საქმე №ას-1955-2018 17 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ფ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს ,,ფ.ბ.ს–ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მ.კ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), გ.შ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) და ა.გ–იას (შემდეგში: მესამე მოპასუხე) მიმართ, 6581.61 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა. ამასთან, პირველი მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 1563.71 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
2. დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით, მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4. ზემოხსენებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების, მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ, აპელანტებს, ხარვეზის შევსების მიზნით, დაავალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის სახით 325.82 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან შესაბამისი შუამდგომლობა და მტკიცებულებები, რათა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების შუამდგომლობაზე ემსჯელა.
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განჩინება ხარვეზის თაობაზე გ.ჯ–ძეს (შემდეგში: აპელანტების ან კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელი) ჩაბარდა 2018 წლის 24 ოქტომბერს, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ. ტ.3, ს.ფ. 11), შესაბამისად, აპელანტებს განჩინებით დადგენილი ხარვეზი 2018 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეევსოთ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებს ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ სასამართლოსათვის.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტების წარმომადგენელმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
9. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლი სადავოდ ხდის არა მხოლოდ 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, არამედ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებასაც და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 47-ე მუხლით შუამდგომლობის დაკმაყოფილება ბევრად ,,მსუბუქი“ არგუმენტებით, მტკიცებულებებითა და საფუძვლითაა შესაძლებელი, ვიდრე იმავე კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენებისას.
10. წარმომადგენლის განმარტებით, აპელანტები (კერძო საჩივრის ავტორები), სახელმწიფო ბაჟის გადავადებას, სააპელაციო საჩივრით შუამდგომლობდნენ. საქმის შინაარსიდან გამომდინარე კი, აშკარაა, მათი მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რასაც მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებაც ადასტურებს, რომლის საფუძველზეც დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა. ამის გათვალისწინებით, აპელანტების მტკიცებით, მათთვის გაუგებარია, სხვა რა სახის უტყუარი მტკიცებულებები უნდა წარედგინათ სასამართლოში.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით, მეორე მოპასუხის კერძო საჩივარიც, 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით პირველი მოპასუხის კერძო საჩივარი 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
16.საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
18. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მას სასამართლოს მიერ დადგენილი დროის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებაც არ მიუთითებია კერძო საჩივარში და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მართებულად განაპირობა.
20. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა, უფლებებთან ერთად, მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა, შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები (იხ. სუსგ # ას- 194-194-2018, 18.05.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ-ებს: # ას-1187-1107-2017, 22.01.2018წ; #ას-1208-1128-2017, 09.03.2018წ.).
21. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე