საქმე№ა-223-შ-57-2019 28 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.თ–ჰ.(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჰ. (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, ბად ბერლებურგის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის #9 F 151/16 განჩინება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, ბად ბერლებურგის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის #9 F 151/16 განჩინებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ა.ჰ–სა (შემდეგში: მოსარჩელე) და თ.თ-ჰ–ნს (შემდეგში: მოპასუხე, შუამდგომლობის ავტორი ან განმცხადებელი) შორის გლდანი-ნაძალადევის სამოქალაქო რეესტრის 2011 წლის 28 ნოემბერს #01201131883 რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2019 წლის 10 მაისსს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება 2016 წლის 27 ოქტომბრიდან კანონიერ ძალაშია შესული.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით განხილვის შედეგად.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ განქორწინების თაობაზე განცხადება მოსარჩელემ წარადგინა და მოთხოვნას მოპასუხე დაეთანხმა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.თ-ჰ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ბად ბერლებურგის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის #9 F 151/16 განჩინება, რომლითაც ა.ჰ–სა და თ.თ-ჰ–ს შორის გლდანი-ნაძალადევის სამოქალაქო რეესტრის 2011 წლის 28 ნოემბერს #01201131883 რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე