Facebook Twitter

¹ბს-16-15(კს-06) 14 მარტი, 2006 წელი.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს «...»-ის წარმომადგენელი მ. ს.-ე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო;

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება): თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 27 დეკემბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2004 წლის 23 თებერვალს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენელმა, მოპასუხე _ შპს «...»-ის მიმართ, სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მოპასუხესთან 2001 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მისი მფლობელობიდან სადავო ხელშეკრულების საფუძველზე დაკავებული ფართის გამოთხოვა, შემდეგი საფუძვლით:

2001 წლის 25 დეკემბერს ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოსა და შპს «...»-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, «...» მე-2 მკრ, კორპუსი 16-ში განთავსებულ 127,80მ2 არასაცხოვრებელ ფართზე, საპრივატიზებო ღირებულებით 3300 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაეფარა გადასახდელი თანხა საბოლოო ფასის 51%, ხოლო დარჩენილი თანხის 49% უნდა გადაეხადა 2003 წლის 25 დეკემბრამდე ამავე ხელშეკრულების 3.3 პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, რაც მის მიერ შესრულებული არ ყოფილა. ამდენად, მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, რის გამოც ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო, ხოლო დაკავებული ფართი უნდა გამოსულიყო მოპასუხის მფლობელობიდან.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 28 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილ იქნა სადავო ხელშეკრულება და მოპასუხის მიერ დაკავებული სადავო ფართი დაუბრუნდა მოსარჩელეს. /იხ. ს.ფ. 20-27/

მითითებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით 2005 წლის 20 სექტემბერს გაასაჩივრა შპს «...»-ის წარმომადგენელმა მ. ს.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. /იხ.ს.ფ. 30-34/

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქართველოს ადმინისტრაცუილი საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე შპს «...»-ის წარმომადგენელს მ. ს.-ს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნა და დაბრუნდა სასამართლოში 2004 წლის 03 სექტემბერს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი საბოლოოდ მას 2005 წლის 07 სექტემბერს ჩაბარდა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოში აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა და გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველი ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვვით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება შპს «...»-ის წარმომადგენელის მ. ს.-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა 2005 წლის 20 სექტემბერს, რის გამოც აპელანტის მიერ დაცული არ იქნა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. მითითებული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა, რის გამოც შეუძლებელია მისი აღდგენა, ვინაიდან ასეთს საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამასთან, მ. ს.-ეს არ ეზღუდებოდა უფლება სასამართლოსთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-430-ე მუხლებით დადგენილი წესით მიემართა. /იხ.ს.ფ. 48-50/

მითითებულ განჩინებაზე კანონით დადგენილ ვადაში შპს «...»-ის წარმომადგენელმა მ. ს.-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და საქმის არსებითი განხილვა, შემდეგი მოტივით:

სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას გათვალისწინებული არ იქნა ის გარემოებები და მიზეზები, რამაც სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით შეტანა გამოიწვია და რაზეც აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. კერძოდ, 2004 წლის თებერვალში წინამდებარე საქმე წარმოებაში მიიღო თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ზ. მ.-ია). 2004 წლის 23 მარტიდან 1 მაისამდე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2004 წლის 3 მარტის ¹14/441 წერილის თანახმად, ყველა სასამართლოში შეჩერებულ იქნა ყველა საქმე, სადაც მხარეს საქარათველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო წარმოადგენდა. მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ განახლდა საქმის წარმოება, რის შესახებაც, არც მოსარჩელე და არც მოპასუხე ინფორმირებული არ ყოფილა, მათ სასამართლო უწყებები არ ჩაბარებიათ, რასაც სასამართლოში დაბრუნებულ და საქმეში წარმოდგენილ უწყებაზე მიწერილი ცნობა _ «არ მიიღეს» ადასტურებს. ასეთ პირობებში მოსამართლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის ჩაბარებაც ასევე ვერ იქნა უზრუნველყოფილი და გაგზავნილი კორესპონდენცია დაბრუნდა უკან.

მითითებული პერიოდის მანძილზე მოპასუხემ არაერთგზის მიმართა სასამართლოს, თუმცა, კვლავ ვერაფერი შეიტყო საქმის წარმოებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ. სხავადასხვა ოჯახური გარემოებებისა და სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარეს ჩაბარდა მხოლოდ 2005 წლის 07 სექტემბერს, ხოლო იმავე წლის 20 სექტემბერს მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნა გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებიდან ერთ თვეში გასაჩივრების შესახებ დარღვეული არ ყოფილა, რამდენადაც მითითებული ვადის დინება მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან უნდა დაიწყოს, აღნიშნული კი 2004 წლის 07 სექტემბერს განხორციელდა. /იხ.ს.ფ. 53-56/

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2005 წლის 27 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად კი გასაჩივრების ვადის დინება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების წესი და ვადა, ხოლო თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველი ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

მითითებული დებულებიდან გამომდინარე, სასამართლო აქტი, იმის მიუხედავად ჩაბარდა თუ არა იგი მხარეს, მისი გამოტანიდან ერთი წლის შემდეგ შედის კანონიერ ძალაში და მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება არ დაიშვება, ხოლო წარდგენის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად. ამასთან, მხარეს არ ეზღუდება უფლება მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-430-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ შპს «...»-ის წარმომადგენლის მ. ს.-ის მიერ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ იყო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის ვადა, რომელიც აღმკვეთი ხასიათისაა და მისი აღდგენა მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია. /იხ.ს.ფ. 64-67/

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს «...»-ის წარმომადგენლის მ. ს.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 27 დეკემბრის და 2005 წლის 07 ოქტომბრის განჩინებები და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმის მასალები, დარღვეულ იქნა საპროცესო სამართლის ნორმები, რის გამოც მის მიერ სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა დატოვებული განუხილველად, ხოლო კერძო საჩივარს არასწორად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანი და დასაბუთებულია და ის უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2004 წლის 23 თებერვალს აღძრულ სასარჩელო განცხადებაზე მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2004 წლის 28 ივნისს; ასევე, სასამართლო სხდომების შესახებ უწყეების მხარეებისთვის გაგზავნის მიუხედავად, მოპასუხე შპს «...»-ს ისინი არ ჩაბარებია და არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა. /იხ სასამართლო უწყებები ს.ფ. 8, 12, 17; სხდომის ოქმები ს.ფ. 9,15,18./

ამასთან, საქმის ფურცელ 22-ზე წარმოდგენილი სასამართლო გზავნილით დასტურდება, რომ შპს «...»-ს არც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებია და ის სასამართლოში იქნა დაბრუნებული შეტყობინებით იმის თაობაზე, რომ «...ადრესატი არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე».

საქმის მასალებითვეა დადგენილი ისიც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი მოპასუხე შპს «...»-ს მხოლოდ 2005 წლის 07 სექტემბერს გადაეცა, რასაც საქმის ფურცელ 28-ზე წარმოდგენილი მისივე ხელწერილი ადასტურებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხისათვის, როგორც საქმის სასამართლო განხილვის კონკრეტული თარიღის, ისე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ 2005 წლის 07 სექტემბრამდე ცნობილი არ იყო, ვინაიდან არცერთ შემთხვევაში მისთვის სასამართლო შეტყობინება ჩაბარებული არ ყოფილა.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე და ამ ვადის დინება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან იწყება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე, დადგენილია, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე შპს «...»-ს გადაწყვეტილება გაეგზავნა არასწორ მისამართზე, ხოლო მისი უშუალოდ ჩაბარება მხოლოდ 2005 წლის 07 სექტემბერს განხორციელდა, როცა მოპასუხისთვის პირველად გახდა ცნობილი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების არსებობის, მისი შინაარსისა და გასაჩივრების უფლების შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისამართი, რომლეზეც სასამართლოს მიერ სასამართლო უწყებები და სასამართლო აქტების ასლები იგზავნებოდა, მოსარჩელის მიერ არასწორად იყო მითითებული სასარჩელო განცხადებაში. თუმცა, საქმის ფურცელ 3-4-ზე წარმოდგენილი სადავო ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ აღნიშნული მისამართი წარმოადგენდა შპს «...»-ის წარმომადგენლის _ ფიზიკური პირის მ. ს.-ის და არა შპს «...»-ის მისამართს, რომლის იურიდიული მისამართი ამავე ხელშეკრულებით მ. ს.-ის მისამართთან ერთად იყო განსაზღვრული. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო ნებისმიერი კორესპონდენციის გაგზავნისას ვალდებული იყო მათი მხარისათვის არაერთგზის არჩაბარების პირობებში დაედგინა ეს უკანასკნელი და მათ შორის ესარგებლა ხელშეკრულებაში მითითებული იურიდიული მისამართით, რათა შპს «...»-ის სასამართლოში გამოცხადება უზრუნველეყო, მით უფრო, რომ როგორც სადავო სამართალურთიერთობის, ისე სამართალწარმოების მხარეს სწორედ იურიდიული პირი _ შპს «...» წარმოადგენდა და არა _ მ. ს.-ე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას იმის თაობაზე, რომ შპს «...»-ის მიერ დარღვეულ იქნა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა (რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად), რამდენადაც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის დინება სწორედ მისი მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან, ანუ 2005 წლის 07 სექტემბრიდან, დაიწყო, რის გამოც მის მიერ გადაწყვეტილების 2005 წლის 20 სექტემბერს სააპალაციო წესით გასაჩივრების პირობებში კანონით დადგენილ 14 დღიანი ვადა დარღვეული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლის თანახმად, სასამართლო აქტი, მიუხედავად იმისა ჩაბარდა თუ არა იგი მხარეს, მისი გამოტანიდან ერთი წლის შემდეგ შედის კანონიერ ძალაში და მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება აღარ დაიშვება, რამდენადაც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული ნორმა უფრო კონკრეტულია, ვიდრე ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია განმარტებული და ადგენს გამონაკლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე და 258-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის, კერძოდ, მითითებული ნორმებით დადგენილია გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს ვალდებულება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გასაჩივრების წესისა და ვადის შესახებ განმარტების თაობაზე, ასევე, ასეთი განმარტების სავალდებულოობა სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნებისას, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლი განსაზღვრავს პროცესუალურ შედეგს სასამართლოს მიერ ასეთი ვალდებულების დარღვევისათვის და ადგენს, რომ ასეთ შემთხვევაში (როცა სასამართლოს მიერ განმარტებული არ იქნება გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ვადა, იმ ორგანოს ადგილმდებარეობა, სადაც უნდა გასაჩივრდეს მითითებული გადაწყვეტილება და ა. შ.) გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის მითითებული ნორმით გათვალისწინებული პირობა _ გასაჩივრების ვადის ერთ წლამდე განვრცობის თაობაზე, რამდენადაც მხარეს არათუ არ განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადისა და წესის შესახებ, არამედ საერთოდ არ ეცნობა ასეთი გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა სხვა საპროცესო სამართლურთიერთობა, რომელიც მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტის განსაზღვრას უკავშირდება და არა მისი ერთწლიან ვადაში გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, მხარის უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობის არქონას მოიაზრებს, ვიდრე გასაჩივრების უფლების არგანმარტების შემთხვევაში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლით გათვალისწინებული პირობა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის გაგრძელების დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტის დადგენით, კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება კი არ ხდება, არამედ ამ ვადის ათვლის კონკრეტული თარიღი განისაზღვრება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მითითებული სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ერთთვიან ვადაში გასაჩივრების შესახებ, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულ იქნა 2005 წლის 27 დეკემბერს, ხოლო ცვლილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლში, გასაჩივრების 14 დღიანი ვადის შესახებ, 2004 წლის 29 დეკემბერს შევიდა. (ცვლილება ამოქმედდა მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს). ამდენად, 2005 წლის 27 დეკემბერს უკვე მოქმედებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ახალი რედაქცია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით კი დადგენილია, რომ სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ვალდებული იყო ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის ახალი რედაქციით და ნაცვლად გასაჩივრების ერთთვიანი ვადისა, მიეთითებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად უთხრა უარი შპს «...»-ს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, როცა მიიჩნია, რომ გასული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთწლიანი ვადა და ამ მოტივით დატოვა იგი განუხილველად, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «...»-ის წარმომადგენლის მ. ს.-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და ის უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, ასევე, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 412-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს შპს «...»-ის წარმომადგენლის მ. ს.-ის კერძო საჩივარი;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 27 დეკემბრის და 2005 წლის 07 ოქტომბრის განჩინებები და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.