საქმე №ას-1923-2018 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ი.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადავადება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „დ.“ (შემდგოში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი საზღაურის _ 16 141,80 აშშ დოლარისა და ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს _ 1 600 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, ხოლო მოთხოვნილი თანხა არ არის თავისი გადასახდელი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა ნასყიდობის დავალიანების _ 16 141,80 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 300 აშშ დოლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადავადება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც, შეუძლებელი გახდა სახელმწიფო ბაჟის დროულად გადახდა, სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, როდესაც მხარეს წარდგენილი აქვს კონკრეტული დოკუმენტები, ასევე - დასაბუთებული საჩივარი, გადავადების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგანაც ფინანსური სიძნელეების მქონე კომპანიას სოლიდარული ბაჟის დაკისრება გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. სასამართლო გაეცნო დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს მხარის სურვილს, გააგრძელოს დავა, უფრო მეტიც, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან/საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარეობს, რომ, თუკი მხარე მოითხოვს საქმის წარმოების გაგრძელებას, ამით მტკიცდება მისი დაინტერესება პროცესით. სწორედ პრაქტიკიდან გამომდინარეობს ისიც, რომ თუკი საპატიო მიზეზით არ ასრულებს მხარე რაიმე მოქმედებას, მათ შორის არ წარადგენს შესაგებელს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მის წინააღმდეგ არ გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით, კერძო საჩივარი შეიცავს მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის დებულებებზე, რომელთა ანალოგიით მხარე ცდილობს იმის დასაბუთებას, რომ სასამართლოსათვის დაუსწრებელ სამართლწარმოებასთან შედარებით უპირატესია შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით განიხილოს საქმე, გარდა ამისა, კერძო საჩივრით შედავებულია სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. მხარის განმარტებით, თუკი ის დაასაბუთებს საქმის განხილვაში მონაწილეობის სურვილსა და ხარვეზის გამოუსწორებლობის საპატიოობას, სასამართლომ ეს უნდა გაითვალისწინოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შპს „ი.“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება, შესაბამისად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელიც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას შუამდგომლობდა. შუამდგომლობაში არც მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მითითებული და არც ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები არ ერთვის საჩივარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და არც დასაბუთებული შუამდგომლობა არ წარდგენილა ამ საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე, პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აპელანტს დაავალა სახელმწიფო ბაჟის _ 657,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. ამავე განჩინებით საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრა 10 დღით და მხარეს განემარტა მისი შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები;
1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 21 მარტს ჩაბარდა უფლებამოსილ პირს _ დირექტორს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 9). სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის თანახმად, დაიწყო 2018 წლის 22 მარტს და ამავე კოდექსის 61.2 მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2 აპრილს, ამ ვადის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის.
1.3. საკასაციო სასამართლო სრულად უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას დაუსწრებელი გგადაწყვეტილების თაობაზე და განუმარტავს მას, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არსობრივად განსხვავდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტისაგან და ამ მხრივ ყოველგვარი პარალელის გავლება თუ საპროცესო ანალოგიის გამოყენება ეწინააღმდეგება საპროცესო სამართლის პრინციპებს. უდავოდაა გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის აპელანტს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგებილ ვადაში არათუ საპროცესო მოქმედების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტებით, რაიმე შუამდგომლობითაც არ მიუმართავს, შესაბამისად, პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
1.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას სახელმწიფო ბაჟის ოდენობის არასწორად განსაზღვრის თაობაზე და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 365-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა, როგორც მოთხოვნის ღირებულება, ისე _ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ამასთანავე, თუკი სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზს არ ეთანხმებოდა მხარე, ის არ ყოფილა შეზღუდული, მიემართა სასამართლოსათვის და წარედგინა საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბაჟის გადავადების საკითხს, პალატა ვერც ამ თვალსაზრისით ვერ დაეთანხმება მოვალის პოზიციას, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (სასამართლო ხელმისაწვდომობა) ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს ხელმისაწვდომობა თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან მოგვარებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ გაუარესდება და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის გარანტირებულ უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. ამგვარი მტკიცებულებები აპელანტს არც სააპელაციო სასამართლოში წარუდგენია და არც კერძო საჩივრისათვის არ დაურთავს, შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა აპელანტის შუამდგომლობის დაუსაბუთებლობის თაობაზე გასაზიარებელია.
1.5. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩვრებული განჩინება დასაბუთებულია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი