Facebook Twitter

საქმე №ას-81-2019 17 მაისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.გ., ი.გ. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ჩ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, დ.ჩ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ნ.გ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), ი.გ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) და ი/ს ,,პარალელი“-ს (შემდეგში: მესამე მოპასუხე) წინააღმდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ, აპელანტებს ხარვეზის შევსების მიზნით დაავალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის სახით 1836 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში.

4. პირველმა მოპასუხემ, 2018 წლის 6 აგვისტოს, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა წარადგინა სააპელაციო სასამართლოში და ამასთან, საქმის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაც იშუამდგომლა.

5. თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, პირველი აპელანტის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტებს, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, განსაზღვრული ვადა 5 დღით გაუგრძელდათ; მათ უნდა წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის სახით 1836 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და სსსკ-ის 368-ე მუხლის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე, 374-ე მუხლებით და დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეებს ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა 5 დღით გაუგრძელდათ და დაევალათ, სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და 1836 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტებს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალათ. პირველმა აპელანტმა კი, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 19 დეკემბრამდე, განჩინებით დადგენილი ვადის აღმოსაფხვრელად მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა.

10. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის სრულად შევსება ვერ შეძლეს და, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე აპელანტებმა კერძო საჩივარი წარმოადგინეს მისი გაუქმებისა და, ახალი განჩინების მიღებით, საქმის ხელახლა სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.

12. კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ სააპელაციო საჩივარი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა წარდგენილი და ყველა არგუმენტი ნათლად ჩამოყალიბებულია.

13. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, კანონი არ ზღუდავთ, დამატებითი მოსაზრებები სააპელაციო საჩივრის განხილვისას წარედგინათ სასამართლოში.

14. კერძო საჩივრის ავტორები ასევე განმარტავენ, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უმთავრესი კომპონენტია, რომლის მიზანია სასამართლომ ხელოვნური ბარიერები არ დაადგინოს იმისათვის, რომ საქმე ამა თუ იმ პირობით განიხილოს.

15. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ, სასამართლო ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური პრინციპი და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლება, უხეშად დაარღვია.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 18 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

18. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

19.საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

20.მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან ე.წ ფორმალური მოსამზადებელი პროცესის წარმოება (სსსკ-ის 364-ე-3761 მუხლები), რომლის ფარგლებშიც სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს საჩივრის ფორმალური შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მათ შორისაა, სსსკ-ის 368-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილიც ადგენს იმ მინიმალურ სტანდარტს, რომლებსაც სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, საჩივარს დაუდგინოს ხარვეზი და მის ავტორს დაავალოს შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელება. რაც შეეხება სააპელაციო სამართალწარმოების მეორე ეტაპს (სსსკ-ის 377-ე და მომდევნო ნორმები), სწორედ ამ ეტაპზე მოწმდება სააპელაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების საფუძვლიანობა და ამ გზით განისაზღვრება საჩივრის წარმატებულობა.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ აპელანტებს ფორმალურადაც არ მიუთითებიათ, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა, ასევე არ მიუთითებიათ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, შესაბამისად, ის მინიმალური სტანდარტები, რომელსაც სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს არ არის სსსკ-ის 368-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე შესრულებული, აღნიშნული კი წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში მითითებულ კერძო საჩივრის პრეტენზიას უსაფუძვლოს ხდის.

23. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სწორად დაუდგინა საჩივარს ხარვეზი, რაც, ბუნებრივია, არ განიხილება სააპელაციო სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (იხ. Weissman and Others v. Romania, №63945/00, §34, 35, 24მაისი, 2006 წელი).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №8225/78, § 57, 28 მაისი, 1985 წელი).

25. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ემუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტები არ შეასრულებენ კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, ისინი ვეღარ დაეყრდნობიან სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვენ მათი საქმის განხილვას, ვინაიდან მათ მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–ის და ი.გ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე