საქმე№ა-216-შ-11-2019 29 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ჯ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის, ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის N3715/2014 გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის, ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის N3715/2014 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ნ.კ. ძე ს-ის (შემდეგში: მშვილებელი) ნაშვილებ შვილად ნ.დ. ასული ჯ–ია (შემდეგში: ნაშვილები, შუამდგომლობის ავტორი ან განმცხადებელი) გამოცხადდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2019 წლის 21 იანვარს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას თან ახლავს 2019 წლის 4 იანვრის ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ 2019 წლის 3 იანვრამდე მონაცემებით გადაწყვეტილებაზე საჩივარი არ ყოფილა წარდგენილი.
4. მშვილებელმა 2019 წლის 4 იანვარს განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და განაცხადა, რომ შუამდგომლობის ავტორთან არანაირი პრეტენზია არ აქვს და თანახმაა, უზენაესმა სასამართლომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნოს.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ შეთანხმების 21-ე მუხლის თანახმად თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას თავის ტერიტორიაზე ცნოს და აღასრულოს სამოქალაქო საქმეებზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები.
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ შვილად აყვანის თაობაზე განცხადება მშვილებელმა და ნაშვილებმა ერთობლივად წარადგინეს. მშვილებელი საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობას წერილობით დაეთანხმა.
8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საბერძნენეთის სამოქალაქო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ შვილად აყვანა განხორციელდეს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ელემენტებს შეიცავს, მისი სუბიექტების მიმართ არსებითი წინაპირობები თითოეული მონაწილე მხარის მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის თანახმად წესრიგდება. საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, შვილების არსებითი წინაპირობების განსაზღვრისათვის თითოეულისათვის გამოყენებული იქნება იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეებიც არიან, იმ წინაპირობით, რომ უცხო ქვეყნის სამართლის დებულებები წინააღმდეგობაში არ მოდის ადგილობრივ ეთიკასა და საჯარო წესრიგთან (საბერძნეთის სამოქალაქო კოდექსის 33-ე მუხლი). უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქალაქეობის საკითხი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონით რეგულირდება, ხოლო შვილად აყვანის საკითხი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-5 თავითაა მოწესრიგებული. სსკ-ის 1239.2-ე მუხლის თანახმად სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.
9. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მშვილებელი საბერძნეთის მოქალაქეა, ხოლო ნაშვილები - საქართველოს. შვილად ასაყვანი პირი სრულწლოვანია და მშვილებლის მეუღლის - დ.ი–ძის ბიოლოგიური შვილია. მშვილებელი შვილად ასაყვანზე 18 წელზე მეტით უფროსია. საქმის განხილვის დროს მშვილებელი 69 წლისაა, ხოლო ნაშვილები - 21 წლის. შუამდგომლობის ავტორი დ.ი–ძის ბიოლოგიური შვილია პირველი ქორწინებიდან (მამა - დ. ჯ–ია). მშვილებელი და ნაშვილები 2009 წლიდან ერთად ცხოვრობენ, როგორც ოჯახი და მშვილებელი ნაშვილებზე მამობრივ მზრუნველობასა და სიყვარულს ამ დროიდან იჩენს.
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია ნაშვილების მიერ და მას მხარს მშვილებელი უჭერს (იხ. ამ განჩინების მე-2 და მე-4 პუნქტები).
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება შუამდგომლობის მოთხოვნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი - შვილად აყვანა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება; სსკ-ის 1239-ე მუხლის 2-ე ნაწილი; 1246-ე მუხლის 2-ე ნაწილი;), აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც).
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჯ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის, ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის N3715/2014 გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.კ. ძე ს-ის (დაბ. 20.05.1945 წ.) ნაშვილებ შვილად ნ.დ. ასული ჯ–ია (დაბ. 14.10.1993 წ. დედის სახელი და გვარი - დ.ს.) გამოცხადდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე