Facebook Twitter

საქმე №ას-1725-2018 4 აპრილი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები :ზურაბ ძლიერიშვილი

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.ბ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ''კ.ბ.'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „კ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან კომპანია) სარჩელი ა.ბ–ის (შემდეგში:კერძო საჩივრის ავტორი), გ.ს–ის, ბ.ბ–ისა და მ.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, მიღება მოითხოვეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, აპელანტების სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 387-ე, 229-ე, 276-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის 11:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე აპელანტები არ გამოცხადდნენ, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.

5. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-ე, 73-ე, 74-ე მუხლების მოხმობით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტებს, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2018 წლის 19 სექტემბერს ეცნობათ 2018 წლის 3 ოქტომბერს დანიშნული სხდომის თაობაზე, სასამართლო უწყების მეშვეობით.

6. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215.3-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ აპელანტების სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო, რადგან მათ სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობათ და უცნობი იყო სასამართლოსთვის აპელანტების გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე. ამასთან, არც დანიშნული სხდომის გადადების მოთხოვნით მიუმართავთ.

7. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

8. აპელანტმა კერძო საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინებაზე, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გულის იშემიური დაავადება აქვს, ხშირად იმყოფება წოლით მდგომარეობაში, რის გამოც ვერ შეძლო სამედიცინო დაწესებულებაში დაწესებულებაში მისვლა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება. ამასთან, ვერ შეძლო სასამართლოს შესაბამის მოხელესთან დაკავშირება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აპელანტების სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 4-6 პუნქტები; იხ. უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები ტ.2,ს.ფ.55-62).

14. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 241-ე მუხლზე და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით ,,დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (241 მუხლი)“; ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობასა და განცხადების წარდგენას“... (215.3 მუხლი), განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით კანონმდებელი განსაზღვრავს გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება.

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივარში მითითებული განმარტების პასუხად განმარტავს, რომ 2018 წლის 3 ოქტომბრის სასამართლო სხდომის შესახებ ოთხივე აპელანტს გაეგზავნა უწყება და სათანადო წესით ჩაჰბარდა, თუმცა სასამართლოსათვის არანაირი შუამდგომლობით არ მიუმართავთ. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ბ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე