საქმე №ას-1344-2018 5 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. გ–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ფ-ია (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. 2010 წლის 14 მაისს ბ. ფ-იასა (შემდეგში: გამყიდველი ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და მ. გ–ს (შემდეგში: მყიდველი ან მოპასუხე ან კასატორი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, დ. დ-ი, ი.პ–ის ქუჩა N2ა, ბინა N13 (შემდეგში: ნასყიდობის საგანი). ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 33000 აშშ დოლარით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამ თვეში მოსარჩელეს უფლება ექნებოდა გამოესყიდა თავისი კუთვნილი ბინა. აღნიშნული ხელშეკრულებით მყიდველი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის ნასყიდობის ფასი სრულად გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების შემდეგ, ხოლო მოსარჩელე ვალდებული იყო მიეღო ნასყიდობის ფასი და სამი თვე ეცხოვრა ოჯახთან ერთად აღნიშნულ ბინაში (შემდეგში: ნასყიდობის ხელშეკრულება).
2. 2009 წლის 5 თებერვალს მოსარჩელეს, მ. ც-სა და მ. პ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში: სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება).
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ 25000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
4. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) და განხორციელების მუდმივად შემაფერხებელი შესაგებელი (ხანდაზმულობა).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 25000 აშშ დოლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც თანხის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილი იქნა.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ:1,2 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოება.
9. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხელშეკრულებით მყიდველი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის ნასყიდობის ფასი სრულად გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების შემდეგ, ხოლო მოსარჩელე ვალდებული იყო მიეღო ნასყიდობის ფასი (ტ.1, ს.ფ. 22-24).
10. უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით.
11. მოსარჩელეს/გამყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით არ უსარგებლია.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესრულება, კერძოდ, ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის - 25 000 აშშ დოლარის გადახდა წარმოადგენდა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 8000 აშშ დოლარი, ხოლო - 25 000 აშშ დოლარი ანაზღაურებული არ ჰქონდა.
13. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად კი, მყიდველი ვალდებული იყო გამყიდველისათვის ნასყიდობის ფასი სრულად გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების შემდეგ, ხოლო მოსარჩელე ვალდებული იყო მიეღო ნასყიდობის ფასი.
14. ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის ფაქტის მტკიცების ტვირთი სააპელაციო სასამართლომ დააკისრა მყიდველს. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგში: სსკ-ის) 429-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნა, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი და განმარტა, რომ მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
15. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეს მის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია, ამგვარ დოკუმენტად პალატამ არ მიიჩნია ის გარემოება, რომ 2010 წლის 14 მაისს გაუქმდა 2009 წლის 5 თებერვალს მოსარჩელეს, მ. ც-სა და მ. პ-ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების გამო, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენდა იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ მოპასუხის მიერ სრულად იყო გადახდილი ნასყიდობის საფასური.
16. სააპელაციო სასამართლომ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. გ–ის სარჩელი მოპასუხე ბ. ფ-იას უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა მ. გ–ის მიერ 14.05.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის ფაქტი, კერძოდ, მყიდველის მიერ გადახდილი არ იყო ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან 25 000 აშშ დოლარი.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გადასცა უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა მყიდველის სახელზე, ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - ნასყიდობის ფასის სრულად გადახდა - არ შესრულებულა. შესაბამისად, საფუძვლიანად იქნა მიჩნეული სარჩელი მოპასუხისთვის ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 25 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ.
19. კასატორი მიუთითებს მოსარჩელეს, მ. ც-სა და მ. პ-ს შორის გაფორმებულ ,,სესხისა და იპოთეკის“ ხელშეკრულებაზე და აღნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულების გაუქმება და შესაბამისად ხელშეკრულებით განსაზღვრულ საგანზე ,,იპოთეკის შეწყვეტა“ განხორციელდა იმავე უძრავ ნივთზე მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის ,,ნასყიდობის ხელშეკრულების“ გაფორმების დღესვე (ანუ 14.05.2010წ., რამოდენიმე წუთის ინტერვალით და ერთი და იგივე ნოტარიუსის მიერ), მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელეს სრულად გადაუხადა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. 14.05.2010წ.-ს მხარეებს შორის იმავე უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხით განხორციელდა იპოთეკარების მ. ც-სა და მ. პ-ის ,,სასესხო ვალდებულებათა დაფარვა“ და შესაბამისად უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ,,იპოთეკის“ გაუქმებაც (თანხის გადახდისა და აღნიშნული თანხით იპოთეკართა მოთხოვნათა დაკმაყოფილების ფაქტს ადასტურებენ თავად ,,იპოთეკარებიც“ - მ. ც. და მ. პ-ი, რომელთა დაკითხვაც ,,მოწმის“ სახით იქნა მოთხოვნილი საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასმართლოში, თუმცა, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ მნიშნელოვანი გარემოება სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა, რის გამოც, გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება არის იურიდიულად დაუსაბუთებელი და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმების აბსოლუტური და უპირობო საფუძველია.
20. კასატორის მოსაზრებით, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით თანხის გადახდის ფაქტი და შესაბამისად სარჩელში მითითებული მოთხოვნების უსაფუძვლობა დასტურდება შემდეგი გარემოებებით:
21. 14.05.2010წ.-ს მოსარჩელეს, მ. ც-სა და მ. პ-ს შორის გაფორმებული 05/02/2009წ. ,,სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებისა და განსახილველი დავის მონაწილე მხარეებს (მოსარჩელე/მოპასუხე) შორის იმავე დღესვე (14.05.2010წ.), რამოდენიმე წუთის ინტერვალით გაფორმებული ,,უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების“ ,,სანოტარო წესით დადასტურების შემდეგ“, იმავე ნოტარიუსის მიერ მხარეთა მოთხოვნათა საფუძველზე საჯარო რეესტრის სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა განაცხადები: ა) უძრავი ქონებაზე (ს/კ N01.10.0-.009.0--.01.0--) 2009 წლის 5 თებერვალს ბ. ფ-იასა და მ. ც-სა და მ. პ-ს შორის გაფორმებული ,,სესხისა და იპოთეკის“ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ,,იპოთეკის შეწყვეტის“ თაობაზე (ამონაწერი მომზადდა: 20/05/2010წ. 10:25:24სთ); ბ) უძრავი ქონების (ს/კ N01.10.0-.009.0--.01.0--) მ. გ–ის სახელზე ,,საკუთრების უფლებით“ აღრიცხვის თაობაზე (ამონაწერი მომზადდა: 20/05/2010წ. 17:48:19 სთ). ,,ამავე რეგისტრაციით“ აღნიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში ,,დარეგისტრირდა შეზღუდვა“ - ,,გამოსყიდვის უფლება“, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს 3 თვის განმავლობაში ,,აეკრძალა ნივთის გასხვისება“, ხოლო მოსარჩელეს მიეცა უფლება 3 თვის ვადაში ,,გამოესყიდა“ მის მიერ მოპასუხეზე ,,გაყიდული ნასყიდობის საგანი“. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა, არ გამოიკვლია და არ შეაფასა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
22. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში/განჩინებაში ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ ,,მყიდველს ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ნოტარიულად დადასტურების შემდგომ“, თუმცა, საერთოდ არ მიუთითებს ,,საფასურის გადახდის კონკრეტულ ვადაზე“, რადგან ცნება ,,ნოტარიულად დადასტურების შემდგომ“ არ მოიცავს კონკრეტულ ვადას და შესაბამისად ,,ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადის განსაზღვრის გარეშე“ გაუგებარია და იურიდიულად დაუსაბუთებელია, ვალდებულების მოპასუხის მხრიდან არაჯეროვან შესრულებაზე მსჯელობა და შესაბამისი დასკვნის გამოტანა.
23. კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 0-.0-.20--წ. (საქმე N2/3875-13) მიღებული და ,,კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით“ და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ,,უტყუარი უდაო გარემოებებით“ (საქმეში იხილეთ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 0-.0-.20--წ. საქმე N2/3875-13-ზე მიღებული და ,,კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილება) დაკმაყოფილდა მ. გ–ის სარჩელი მ. გ–ის ,,საკუთრებაში“ არსებული ქონებიდან (ს/კ N01.10.0-.009.0--.01.0--) - ბ. ფ-იას ,,უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის“ თაობაზე. მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ასევე შემდგომში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოებული აღნიშნული სამოქალაქო ,,საქმის განხილვის ყველა ეტაპზე“ (შესაგებელში, სააპელაციო საჩივარში, სხდომათა მიმდინარეობისას) აღნიშნავდნენ, რომ ,,მხარეებს შორის არსებობდა ,,ზეპირი შეთანხმება“ მ. გ–ზე გასხვისებული ნივთის ,,გამოსყიდვის 3 თვიანი ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით“ და შესაბამისად, მოსარჩელეს ,,ამიტომაც დღემდე მ. გ–ისაგან არ გამოუსყიდია ნასყიდობის საგანი“ (საქმეში იხილეთ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 0-.0-.20--წ. საქმე N2/3875-13-ზე მიღებული და ,,კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილება, აღნიშნულ საქმეზე ბ. ფ-იას მიერ წარდგენილი შესაგებელი და სააპელაციო საჩივარი).
24. კასატორი აგრეთვე მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 0-.0-.20--წ. N2/3875-13 საქმეზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებებს სსსკ-ის 106-ე მუხლის (ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას) ,,ბ“ პუნქტის თანახმად პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს
25. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ N2/3875-13 სამოქალაქო (,,უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის“) საქმის განხილვისას არ გაუხდია სადაოდ (მისთვის თანხის არ გადახდის მოტივით), მხარეებს შორის 14/05/2010წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და არც კანონით დადგენილ ვადაში არ აღუძრავს დამოუკიდებელი სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ისევე როგორც მოპასუხის სახელზე ,,ქონების საკუთრების უფლების აღრიცხვასთან, ქონებაზე ,,გამოსყიდვის უფლების“ რეგისტრაციის შესახებ და ,,გამოსყიდვის უფლების შეწყვეტის“ შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები.
26. გარდა აღნიშნულისა, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 06.06.2013წ. N2/3875-13 სამოქალაქო (,,უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის“) საქმეზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული ,,გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში“ ითხოვდა ,,აღსრულების პროცესის გარკვეული ვადით გადადებას“ მოსარჩელის მიერ მხარეებს შორის 14/05/2010წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ,,ქონების ნასყიდობის თანხის - მოპასუხისათვის გადახდის მიზნით“ (საქმეში იხილეთ: 20/08/2015წ., 30/09/2018წ.12/09/2015წ. აღმასრულებლის მიერ შედგენილი და მხარეთა მიერ ხელმოწერილი ,,გასაუბრების შესახებ“ ოქმები), ასევე იგი აღსრულების პროცესში მიმართავდა სხვადასხვა ორგანიზაცია/ დაწესებულებებს/ თანამდებობის პირებს სადაც იგი აღნიშნავდა, რომ ,,მას ასახელებენ იძულების წესით ბინიდან, იმის გამო, რომ ნ-მა წაართვეს ბიზნესი“ (ავოსამრეცხაო, ავტოზეთების მაღაზია, პურის საცხობი, მცირე სასადილო), რის გამოც ,,მან ვერ“ შესძლო ,,ქონების გამოსასყიდი თანხის მ. გ–ისათვის დროულად დაბრუნება“ და მას თანხის მოპასუხისათვის დროულად გადაუხდელობის გამო დაეკისრა ბინის დათმობა“ (იხილეთ საქმეში არსებული: საქართველოს პარლამენტის წევრისადმი ბატონი ბ. გ-ისადმი ბ. ფ-იას 24/05/2016წ. განცხადება).
27. იმავდროულად, კასატორი მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე.
28. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი აგრეთვე შუამდგომლობს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელე) დაევალოს მისი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო, ზარალის, რომლის ღირებულება 2010 წლის 14 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 33 000 აშშ დოლარს, ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
29. ამასთან, კასატორი შუამდგომლობს, რომ მოწმის სახით დაიკითხოს მ. ც. (პ/ნ 01002-..., მის.: თბილისი, გ-ის მე-7 მ/რ, 1 კორპ.1, ბ.N83 და მ. პ-ი (პ/ნ 3-00103-0-0, მის.: რ-ი, ქ-ის ქ., 8 კორპ., ბ.N12).
სამოტივაციო ნაწილი:
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით.
31. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
32. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს გამოსყიდვის უფლებით ნაყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე კრედიტორის პირველადი მოთხოვნის საფუძვლიანობა [სსკ-ის 477-ე და 509-ე მუხლები] წარმოადგენს.
33. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ძირითადი მოტივაცია სარჩელის დაკმაყოფილების და მყიდველისათვის ნასყიდობის დარჩენილი საფასურის 25 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, ეყრდნობა ძირითადად მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობას [სსკ-ის მე-4, 102-ე და 429-ე მუხლები; იხ., ამ განჩინების პპ: 12-15]. გასაჩივრებული განჩინებით უარყოფილია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობა თანხის დარჩენილი ნაწილის (25000 აშშ დოლარი) გადახდის დასადასტრურებლად, სახელდობრ, უარყოფილია (ა) მოსარჩელეს, მ. ც-სა და მ. პ-ს შორის 2010 წლის 14 მაისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის შეწყვეტას და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას შორის იურიდიული კავშირი; აგრეთვე, უარყოფილია (ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 0-.0-.20--წ-ის (საქმე N2/3875-13) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებების პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველ საქმეში სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ (იხ., ამ განჩინების პპ: 15, 16).
34. განსახილველი საკასაციო პრეტენზიაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ წინამდებარე საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ერთიანობასა და მთლიანობაში არ შეაფასა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების დასადასტურებად წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ სსსკ-ის 102-ე და სსკ-ის 429-ე მუხლის იმგვარ განმარტებას, რომ აუცილებელია მოვალეს გააჩნდეს სსკ-ის 477-ე მუხლიდან წარმოშობილი ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის დასადასტურებლად „პირდაპირი“ მტკიცებულებები.
35. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეუფასებლობის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით [სსსკ-ის 105-ე, 407.1 და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 396-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი].
36. წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის დასაშვებობის (დასაბუთებულობის) შემოწმების უწინარესად, საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც განსახილველი საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში მნიშვნელობა აქვს და რომელთა მიმართ კასატორს შედავება არ წარმოუდგენია [407-ე მუხლის მე-2 ნაწილი].
დადგენილია, რომ 2010 წლის 14 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 33000 აშშ დოლარით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამ თვეში მოსარჩელეს უფლება ექნებოდა გამოესყიდა თავისი კუთვნილი ბინა. აღნიშნული ხელშეკრულებით მყიდველი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის ნასყიდობის ფასი სრულად გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების შემდეგ, ხოლო მოსარჩელე ვალდებული იყო მიეღო ნასყიდობის ფასი და სამი თვე ეცხოვრა ოჯახთან ერთად აღნიშნულ ბინაში. უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით. მოსარჩელეს/გამყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით არ უსარგებლია. აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8000 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში მხარეები არ დავობენ. მათ შორის სადავოა მხოლოდ ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის - 25 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც ეყრდნობა სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილებულია პირველ ინსტანციიის სასამართლოში და უცვლელადაა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
37. საკასაციო სასამართლოს მსჯელობაც, სწორედ სარჩელის წარმატებულობის მართლზომიერების შემოწმებას დაეთმობა, წარმოდგენილი საკასაციო პრტენზიის ფარგლებში და ყურადღება გამახვილდება ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნით მოპასუხის/კასატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე და შემოწმდება მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობა სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.
38. დადგენილადაა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს კიდევ ერთი ვადებულებითსამართლებრივი ურთიერთობა გააჩნდა მ. ც-სა და მ. პ-თან, კერძოდ, მათ შორის გაფორმებული იყო ,,სესხისა და იპოთეკის“ ხელშეკრულება (იხ., ამ განჩინების პ-2). ამ ხელშეკრულების გაუქმება და შესაბამისად ხელშეკრულებით განსაზღვრულ საგანზე ,,იპოთეკის შეწყვეტა“ განხორციელდა იმავე დღეს, როდესაც გამყიდველსა და მყიდველს შორის გაფორმდა სადავოდ ქცეული ნასყიდობა-გამოსყიდვის გარიგება უძრავ ნივთზე (იხ., ამ განჩინების პ-1).
39. კასატორის მოსაზრებით, გარკვეული კავშირი არსებობს ამ ორ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილ იურიდიულ შედეგებს შორის, რაც იმათაა გამყარებული, რომ ერთსა და იმავე დღეს, ერთი და იმავე ნოტარიუსთან, ერთსა და იმავე უძრავ ნივთზე ერთ შემთხვევაში, განხორციელდა ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დადება, ხოლო მეორე შემთხვევაში კი - იპოთეკის შეწყვეტა. აღნიშნულს კი, კასატორი იმით ახსნის, რომ მოსარჩელესა და მესამე პირებს შორის თავდაპირველად გაფორმებული იყო იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება (იხ., ამ განჩინების პ-2), რომლიდან წარმოშობილი ვალდებულების შესასასრულებლად დასჭირდა მოსარჩელეს იპოთეკის საგანზე გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. ( იხ.წინამდებარე განჩინების პ.19)
40. კასატორის უთითებს აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.06.2013წ-ის (საქმე N2/3875-13) გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ, კასატორი აღნიშნავს, რომ ამ დავაში მოპასუხე წარმოადგენდა მოსარჩელეს, რომელიც მოითხოვდა ბ. ფ-იას უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ნასყიდობის საგანი - იხ., ამ განჩინების პ-1) გამოთხოვას იმ საფუძვლით, რომ გამოსყიდვა-ნასყიდობის გარიგების საფუძველზე, თავად წარმოადგენდა სადავო ნივთის მესაკუთრეს, რეგისტრირებული იყო მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, ხოლო გამყიდველს გამოსყიდვისათვის დადგენილ 3 თვიან ვადაში რეალიზებული არ ჰქონდა გამოსყიდვის უფლება. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ გარემოებებს პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს განსახილველ საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებების მიმართ [სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტი], ვინაიდან დასახელებულ დავაში მოპასუხემ (განსახილველი დავის მოსარჩელემ), მის წინააღმდეგ აღძული სავინდიკაციო სარჩელისაგან თავადასაცავად კვალიფიციური შედავება არ წარადგინა, სახელდობრ, მას სრული საპროცესო შესაძლობლობა ჰქონდა მიეთითებინა მყიდველის/მესაკუთრის მიერ სსკ-ის 477-ე მუხლიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასურის სრულად გადაუხდელობაზე და ამგვარად სადავო გაეხადა ვალდებულების შესრულება, აღნიშნულის სანაცვლოდ იგი თავისი პოზიციის დასაცავად უთითებდა მხოლოდ ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის 3-თვიანი ვადის ზეპირი ფორმით გაგრძელებაზე, რაც ფორმადაუცველობის სამართლებრივი საფუძვლით იქნა უარყოფილი დასახელებული დავის ფარგლებში [იხ., თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.06.2013წ-ის (საქმე N2/3875-13) გადაწყვეტილების სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1].
41. ამასთან, კასატორი მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზეც, კერძოდ, აღმასრულებელსა და ბ. ფ-იას გასაუბრების ოქმებსა და ბ. ფ-იას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საქმეზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ბ. ფ-ია ითხოვდა აღსრულების პროცესის გარკვეული ვადით გადადებას. იგი, როგორც მოვალე აღნიშნავდა, რომ მასსა და კრდიტორს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი უძრავი ნივთის გამოსყიდვის ვადის გაგრძლების თაობაზე (იხ., ტ.2. ს.ფ. 102-104-ზე აღმასრულებლის მიერ შედგენილი და მხარეთა მიერ ხელმოწერილი ,,გასაუბრების შესახებ“ 20/08/2015წ.-ის, 30/09/2018წ.-ის, 12/09/2015წ.-ის ოქმები); აგრეთვე, კასატორი მიუთითებს, რომ აღსრულების პროცესში ბ. ფ-ია მიმართავდა სხვა თანამდებობის პირს განცხადებით, სადაც აღნიშნავდა, რომ ,,მას ასახელებენ იძულების წესით ბინიდან, იმის გამო, რომ ნ-მა წაართვეს ბიზნესი“ (ავოსამრეცხაო, ავტოზეთების მაღაზია, პურის საცხობი, მცირე სასადილო), რის გამოც ,,მან ვერ“ შესძლო ,,ქონების გამოსასყიდი თანხის მ. გ–ისათვის დროულად დაბრუნება“ და მას თანხის მოპასუხისათვის დროულად გადაუხდელობის გამო დაეკისრა ბინის დათმობა“ (იხ., ს.ფ. 105, ტ.2).
42. ზემოაღნიშნული საკასაციო პრეტენზიების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გაამახვილოს მტკიცებულებათა შეფასების მნიშვნელობაზე და ამ თვალსაზრისით განმარტოს სამოქალაქო პროცესში პრეზუმფციების მნიშვნელობა და ფაქტების პრეიუდიციულობა.
43. სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსსკ-ის 106-ე მუხლის განმარტების თაობაზე იხ., სუსგ №ას-827-791-2014, 13.11.2015; სუსგ №ას-58-56-2016, 26.02.2016წ.).
44. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს. „გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი“ (შდრ. სუსგ №ას-710-2011-09, 07.09.2009წ.). ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) [იხ. სუსგ №ას-827-791-2014, 13.11.2015წ.].
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), გამოტანილი იმავე მხარეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში), არამედ მატერიალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებსაც (გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს, რომელი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება).
46. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავაში მონაწილე მხარეების მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებულ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება იმ ფაქტს, რომელიც იურიდიულად ამართლებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას პრეიუდიციულად და ის უნდა იქნას შეყვანილი მტკიცების საგანში (იხ. სუსგ №ას-455-769-09, 03 დეკემბერი, 2009 წელი; სუსგ №ას-146-140-2012, 12 ივლისი, 2012 წელი; სუსგ №ას-74-68-2015, 27 თებერვალი, 2015წ.).
47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული კანონიერ შესული გადაწყვეტილებით [იხ., თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 06.06.2013წ.-ს მიღებული გადაწყვეტილება საქმე N2/3875-13-ზე] სადავო იყო მოპასუხის - გამყიდველის მფლობელობა უძრავი ნივთის (ნასყიდობის საგანი - იხ., ამ განჩინების პ-1) მიმართ და დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე იყო ნივთის მესაკუთრე და მოპასუხეს (გამყიდველს) არ გააჩნდა ნივთის ფლობის უფლება, რადგან გამოსყიდვის ვადაში არ ჰქონდა გამოსყიდვის უფლება რეალიზებული და გამოსყიდვის ვადა გასული იყო [სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლები]. წინამდებარე დავაში ამავე უძრავი ნივთის საფასურის სრულად გადახდაა სადავოდ ქცეული (იხ., ამ განჩინების პ -3) და უძრავი ნივთის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის მოთხოვნით აღძრული სარჩელის წარმატებულობა განაპირობებულია უმეტესად გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების (სსკ-ის 429-ე მუხლი] მყიდველის მიერ წარუდგენლობით. მაშასადამე, განსახილველი დავის საგანსა და კასატორს მიერ მითითებულ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამდგარ იურიდიულ შედეგს შორის არსებობს იმგვარი კავშირი, რაც არ უარყოფს მოცემულ საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების მიმართ პრეიუდიციის გავრცელების შესაძლებლობას.
48. ამასთანავე, სადავო ფაქტობრივი გარემოებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების საკითხის კვლევისას, აგრეთვე, ყურადღება უნდა მიექცეს პრეზუმფციის დანიშნულებასაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს რაა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში. ამა თუ იმ ფაქტის დამტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლება წარმოადგენს არა მიზეზს, არამედ ამ ტვირთის განაწილების შედეგს, ანუ პრეზუმფციების მეშვეობით კანონმდებელი ანაწილებს დამტკიცების ტვირთს მხარეთა შორის და მტკიცების ტვირთის გამოხატვის სხვა ფორმებს შორის, რომელსაც იცნობს მატერიალური სამართალი, პრეზუმფციები ყველაზე სრულყოფილი და პრაქტიკულად ხელმისაწვდომი ფორმაა (თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ. 230). თუ რომელი მხარისათვის უფრო ადვილია დაამტკიცოს ესა თუ ის ფაქტი, აგრეთვე რომელი ფაქტების დამტკიცების საფუძველზე წარმოიშობა ვარაუდი (პრეზუმფცია) გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის შესახებ, განსაზღვრულია კანონით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევებში კი, სასამართლო პრაქტიკით.
49. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს განმარტებების გათვალისწინებით, სწორად უნდა გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ყურადღება გაამახვილოს სადავო ფაქტების მიმართ სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეიუდიციის გავრცელების იურიდიულ შედეგზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები ისე, რომ არ დაირღვეს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.
50. სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. განსახილველი ნორმა ადგენს საკასაციო პრეტენზიის დასაშვებობა-დასაბუთებულობის სტანდარტს და საკასაციო სასამართლოსთვის წარმოშობს ვალდებულებას, საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს კასატორის საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობა (სსსკ-ის 404.1 მუხლი).
51. საკასაციო განაცხადის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, ნასყიდობის დარჩენილი საფასურის (25000 აშშ დოლარი) დაბრუნების მოთხოვნა - სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი [ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება], თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მყიდველს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) ნივთი საკუთრებაში და უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადახდილი გადაცემული ნივთის საფასური. სადავო არაა, რომ გამოსყიდვისათვის დადგენილ ვადაში, ნივთის გამყიდველს ნასყიდობის საგანი არ გამოუსყიდია, უფრო მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.06.2013წ-ის (საქმე N2/3875-13) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მყიდველის მოთხოვნით, გამყიდველი, როგორც უკანონო მფლობელი, გამოსახლებული იქნა სადავო ბინიდან. აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის ნასყიდობის ფასი სრულად გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების შემდეგ, ხოლო მოსარჩელე ვალდებული იყო მიეღო ნასყიდობის ფასი და სამი თვე ეცხოვრა ოჯახთან ერთად აღნიშნულ ბინაში. (იხ.წინამდებარე განჩინების პ.1).
52. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, საპელაციო სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
53. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მტკიცემულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროს მოსარჩელის უფლების არსებობის საკითხი.
54. დანარჩენი საკასაციო პრეტენზიები კი, რომლებიც მითითებულია ამ განჩინების პპ: 27-29-ში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
55. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობას შეეხება, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებათა ცალმხრივად და ორმხრივად კლასიფიცირება ხდება იმის მიხედვით, ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულება ეკისრება ორივე მხარეს, თუ იგი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს წარმოეშობა. პირველ შემთხვევაში სახეზეა ორმხრივმავალდებულებელი, ხოლო მეორე შემთხვევაში კი - ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება. (იხ., დამატებით: ლ.ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 1997, 319.) ორმხრივ ხელშეკრულებში თითოეულ მხარეს გააჩნია უფლებებიც და მოვალეობებიც, ე.ი. თითოეული მხარე კრედიტორიცაა და მოვალეც.
56. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ორმხრივ ხელშეკრულებებში შესასრულებელი ვალდებულებების ობიექტები ერთმანეთთან გარკვეულ ურთიერთკავშირში იმყოფებიან, რამეთუ ასეთი ხელშეკრულებების ეკონომიკური არსი მდგომარეობს მატერიალური სიკეთეების გაცვლაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ურთიერთკავშირს გამყიდველის შესრულების ნაწილსა (საქონლის გადაცემა) და მყიდველის შესრულების ნაწილს (ფასის გადახდა) შორის, რომელიც შემდეგნაირი შეიძლება იყოს: ა) საქონლის (ქონების) გადაცემა წინ უსწრებს ფასის გადახდას; ბ) ფასის მთლიანად ან ნაწილობრივ (ბე, ავანსი) გადახდა წინ უსწრებს საქონლის (ქონების) გადაცემას. კონტრაჰენტებიდან რომელმა უნდა შეასრულოს პირველმა ვალდებულება, თუ ხელშეკრულებით თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ არის? მიჩნევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჯერ გამყიდველმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება (გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და შემდეგ კი მყიდველმა უნდა გადაიხადოს ფასი ქონების გადაცემისთანავე. ასეთი მიდგომა განპირობებული იმით, თუ რა ინტერესია ჩადებული ქონების სამოქალაქო და სავაჭრო ბრუნვაში. ქონება, ფართო გაგებით, ფულისაგან განსხვავებით არ წარმოადგენს გაცვლის საყოველთაო საშუალებას. ქონების რეალიზაციისათვის საჭიროა მყიდველის მოძებნა. გამყიდველი კონკურენციის კანონების ძალით დაინტერესებულია იმით, რომ გაყიდოს თავისი საქონელი, ამიტომაც გამართლებულია, რომ მას დაეკისროს ორმხრივი ვალდებულების შესასრულებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა, ანუ მყიდველისათვის ქონების (საქონლის) გადაცემა.
57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. ეს მუხლი ადგენს შემხვედრი ვალდებულების შესრულების ზოგად წესს. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 9:201-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ მხარეს, რომელმაც უნდა შეასრულოს ვალდებულება მეორე მხარესთან ერთდროულად ან მის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ, უფლება აქვს შესრულება შეაჩეროს მანამ, სანამ მეორე მხარე არ შეასრულებს თავის ვალდებულებას ან არ შესთავაზებს შესრულებას. საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების პრინციპების (,,უნიდროას” პრინციპები) 6.1.4-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ ორმხრივ ვალდებულებით ურთიერთობებში, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია მხარეების მიერ ერთდროული შესრულება, მხარეებმა ვალდებულებები უნდა შეასრულონ ერთდროულად, თუკი გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივმავალდებულებელი ხელშეკრულება, რადგან ხელშეკრულების თითოეულ მხარეს (როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს) გააჩნიათ უფლება-მოვალეობები, ანუ ნასყიდობაში ადგილი აქვს მხარეთა შემხვედრი ვალდებულებების არსებობას: გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნივთისა და ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა. ეს ორი ვალდებულება ერთმანეთს განაპირობებს.
59. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით (მყიდველისათვის ნაყიდი ნივთისა და ამ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა) ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის დაწყებისათვის დაცული უნდა იქნეს სსკ-ის 130-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესები.
60. სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების პ-28), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ, მით უმეტეს, თუ ასეთი ღონისძიებით იზღუდება მოპასუხის უფლებამოსილება განკარგოს თავისი ქონება ან ფულადი სახსრები (ყადაღა), შეიძლება მოპასუხეს გარკვეული ზიანი მიაყენოს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზარალის (ზიანის) ანაზღაურების უზრუნველყოფა, ემსახურება მოპასუხის ინტერესს და წამოადგენს იმის გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, მოხდება მოპასუხის უფლების შეზღუდვით გამოწვეული ზარალის (ზიანის) ანაზღაურება (ბოელინგი ჰ.,/ ჭანტურია ლ., სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 142.).
61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე (იხ., სუს 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება №ას-114-107-2015). მაშასადამე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა.
62. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მოპასუხის ინტერესების დაცვის ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ სამართლებრივ საშუალებას: ა) მოსარჩელის მიერ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფით. აღნიშნული მოთხოვნის უფლება მოპასუხეს გააჩნია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა, სასამართლოს მიერ სარჩელის არდაკმაყოფილება (ან ჯერარაღძრული სარჩელის უზრუნველყოფისას, სარჩელის შეუტანლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც, უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა) და სარჩელის უზრუნველყოფით მოპასუხისათვის ზიანის მიყენება (რომლის არსებობაც და ოდენობაც უნდა ამტკიცოს მოპასუხემ). (ანალოგიურ დებულებას ითვალისწინებს გერმანიის საპროცესო კოდექსის 945-ე პარაგრაფიც). ბ) მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც იმაში გამოიხატება, რომ თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასეთ ვითარებას შეიძლება ვუწოდოთ საპასუხო უზრუნველყოფა, რომელიც უნდა განხორციელდეს სსსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილი წესით (ლილუაშვილი თ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 304). მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება მოპასუხის უფლებების დაცვას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: N2/6/746).
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტით უზრუნველყოფილია მოსარჩელის ინტერესების დაცვა, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებით კი - მოპასუხის ინტერესების დაცვა. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ამისათვის სასამართლო უნდა დარწმუნდეს ასეთი ზარალის წარმოშობის რეალურობაში.
64. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მომთხოვნმა მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინება საქმეზე: №ას-929-879-2015). აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მიდგომებია დამკვიდრებული უცხოური კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკით (http:// www. Justice.gov.uk/courts/procedure-rules/civil/rules/part25/pd_part25q#5.1; Energy Venture Partners Ltd v Malabu Oil and Gas Ltd (2014) EWCA Civ 1295 (09 October 2014); https:///www.gesetze-im-internet.de/zpo/, სექცია 537, 709, 945).
65. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ უზრუნველყოფის გარანტია არ ნიშნავს მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ავტომატურად ანაზღაურებას, არამედ გულისხმობს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით და დაამტკიცოს, როგორც ამგვარი ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა (ლილუაშვილი თ.,/ხრუსტალი ვ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა, თბ., 2007, 355).
66. საკასაციო პალატა დასკვნის სახით მიუთითებს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება წარმოადგენს მოპასუხის ინტერესების დაცვის მექანიზმს და მიმართულია იმისკენ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის უმართებულობის შემთხვევაში, სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი მოპასუხის უფლებები, რათა მას დაუსაბუთებლად არ მიადგეს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიების შედეგად ზიანი. მოპასუხე კი სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების გარანტიის გამოყენების საჭიროება, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორმა (მოპასუხე) ვერ უზრუნველყო, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი შუამდგომლობა მოსარჩელისათვის (მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ( ზიანის) უზრუნველყოფის შესახებ.
67. მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა კი, კასაციის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, სსსკ-ის 404-ე მუხლის საფუძველზე ასევე არ უნდა დაკამყოფილდეს (იხ.წინამდებარე განჩინების პ.29).
68. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები:
ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე