Facebook Twitter

საქმე №ას-1512-1432-2017 18 მაისი, 2018 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი– შპს „ნ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ჯ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უკანონოდ აღიარება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „თ.ჯ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, ბენეფიციარი, შემსყიდველი) მიერ 2013 წლის 21 ნოემბერს ჩატარებულ ელექტრონულ ტენდერში (SPA1..) გამარჯვებულ შპს „ნ–ესა“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, გამარჯვებული კომპანია ან საწარმო, მიმწოდებელი, პრინციპალი, კასატორი) და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #4256-30-382 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის მიხედვით, გამარჯვებულმა საწარმომ აიღო ვალდებულება მოპასუხისთვის მიეწოდებინა 7 000 ტონა ტექნიკური მარილი, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 798 000 ლარით (ერთი ტონა ტექნიკური მარილის ღირებულება განისაზღვრა 114 ლარით; იხ. ტ.1,ს.ფ.16-21).

2. ხელშეკრულების #4 დანართის მიხედვით, მიმწოდებელს ვალდებულება პერიოდულად უნდა შეესრულებინა 2014 წლის 1 თებერვლის ჩათვლით (ტ.1,ს.ფ. 22).

3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად შპს „ს.კ.ა:ჯ–მა“ (შემდეგში: გარანტი) 2013 წლის 21 ნოემბერს გასცა საბანკო გარანტია #13-037143. . საბანკო გარანტიის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გარანტმა იკისრა 79 800 ლარის გადახდის ვალდებულება ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე (ტ.1,ს.ფ.23).

4. ხელშეკრულების 12.4.4 ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდების გრაფიკით დადგენილი მიწოდების ვადების დარღვევისას, შესაბამისი შეტყობინების ვალდებულებით.

5. მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულება და ტექნიკური მარილის პირველი ნაწილი, ნაცვლად 2013 წლის 5 დეკემბრისა, შემსყიდველს მიაწოდა 6 დეკემბერს, ამასთან გრაფიკით გათვალისწინებული 1 000 ტონის ნაცვლად მიაწოდა 265 ტონა.

6. იმავე დღეს შემსყიდველმა წერილობით შეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება, ხოლო საფუძვლად საქონლის მიწოდების ვადების დარღვევა მიუთითა (ტ.1,ს.ფ. 24).

7. გარანტმა, 2016 წლის 15 თებერვალს, ბენეფიციარს აუნაზღაურა საგარანტიო თანხა - 79 800 ლარი. თავის მხრივ, პრინციპალმა 2016 წლის 16 მარტს გარანტს აუნაზღაურა საგარანტიო თანხა (ტ.1, ს.ფ.129-130).

8. სარჩელის საფუძვლები

8.1 მიმწოდებელმა 2014 წლის 22 ივლისს სარჩელი აღძრა შემსყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა:

8.1.1 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ აღიარება.

8.1.2 ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის 79 800 ლარის დაკისრება.

8.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ ტვირთი საქართველოს საზღვარზე შემოსული იყო 2013 წლის 5 დეკემბერს, თუმცა შემსყიდველს 6 დეკემბერს მიეწოდა, რომლის მიღებაზეც მოპასუხემ, ვადის გადაცილების გამო, უარი განაცხადა. მოსარჩელის განმარტებით, მან წერილობით მოითხოვა მიწოდებული საქონლის მიღება და დამატებითი ვადის განსაზღვრა საქონლის დარჩენილი ნაწილის მიწოდების მიზნით, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

8.3 მოსარჩელის განმარტებით შემსყიდველს უნდა გამოეყენებინა დამატებითი ვადა და ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქცია, თუმცა ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული.

8.4 მოსარჩელის მტკიცებით შემსყიდველის მოქმედება უკანონოა, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ - 10 დეკემბერს ი/მ ჯ.ბ–ძესთან გააფორმა სხვა ხელშეკრულება #4256-10-399, რომლითაც იმავე პროდუქციის პირველი მიწოდება 2013 წლის 20 დეკემბერს უნდა განხორციელებულიყო.

9. მოპასუხის პოზიცია

9.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ენიჭებოდა ამავე ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, შესაბამისად მისი ქმედება კანონიერია.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით მიმწოდებლის სარჩელი შემსყიდველის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ აღიარებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

10.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 394-ე, 361-ე, 412-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 180-ე მუხლით.

10.3 საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით, ასევე მხარეთა პოზიციებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე განმარტა, რომ გამოვლენილი არ იყო ზიანის ანაზღაურების ყველა პირობა.

10.4 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიზანს, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობის დადგენის გზით, ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ იყო მიღწევადი. მნიშვნელოვანი იყო იმის შეფასება, სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფდა თუ არა მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობა, მოსარჩელე მიზანს მაინც ვერ მიაღწევდა, ვინაიდან არ დგინდებოდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისა და ამის საფუძველზე ზიანის მიყენების ფაქტი.

10.5 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „...აღიარებით სარჩელს, გარდა სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის შინაარსის განმსაზღვრელი კრიტერიუმებისა, წაეყენება დამატებითი წინაპირობა - ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ, რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი აღიარებითი სარჩელით, სხვაგვარად, უნდა შეფასდეს, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. იურიდიული ინტერესის ცნებაში იგულისხმება მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას“ (იხ. სუსგ. საქმეზე #ას-55-54-2014, 21.07.2014).

10.6 საქალაქო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინებაზე /ას-121-117-2016/ მითითებით „იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. იურიდიული ინტერესის ნამდვილობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამასთან, სარგებელი უნდა იყოს რეალური და დამოკიდებული არ იყოს სამომავლო, უცნობ მოვლენებზე, მით უმეტეს, აღნიშნული არ უნდა წარმოადგენდეს ნებაზე დამოკიდებულ პირობას. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ განმარტა, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არ იყო ნამდვილი და მიღწევადი, ვინაიდან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უკანონოდ აღიარების გზით არ იყო შესაძლებელი არანაირი შედეგის მიღწევა, მით უფრო, ვერ მოხდებოდა იმ თანხის ანაზღაურება, რაც მას გადახდილი ჰქონდა გარანტისათვის საბანკო გარანტიის ამოქმედების შედეგად.

11. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

11.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მიმწოდებელმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.2 აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ ის ფაქტი, რომ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უკანონობა პირდაპირ არ არის დაკავშირებული მიმწოდებლისთვის მიყენებულ ზიანთან. მოპასუხემ წერილში, რომლითაც მიმართა გარანტს, მიუთითა, რომ საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის გამო შეწყდა ხელშეკრულება და ამის გამო ითხოვდა საგარანტიო თანხის ანაზღაურებას, ხოლო, 2013 წლის 6 დეკემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაში აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება 12.1 პუნქტის შესაბამისად შეწყდა. აპელანტმა ხელშეკრულების 10.1 პუნქტზე დაყრდნობით განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.5%-ის ოდენობით.

11.3 აპელანტის განმარტებით, შეთანხმება საბანკო გარანტიაზე იმ შემთხვევისთვის არსებობდა, თუ შემსყიდველს მიადგებოდა ნებისმიერი სახის ზიანი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მისთვის მიყენებული ზიანი.

11.4 აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე არსებული გარემოებები. მან მიუთითა სსკ-ის 394-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე და 976-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნების მთავარ იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა შემსყიდველის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა, როგორც ზიანის ანაზღაურების ზოგადსამართლებრივ საფუძვლებზე, ასევე - უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებზე.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მიმწოდებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

12.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები,მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

12.3 სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 10.3 ქვეპუნქტსა და 1-7 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკვანძო საკითხს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერების შეფასება. მოსარჩელე სსკ-ის 115-ე მუხლის მოხმობითა და იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მან მხოლოდ ერთი დღით გადააცილა ვალდებულების შესრულებას, ხოლომოპასუხეს არ გააჩნდა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ სხვა მიმწოდებელთან გაეფორმებინა იმავე საქონელზე ახალი ხელშეკრულება, მიიჩნევდა, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაცვლად შემსყიდველმა არამართლზომიერად შეწყვიტა ხელშეკრულება, რითაც აპელანტმა იზარალა საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა.

12.4 სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების 5.2, 6.1, 6.5 პუნქტებსა და ამავე ხელშეკრულების #4 დანართით გათვალისწინებულ პირობებზე მითითებით განმარტა, რომ საქონლის მიღება უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტით, რომელთან ერთადაც მიმწოდებელს შემსყიდველისათვის შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადები) უნდა წარედგინა.

12.5 აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმწოდებელს, საქონლის მიწოდების შესახებ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, სასამართლოსათვის, სულ მცირე, ცალმხრივად შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი და სრულყოფილად შევსებული სასაქონლო ზედნადები მაინც უნდა წარედგინა. განსახილველ შემთხვევაში წარდგენილია მხოლოდ სასაქონლო ზედნადები, რომელიც არ შეიცავს ტრანსპორტის მძღოლისა და ტრანსპორტირების დასრულების ადგილის შესახებ მონაცემებს (ტ.1,ს.ფ.26).

12.6 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ შემთხვევაშიც, თუ დასახელებული ზედნადებით გათვალისწინებული გარემოება ჩაითვლებოდა უდავოდ შესრულებულად, აღნიშნული მაინც ვერ მიიჩნეოდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან ნაცვლად 1 000 ტონა ტექნიკური მარილისა, ადგილზე მიწოდებულ იქნა265 ტონა.

12.7 სააპელაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნულთან ერთად. განმარტა, რომ აპელანტის მსჯელობა, შემსყიდველის მიერ დამატებითი ვადის განსაზღვრაზე უარის თქმის არაკეთილსინდისიერების თაობაზე, დაუსაბუთებელია, ვინაიდან თავად მიმწოდებელს უნდა ეზრუნა, რომ შემსყიდველისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია კონკრეტული თარიღის შესახებ, რომელშიც უთუოდ შეძლებდა საქონლის მიწოდებას და მოეთხოვა მისგან დამატებითი ვადის განსაზღვრა (მაგალითად ნაცვლად 5 დეკემბრისა, 7 დეკემბერი). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მსგავსი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად აპელანტის მსჯელობა შემსყიდველის მხრიდან დამატებითი ვადის განსაზღვრაზე უარის თქმის არაკეთილსინდისიერების თაობაზე დაუსაბუთებელია.

12.8 სააპელაციო სასამართლომ ვალდებულების დარღვევის სახეზე (მოვალის მიერ ვადის გადაცილება) და შემსყიდველის მიერ დამატებითი ვადის განსაზღვრის შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ მოპასუხეს, თავის მხრივ, ქ. თბილისის მერიასთან ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება (ტ.1,ს.ფ. 85-89), რომლის საფუძველზეც პასუხისმგებელი იყო ქ. თბილისში შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართულობაზე უამინდობის შემთხვევაში (გზებისა და მოედნების ტექნიკური მარილით დამუშავება). დასახელებული მიზნის გათვალისწინებით ტექნიკური მარილის არქონა სათანადო დროს გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის პარალიზებას. შესაბამისად მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, შეთანხმებულ ვადებში შემსყიდველისათვის ტექნიკური მარილის მიწოდება წარმოადგენდა არსებით პირობას, რომელიც განსაკუთრებული მნიშნველობის იყო.

12.9 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად შეეწყვიტა 2013 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულება, რამდენადაც მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების არსებითი პირობა, რომლის შესრულებასაც მოპასუხისათვის ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი და მნიშნველობა.

13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2 კასატორმა, წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში, სარჩელის საფუძვლებსა (იხ. წინამდებარე განჩინების 8.2.-8.4. ქვეპუნქტები) და სააპელაციო პრეტენზიებში (იხ. წინამდებარე განჩინების 11.2.-11.4. ქვეპუნქტები) ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ შემსყიდველმა საგარანტიო თანხა უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე მოითხოვა. აღნიშნული ქმედებით შემსყიდველმა უსაფუძვლოდ მიიღო საგარანტიო თანხა, რითაც ზიანი მიაყენა კასატორს, რომელიც, თავის მხრივ, იძულებული გახდა, გარანტისათვის რეგრესის წესით აენაზღაურებინა თანხა.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით მიმწოდებლის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მიმწოდებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

20. წინამდებარე შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას, აგრეთვე ბენეფიციარის მიერ გარანტორისგან საგარანტიო თანხის მიღებას.

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე და მსჯელობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 12.3-12.9 ქვეპუნქტები) და დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და #4 დანართის მიხედვით კონკრეტულად იყო განსაზღვრული შესასრულებელი ვალდებულების არსი და შესრულების პერიოდი (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი და მეორე პუნქტები).

22. დადგენილია, რომშემსყიდველისათვის ტექნიკური მარილის პირველი მიწოდება, 1 000 ტონის ოდენობით, უნდა მომხდარიყო 2013 წლის 5 დეკემბრისათვის. მიმწოდებელს სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს არასრულად შევსებული ზედნადები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დასახელებული თარიღის მეორე დღეს (6 დეკემბერს) შემსყიდველს მხოლოდ 265 ტონა ტექნიკური მარილი, მიაწოდა. შემსყიდველს, თავის მხრივ, ქ. თბილისის მერიის წინაშე ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომლის მიხედვითაც უამინდობის შემთხვევაში ქალაქის მოედნებისა და გზების დამუშავება უნდა უზრუნველეყო. აღნიშნულიდან გამომდინარე ვადის დარღვევის გარეშე ვალდებულების შესრულებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რომლის დარღვევის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით (მხარისათვის წერილობითი შეტყობინება) უარი განეცხადებინა საქონლის მიღებაზე და შეეწყვიტა ხელშეკრულება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი; სსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილი).

23. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აღნიშნული გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და დამატებით განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებისა და კანონის შესაბამისად შეწყდა, ასევე, კანონიერად მოხდა საგარანტიო თანხის მოთხოვნა, რაც დარღვეული ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის ზიანის მიყენებად ვერ იქნება მიჩნეული.

24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მოთხოვნაზე, რომლითაც ის ითხოვდა სადავო ურთიერთობის ფარგლებში ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობას, აღნიშნულის საფუძველზე კი ზიანის ანაზღაურებას და ამ კონტექსტში მიუთითებს საქალაქო სასამრთლოს მსჯელობაზე, რომელიც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ (იხ. წინამდებარე განჩინების 10.4-10.6 ქვეპუნქტები).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-121-117-2016, 17.03.2016წ.).

26. „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნ– უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.)“ - იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02.03.2017წ.

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 990 ლარის 70% – 2 793 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ნ–ეს" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ნ–ეს" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 990 ლარის (საგადახდო დავალება N1516271778, გადახდის თარიღი 2018 წლის 18 იანვარი), 70% – 2 793 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე