Facebook Twitter

საქმე №ას-217-2019 24 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ,,მ. - ი-ია’’ (მეორე მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,P.’’ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

თავდაპირველი თანამოპასუხე - შპს ,,ა–ი“ (პირველი მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. შპს ,,P.’’-მა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს ,,ა–ის’’ (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და შპს ,,მ. - ი-იის’’ (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა, პირველი მოპასუხისთვის 1444,85 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხისათვის - 13190,68 ლარის გადახდის დაკისრება.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მეორე მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 185 408,92 ლარს, საიდანაც მის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 115 000 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 70 408,92 ლარს. იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელემ მეორე მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან (698 021,71 ლარი) გადაიხადა მხოლოდ 640803,46 ლარი და გადასახდელი დარჩა 57 218,25 ლარი, მეორე მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა შეადგენს 13 190,68 ლარს.

3. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მეორე მოპასუხემ სარჩელი იურიდიულად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნია (იხ., შესაგებელი- ტ.1. ს.ფ. 141-150).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. პირველ მოპასუხეს დაეკისრა 1444,85 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხეს - 13190,68 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. პირველი ინსტანციის სასამართლო საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საგადახდო დავალებების ერთობლიობაში შეფასებით მივიდა დასკვნამდე, რომ მეორე მოპასუხეს და მოსარჩელეს შორის არსებობდა გარიგება (ნარდობის ხელშეკრულება). მეორე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა 13190.68 ლარის ოდენობით შეუსრულებელი ვალდებულება.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნას საცხოვრებელი სახლის აშენებისთვის შეთანხმებული საზღაურის ნაწილის სახით მეორე მოპასუხისთვის 13190,68 ლარის დაკისრება წარმოადგენდა. თანხის დაკისრების საფუძვლად მოსარჩელე, როგორც მოპასუხესთან ხელშეკრულების დადებას, ასევე, ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებასა და მეორე მოპასუხის მხრიდან საპასუხო ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაზე მიუთითებდა.

10. მეორე მოპასუხე/აპელანტი სადავოდ არ ხდიდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს, ეს უკანასკნელი სადავოდ ხდიდა ამ გარიგებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ 13190,68 ლარის დავალიანების არსებობას.

11. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქ. თბილისში, მ–----ის ქუჩა N5-ში საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით მხარეთა შორის ნარდობის შესახებ გარიგება დაიდო.

12. საქმეში წარმოდგენილი იყო 13.08.2013 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც, რომლის მიხედვით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ღირებულებით -185408.92 ლარი.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. ამავე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტად არ მიიჩნევა. ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მისთვის საცხოვრებელი სახლი უნდა აეშენებინა, მოპასუხე არც იმ გარემოებას უარყოფდა, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ელექტრონულად, მის მიერ იყო დადასტურებული.

15. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე/აპელანტი მხარე სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელესთან საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული იყო გარიგება საცხოვრებელი სახლის 185 408.92 ლარად აშენების შესახებ. მართალია, მეორე მოპასუხე/აპელანტი ადასტურებდა მოსარჩელესთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მისი ვალდებულების შესრულების ფაქტს. თუმცა, სადავოდ ხდიდა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობას და ამ მიმართებით, მხარეების მიერ ვალდებულების შესრულების შედეგად სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტზე უთითებდა.

16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი, და სხვა.

17. განსახილველ შემთხვევში საქმეში წარმოდგენილი 28.09.2012წ., 26.10.2012წ., 27.11.2012წ.და 05.02.2013წ., საგადახდო დავალებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გადახდილი აქვს 115 000 ლარი (ტ.1.ს.ფ. 18-21).

18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით შეწყვეტის დადასტურების მიზნით მეორე მოპასუხემ/აპელანტმა 09.12.2013 წლის შედარების აქტზე მიუთითა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 09.12.2013 წლის შედარების აქტი ვერ ჩაითვლება იმ შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც მოცემულ საქმეზე სადავო გარემოების - საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ გარიგებიდან გამომდინარე მისი ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს დაადასტურებდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია შედარების აქტში მითითებულია სამშენებლო მასალების გადახარჯვის საფუძველზე მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხის მიმართ 69 198,60 ლარის ვალდებულების აღიარების და ამ უკანაკნელის მიმართ მოსარჩელის 70408,92 ლარის მოთხოვნის სანაცვლოდ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, თუმცა, მხედველობაში მიიღო, რომ დასახელებული დოკუმენტით არ დასტურდებოდა, რომ მოთხოვნის უფლება, რომელიც გაქვითული იქნა მოსარჩელის მიერ აღიარებულ ვალდებულებასთან, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეკრულებიდან გამოდინარე თანხის მოთხოვნის უფლებას წარმოადგენდა.

19. განსახილველ შემთხვევაში, მეორე მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც გარიგების ფასის 185 408.92 ლარის სრულად გადახდის ფაქტს დაადასტურებდა, აღნიშნული გარემოება კი, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი წინაპირობაა.

20. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (ტ.1.ს.ფ. 22-43) და საგადახდო დავალებებით (ტ.1.ს.ფ. 44-62) დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს მეორე მოპასუხისათვის სხვადასხვა დროს მიწოდებული 698 021,71 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის სანაცვლოდ გადახდილი აქვს 640 803,46 ლარი.

21. მოსარჩელე მეორე მოპასუხის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების და ამ უკანასკნელის მიმართ არსებული მოთხოვნის სხვაობის სახით (1. 698 021,71-640 803,46 =57218,25; 2. 185408,92-115000=70408,92; 3. 70408,92-57218,25=13190,67) ამ უკანასკნელისთვის 13 190,67 ლარის დაკისრებას მოითხოვდა.

22. 26.02.2018 წლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა დაევალა. მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელზე დართულ მტკიცებულებებთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან და საგადახდო დავალებებთან ერთად ამ დოკუმენტების საფუძველზე წარმოშობილი და შესრულებული ვალდებულებების გაშიფრული ვერსია წარადგინა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მთავარ სხდომაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ დოკუმენტს ემყარებოდა, რამეთუ, დასახელებულ დოკუმენტით შეჯამებული მონაცემები მხარეთა ვალდებულებების და ერთმანეთის მიმართ მოთხოვნის ოდენობის შესახებ საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებებით (საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები, საგადახდო დავალებები) ისედაც ირკვეოდა.

23. სააპელაციო სასამართლომ უარყო მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი) და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მეორე მოპასუხის წარმომადგენელი საქმის მომზადების სტადიაზე მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა, თუმცა, აღნიშნულის საპირისპიროდ საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი საქმის წინასწარი მომზადების სტადიაზე სადავო არ გაუხდია (იხ. შესაგებელი, 18.10.2017წ. განცხადება). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სადავოდ არ გაუხდია სარჩელის ხანდაზმულობა, რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე ემსჯელა.

25. განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა (მეორე მოპასუხე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

26. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევით გაიმეორა ის შეცდომები, რომლითაც საქალაქო სასამართლომ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.

27. კასატორი განმარტავს, რომ მან შესაგებელი წარადგინა დადგენილ ვადაში, სადაც კონკრეტულად მიუთითა სარჩელის სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნათა უხეშ დარღვევებზე. კერძოდ, აღნიშნა, რომ არ იყო დაკონკრეტებული დავის საგანი, არ იყო წარმოდგენილი რა სამუშაოების შესრულების გამო წარმოიშვა დავალიანება, არ ყოფილა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და ფარული სამუშაოების შესრულების აქტები, რასაც მოითხოვდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 თავის 6.4 პუნქტი.

28. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე სამჯერ მიმართა სასამართლოს და სამჯერვე უარი მიიღო მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო. გარდა ამისა, სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა მოსარჩელის მიერ.

29. კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა არ მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ე.წ. მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი ანგარიშფაქტურები, ყველა ხანდაზმულია. სასამართლომ ხანდაზმული დოკუმენტების გათვალისწინებით და დაინტერესებული პირის გაანგარიშების საფუძველზე გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, რადგან ისინი მიიჩნია უტყუარ მტკიცებულებად.

30. კასატორის განმარტებით, 22.03.18წ. მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა შედარების აქტი (ფინანსური განაშთვა). მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე დოკუმენტის საქმეზე დართვის წინააღმდეგი იყო, სასამართლომ იგი მაინც მიიღო რადგან საქმისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნია. წარდგენილი დოკუმენტი წარმოადგენდა მხარეთა შეთანხმებას ფინანსური განაშთვის და მომავალში, რაიმე პრეტენზიას ფინანსური დავალიანების თაობაზე გამორიცხავდა. შედარების აქტი შედგენილ იქნა 09.12.13წ. დადასტურებულ იქნა მხარეთა ხელმოწერით. ამ პერიოდიდან არც წერილობით და არც სიტყვიერად ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება რაიმე პირობით არ შეუზღუდავთ.

31. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ უხეშ დარღვევებს, რის გამოც, არა თუ არ უნდა განეხილა, არამედ წარმოებაშიც არ უნდა მიეღო სარჩელი.

32. კასატორის განმარტებით, სასამართლოს დავალებით მოსარჩელემ წარმოადგინა იმ დოკუმენტთა პირადი საბუღალტრო გაანგარიშება, რომლებიც ადრე იქნა წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების სახით. მიუხედავად იმისა, რომ გაანგარიშება არც აუდიტის ან ექსპერტის დასკვნას არ წარმოადგენდა და იგი დაინტერესებული პირის მიერ იყო შედგენილი იგი მაინც იქნა მიღებული სასამართლოს მიერ.

33. ხსენებული გაანგარიშება მოპასუხის მოთხოვნით კასატორს ჩაბარდა 19 მარტს, რასაც უპასუხა განცხადებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი ე.წ. გაშიფრული ვერსია არ ასახავდა მოთხოვნის კონკრეტულ სურათს, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტები საფუძვლიანიც რომ ყოფილიყო, ისინი ხანდაზმულს წარმოადგენდნენ. ამრიგად, მოპასუხის განცხადება თავისი შინაარსით დროული იყო და ისინი სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

35. საკასაციო საჩივრით სადავოა კასატორისათვის (მეორე მოპასუხე) მხარეთა შორის სადავოა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი თანხის - 13 190,68 ლარის დაკისრების მართლზომიერება (იხ., ამ განჩინების პ-1). მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მოსარჩელემ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოითხოვა მეორე მოპასუხისათვის თანხის დაკისრება. მართალია, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, თუმცა, მან კვალიფიციური შედავება ვერ განახორციელა (იხ., ტ.1. ს.ფ. 141-150. შესაგებელი წარდგენილია 2017 წლის 14 ივლისს).

36. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა.

37. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს შესაგებელი წარმოდგენილი აქვთ, თუმცა, საგულისხმოა წარმოდგენილი შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, რამეთუ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს. (პ.201. სუსგ №ას-664-635-2016 2 მარტი, 2017 წელი).

38. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი აღნიშნავს, რომ მან შესაგებელი წარადგინა დადგენილ ვადაში, სადაც კონკრეტულად მიუთითა სარჩელის სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნათა უხეშ დარღვევებზე. კერძოდ, აღნიშნა, რომ არ იყო დაკონკრეტებული დავის საგანი, არ იყო წარმოდგენილი რა სამუშაოების შესრულების გამო წარმოიშვა დავალიანება, არ ყოფილა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და ფარული სამუშაოების შესრულების აქტები, რასაც მოითხოვდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 თავის 6.4 პუნქტი. თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ამ განჩინების პ-37-შია აღნიშნული, სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელ გარემოებებზე, მეორე მოპასუხეს შესაგებელში არ მიუთითებია - იხ., ტ.1. ს.ფ. 141-150. მეორე მოპასუხემ (კასატორი) შესაგებლის წარდგენიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ წარდგენილ განცხადებში აღნიშნა აღნიშნულის თაობაზე (იხ., ტ.1. ს.ფ. 161).

39. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მეორე მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მეორე მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია და იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით:

40. მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე (ნარდობა) და მოსარჩელის მხრიდან შესრულდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ღირებულებით 185 408,92 ლარი.

41. მეორე მოპასუხეს მოსარჩელისათვის სხვადასხვა დროს მიწოდებული აქვს 698 021,71 ლარის ღირებულების ინერტული მასალები, რაზედაც შედგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 22-43).

42. მეორე მოპასუხის მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 115 000 ლარს, კერძოდ, 2013 წლის 05 თებერვალს 30000 ლარი, 2012 წლის 27 ნოემბერს 40 000 ლარი, 2012 წლის 26 ოქტომბერს - 30 000 ლარი და 2012 წლის 28 სექტემბერს 15 000 ლარი (ს.ფ. 18-21);

43. მოსარჩელეს მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან გადახდილი აქვს მხოლოდ 640 803,46 ლარი (ს.ფ. 44-62).

44. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მეორე მოპასუხეს ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება ნაწილობრივ აქვს შესრულებული და მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 70 408,92 ლარს (185 408,92-115 000). რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას, მის მიერაც ნაწილობრივ იქნა შესრულებული თანხის გადახდის ვალდებულება და შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 57 218,25 ლარს. სწორედ აღნიშნული თანხების სხვაობა შეადგენს მოსარჩელის მოთხოვნას.

45. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს სრულად არ გადაუხადა მისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება და მოპასუხისათვის 13190,68 ლარის დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

46. რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ შედავებას, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი სადავოდ გახადა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარე შეზღუდული იყო ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების კუთხით. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა [სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას [შდრ: ახალ გარემოებებზე დაგვიანებით მითითების საპროცესო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ., №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; №ას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი].

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,მ. - ი-იის’’ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორს შპს ,,მ. - ი-იას’’ (ს/კ: 2...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 26 თებერვალს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (659.59 ლარი) 461.73 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე