Facebook Twitter

№ას-1141-1097-2016 30 ივნისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – შპს „ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ჯ.ე.ე.ლ“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ილ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი), 2015 წლის 2 ოქტომბერს, სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯი-ეფ-ელ ლტდ-ს“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემძენი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოსარჩელის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელისგან შეიძინა 1 207 531.90 ლარის ფარმაცევტული საქონელი და გადაუხადა მხოლოდ თანხის ნაწილი, კერძოდ, 865 159 ლარი, ასანაზღაურებელი დარჩა 591 432 ლარი.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, კერძოდ, განმარტა, რომ მან სრულად გადაიხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება, უფრო მეტიც, წინსწრებით გადაიხადა მომავალში მისაწოდებელი საქონლის ღირებულებაც, რომელიც დღემდე არ მიუღია. მოპასუხის მოსაზრებით, შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის ფაქტი დასტურდებოდა მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2012 წლის 3 ნოემბრის შედარების აქტით.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 591 432 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე მუხლები. სასამართლომ მოპასუხის მიერ წარდგენილი 2012 წლის 3 ნოემბრის შედარების აქტი არ მიიჩნია იმის მტკიცებულებად, რომ მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულა.

5. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. მისი განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2012 წლის 3 ნოემბრის შედარების აქტით და, შესაბამისად, არასწორად დაადგინა, რომ მას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეუსრულებია.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ფარმაცევტული საქონლის ნასყიდობის თაობაზე;

7.2. 2012 წლის 30 აგვისტოდან 2012 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, მოპასუხემ მოსარჩელისგან შეიძინა 1 290 153.90 ლარის საქონელი, ხოლო 2012 წლის 20 ნოემბრიდან იმავე წლის 17 დეკემბრის ჩათვლით - 166 438.00 ლარის საქონელი.

7.3. 2012 წლის 3 ნოემბერს მხარეებმა შეადგინეს შედარების აქტი, რომელშიც მიუთითეს, რომ 2012 წლის 3 ნოემბრის მონაცემით მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

7.4. 2012 წლის 20 ნოემბრიდან იმავე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მოპასუხემ მოსარჩელეს გადაურიცხა 330 124 ლარი.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2012 წლის 3 ნოემბრის აქტზე და აღნიშნა, რომ იგი ხელმოწერილია მხარეების/იურიდიული პირების დირექტორების ანუ საწარმოთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მიერ. სააპელაციო პალატამ შეაფასა რა მითითებული აქტი, მიიჩნია, რომ ამ აქტით დასტურდებოდა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ 2012 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით მას არ გააჩნდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ანუ გადახდილი ჰქონდა შეძენილი საქონლის ღირებულება. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ შეასრულა სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლებით დადგენილი ვალდებულება, სასამართლოს წარუდგინა მის მის მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მოსარჩელემ კი, რომელიც არ შედავებია ზემოხსენებული აქტის ნამდვილობას, ვერ გააქარწყლა ამ მტკიცებულებით დადგენილი გარემოება. მისი პრეტენზია შედარების აქტის მიმართ მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ეს აქტი მხარეთა შორის არსებული სხვა ურთიერთობიდან წარმოშობილ დავალიანებას ეხებოდა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მოსარჩელეს შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენია. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მითითებული შედარების აქტი სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არ იკვეთებოდა ასევე დავალიანების არსებობა 2012 წლის 3 ნოემბრის შემდეგ მიწოდებულ საქონელზე, ვინაიდან თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ ამ პერიოდში მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა სრულად ფარავდა მიწოდებული საქონლის ღირებულებას.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარადგინა შემდეგი დასაბუთებით:

9.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ვალდებულების შესრულება 2012 წლის 3 ნოემბრის შედარების აქტის საფუძველზე. მას არ გამოუკვლევია რომელი ვალის არარსებობაზე შედგა ეს აქტი, ამასთან, მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელესთან სხვა სახის სამართალურთიერთობის არსებობა, რის გამოც უსაფუძვლოა ამ აქტის სადავო ურთიერთობაზე გავრცელება.

9.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერ წარდგენილი ანგარიშფაქტურები, საბუღალტრო დოკუმენტაცია და სასაქონლო ზედნადებები.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12.2. მოსარჩელის მოთხოვნა (ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული საქონლის ღირებულების გადახდა) ეფუძნება სსკ-ის 477-ე მუხლს (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება). ამ ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიაწოდა მყიდველს, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ნასყიდობის ფასი არ გადაუხდია.

12.3. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ 1 207 531.90 ლარის ღირებულების ფარმაცევტული საქონელი მიაწოდა მოპასუხეს, რომელმაც გადაიხადა თანხის ნაწილი - 865 159 ლარი, ხოლო ასანაზღაურებელი დარჩა 591432 ლარი. მოპასუხეს საქონლის მიღება სადავოდ არ გაუხდია, თუმცა განმარტა, რომ მან შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - შეძენილი საქონლის ღირებულება გადაუხადა მოსარჩელეს. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 102.1 (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) და 103.1 (მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები) მუხლების მიხედვით, მოპასუხეს ეკისრებოდა. ამ უკანასკნელმა, მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად, სასამართლოს წარუდგინა მხარეთა მიერ შედგენილი და ხელმოწერილი აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. საკასაციო პალატა ეთანხმება ხსენებული აქტის სააპელაციო სასამართლოსეულ შეფასებას და მიაჩნია, რომ ამ დოკუმენტით დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულება, რაც, სსკ-ის 427-ე მუხლის (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება) მიხედვით, ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია.

12.4. კასატორის პრეტენზია შედარების აქტის მიმართ ისაა, რომ მხარეთა შორის არსებული სხვა ურთიერთობიდან წარმოშობილ დავალიანებას უკავშირდება, ამიტომ მისი გამოყენება სადავო ურთიერთობის მიმართ არასწორია. კასატორის ამ მოსაზრებას, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ შესრულების მიზნობრიობის/დანიშნულების განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს. მხარეებს შორის შეიძლება, რამდენიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდეს, რომელთა საფუძველზედაც მოვალეს რამდენიმე ფულადი ვალდებულება წარმოეშვას. შესაბამისად, თუ შესრულებისას მოვალის მიერ მითითებული არ არის ან გარემოებებიდან არ ირკვევა, რომ მოვალე აღნიშნულ ქმედებას კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობების მიზნებისათვის ასრულებს, მაშინ მოვალეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, თუ რომელი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი რომელი ფულადი ვალდებულების შესრულებით შეწყდა შესაბამისი ვალდებულება. როგორც წესი, მოვალეს აკისრია მტკიცების ტვირთი, რათა ამტკიცოს, რომ მისი ქმედება უტოლდება შესრულებას, რომლითაც წყდება ვალდებულება, თუმცა, თუ კრედიტორი მოვალის ქმედებას მიიღებს, როგორც შესრულებას, მაშინ ამ მიღების შემდეგ მტკიცების ტვირთი უკვე გადადის კრედიტორზე. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, უკვე კრედიტორმა უნდა ამტკიცოს, რომ ვალდებულება არასრულად, არაჯეროვნად არის შესრულებული ან, შეთანხმებული ვალდებულების ნაცვლად სხვა სახის ვალდებულება შეასრულა მოვალემ, რაც, მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორს არ განუხორციელებია. ამ ვითარებაში, სსსკ-ის 102.1 მუხლის საფუძველზე, იმის მითითებისა და მტკიცების ტვირთი, რომ, გარდა სადავო ურთიერთობისა, მხარეთა შორის სხვა სამართლებრივი ურთიერთობაც არსებობდა და შედარების აქტი, სწორედ, ამ ურთიერთობის მიმდინარეობას ასახავდა, ეკისრებოდა მოსარჩელეს. მას ამგვარ ფაქტებზე, დამაჯერებლად არ მიუთითებია და მათი არსებობა არ დაუმტკიცებია.

12.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობასაც იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებული აქტი არ უნდა მივიჩნიოთ სსკ-ის 430-ე მუხლით გათვალისწინებულ შესრულების მიღების დოკუმენტად (კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს), ვინაიდან იგი არაა შედგენილი ამ მუხლით დადგენილი წესით. პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტი შეიცავს მხარეთა (კრედიტორისა და მოვალის) მონაცემებს და ხელმოწერილია მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. ამასთან, მართალია, მასში პირდაპირ არაა მითითებული ვალის მოცულობა და სახეობა, მაგრამ აღნიშნულია საქონლის მიწოდების პერიოდი და, ვინაიდან მხარეთა შორის სხვა ურთიერთობა არ არსებობდა, უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ დროისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება მოპასუხემ გადაიხადა, რაკი სადავო აქტის მიხედვით მყიდველს გამყიდველის მიმართ შესაბამის პერიოდში მიწოდებული საქონლის დავალიანება არ გააჩნია.

12.6. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სასამართლოს მხრიდან არასწორად შეფასების თაობაზეც. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ მტკიცებულებებით მყიდველისათვის საქონლის მიწოდების ფაქტი დასტურდება, რომელიც მხარეთა შორის სადავო არაა. სადავოა მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა, რაც, როგორც უკვე ითქვა, ზემოხსენებული შესრულების მიღების დოკუმენტით დასტურდება. კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები კი, ამ ფაქტს ვერ აქარწყლებს.

13. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოპასუხემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა ვალდებულების შესრულების ფაქტი, ხოლო მოსარჩელემ, რომელიც დავალიანების არსებობას უნდა ამტკიცებდეს, ვერ შეძლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით გაბათილება.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30% რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის დასრულებამდე. აქედან გამომდინარე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (7000 ლარის) 30%-ის, 2100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ბ–ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (7000 ლარის) 30%-ის - 2100.00 ლარის გადახდა;

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი