Facebook Twitter

საქმე №ა-672-შ-22-2019 28 მაისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ.კ. (ი.მ.) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ. (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე

– გერმანიის, რემშაიდის რაიონული, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის # 25 F 46/16 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, რემშაიდის რაიონული, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის N25F46/16 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ი.მ–სა (შემდეგში: მოპასუხე, შუამდგომლობის ავტორი ან განმცხადებელი) და მ.ქ–ეს (შემდეგში: მოსარჩელე) შორის მცხეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ 2010 წლის 6 დეკემბერს #40201030241 რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. ი.მ–მა 2018 წლის 8 ნოემბერს სახელი და გვარი დ.კ–ით შეიცვალა, რასაც საქმეში წარმოდგენილი სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობა ადასტურებს.

3. 2019 წლის 12 თებერვალს, დ.კ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და გერმანიის, რემშაიდის რაიონული, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის # 25 F 46/16 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.

4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება 2016 წლის 6 სექტემბრიდან კანონიერ ძალაშია შესული.

5. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით განხილვის შედეგად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით დ.კ–ს შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ განქორწინების თაობაზე განცხადება მოსარჩელემ წარადგინა და მოთხოვნას მოპასუხე დაეთანხმა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.კ–ის (სახელის და გვარის შეცვლამდე ი.მ–ის) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, რემშაიდის რაიონული, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის # 25 F 46/16 გადაწყვეტილება, რომლითაც ი.მ–სა (სახელის და გვარის შეცვლის შემდეგ დ.კ–ს) და მ.ქ–ეს შორის მცხეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ 2010 წლის 6 დეკემბერს #40201030241 რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე