საქმე №ას-333-2019 17 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ „ქ. თბილისი მთავარი ბიბლიოთეკა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჭ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ჭ–ძის სარჩელი სსიპ ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბერს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მიმართა მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორმა, მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წლის 20 დეკემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - მ.ც–ძეს (ტ.1,ს.ფ. 111-113). დასახელებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 21 დეკემბერს და ამოიწურა 2019 წლის 3 იანვარს, აღნიშნული დღე არ იყო არც დასვენების და არც უქმე დღე.
5. საქმეში არსებული სააპელაციო საჩივრის თავფურცელზე აღნიშნული ბეჭდიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 10 იანვარს. ამასთან, საფოსტო გზავნილის კონვერტით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობითაა გაგზავნილი, სადაც ის წარდგენილია 2019 წლის 9 იანვარს.
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის წარმომადგენელს - გ.მ–ის სააპელაციო საჩივრის შევსების თარიღად მითითებული აქვს 2019 წლის 3 იანვარი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივარი გაგზავნილი იყო ფოსტის მეშვეობით 2019 წლის 9 იანვარს და არა - 3 იანვარს (ტ.1,ს.ფ.126).
7. მოპასუხემ კერძო საჩივარი წარადგინა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის განჩინებაზე, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის სტადიიდან განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი, მისი შეტანის უკანასკნელ (მე-14) დღეს - 2019 წლის 3 იანვარს, 12:00 საათზე ჩაბარდა ფოსტას, რაც დასტურდება შპს „ს.ფ–ის“ 2019 წლის 8 თებერვლის №3112 წერილით (ტ.1,ს.ფ. 142-147).
9. შპს „ს.ფ–თან“ დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2019 წლის 31 იანვრამდე, შესაბამისად საფოსტო კომპანიის უარი გზავნილის დროულად ადრესატამდე მიტანაზე უსაფუძვლოა. ამასთან, აღნიშნულ კომპანიას არ გამოუთქვამს პრეტენზია გზავნილის მიღებაზე, ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ დაებრუნებინა საჩივარი ავტორისათვის, რაც კერძო საჩივრის ავტორს მისცემდა შესაძლებლობას, სხვა მოქმედი საფოსტო მომსახურებით ესარგებლა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი 14 - დღიანი ვადის გასვლამდე, აღნიშნული ვადის უკანასკნელ დღეს - 2019 წლის 3 იანვარს, 12:00 საათზე ჩააბარა ფოსტას, ხოლო საფოსტო კომპანიამ დასახელებული გზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა იმავე წლის 10 იანვარს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არამართებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივრის სასამართლოში უშუალოდ წარდგენა - 2019 წლის 10 იანვარი, ვადის დარღვევად (იხ. კერძო საჩივარი- ტ.1, ს.ფ.138-139).
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა შეამოწმოს სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის „თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“ გამოყენების დასაბუთებულობა
14. საქმის მასალების მიხედვით, კერძო საჩივარს ერთვის შპს „ს.ფ–ის“ მიერ კერძო საჩივრის ავტორისათვის გაგზავნილი წერილი (ტ.1,ს.ფ. 142), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ გზავნილი საფოსტო კომპანიას სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის უკანასკნელ დღეს - 2019 წლის 3 იანვარს ჩაჰბარდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ უნდა შეამოწმოს მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების საკითხი საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, რასაც უკავშირდება დადგენილი საპროცესო ვადის შემოწმების საკითხი. ამასთან აღსანიშნავია, რომ აპელანტისაგან სასამართლოსათვის გასაგზავნი გზავნილის ფოსტის მიერ მიღება, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში, იმას ადასტურებს, რომ მხარემ შეასრულა საკუთარი საპროცესო ვალდებულება სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე „საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება“. ფოსტის წერილში მითითებული საფუძველი (იხ. წინამდებარე განჩინების 8-9 პუნქტები), რის გამოც დაყოვნდა მხარისაგან მიღებული დოკუმენტის სასამართლოსათვის მიწოდება, არ შეიძლება იმ მხარის ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული, რომელსაც სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება გააჩნია, მათ შორის, კანონით დადგენილ ვადაში, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გზავნილის საფოსტო განყოფილებისათვის ჩაბარების სახით, რაც მხარის მიერ საპროცესო მოქმედების განხორციელებად მიიჩნევა და დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი საფუძვლიანია, შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის გასაჩივრებული განჩინება საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ „ქ. თბილისი მთავარი ბიბლიოთეკის“ კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სსიპ „ქ. თბილისი მთავარი ბიბლიოთეკის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე