Facebook Twitter

საქმე №ას-1847-2018 22 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მაგდა სუხიაშვილმა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის - 3 952,50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ამასთან, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება და დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის _ 3 952,50 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონის მოთხოვნებს არ ეფუძნება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხემ არ იცოდა 2018 წლის 26 სექტემბერს, 13:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ, ამდენად, მხარე არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლეის მოთხოვნათა დაცვით, რადგანაც ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად, არც სასამართლოს ჰქონდა უფლება, ამ პირობებში დაეკმაყოფილებინა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით, მოცემული საქმის განხილვა გადაიდო 2018 წლის 26 სექტემბერს, 13:00 საათზე და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გამოუცხადებელ აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომელიც შინაარსობრივად სრულად შეესაბამება ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს;

1.2.2. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილის შესწავლით ირკვევა, რომ 2018 წლის 6 ივლისს უწყება ადრესატს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, უკუგზავნილის შესწავლით დასტურდება, რომ ის მიიღო დალი დავლიანიძემ, როგორც კონსერვატორიის კანცელარიის სპეციალისტმა;

1.2.3. მხარეთა შორის უდავოა, რომ აპელანტი 2018 წლის 26 სექტემბერს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის.

1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ანალოგიურ შედეგებს ითვალისწინებს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

1.4. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე, რაც იმას მოწმობს, რომ ფორმალურად არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობები.

1.5. მხარის გამოუცხადებლობის მოტივით მიღებული განჩინების გაუქმების საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის). განსახილველ შემთხვევაში, მხარე განჩინების გაუქმებას, სწორედ 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვს (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით), თუმცა პალატა საქმეში პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის პირობებში უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის ხსენებულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მან ბრალეულად დაარღვია საკუთარი საპროცესო მოვალეობები (იხ. სამოტივაციო ნაწილი პ.პ. 1.2.1.-1.2.3.).

1.6. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება, რაც მისი მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი