საქმე№ა-1595-შ-41-2019 28 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.წ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.წ–ძე (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ს, ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის N 313329/15 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აშშ-ს, ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის N 313329/15 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) შეწყდა ქ.წ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი ან განმცხადებელი) და ნ.წ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე) შორის რეგისტრირებული ქორწინება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2019 წლის 2 აპრილს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და 2016 წლის 9 მაისიდან დაარქივებულია.
4. მოპასუხემ 2019 წლის 7 მარტს განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და განაცხადა, რომ შუამდგომლობის ავტორთან არანაირი პრეტენზია არ აქვს და თანახმაა, უზენაესმა სასამართლომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნოს.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ განქორწინების თაობაზე განცხადება მოსარჩელემ წარადგინა და მოთხოვნას მოპასუხე დაეთანხმა. მოპასუხე საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობას წერილობით დაეთანხმა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.წ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აშშ-ს, ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის N 313329/15 გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.წ–ძესა და ნ.წ–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე