Facebook Twitter

№ას-23-23-2018 22 ივნისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ა.შ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.გ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ა.შ–მა (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) 2013 წლის 4 სექტემბერს შეადგინეს ვალის აღირების შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ აღიარა, რომ მოსარჩელისათვის გადასახდელი ჰქონდა 35 000 ლარი. ამავე ხელშეკრულებაში მოპასუხემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანხას მოსარჩელეს გადაუხდიდა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თავისუფალი გრაფიკით. შეთანხმება თანხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევისათვის ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.05%-ს.

2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია.

3. 2016 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხისათვის, 35 000 ლარის დაკისრებისა და ვალდებულების დარღვევიდან მის სრულ შესრულებამდე გადაუხდელი თანხის, 35 000 ლარის, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის დაკისრების მოთხოვნით.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მან ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, სრული თანხიდან დაფარა დავალიანება - 18 000 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ მან თანხის დიდი ნაწილი გადაიხადა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეს 35 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ;

1.2. მოპასუხეს დაეკისრა გადაუხდელი 35 000 ლარის ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 29 დეკემბრამდე (სარჩელის აღძვრამდე) მოსარჩელის სასარგებლოდ.

6. სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიკვლია და დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პირველ და მეორე პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316-ე, 317-ე, 341-ე, 327-ე, 361-ე, 427-ე, 429-ე, 430-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

6.1. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 4 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულების ფარგლებში მან გადაიხადა 18 000 ლარი, სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება და მის ინტერესშივე შედის აღნიშნული მტკიცებულების შექმნა, მხარეთა შორის შესაძლო დავის არსებობის პირობებში, თავის პოზიციის დასადასტურებლად, მით უფრო, როდესაც კანონმდებელი მოვალეს აძლევს იმის საშუალებას, რომ კრედიტორს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გადაცემა (სსკ-ის 429.1-ე და 430-ე მუხლები).

6.2. საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის საოქმო განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენება ვერ იქნება შეფასებული იმ მტკიცებულებად, რომლის მიხედვითაც ფულადი ვალდებულების შესრულება დადასტურდება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო ზეპირი ახსნა-განმარტება, რომელიც შედავებულია მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან, არ იყო საკმარისი ამ სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის.

6.3. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 341-ე მუხლის პირველ ნაწილზე (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულია ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, აუცილებელია წერილობითი აღიარება) და განმარტა, რომ ვალის არსებობის აღიარება ცალმხრივი აბსტრაქტული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვით, ერთი მხარე კისრულობს გარკვეულ შესრულებას მეორე მხარის სასარგებლოდ. საქმეში დაცული 2013 წლის 4 სექტემბერს შედგენილი ხელწერილი წარმოადგენს სსკ-ის 341-ე მუხლით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, მოპასუხემ იკისრა 35 000 ლარის გადახდის ვალდებულება. ამავე დოკუმენტით განსაზღვრული იყო ვალდებულების შესრულების პერიოდი, კერძოდ, მოპასუხეს ფულადი ვალდებულება 2013 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეესრულებინა. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, თანხის გადაუხდელობისა და გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მოვალეს, მევალის სასარგებლოდ, დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,05% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ან დავის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამასთან, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც, ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს მოსარჩელეს, გამოიყენოს მის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ამასთან, პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც ზრდით ხასიათდება, სასამართლოს, მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსების მიზნით, შეუძლია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა კრედიტორი უსაფუძვლოდ არ გამდიდრდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს პერიოდი სარჩელის აღძვრამდე, ანუ - 2016 წლის 29 დეკემბრამდე.

7. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებულ იქნა სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის საოქმო განჩინებაც, რომლითაც მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7.1. აპელანტის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, მათი მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასადასტურებლად წარადგინონ სადავო საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ შესაგებელში დაყენებული იყო შუამდგომლობა მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ თანხის გადახდის ფაქტს. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ 2017 წლის 5 ივნისის სხდომაზე საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე მსგავსი გარემოება არ შეიძლება, დადასტურებულიყო მოწმეთა ჩვენებით. აპელანტი მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარეს აძლევს უფლებას, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება მისი პოზიციის სისწორე, სასამართლო ვალდებულია, მხარეს მისცეს შესაძლებლობა, წარადგინოს მტკიცებულება და ამის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს შესაბამისი მტკიცებულება. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საერთოდ მოუსპო საშუალება, მოპასუხეს მის მიერ მოთხოვნილი მტკიცებულებით (მოწმის ჩვენება) დაეცვა შესაგებელი. ამასთან, დავა გამომდინარეობს არა სასესხო ურთიერთობიდან, არამედ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან. სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დადასტურდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის თანხის გადახდის ფაქტი, რაც გამოიწვევდა სრულიად სხვა გადაწყვეტილების მიღებას.

7.2. მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან რაოდენობა თითქმის უთანაბრდება ძირითად ვალებულებას, რადგან სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა 3 წლის პირგასამტეხლო.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალის თანხის ნაწილი მოპასუხის მიერ გადახდილია, დადასტურებული იქნებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ვალდებულების შესრულების დოკუმენტით. იმისათვის, რომ მოვალეს კონკრეტული ქმედება ჩაეთვალოს შესრულებად და ვალდებულება შეწყვეტილად, მას აკისრია ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი. პალატამ განმარტა, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენება ვერ შეფასდება იმ მტკიცებულებად, რომლის მიხედვითაც ფულადი ვალდებულების შესრულება იქნება დადასტურებული. მოწმის ჩვენებით არ შეიძლება, დადგინდეს დავის საგნის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინება უცვლელად უნდა დარჩენილიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად ვერ მიიჩნევა თანხის ნაწილის მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტი, ვინაიდან ასეთი გარემოების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ არის.

8.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე პალატამ დადაგენილად მიინია, რომ მხარეებს შორის არსებობდა 2013 წლის 4 სექტემბრის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0.05% - ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. აღნიშნულის გათვალისწინებით აღარ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, რადგან 0.05% არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ხოლო დარიცხვის პერიოდი უკვე შემცირებული იყო.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

9.1. კასატორმა სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1 – 7.2 პუნქტები).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოპასუხისათვის თანხის დაკისრება (ძირი თანხა და პირგასამტეხლო), სსკ-ის 341.1 (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებული იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ანარაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების დანაწესებიდან გამომდინარეობს.

15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან მათ საპირისპიროდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2). შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 04.09.2013 წლის ვალის აღიარების ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა მოსარჩელისათვის 35 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

16. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ მის მიერ ვალდებულება ნაწილობრივ იქნა შესრულებული, კერძოდ, სრული თანხიდან დაფარა დავალიანება, 18 000 ლარი, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა კი, მოუსპო საშუალება, მის მიერ მოთხოვნილი მტკიცებულებით (მოწმის ჩვენება) დაეცვა შესაგებელი.

17. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ ისაა, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც ისაა, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არ აქვს რაიმე საჭიროება, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ზემოაღნიშნული მოსაზრებით მოვალე აღჭურვილია უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა, აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მხოლოდ მოვალეს შეიძლება დაეკისროს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს (მაგ: ვალის მიღების შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი; გადარიცხვის ქვითარი; სალაროს შემოსავლის ორდერი). მოცემულ საქმეში, მოპასუხემ/კრედიტორმა ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო. მან ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება სადავოდ ქცეული 18 000 ლარის ნაწილში ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. მხოლოდ მოწმის ჩვენება ვერ შეფასდება ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება (შდრ: სუსგ. #ას-635-602-2014, 25.05.2015წ; #ას-426-403-2014, 09.10.2015წ).

18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე და განმარტავს შემდეგს: პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, „მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს და გამოიყენეს სსკ-ის 420-ე მუხლი, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი არ არსებობს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (წლიური 18%) არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირებულია დარიცხვის პერიოდი.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-1203-1123-2017, 22.12.2017წ).

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რაკი კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ა.შ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 708.1 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 22.01.2018), 70% – 1 895,67 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი