საქმე №ას-1170-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ლ.ბ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ლ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დისკრიმინაციული ქმედების აკრძალვა, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ლ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, შშმ პირი), დაბადებული 1969 წლის 24 აპრილს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ყრუ-მუნჯი (ტ.1,ს.ფ.20).
2. სს „ლ.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, ბანკი ან კასატორი) მხრიდან პირის მიმართ 2016 წლის 21 მარტს განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით კერძოდ:
2.1. შშმ პირმა, 2016 წლის 21 მარტს. სს „ლ.ბ–ის“ საბურთლოს #8 სერვისცენტრს მიმართა და მიმდინარე თვის პენსიის მიღება მოითხოვა. მისი მოთხოვნა შესრულდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მესამე პირმა - მ.ლ–ძემ (მოსარჩელის შვილმა) ხელმოწერით დაადასტურა მოსარჩელის ნება პენსიის მიღებაზე, ხოლო მომდევნო თვის პენსიის წინასწარ მიღებაზე მოპასუხემ შშმ პირს მოსთხოვა ნოტარიულად დამოწმებული მესამე პირზე გაცემული მინდობილობა, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა, მოსარჩელის სახელით შეევსო განაცხადი (ტ.1,ს.ფ.44-45).
2.2. საბოლოოდ, მოსარჩელემ შესაბამისი მომსახურება მიიღო მესამე პირის - მოსარჩელის შვილის მიერ სპეციალური ფორმის („თანხმობა საბანკო მომსახურების მიღებაზე“) შევსების შედეგად, რომლითაც, მესამე პირმა დაადასტურა, რომ თანახმა იყო „სამზრუნველო პირს“ (დასახელებული ცნება გათვალისწინებული იყო თავად თანხმობის ფორმაში) მიეღო პენსია.
2.3. მოსარჩელემ, 2016 წლის 25 მარტს, საპრეტენზიო განაცხადით მიმართა მოპასუხეს, სადაც განმარტა ის გარემოებანი, რასაც ადგილი ჰქონდა 21 მარტს და მიუთითა, რომ ის არ არის ქმედუუნარო, მას ჩვეულებრივად შეუძლია კომუნიკაცია წერილობითი ფორმით და მასსა და ბანკს შორის ურთიერთობებში მესამე პირის ჩართვა იყო არამართებული.
2.4. ბანკმა, 2016 წლის 11 აპრილს, წერილობით უპასუხა მოსარჩელეს, რომ ბანკში მოქმედებს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურების წესი“, რომლის თანახმად, შშმ პირისათვის ნებისმიერი მომსახურების მიწოდების (გარდა სესხის გაცემისა) აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი მოწმის დასწრება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შშმ პირისათვის ბანკის მიერ განსაზღვრული დოკუმენტების შინაარსის გაცნობა და მის (შშმ პირის) ნაცვლად ხელმოწერა. ხოლო სესხის მიღების შემთხვევაში კი, შშმ პირი უნდა გამოცხადებულიყო მესამე პირთან ერთად, რომელზეც გაცემული ექნებოდა ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება სესხის მიღების დავალებით (ტ. 1. ს.ფ. 32.).
2.5. მოსარჩელის განმარტებით, იგი ბანკის მომსახურებით სარგებლობს 2005 წლიდან და ამ შემთხვევამდე საბანკო მომსახურების გაწევისას მას შეფერხება არ შექმნია. მან იცის წერა-კითხვა და კომუნიკაცია შეუძლია წერილობითი ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, ბანკმა შშმ პირს არ მისცა შესაძლებლობა, რომ წერილობით გამოეხატა თავისი ნება და პირდაპირ უთხრა უარი მომსახურების გაწევაზე, ხოლო საბანკო სერვისების მიღებისათვის დაუწესა ისეთი მოთხოვნები, რომლებიც არ წარედგინებათ იმ პირებს, ვისაც სმენის და მეტყველების პრობლემა არ გააჩნიათ. აღნიშნული ქმედებით ბანკმა დაარღვია მოსარჩელის პირადი ინფორმაციის (საბანკო ოპერაციების) კონფიდენციალურობის დაცვის უფლება მესამე პირის სავალდებულო ჩარევისაგან და იგი არის დისკრიმინაციული.
3. სარჩელის საფუძვლები
3.1. შშმ პირმა, 2016 წლის 16 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა:
3.1.1. დადგენილიყო, ბანკის მიერ 2016 წლის 21 მარტს მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მომსახურების ფაქტი;
3.1.2. მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ბანკს დაკისრებოდა 5 000 ლარის ანაზღაურება;
3.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებსა და 2.1-2.5 ქვეპუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა.
4. მოპასუხის პოზიცია
4.1. მოპასუხე წერილობით წარდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და განმარტა, რომ სადავო წესი ბანკში ყოველთვის მოქმედებდა კანონის საფუძველზე და არა ბანკის შეხედულებისამებრ.
4.2. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელსაც დამოუკიდებლად წერა-კითხვა არ შეუძლია, პრეტენზიაც მესამე პირის დახმარებით დაწერა, რაც მოწმობს, რომ გამოვლენილია იმგვარი ვითარება, როდესაც პირს სჭირდება გარიგებაზე ნების გამოსავლენად დახმარების მიღება, ხოლო ბანკის მხრიდან არანაირ დისკრიმინაციას, ან ხელოვნურად ბარიერების შექმნას ადგილი არ ჰქონია.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
5.1.1. ბანკის მხრიდან მოსარჩელის მიმართ დადასტურდა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით;
5.1.2. ბანკს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით;
5.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით (მე-14 მუხლთან ერთობლიობაში), „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი; შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია;
6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბანკმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა წერა-კითხვის უცოდინარს და რომ აღნიშნულს ადასტურებს 25 მარტის საპრეტენზიო განაცხადი.
6.3. დადგენილია, რომ ბანკის თანამშრომლის შეთავაზებაზე თავად დაეწერა საპრეტენზიო განაცხადი, მოსარჩელემ უარი განაცხადა. საპრეტენზიო განცხადება მისმა შვილმა დაწერა. ამდენად, მოსარჩელემ კონკრეტულ სიტუაციაში წერილობითი ფორმითაც ვერ შეძლო ნების გამოვლენა. სწორედ, აღნიშნული გარემოება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბანკს გამოეყენებინა ისეთი ალტერნატიული საშუალება, როგორიც არის მესამე პირის ჩართვა გარიგებაში, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მისცემოდა ნების ნათლად გამოვლენის შესაძლებლობა.
6.4. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ იგივე მომსახურება ბანკის სხვა ფილიალში უპრობლემოდ მიიღო. სინამდვილეში, სხვა ფილიალში მომსახურების გაწევა წარმოადგენდა ბანკის კეთილ ნებას. ბანკმა დაინახა, რომ მოსარჩელე ცდილობდა გარკვეული მომსახურების მიღებას და ამისათვის ყველა საშუალებას იყენებდა, დაუშვა გამონაკლისი და კლიენტს მოემსახურა იმ მომენტში ბანკში მოქმედი პროცედურის გვერდის ავლით. ეს გამონაკლისი შემთხვევა არ გულისხმობს იმას, რომ პირველ შეთხვევაში მომსახურების გაწევაზე გაცხადებული უარი დისკრიმინაციული იყო. ბოლო შემთხვევა კი, თავის მხრივ, დარღვევას წარმოადგენდა და არ უნდა შეფასებულიყო ბანკში არსებული პროცედურების დაცვით განხორციელებულ ქმედებად.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
7.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია, საშუალება მისცეს ინდივიდებს, რომ თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აკრძალულია როგორც პირდაპირი, ასევე - არაპირდაპირი დისკრიმინაცია.
7.4. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაცია გამოკვეთილია, , როდესაც გარკვეული კატეგორიის პირების ან ჯგუფის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული დასაბუთება, რადგან ის არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს ან/და გამოყენებული საშუალებები არ არის მისაღწევი მიზნის თანაზომიერი.
7.5. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციისდა ევროკავშირის სამართლის თანახმად, დისკრიმინაცია გულისხმობს არა მარტო ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირებისადმი განსხვავებულ მოპყრობას, არამედ ერთნაირ მოპყრობას განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. ეს უკანასკნელი მიიჩნევა არაპირდაპირ დისკრიმინაციად, რადგან თავად ქმედება არ არის დისკრიმინაციული, მაგრამ მისი შედეგი უტოლდება დისკრიმინაციას. არაპირდაპირი დისკრიმინაციისთვის დამახასიათებელია შემდეგი გამოხატვის ფორმები (Handbook of Europian Non-Discrimination Law, Luxembourg, 2011, 22) : ა) როდესაც ესა თუ ის დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა უქმნის განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებს გარკვეულ პირებს ისე, რომ მათი დისკრიმინაციული ხასიათი გამოკვეთილი არ არის და თუ ეს დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად და გონივრულად არ არის დასაბუთებული; ბ) როდესაც გამოიყენება ზოგადი ღონისძიება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს გარკვეული კატეგორიის ჯგუფის წევრთა არაპროპორციულად დიდ რაოდენობაზე; გ) როდესაც ობიექტური და გონივრული დასაბუთების გარეშე კონკრეტული პირისა თუ ჯგუფის მიმართ არ იქნა გატარებული სპეციალური ღონისძიებები, ზოგადი წესიდან გამონაკლისის სახით.
7.6. სსსკ-ის 3633-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც, მოპასუხეს იმის მტკიცების ტვირთი ეკისრება, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. იგივე წესს ადგენს არასასამართლო წარმოების დროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პირმა უნდა წარმოადგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ამდენად, კანონი ადგენს, რომ სასამართლოს დისკრიმინაციის ფაქტები მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა prima facie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას.
7.7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია მოსარჩელის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, რასაც არც მოპასუხე მხარე ხდის სადავოდ. ასეთ ვითარებაში კი განსხვავებული მოპყრობის მართებულობისა და გონივრულობის დასაბუთების მტკიცების ტვირთი ამ მოპყრობის განმახორციელებელ მხარეს აწევს (იხ. საქმეები: იგივე IVANOVA V.BULGARIA; KIYTUN V. RUSSIA; D.H. AND OTHERS V. CHECZ REPUBLIC და სხვა).
7.8. სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის პრეტენზიის (იხ. წინამდებარე განჩინების 6.3 ქვეპუნქტი) პასუხად განმარტა, რომ ბანკის მიერ მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 21 მარტს განხორციელებულ განსხვავებულ მოპყრობას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული დასაბუთება, გამოყენებული საშუალება (მესამე პირის ჩართვა) არ იყო მისაღწევი მიზნის თანაზომიერი, რის გამოც აღნიშნული მოპყრობა თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას (პირდაპირ დისკრიმინაციას), შეზღუდული შესაძლებლობის დაცული ნიშნით.
7.9. საქმეში არსებული 2016 წლის 11 აპრილის წერილის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან საბანკო ურთიერთობებში მესამე პირის ჩართვის მოთხოვნა დაუყენეს ბანკში მოქმედი - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურების წესის“ საფძველზე, რომლის თანახმადაც, შშმ პირისათვის ნებისმიერი მომსახურების მიწოდების (გარდა სესხის გაცემისა) აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი მოწმის დასწრება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შშმ პირისათვის ბანკის მიერ განსაზღვრული დოკუმენტების შინაარსის გაცნობა და მის (შშმ პირის) ნაცვლად ხელმოწერა. ხოლო სესხის მიღების შემთხვევაში კი, შშმ პირი უნდა გამოცხადდეს მესამე პირთან ერთად, რომელზეც გაცემული იქნება ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, სესხის მიღების დავალებით.
7.10. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურების წესში“ არსებულ განმარტებებზე, რომლის თანახმად, ამ ნორმატიული აქტის მიზნებისთვის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ გულისხმობს უსინათლო, წერა-კითხვის უცოდინარ ან/და სხვა ისეთი ფიზიკური ნაკლის მქონე პირს, რომელსაც არ შეუძლია გარიგების შინაარსის გაცნობა და დოკუმენტზე ხელმოწერა.
7.11. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ქ.თბილისის #203 საჯარო სკოლის 2016 წლის 20 ივნისს გაცემული ცნობის საფუძველზე დგინდება, რომ მოსარჩელე 1976-1984 სასწავლო წლებში სწავლობდა სსიპ ქ.თბილისის 203 საჯარო სკოლაში (ყოფილი ყრუ და სმენა დაქვეითებულთა სკოლა-ინტერნატი).
7.12. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე ბანკისაგან ანალოგიურ მომსახურებას იღებდა 2005 წლიდან ისე, რომ მესამე პირის დახმარებას არ საჭიროებდა; ასევე, სადავოდ არ არის გამხდარი გარემოება, რომ მოსარჩელემ იმავე დღეს, ბანკის სხვა ფილიალში დამოუკიდებლად და უპრობლემოდ მიიღო ერთი თვის პენსია.
7.13. საქმეში არსებული 2016 წლის 25 მარტის საპრეტენზიო განაცხადის თანახმად, რომელიც თავად მოსარჩელის მიერ არის შედგენილი, მოსარჩელე არ არის ქმედუუნარო, ის მხოლოდ მოკლებულია სმენის და ვერბალური კომუნიკაციის შესაძლებლობას, თუმცა ჩვეულებრივად შეუძლია დოკუმენტის წაკითხვა და კომუნიკაცია წერილობითი ფორმით.
7.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს ისეთი ფიზიკური ნაკლის მქონე პირს, რომელსაც არ შეუძლია გარიგების შინაარსის გაცნობა და დოკუმენტზე ხელმოწერა.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბანკმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8.2. კასატორის პრეტენზიები მისივე სააპელაციო საჩივრის გარემოებების იდენტურია.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ბანკის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბანკის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დადგენილ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 7.3-7.14 ქვეპუნქტები) და დამატებით წინამდებარე განჩინების 7.9, 7.11-7.13 ქვეპუნქტებზე მითითებით განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა წერა-კითხვის უცოდინარ პირს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან ნათლად ირკვევა, რომ მოსარჩელე მოკლებულია მხოლოდ სმენისა და ვერბალური კომუნიკაციის შესაძლებლობას, თუმცა, მას შეუძლია დოკუმენტის წაკითხვა და კომუნიკაცია წერილობითი ფორმით. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით პირისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების, შესატყვისი მტკიცებულებებით, საკმარისობისა (მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იხ. წინამდებარე განჩინების 5.2 ქვეპუნქტში) და მათ გასაქარწყლებლად მოპასუხის (ბანკის) კუთვნილ მტკიცების ტვირთზე, რაც ამ უკანასკნელმა წარმატებით ვერ დაძლია, რის გამოც შშმ პირის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის უარყოფის დასაბუთებული საფუძველი არ არსებობს.
16. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ სანოტარო აქტზე, რომლითაც მოსარჩელემ რწმუნებულება გადასცა მესამე პირს. აღსანიშნავია, რომ დასახელებული აქტის შედგენისას ნოტარიუსმა შეამოწმა მარწმუნებლის ქმედუნარიანობა და დაადასტურა, რომ მის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ლ.ბ–ს“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N5145277406, გადახდის თარიღი 2018 წლის 17 ივლისი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე