Facebook Twitter

საქმე №ას-89-89-2018 7 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი – მ. მ-ძე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ს. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ს. მ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

წარმომადგენელი _ რ. ნ-ე

მესამე პირები: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურისა და წალკის რაიონული განყოფილებები (არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენლები)

წარმომადგენელი _ მ. ზ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ს. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ, არასრულწლოვანი შვილების: ა. მ-ისა (დაბ: 02....200..წ.) და ა. მ-ის (დაბ: 20....200...წ.) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებლის განსაზღვრის (წ. რაიონი, სოფელი ბ.) მოთხოვნით.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2006 წლიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი. მეუღლეთა უთანხმოების გამო მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს და ამჟამად მოსარჩელე ცხოვრობს მშობლებთან წ. რაიონის სოფელ ბ. შვილთან _ ანი მ-ესთან ერთად, ხოლო მეორე შვილს არ აძლევს მამა, ა. განიცდის ძმასთან დაშორებას, არ საუბრობს, არ ჭამს და ითხოვს ძმის დაბრუნებას და მასთან ერთად ცხოვრებას. ა. მ-ეს ოჯახის წევრები ემუქრებიან, განიცდის ზეწოლას, რომ ბავშვმა უარი თქვას დედასთან წასვლაზე, რის გამოც გაუცხოვდა როგორც საკუთარ დასთან, ისე დედასთან ურთიერთობაში.

1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების: ა. მ-ისა (დაბ: 02....200....წ.) და ა. მ-ის (დაბ: 20....200...წ.) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მამის საცხოვრებლის მიხედვით (ხ... მუნიციპალიტეტის სოფელი თ.).

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მეუღლეთა შორის უთანხმოების გამო, შეგებებული მოსარჩელე წავიდა სახლიდან და მათ შორის ფაქტობრივი საოჯახო ურთიერთობა შეწყდა, ხოლო, მოგვიანებით, სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მხარეები განქორწინდნენ. თავდაპირველი მოსარჩელე ამის გამო გაღიზიანდა, დაარღვია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება ბავშვების საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ა. მუდმივად მამასთან იცხოვრებდა, ხოლო ა. _ დედასთან. შეგებებულ მოსარჩელეს ბავშვების აღზრდისათვის ყველა სათანადო პირობა აქვს, ასევე, შეუძლია მატერიალურად უზრუნველყოს ორივე შვილი და შეუქმნას სათანადო პირობები.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხემ არ ცნო თავდაპირველი სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე სასამართლოს აწვდის მცდარ ინფორმაციას, რადგან სახლიდან მოპასუხის წასვლის შემდეგ შვილი _ ა. მ-ე არასდროს წაუყვანია აღსაზრდელად და მამა მზრუნველობს დაბადებიდან დღემდე. 2012 წლის 25 ივნისს ჩაირიცხა თ. საჯარო სკოლის პირველ კლასში და ამჟამად ირიცხება ამავე სკოლაში. პირველი კლასიდან მეხუთე კლასამდე ბავშვს სკოლა არ გაუცდენია და არც გამოუცვლია. მოსარჩელის განმარტება, თითქოს მამა აღარ აბრუნებს ბავშვს, მოსარჩელესთან მყოფი გოგონა კი, ძმასთან დაშორების შემდეგ აღარ საუბრობს, არ ჭამს და მუქარისა და ზეწოლის შედეგად, ა. უარს აცხადებს დედასთან ურთიერთობაზე, უსაფუძვლოა.

2.2. თავდაპირველ მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, თავდაპირველი სარჩელის უარყოფა, ხოლო, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული ბავშვის თითოეულ მშობელთან დამოკიდებულების შეფასების, გაუცხოების აღმოფხვრისა და ბავშვების ოჯახთან გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის 18 ივლისს მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, საკასაციო პალატამ განკარგა ამავე კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა, რათა დაედგინა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები. ამ მიზნით ბავშვების კანონიერ წარმომადგენელს _ სააგენტოს დაევალა ფსოქოლოგიური შემოწმება, ასევე, სოც. მუშაკების მხრიდან შესაბამისი კვლევის განხორციელება. იმ ვითარებაში, როდესაც მართლაც გამოიკვეთა მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში გარკვეული გაუცხოება, „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ გათვალისწინებული არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების, ოჯახთან გაერთიანების, მშობელთა თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის (მე-3, მე-9, მე-18 მუხლები), ასევე, ევროკონვენციის მე-8 მუხლით განსაზღვრული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ყოველი ღონე იხმარა მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულებისათვის.

2019 წლის 7 თებერვლის სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს დავის მორიგებით დასრულების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმისწარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა შეადგინეს მორიგების პირობები და იშუამდგომლეს მისი შემდეგი სახით დაკმაყოფილების თაობაზე:

1.1.1. მხარეები: ერთი მხრივ, მანუჩარ მექურიძე და, მეორე მხრივ, ს. მ-ე თანხმდებიან, რომ მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე არასრულწლოვანი ა. მ-ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება მამის _ მ. მ-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო, არასრულწლოვანი ა. მ-ის საცხოვრებელი ადგილი, დედის _ ს. მ-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

1.1.2. ს. მ-ე იღებს ვალდებულებას, მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე (არასრულწლოვანთა სურვილი/ინტერესები საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თვალსაზრისით) სასკოლო არდადეგების პერიოდში, არანაკლებ არდადეგების პერიოდის ნახევრისა (პერიოდი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით) უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის _ ა. მ-ის მამის საცხოვრებელ ადგილას მიყვანა და ბავშვის დატოვება მამასთან _ მ. მ-ესთან და ძმასთან _ ა. მ-ესთან ღამის თევის უფლებით. ს. მ-ე კისრულობს ასევე ვალდებულებას, თავად უზრუნველყოს შვილის _ ა. მ-ის დარუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილას.

1.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგნეტო, როგორც არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენელი, კისრულობს ვალდებულებას, ა. მ-ისა და ს. მ-ის ურთიერთობის აღდგენის მიზნით, გამოყოს ფსიქოლოგი, რომელიც გაწევს ინტენსიურ მუშაობას ა. მ-ესა და დედას _ ს. მ-ეს შორის არსებული გაუცხოების აღმოფხვრისათვის და ხელს შეეწყობს დედა-შვილის შემდგომი ურთიერთობის გაჯანსაღებას. ის მშობელი, რომელთანაც იქნება ბავშვი, ვალდებულია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგნტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნის ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებით, ბავშვთა ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულტაციების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ფსიქოლოგი და ყოველი თვის ბოლოს გასცემს დასკვნას ა. მ-ის ფსიქოლოგიური მზაობის თაობაზე, აღადგინოს ურთიერთობა დედასთან _ ს. მ-ესთან.

1.1.4. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, შვილების ასაკობრივი თავისებურებისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ მოახდინონ უარყოფითი გავლენა შვილებზე მეორე მშობლის მიმართ. ხელს შეუწყობენ თითოეულ ბავშვს, შეიქმნან და შემდგომ შეინარჩუნონ, როგორც ერთნამეთთან, ისე _ თითოეულ მშოებლთან თბილი, თანაბარი დამოკიდებულება და საიმედო მიჯაჭვულობა.

1.1.5. იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქოლოგის დასკვნით დადგინდება ა. მ-ის ფსიქოლოგიური და ემოციური მზაობა ურთიერთობა იქონიოს დედასთან _ ს. მ-ესთან, მ. მ-ე უზრუნველყოფს სასკოლო არდადეგების პერიოდში ა. მ-ის მიყვანას დედასთან _ ს. მ-ესთან ღამის თევის უფლებით. ამ ვადის ხანგრძლივობა განისაზღვრება არასრულწლოვნის სურვილის გათვალისწინებით. ბავშვის უკან დაბრუნებაზე პასუხისმგებელია ასევე მ. მ-ე.

1.1.6. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, მეორე მხარეს სათანადოდ აცნობონ შვილების წაყვანის, უკან დაბრუნებისა თუ მათთან ღამის თევით დარჩენის თაობაზე, ამ მიზნით ისინი ერთმანეთს გაუცვლიან კომუნიკაციის საშუალებებს და უზრუნველყოფენ მშობლისა და შვილის შეუფერხებელ კომუნიკაციას.

1.1.7. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, განუხრელად შეასრულონ წინამდებარე მორიგების პირობები: არასრულწლოვან შვილებს შეუქმნან მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო, კერძოდ, არ შექმნან ხელოვნური ბარიერები შვილების ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების/აღდგენის თვალსაზრისით, ასევე, არ განახორციელონ ბავშვების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) ან მათი რომელიმე მშობლის მიმართ დამაშორებელი ქცევა.

1.1.8. წინამდებარე მორიგების აქტის აღსრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შესაბამისი ტერიტორიული ორგანო). მორიგების პირობების მხარეთა მიერ შეუსრულებლობისას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შესაბამისი ტერიტორიული ორგანო) მხარეთა მომარვის საფუძველზე იძულებით აღასრულებს სასამართლო მორიგების აქტს.

1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

1.3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიღწეული მორიგების პირობების თანახმად, არასრულწლოვანთა ოჯახთან გაერთიანება, ასევე, მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1197-ე-1198-ე მუხლებით დეკლარირებული ორივე მშობლის თანასწორუფლებიანობა, ასევე, ვალდებულება, აღზარდონ საზოგადოებისათვის ღირსეული შვილები, არასრულწლოვანთა ნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობითა და დახმარებით განხორციელდება, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სპეციალისტთა (ფსიქოლოგთა) რეკომენდაციებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს, არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მხარეთა, ასევე, მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

1.4. მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმისწარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

2. სარჩელის უზრუნველყოფისა და სასამართლო ხარჯების საკითხი:

2.1. სარჩელთან/გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა;

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად განთავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების შესახებ შეთანხმება საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე განხორციელდა, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მორიგების აქტი მ. მ-ეს, ს. მ-ესა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის შემდეგი პირობებით:

2.1. მხარეები: ერთი მხრივ, მ. მ-ე და, მეორე მხრივ, ს. მ-ე თანხმდებიან, რომ მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე არასრულწლოვანი ა. მ-ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება მამის _ მ. მ-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო, არასრულწლოვანი ა. მ-ის საცხოვრებელი ადგილი, დედის _ ს. მ-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2.2. ს. მ-ე იღებს ვალდებულებას, მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე (არასრულწლოვანთა სურვილი/ინტერესები საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თვალსაზრისით) სასკოლო არდადეგების პერიოდში, არანაკლებ არდადეგების პერიოდის ნახევრისა (პერიოდი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით) უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის _ ა. მ-ის მამის საცხოვრებელ ადგილას მიყვანა და ბავშვის დატოვება მამასთან _ მ. მ-ესთან და ძმასთან _ ა. მ-ესთან ღამის თევის უფლებით. ს. მ-ე კისრულობს ასევე ვალდებულებას, თავად უზრუნველყოს შვილის _ ა. მ-ის დარუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილას.

2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგნეტო, როგორც არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენელი, კისრულობს ვალდებულებას, ა. მ-ისა და ს. მ-ის ურთიერთობის აღდგენის მიზნით, გამოყოს ფსიქოლოგი, რომელიც გაწევს ინტენსიურ მუშაობას ა. მ-ესა და დედას _ ს. მ-ეს შორის არსებული გაუცხოების აღმოფხვრისათვის და ხელს შეეწყობს დედა-შვილის შემდგომი ურთიერთობის გაჯანსაღებას. ის მშობელი, რომელთანაც იქნება ბავშვი, ვალდებულია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგნტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნის ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებით, ბავშვთა ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულტაციების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ფსიქოლოგი და ყოველი თვის ბოლოს გასცემს დასკვნას ა. მ-ის ფსიქოლოგიური მზაობის თაობაზე, აღადგინოს ურთიერთობა დედასთან _ ს. მ-ესთან.

2.4. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, შვილების ასაკობრივი თავისებურებისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ მოახდინონ უარყოფითი გავლენა შვილებზე მეორე მშობლის მიმართ. ხელს შეუწყობენ თითოეულ ბავშვს, შეიქმნან და შემდგომ შეინარჩუნონ, როგორც ერთნამეთთან, ისე _ თითოეულ მშოებლთან თბილი, თანაბარი დამოკიდებულება და საიმედო მიჯაჭვულობა.

2.5. იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქოლოგის დასკვნით დადგინდება ა. მ-ის ფსიქოლოგიური და ემოციური მზაობა ურთიერთობა იქონიოს დედასთან _ ს. მ-ესთან, მ. მ-ე უზრუნველყოფს სასკოლო არდადეგების პერიოდში ა. მ-ის მიყვანას დედასთან _ ს. მ-ესთან ღამის თევის უფლებით. ამ ვადის ხანგრძლივობა განისაზღვრება არასრულწლოვნის სურვილის გათვალისწინებით. ბავშვის უკან დაბრუნებაზე პასუხისმგებელია ასევე მ. მ-ე.

2.6. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, მეორე მხარეს სათანადოდ აცნობონ შვილების წაყვანის, უკან დაბრუნებისა თუ მათთან ღამის თევით დარჩენის თაობაზე, ამ მიზნით ისინი ერთმანეთს გაუცვლიან კომუნიკაციის საშუალებებს და უზრუნველყოფენ მშობლისა და შვილის შეუფერხებელ კომუნიკაციას.

2.7. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, განუხრელად შეასრულონ წინამდებარე მორიგების პირობები: არასრულწლოვან შვილებს შეუქმნან მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო, კერძოდ, არ შექმნან ხელოვნური ბარიერები შვილების ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების/აღდგენის თვალსაზრისით, ასევე, არ განახორციელონ ბავშვების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) ან მათი რომელიმე მშობლის მიმართ დამაშორებელი ქცევა.

2.8. წინამდებარე მორიგების აქტის აღსრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შესაბამისი ტერიტორიული ორგანო). მორიგების პირობების მხარეთა მიერ შეუსრულებლობისას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შესაბამისი ტერიტორიული ორგანო) მხარეთა მომარვის საფუძველზე იძულებით აღასრულებს სასამართლო მორიგების აქტს.

3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე _ მ. მ-ის სარჩელის გამო, ს. მ-ის მიმართ, ასევე, ს. მ-ის შეგებებული სარჩელის გამო, მ. მ-ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.

4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის დორებითი განკარგულება.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

6. კასატორ მ. მ-ეს (პ/#610...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ. კ-ის მიერ 09.....20...წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე