Facebook Twitter

№ას-470-470-2018 30 ივლისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „დ.ს.კ.ი–ო“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე) – შპს „მ.პ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ დაზღვეული ტვირთის ღირებულების ანაზღაურება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გაჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „მ.პ–“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან დამზღვევი) საერთაშორისო ექსპედიტორული კომპანიაა, რომლის საქმიანობის სფეროა საერთაშორისო საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვების ორგანიზება. კომპანიამ 2014 წლის 18 ნოემბერს სს „დ.ს.კ.ი–თან“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) დადებული ხელშეკრულებით დააზღვია კომპანიის მიერ გადასაზიდი და შპს „I. T. A.“ (შემდეგში - შემკვეთი) კუთვნილი ტვირთი (მანქანის აკუმულატორები), რომლის გადაზიდვის ვალდებულებაც მოსარჩელემ იკისრა შემკვეთთან 2014 წლის 13 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ტვირთი იზღვეოდა ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის დაზღვევის პირობების შესაბამისად (იხ. დაზღვევისა და ტვირთის საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულებები ტ.1. ს.ფ.19-43).

2. 2014 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა ტვირთის გადაზიდვის განაცხადი მოსარჩელესა და შემკვეთს შორის. გადამზიდ სუბიექტად განისაზღვრა მოსარჩელე, შემკვეთად შპს „I. T. A.“, ტვირთის დასახელება-მანქანის აკუმულატორები. მოსარჩელემ, როგორც გადამზიდველმა, მოპასუხესთან დააზღვია შემკვეთის კუთვნილი ტვირთი, რომლის გადაზიდვის ვალდებულებაც მოსარჩელემ იკისრა შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან, თავის მხრივ, მოსარჩელემ კონკრეტული გადაზიდვა დაავალა შპს „S.G.“ (შემდეგში - გადამზიდველი) კერძოდ: გადაზიდვის მიმართულება: ჩეხეთი, ზაკუპი-თბილისი, საქართველო; დატვირთვის თარიღი - 18.11. 2014; გადაზიდვის ვადა 10-12 დღე; გადაზიდვის ღირებულება 4550 ევრო; მძღოლის მონაცემები - კონსტანტინე დუნარიანუ პოპოი (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 41-43).

3. გადასაზიდი ტვირთის ღირებულება შეადგენდა 67 639,92 ევროს. ტვირთი უნდა გადაეზიდათ ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, გადაზიდვა დაიწყო 2014 წლის 18 ნოემბერს, ტვირთი დანიშნულების ადგილას - საქართველოში უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2014 წლის 30 ნოემბრისა.

4. გადამზიდველმა მის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ტვირთის ტრანსპორტირება ხელშეკრულების საფუძველზე დაავალა შპს „M.U.”.

5. ტვირთის დაზღვევის პოლისი გაიცა 2014 წლის 19 ნოემბერს. პოლისის პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: დამზღვევი - მოსარჩელე, ტვირთის დასახელება - მანქანის აკუმულატორები, გადაზიდვის სახეობა-სახმელეთო, გადაზიდვის მარშრუტი-ჩეხეთი-თბილისი, ჯამური სადაზღვევო თანხა - 71 839,92 ევრო. უპირობო ფრანშიზა-სადაზღვევო თანხის 10%, დაზღვევის პერიოდი - 19.11.2014 - 18.01.2015 წ. სადაზღვევო პრემიის გადახდა ერთჯერადად და არაუგვიანეს 2014 წლის 19 ნოემბრისა (იხ. დაზღვევის პოლისი ტ.1. ს.ფ. 39).

6. მოსარჩელემ სადაზღვევო პრემია 2014 წლის 20 ნოემბერს გადაიხადა.

7. საქმეში წარმოდგენილია შეკვეთის წერილი, სადაც მითითებულია, რომ 2014 წლის 18 ნოემბრის ინვოისის თანახმად, გადამზიდველის მიერ, ჩეხეთის რესპუბლიკაში, კერძოდ კი, ქალაქ ზაკუპიში მდებარე „Johnson Controls Autobaterie Prodej-ის“ საწყობიდან, ავტომანქანაში ჩაიტვირთა აკუმულატორის ბატარეები. ევროპული საბაჟოს ელექტრონული სისტემის მიხედვით საექსპორტო დეკლარაცია არ გამოცემულა და დატვირთვიდან 14 დღის განმავლობაში ტვირთს ევროკავშირის საზღვრები არ გადაუკვეთია.

8. ტვირთი არ ჩამოსულა დანიშნულების ადგილას - საქართველოში, ტვირთი დაიკარგა.

9. შემკვეთის წარმომადგენელმა ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღის პოლიციის განყოფილებაში 2014 წლის 22 დეკემბერს განაცხადა ტვირთის დაკარგვის შესახებ.

10. ჩეხეთის რესპუბლიკის პრაღის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში 2015 წლის 2 მარტს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 2014 წლის 18 ნოემბრიდან 2014 წლის 22 დეკემბრამდე თაღლითობის ჩადენის ფაქტზე.

11. მოსარჩელემ 2014 წლის 26 ნოემბერს მიაწოდა სადაზღვევო კომპანიას ინფორმაცია ტვირთის დაკარგვის შესახებ.

12. მოპასუხემ 2015 წლის 27 თებერვლის წერილით მოსარჩელეს უარი აცნობა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა, სადაზღვევო შემთხვევა. ამავე დროს, არ იყო გამორიცხული სადაზღვევო პირობების შესაბამისად განსაზღვრული გამონაკლისების არსებობა.

13. მოსარჩელემ 2015 წლის 17 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის მიმართ დაზღვეული ტვირთის ღირებულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

14. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ 2014 წლის 18 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ზოგადი ხასიათის „დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულება, მოსარჩელემ ტვირთის დაზღვევის შესახებ განაცხადით მხოლოდ 19 ნოემბერს მიმართა, რის შედეგად იმავე დღეს მხარეთა შორის დაიდო ტვირთის დაზღვევის ხელშეკრულება, ხოლო სადაზღვევო პრემია 20 ნოემბერს გადაიხადა, დაზღვევა ამოქმედდა 2014 წლის 21 ნოემბრიდან, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევაც სწორედ მითითებული დროიდან იკვეთებოდა. ტვირთი დაიკარგა 2014 წლის 18 ნოემბერს, როდესაც დაზღვევის ხელშეკრულება დადებულიც არ იყო. ამასთან, მოსარჩელესა და გადამზიდველს შორის ტვირთის გადაზიდვის თაობაზე დადებული ხელშეკრულება (13.11.2014წ) წინ უსწრებდა მოსარჩელესა და უშუალოდ ტვირთის მესაკუთრეს შორის კონკრეტული შეკვეთის გაფორმებას (12.11. 2014წ), შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებები საეჭვოა.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 60 455,93 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 799.1, 866.1, 816-ე, 689.1, 394-ე, 404-ე, 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლები.

15.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან, ტვირთის გადაზიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულება წინ უსწრებდა მოსარჩელესა და უშუალოდ ტვირთის მესაკუთრეს შორის კონკრეტული შეკვეთის გაფორმებას, ამიტომ ხელშეკრულებები საეჭვო იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხს უარყოფითად ვერ გადაწყვეტდა მხოლოდ მათი დადების თარიღები. მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, გაეფორმებინა ხელშეკრულება გადამზიდველთან, მაშინ, როდესაც შემკვეთთან მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტული შეკვეთა ჯერ კიდევ გაფორმებული არ იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებები სამეწარმეო საქმიანობის სფეროში არსებული ურთიერთობებისა და მათ შორის სახელშეკრულებო რისკებისათვის დამახასიათებელი იყო.

15.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ დაზღვევა დაიწყო 2014 წლის 19 ნოემბრის ოცდაოთხ საათზე, ანუ 20 ნოემბრის 00:00 საათიდან, სადაზღვევო შესატანი გადახდილია 2014 წლის 20 ნოემბერს და, შესაბამისად, მზღვეველი უკვე 20 ნოემბრიდან პასუხისმგებელი იყო სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე ვალდებულებებზე. ტვირთის დაზღვევის პოლისში სადაზღვევო პერიოდად განისაზღვრა პერიოდი - 2014 წლის 19 ნოემბრიდან 2015 წლის 18 იანვრამდე.

15.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული ტვირთის დაზღვევის პირობების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად განიხილებოდა - ფაქტობრივი შემთხვევა, როდესაც, წინამდებარე პირობების თანახმად, გათვალისწინებულია მზღვეველის მიერ მოსარგებლისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია დაზღვევით მოცემულ პერიოდში შემთხვევის არსებობა. ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ შემთხვევის დროდ არ უნდა იქნეს მიჩნეული 2014 წლის 18 ნოემბერი, როდესაც შპს „M.U.-ის“ მძღოლმა დატვირთა და გაიტანა ტვირთი საწყობიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ტვირთი დაკარგულად და შესაბამისად, 2014 წლის 18 ნოემბერს შემთხვევა დამდგარად ჩაითვლებოდა, თუკი შპს „M.U-ი“ არამართლზომიერად დაეუფლებოდა გადასაზიდ ტვირთს. შპს „M.U-მა“ 18 ნოემბერს ტვირთი მართლზომიერად მიიღო, მასთან დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, 2014 წლის 18 ნოემბერს იგი მიჩნეულ იქნა ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილ პირად, იმის მიუხედავად, სამომავლოდ რომ დადასტურდეს კიდეც შპს „M.U-ის“ უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სადაზღვევო შემთხვევის დროის განსაზღვრისთვის სასამართლომ იხელმძღვანელა ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმად, ტვირთი დანიშნულების ადგილას უნდა ჩამოსულიყო 10-12 დღეში, ანუ არაუგვიანეს 2014 წლის 30 ნოემბრისა. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუკი მოსარჩელე ან/და მასთან დაკავშირებული პირები (გადამზიდველი, შემკვეთი) არ გაუწევდნენ ზედამხედველობას ტვირთის მოძრაობის მარშრუტს, ტვირთის დაკარგულად მიჩნევის ვარაუდი წარმოიშვებოდა არა 2014 წლის 22-24 ნოემბრიდან არამედ 2014 წლის 30 ნოემბრიდან.

15.4. სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს უნდა გადაწყდეს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად. დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ტვირთის დაკარგვისას ზიანი ტოლი იქნებოდა ტვირთის რეალური ღირებულებისა დაზღვევის პოლისის გაცემის მომენტისათვის. როგორც საქმის მასალებით დადგენილია, ტვირთის ღირებულება შეადგენდა 67 639, 92 ევროს. დაზღვევის პირობების თანახმად, არ ანაზღაურდებოდა ფრანშიზა, რომლის რაოდენობაც განისაზღვრებოდა შესაბამისი დაზღვევის პოლისით. შეთანხმებული პირობების თანახმად, უპირობო ფრანშიზად განისაზღვრებოდა - სადაზღვევო შემთხვევისას ზიანის ის ნაწილი, რომელსაც მზღვეველი არ აანაზღაურებდა, თუ ზიანი იქნებოდა ფრანშიზაზე მეტი, მზღვეველი გადაიხდიდა სხვაობას სრულ ზიანსა და ფრანშიზას შორის (თუ ზიანი სადაზღვევო თანხას არ აღემატება). მოცემულ შემთხვევაში, პოლისით განსაზღვრულ იქნა უპირობო ფრანშიზა, ტვირთის სრული განადგურების შემთხვევაში, სადაზღვევო თანხის, 71839,92 ევროს, 10%, ანუ ფრანშიზა თანხობრივად შეადგენდა - 7183,99 ევროს, ხოლო ასანაზღაურებელი თანხა ფრანშიზას გამოკლებით - 60 455,93 ევროს (67 639, 92-7183,99). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულად იქნა მიჩნეული მხოლოდ 60 455,93 ევროს ნაწილში.

15.5. თანხის გადახდის დაყოვნების გამო ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

16. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ ტვირთი სადაზვევო პერიოდში დაიკარგა და შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ ტვირთი გადამზიდველს ჩაჰბარდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე, რომელმაც ის მიითვისა. შესაბამისად, ტვირთი სადაზვევო პერიოდში არ დაკარგულა, რადგან მზღვეველმა სადაზღვევო პრემია გადაიხადა მხოლოდ 20 ნოემბერს და დამზღვევის პასუხისმგებლობა წარმოიშვა მომდევნო დღიდან, ხოლო ტვირთი დაიკარგა 18 ნოემბერს.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

17.1. სააპელაციო პალატა დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების პერიოდი მზღვეველს განესაზღვრა 2014 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

17.2 პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 1.7. პუნქტით განისაზღვრა, რეალური, ფაქტობრივი სადაზღვევო შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულების პირობების თანახმად, გათვალისწინებულია მზღვეველის მიერ მოსარგებლისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა, მაგალითად, ტვირთის დაკარგვა, დაზიანება და სხვა. დადგენილია, რომ ტვირთის გადაზიდვა ხდებოდა ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში და დანიშნულების ადგილას უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2014 წლის 30 ნოემბრისა. გადაზიდვა დაიწყო 2014 წლის 18 ნოემბერს და 30 ნოემბერს ტვირთი საქართველოში არ ჩამოსულა, დაიკარგა, რის შესახებ ეცნობა სადაზღვევო კომპანიას.

17.3. სააპელაციო პალატამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსგავსად არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ ტვირთი დაიკარგა 2014 წლის 18 ნოემბერს, როდესაც ის დაიტვირთა კონტრაქტორი კომპანიის სატვირთო ავტომობილში, რადგან სწორედ ამ ავტომობილის მძღოლი იყო ტვირთის ბოლო მფლობელი, რომელთანაც კავშირი შეწყდა 2014 წლის 22 ნოემბერს. ეს დასკვნა აპელანტმა გამოიტანა ტვირთის დაკარგვასთან დაკავშირებით ჩეხეთის რესპუბლიკის პრაღის პოლიციაში თაღლითობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ, პირველ რიგში, აღინიშნა, რომ გამოძიების დაწყება თაღლითობის ბრალდებით, დაუდგენელი პირების მიმართ, ჯერ კიდევ არ ადასტურებს, რომ იკვეთებოდა სწორედ თაღლითობის ფაქტი და ტვირთი არ დაკარგულა ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის თუ სხვა დანაშაულის ჩადენის შედეგად და 2014 წლის 18 ნოემბერს, ტვირთის მიღებისთანავე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი მას დაეუფლა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ მონაცემებს არ შეიცავს პრაღის პოლიციიდან მიღებული მასალები. ამასთან, დადასტურებულია, რომ უფლებამოსილი მძღოლი 18 ნოემბერს ტვირთს დაეუფლა მართლზომიერად, მასთან დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მძღოლსა და მის კომპანიასთან კონტაქტი შეწყდა 2014 წლის 22 ნოემბერს, რასაც ადასტურებს ფაქტების კონსტატაციის მასალებიც. ამდენად, საქმის მასალები არ ქმნიდა დასკვნის საფუძველს, რომ მძღოლი, მიღებისთანავე ტვირთს დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სადაზღვევო შემთხვევის თარიღად, პირველ რიგში, მართებულად იქნა მიჩნეული 2014 წლის 22 ნოემბერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე ან/და მასთან დაკავშირებული პირები არ გაუწევდნენ ზედამხედველობას ტვირთის მოძრაობის მარშრუტს, ტვირთის დაკარგულად მიჩნევის ვარაუდი წარმოიშვებოდა ხელშეკრულების შესაბამისად, 2014 წლის 30 ნოემბრიდან, როდესაც ტვირთი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და არ ჩამოსულა. ამდენად, როგორც ერთ, ისე მეორე თარიღს მოიცავს სადაზღვევო პერიოდი, ანუ, ზიანის ანაზღაურების საფუძველია სადაზღვევო პერიოდში დაფიქსირებული სადაზღვევო შემთხვევა.

17.4. პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით, ტვირთი დაზღვეულია „ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის დაზღვევის პირობების“ შესაბამისად (ხელშეკრულების 2.3. პუნქტი), ტვირთის დაზღვევის პირობების 11.2. პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია, სადაზღვევო ინტერესის არსებობის შემთხვევაში აანაზღაუროს ხელშეკრულების დადებამდე წარმოშობილი ზიანი, თუ დამზღვევმა არ იცოდა ამ ზიანის არსებობის შესახებ, ანუ სადაზღვევო კომპანია იმ შემთხვევაშიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგა ხელშეკრულების გაფორმებამდე და სადაზღვევო პოლისის შესაბამისად სადაზღვევო პრემიის გადახდამდე, თუ დამზღვევისთვის უცნობი იყო სადაზღვევო შემთხვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დამზღვევის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და არც სადაზღვევო კომპანიას არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დამზღვევისთვის ცნობილი იყო ტვირთის დაკარგვის შესახებ, მაშინ, როდესაც სწორედ სადაზღვევო კომპანიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა აღნიშნული გარემოება.

17.5 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ „ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის დაზღვევის პირობების“ დებულებათა გამოყენება, მოცემულ შემთხვევაში, დაუშვებელი იყო, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა მზღვეველის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მხოლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდის შემდეგ მიღებული ზიანისათვის. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წესების გარდა მხარეებმა გაითვალისწინეს ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის რეგულაციებიც ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების შესახებ, ანუ, თუ სადაზღვევო პერიოდში მიღებულ ზიანთან დაკავშირებით მხარეთა შორის ურთიერთობები გვარდება საქართველოს კანონმდებლობითა და მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების დადებამდე წარმოშობილ ზიანთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა რაიმე რეგულაციებს არ ითვალისწინებს. სწორედ ამ საკითხთან მიმართებით, მხარეებმა შეთანხმებით გაითვალისწინეს „ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის დაზღვევის პირობები“, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პირობები შეთავაზებულ იქნა მზღვეველის მიერ, რასაც დაეთანხმა დამზღვევი. ამდენად, სადაზღვევო შემთხვევის თარიღად 2014 წლის 18 ნოემბრის მიჩნევის შემთხვევაშიც, მზღვეველი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი.

17.6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დამზღვევმა მზღვეველს სრულად წარუდგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, თუმცა სადაზღვევო კომპანიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ იკვეთებოდა და უარი უთხრა ზიანის ანაზღაურებაზე, მაშინ, როდესაც წარდგენილი მასალებით დადასტურებული იყო სადაზღვევო შემთხვევა და ადგილი არ ჰქონია საგამონაკლისო შემთხვევებს, რაც გამორიცხავდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

17.7. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე სწორად განისაზღვრა ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა, კერძოდ, ხელშეკრულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ტვირთის დაკარგვისას ზიანი ტოლია ტვირთის რეალური ღირებულებისა დაზღვევის პოლისის გაცემის მომენტისათვის. ამასთან, ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა ფრანშიზა, რომლის ოდენობა განისაზღვრებოდა დაზღვევის პოლისით. დადგენილია, რომ ტვირთის ღირებულება შეადგენდა 67 639,92 ევროს, ხოლო დაზღვევის პოლისით ფრანშიზა განისაზღვრა სადაზღვევო თანხის (71 839,92 ევრო) 10%-ით, რამაც შეადგინა - 71 83,99 ევრო, შესაბამისად, ასანაზღაურებელი თანხა მართებულად განისაზღვრა 60 455,93 ევროს ოდენობით.

18. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:

18.1. კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის ტვირთის დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 19 ნოემბერს, ოცდაოთხ საათზე (20 ნოემბერი, 00:00 საათი), იმავდროულად მოპასუხე თავისუფლდებოდა ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან 2014 წლის 21 ნოემბრამდე. თვით მოსარჩელის განცხადებით, გადაზიდვის ხელშეკრულება გააფორმა 2014 წლის 13 ნოემბერს, ამასთან, ტვირთი ჩეხეთში მიღებულია 2014 წლის 18 ნოემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ იმავე დღეს დატვირთულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ დატოვა ტვირთის მიმწოდებლის ტერიტორია. 2014 წლის 18 ნოემბერს სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე ტვირთი გადავიდა უშუალოდ იმ პირის მფლობელობაში, რომელზეც აპელირებდა თვით მხარე, როგორც ტვირთის ბოლო მფლობელზე. მხარე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დადებული მოვლენა წარმოიშვა სადაზღვევო პერიოდში.

18.2. სასამართლომ დაადგინა მხარეთა შორის ისეთი შეთანხმების არსებობა, რომლის საფუძველზე მზღვეველს ეკისრება იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშვა დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებამდე და პრემიის გადახდამდე. ეს ფაქტი სასამართლომ არასწორად დაადგინა, ვინაიდან მხარეთა შორის ასეთი ხელშეკრულება არ დადებულა, მოქმედი კანონმდებლობა კი, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებამდე და პრემიის გადახდამდე დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

22. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს (სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება), სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს.

23. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

24. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ, რაკი სადაზღვევო შემთხვევა დაზღვევის ძალაში შესვლამდე დადგა, მას არ ეკისრება სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას არ იზიარებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს როგორც დაზღვევის ძალაში შესვლის, ასევე - სადაზღვევო შემთხვევის დროსთან დაკავშირებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაზღვევა ძალაში შევიდა 2014 წლის 20 ნოემბერს, ხოლო სადაზღვევო შემთხვევა დადგა 2014 წლის 22 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი). დასაბუთებულ პრეტენზიად ვერ მიიჩნევა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა 2014 წლის 18 ნოემბერს, როდესაც დაზღვეული ტვირთი ჩაიბარა გადამზიდავმა. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ კასატორის მიერ მითითებული გადამზიდავი წარმოადგენდა ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, ის ფაქტი კი, რომ ეს უკანასკნელი სწორედ 2014 წლის 18 ნოემბერს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მისთვის გადაცემულ ტვირთს, არ დასტურდება საქმის მასალებით, მათ შორის - არც ჩეხეთის რესპუბლიკის პრაღის პოლიციის მიერ გაცემული ცნობით.

25. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზიაც იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა „ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის ტვირთის დაზღვევის პირობებით“, რაკი მის გამოყენებაზე მხარეები არ შეთანხმებულან. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზემოხსენებული პირობებით დადგენილი წესი სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა, როგორც სარჩელის დაკმაყოფილების დამატებითი საფუძველი. შესაბამისად, „ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის ტვირთის დაზღვევის პირობების“ გამოყენება არასწორიც რომ იყოს, იგი გავლენას ვერ მოახდენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სსკ-ის 799-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის (სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების) განმაპირობებელი წინაპირობები (წინამძღვრები). ამასთან, ზემოხსენებული ლონდონის მზღვეველთა დაზღვევის პირობების არასწორად გამოყენების თაობაზე კასატორის პერეტენზია ძირითადად იმას ეფუძნება, რომ ამ პირობების გამოყენება არ იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის დადებულ 18.11.2014 წლის დაზღვევის ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ტვირთების დაზღვევის პირობები (დაზღვევის ხელშეკრულების 1.3. და 9.6. პუნქტები). აღსანიშნავია, რომ ეს პირობები შეადგინა თავად მოპასუხემ, რომელმაც შესთავაზა მოსარჩელეს, ეს უკანასკნელი კი, მას დაეთანხმა. დაზღვევის პირობების 1.1. და 2.3. პუნქტების მიხედვით, ტვირთები იზღვევა „ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის ტვირთის დაზღვევის პირობების“ შესაბამისად (Institute GargoClauses), რომელსაც უპირატესობა ენიჭება მზღვეველის ტვირთების დაზღვევის პირობებთან მიმართებით. ამდენად, ფაქტია, რომ ზემოხსენებული პირობები მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

29. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის, საგადახდო დავალება #2416, გადახდის თარიღი 28.03.2018), 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „დ.ს.კ.ი–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „დ.ს.კ.ი–ოს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის, საგადახდო დავალება #2416, გადახდის თარიღი 28.03.2018), 70% – 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი