუთითა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გავლის შემდგომ მოთხოვნის წარდგენის ფაქტზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილზე მოთხოვნა მართლაც ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი ბენეფიციარის მიერ, რასაც ვერ შეცვლის მოსარჩელის მტკიცება, რომ ეს მოთხოვნა გარემოებათა დაზუსტების შედეგს წარმოადგენს და იგი პირველი მოთხოვნის წარდგენის ვადაში უნდა შეფასდეს. ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სარჩელის უარყოფის სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი. ამ მხრივ გასაჩივრებული განჩინების დასკვნები გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტიდან, ხოლო კასატორი ვერ ამტკიცებს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ანაზღაურების უარყოფის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. მაგ: სისგ #ას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წ.). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი