Facebook Twitter

საქმე №ას-53-51-2016 6 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე,

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჩ-ე (მოპასუხე)

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ჩ-ემ (შემდგომში – მოსარჩელე, მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ჩ-ის (შემდგომში – მოპასუხე, პირველი კასატორი) მიმართ 2004 წლის 6 მარტს დაბადებული ა. ჩ-ისა და 2012 წლის 13 თებერვალს დაბადებული ა. ჩ-ის საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელის, ნ. ჩ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 10 მაისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მათი ქორწინების რეგისტრაცია შეწყდა და ორივე შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა შვილებთან ურთიერთობის დრო.

3. 2014 წლის დასაწყისში მოპასუხემ დატოვა საქართველო და გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბავშვები კი დარჩნენ მის მშობლებთან. მოსარჩელის ძალისხმევის შედეგად მოპასუხე მალევე დაბრუნდა უკან, რის შემდეგაც უზღუდავდა შვილებთან ურთიერთობას.

4. 2014 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თხოვნით, რაც წარადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სწორედ ამ დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი დედას წაუყვანია ამერიკის შეერთებულ შტატებში, უფროსი კი, დაუტოვებია მშობლებთან.

5. მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან მოპასუხეს სურვილი აქვს, იმყოფებოდეს საზღვარგარეთ, აუცილებელია, ორივე შვილის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი, სადაც ბავშვებს აღარ მოუწევთ ერთმანეთთან დაშორება და ექნებათ საუკეთესო პირობები აღზრდა-განვითარებისათვის.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი უმცროსი შვილი არის ამერიკის შეერთებულ შტატების მოქალაქე, რომელმაც მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით. მოპასუხე საზღვარგარეთ გაემგზავრა დროებით, შვილებისათვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ამასთან, უმცროსი შვილი მცირეწლოვანია და დედასთან აქვს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა, ხოლო უფროსი 11 წლისაა და კატეგორიულად არ სურს მამასთან ცხოვრება, შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ(მეორე კასატორი) გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2004 წლის 6 მარტს დაბადებული ა. ჩ-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა 2012 წლის 13 თებერვალს დაბადებული ა. ჩ-ის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 6 მარტს დაბადებული ა. ჩ-ე და 2012 წლის 13 თებერვალს დაბადებული ა. ჩ-ე არიან მხარეთა შვილები.

10. ა. ჩ-ე ცხოვრობს დედასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ა. ჩ-ე კი, ცხოვრობს მოსარჩელის მშობლებთან ერთად ქუთაისში.

11. მოპასუხე ძირითადად იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. უკანასკნელად იგი საქართველოში ჩამოვიდა 2014 წლის 9 ივლისს, თუმცა ქვეყნიდან გავიდა 2014 წლის 20 ოქტომბერს და ამის შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

12. სააპელაციო სასამართლომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების დასკვნის თანახმად, დაადგინა, რომ მოსარჩელეს აქვს კარგი საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობები, ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი მშობლების, ძმისა და ბიძაშვილების სახით. არის განათლებული ადამიანი, უყვარს შვილები და, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები იზრდებიან დედის ოჯახში, ყველაფერს აკეთებს, რომ აქტიურად იყოს ჩართული შვილების ცხოვრებაში.

13. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით მამას შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, 500 ლარის ოდენობით ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. ამავე სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით კი, დამტკიცდა მორიგება მხარეებს შორის და განისაზღვრა შვილებთან მოსარჩელის ურთიერთობის წესი. ამ განჩინების თანახმად, მამას უფლება მიეცა, წაეყვანა შვილები კვირის განმავლობაში შაბათს, დილის 10 საათიდან კვირის 17 საათამდე, არდადეგების პერიოდის პირველი ნახევარი ბავშვებს უნდა გაეტარებინათ მამასთან, ხოლო სადღესასწაულო და დასვენების დღეებში კი, მშობლებთან უნდა ყოფილიყვნენ მონაცვლეობით.

14. განჩინება შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე სრულდებოდა მხოლოდ 2014 წლის 20 ოქტომბრამდე, რის შემდეგ კი, როგორც აღინიშნა, მოპასუხე უმცროს შვილთან ერთად გაემგზავრა საზღვარგარეთ და განჩინების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელი გახდა.

15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) მე-20 მუხლის მეორე ნაწილით, 1201-ე მუხლით, ასევე, ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კი მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

16. აღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მისი ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილი.

17. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ ა. ჩ-ე, ფაქტობრივად, ცხოვრობს არა დედასთან, არამედ დედის მშობლებთან. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობისა და იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2015 წლის 9 მარტის დასკვნით დგინდება, რომ ა. ჩ-ე ცხოვრობს ბებია-ბაბუას ოჯახში.

18. სააპელაციო პალატის შეფასებით, მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შვილის საცხოვრებელ ადგილად მამის ან ბებია-ბაბუის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. ცხადია, ბებია-ბაბუას უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა შვილიშვილთან, თუმცა კანონისა და კონვენციის თანახმად, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მისი მშობლის და არა ყოფილი მეუღლის მშობლების საცხოვრებელი ადგილი.

19. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე №ას-669-630-2011 საქმეზე და 2012 წლის 3 მაისის განჩინებაზე №ას-440-417-2012 საქმეზე, რომლებშიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მშობლისა და შვილის დაშორება მოხდეს მხოლოდ გამონაკლის, განსაკუთრებულ შემთხვევაში მაშინ, როცა ეს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნებოდა მიჩნეული.

20. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა №ას-211-204-2012 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ იგი არ აკნინებდა ბებია-ბაბუის როლს ბავშვის აღზრდაში, მაგრამ აღნიშნული ვერანაირად ვერ შეცვლიდა დედასთან შვილების ურთიერთობის აუცილებლობას.

21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ნორმის სხვაგვარი განმარტება და ერთ-ერთი მშობლისათვის, მხოლოდ, მისი ბიოლოგიური სქესის გამო, რაიმე უპირატესობის მინიჭება კანონშეუსაბამო და დისკრიმინაციულია. ამის შესაბამისად, ბებია-ბაბუასთან ურთიერთობა, თანაბარწილად, ვერ შეცვლის როგორც დედასთან, ასევე, მამასთან შვილის ურთიერთობისა და მასთან ცხოვრების აუცილებლობას. არ შეიძლება ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მესამე პირების საცხოვრებელი ადგილი მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი მათ აღსაზრდელად დედამ მიაბარა.

22. აპელანტის მოთხოვნას არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ 2012 წლის 27 ნოემბერსა და ამავე წლის 27 დეკემბერს სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ალიმენტის დაკისრებისა და შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე.

23. უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებითა და განჩინებით სასამართლოს ბავშვების საცხოვრებელი ადგილი არ განუსაზღვრავს. გარდა ამისა, უდავოდ დადგენილია, რომ დასახელებული მოვლენების შემდეგ ფაქტობრივი ვითარება შეიცვალა, მოპასუხე უმცროს ვაჟთან ერთად განუსაზღვრელი ვადით გაემგზავრა საზღვარგარეთ. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად უფროსი შვილის საცხოვრებელი ადგილი დედის საცხოვრებელი ადგილი არ არის. 2012 წლის 27 დეკემბერს მხარეებს შვილების საცხოვრებელი ადგილი რომც შეეთანხმებინათ, ნათელია, რომ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მესამე პირების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე ისინი არ შეთანხმებულან. ამასთან, ამგვარი შეთანხმება შემდგომში სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვას არ გამორიცხავდა.

24. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამის საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობები ბავშვის აღზრდისათვის სავსებით შესაბამისია. ამის გამო, აპელანტის მოთხოვნა ა. ჩ-ის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დასაბუთებული და საფუძვლიანია.

25. ამავდროულად, მცირეწლოვანი ა. ჩ-ე არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და ცხოვრობს ამ სახელმწიფოში დედასთან ერთად. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ა. ჩ-ის საცხოვრებელ ადგილად, დედის ნაცვლად, მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა შეესაბამებოდა მცირეწლოვანის ინტერესებს, ამდენად, ამ ნაწილში აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

26. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ (პირველი კასატორი) გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

27. პირველმა კასატორმა მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მხრიდან იგნორირებულ იქნა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დანაწესები ბავშვის ინტერესების დაცვის კუთხით. დედის დროებით გამგზავრების მოტივით პალატამ არ გაითვალისწინება ბავშვის მიჯაჭვულობა იმ ადგილთან, სადაც დაიბადა და აღიზარდა, სკოლის მეგობრებთან და პედაგოგებთან, თავად არასრულწლოვანის პოზიცია, რითაც დაარღვია სსკ-ის 1199-ე მუხლი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-9 და მე-18 მუხლების მოთხოვნები. ამასთან, მოსარჩელე თვალის ქირურგია, ცხოვრობს მარტო, დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფება, შესაბამისად, გაურკვეველია, ვისთან უნდა დარჩეს მოზარდი.

28. პირველი კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სოციალური მუშაკის პოზიცია, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებლად მამასთან გადასვლით უგულებელყოფილი იქნებოდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი (რომლის დაცვის მიზნით კანონმდებელი ბავშვისა და მშობლის განცალკევებით ცხოვრებასაც უშვებს) და სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა.

29. პირველი კასატორის მოსაზრებით, მოზარდისათვის საცხოვრებელი ადგილის ამგვარი შეცვლა გამოიწვევს მისი ფსიქიკის რღვევას და დანაშაულებრივი ქმედების ტოლფასია.

30. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემაც (მეორე კასატორი), მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უკანონოა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უმცროსი შვილის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის დადგენისას იგულისხმებოდა დედის მისამართი ქ.ქუთაისში და არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოპასუხემ მცირეწლოვანი ბავშვი წაიყვანა მამისაგან მალულად, მისი ნებართვის გარეშე. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით კი ცნობილ იქნენ დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის - საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით - საფუძველზე. საქმეზე გაიმარა ორი ზეპირი მოსმენა დავის მხარეთა მორიგებით დასრულების მიზნით. მორიგების მიზნით მიცემული ვადის უშედეგოდ გასვლის გამო, საკასაციო პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით დადგინდა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა 2016 წლის 6 ივლისს მხარეთა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მონაწილეობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საკასაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ისინი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

33. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მცირეწლოვნი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის კანონიერება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით არც პირველი და არც მეორე კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს იმის შესახებ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ა. ჩ-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის – ნ. ჩ-ის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ა. ჩ-ის საცხოვრებლ ადგილად კი განისაზღვროს დედის – ლ. ჩ-ის საცხოვრებელი ადგილი და პრეტენზიას აცხადებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ, როგორც მატერიალური სამართლის ნორმების არასწორ განმარტებაზე, ისე საპროცესო წესების დარღვევაზე.

34. საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულების შემოწმებამდე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოსათვის სახელმძღვანელო რამდენიმე საკითხზე:

35. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვთა უფლებათა კონვენციაში“.

36. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

37. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზეც. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალკე თავის სახით არის გამოყოფილი, რადგან მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. ამ თავისებურებას განაპირობებს საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკა, რომელიც უპირატესად ატარებს პირადულ და განგრძობად ხასიათს. ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვისას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ინკვიზიციურობის პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას.

38. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით.

39. ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია:

ა) თავად განსაზღვროს მტკიცების საგანი, ე.ი. იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა;

ბ) თავისი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეებს არ მიუთითებიათ, მაგრამ აქვთ მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დასადგენად.

40. საოჯახო საქმეთა განხილვისას პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სასამართლოს აძლევს უფლებას, „წარმართოს საქმის წარმოება“, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო არსებით გავლენას ახდენს საქმის მიმდინარეობასა და პროცესის შედეგზე. სასამართლომ საქმის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებმა წარადგინონ განმარტებები და შესაბამისი შუამდგომლობები. სასამართლოს აკისრია ვალდებულება, მისცეს მხარეებს განმარტებები, რომლითაც ისინი გადალახავენ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე სიძნელეებს.

41. შეჯიბრებითობის პრინციპის პარალელურად, სასამართლოს გადაცემული აქვს პროცესის მატერიალური ხელმძღვანელობის უფლებამოსილება. თუმცა აქ დგება ამ ორი პრინციპის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და სასამართლოს აქტიურობის პრინციპების პროპორციის საკითხი. ამიტომაც, შეჯიბრებითობის პრინციპი არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც სასამართლოს უკიდურესი პასიურობა. საპროცესო კანონმდებლობით სასამართლოს არ ერთმევა უფლება, შესთავაზოს მხარეებს, წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები, ასე მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დავა შეეხება არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, აქ უპირატესია ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინება. შესაბამისად, არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

42. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

43. 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

44. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

45. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

46. მაშასადამე, სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის საფუძველზე კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მითითებული საპროცესო წესის გამოყენება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მით უფრო გამართლებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო, როგორც სამართალწარმოების მეორე ინსტანცია, დავის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და ამავე კოდექსის 380-ე მუხლით, მას ახალ მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობაც გააჩნია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვთა უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ:

47. 2003 წლის 10 მაისიდან ლ. ჩ-ე და ნ. ჩ-ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

48. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2004 წლის 6 მარტს ა. ჩ-ე და 2012 წლის 13 თებერვალს – ა. ჩ-ე.

49. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ესა და ნ. ჩ-ეს შორის ქორწინება შეწყდა, ასევე, ნ. ჩ-ეს ბავშვების სასარგებლოდ სრულწლოვნობამდე დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, ბავშვების სრულწლოვნობამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

50. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით კი, დამტკიცდა მორიგება მხარეებს შორის და განისაზღვრა შვილებთან მოსარჩელის (მეორე კასატორი) ურთიერთობის წესი. ამ განჩინების თანახმად, მამას უფლება მიეცა, წაეყვანა შვილები კვირის განმავლობაში შაბათს, დილის 10 საათიდან კვირის 17 საათამდე, არდადეგების პერიოდის პირველი ნახევარი ბავშვებს უნდა გაეტარებინათ მამასთან, ხოლო სადღესასწაულო და დასვენების დღეებში კი, მშობლებთან უნდა ყოფილიყვნენ მონაცვლეობით.

51. განჩინება შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე სრულდებოდა მხოლოდ 2014 წლის 20 ოქტომბრამდე, რის შემდეგ კი, როგორც აღინიშნა, მოპასუხე უმცროს შვილთან ერთად გაემგზავრა საზღვარგარეთ და განჩინების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელი გახდა. ა. ჩ-ე ცხოვრობს დედასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ა. ჩ-ე კი, ცხოვრობს მოპასუხის (მეორე კასატორი) მშობლებთან ერთად ქუთაისში დედის მშობლებთან – ბებია გ. ლ-ისა და ბაბუა – მ. ლ-ის ოჯახში ( მის: ქუთაისი, გ.ტ-ის ქ.№--), ორსართულიან კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლში, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია.

52. მოპასუხე (პირველი კასატორი) ძირითადად იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. უკანასკნელად იგი საქართველოში ჩამოვიდა 2014 წლის 9 ივლისს, თუმცა ქვეყნიდან გავიდა 2014 წლის 20 ოქტომბერს და ამის შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

53. სააპელაციო სასამართლომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების დასკვნის თანახმად, (ს.ფ. 83), დაადგინა, რომ მოსარჩელე (პირველი კასატორი) ცხოვრობს ზესტაფონში, ა–ის ქ.№-ში, პროფესიით ექიმია, კერძოდ, რეფერალ-ოფთალმო-ქირურგი, ეწევა პრაქტიკას, როგორც კერძო კლინიკაში, ასევე, სამედიცინო დაწესებულება „ჯ–ში.“ აქვს კარგი საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობები, (ყოველთვიური შემოსავალი 2500 ლარი), ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი მშობლების, ძმისა და ბიძაშვილების სახით. არის განათლებული ადამიანი, უყვარს შვილები და, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები იზრდებიან დედის ოჯახში, ყველაფერს აკეთებს, რომ აქტიურად იყოს ჩართული შვილების ცხოვრებაში.

54. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

55. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი კასატორების არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, უფრო მეტიც, საკითხის გადაწყვეტისას შემოიფარგლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის კანონიერების შემოწმებით იმგვარად, რომ არ შეუფასებია დავის დაწყებიდან სააპელაციო განხილვის ეტაპამდე ხომ არ არსებობდა რაიმე ფსიქო-ემოციური ცვლილებები არასრულწლოვანთა მშობლებისადმი დამოკიდებულებაში და სხვა. მაგალითად, ა. ჩ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ იმ დასაბუთებით, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მისი ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილი და რადგან ა. ჩ-ე ფაქტობრივად ცხოვრობს არა დედასთან, არამედ დედის მშობლებთან, ამიტომაც ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მისი მშობლის და არა ყოფილი მეუღლის მშობლების საცხოვრებელი ადგილი (ს.ფ.262).

56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საკითხი შეფასდეს არა ცალმხრივად, არამედ ყოველმხრივ, როგორც არასრულწლოვანი დედმამიშვილების ურთიერთობის, ისე, თითოეული მშობლის ბავშვთან ურთიერთობის რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, რათა მიღწეულ იქნას დასახული მიზანი, რაც გულისხმობს ოჯახთან გაერთიანებასა და არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების რეალიზაციას.

57. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.

58. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) – მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის, უპირისპირდება მშობლის უფლებას – იწოდებოდეს და იურიდიულად იყოს მითითებული ბავშვის მამად. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის – სამოქალაქო კოდექსის არა ერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი.

59. საკასაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებზე, კერძოდ, იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 9 მარტის №107-ე დასკვნის თანახმად, (ს.ფ. 79, 80), ა–ი არის 11 წლის. იგი სკოლა „პროგრესის“ მე-5 კლასის წარმატებული მოსწავლეა. მიუხედავად იმისა, რომ ა–ი კეთილგანწყობილია მამის – ნ. ჩ-ის მიმართ, რომელიც ჩამოდის ხოლმე ქუთაისში მის მოსანახულებლად და გარკვეული სახის პატივს სცემს მას, ა–მა განაცხადა, რომ პატარაობიდანვე იზრდება ბებიასთან (დედის დედასთან), ცხოვრობს კეთილმოწყობილ გარემოში, იღებს სათანადო განათლებას, მას არავითარი სურვილი არა აქვს, მუდმივად საცხოვრებლად წავიდეს მამასთან ზესტაფონში. ა–ის მომავალში სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის, მისი ფიზიკური, ემოციური და სოციალური უნარების გამყარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს მამასთან დადებითი ურთიერთობა, რომლის მიმართაც იგი კეთილგანწყობილია, მაგრამ, ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს გათვალისწინებულ იქნას არასრულწლოვნის აზრი მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

60. ის, რომ სურვილი არა აქვს მუდმივად საცხოვრებლად წავიდეს მამასთან ზესტაფონში, ა–მა გამოხატა აგრეთვე სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგის მონაწილეობით დაკითხვისას.

61. მოსარჩელის (მეორე კასატორი) შუამდგომლობის საფუძველზე (ს.ფ.91) პირველი ინსტანციის სასამართლომ ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკვლია საკითხი, ხომ არ არის ა. ჩ-ის დამოკიდებულება საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, ნაკარნახევი უფროსების ზეწოლით. სპეციალისტის დასკვნით, არასრულწლოვანი იმყოფება ბებიის ზეგავლენის ქვეშ, რადგან იგი დაბადებიდან იზრდებოდა სწორედ ბებიის საცხოვრებელ სახლში და აქვს ძლიერი მიჯაჭვულობა მასთან, თუმცა მისი ასაკისა და სოციალური გარემოს გათვალისწინებით, აუცილებელია, ბავშვმა მამასთან გააგრძელოს ცხოვრება, რათა ჩამოყალიბდეს სრულფასოვან პიროვნებად და მიიღოს ის თანადგომა, ცოდნა და გამოცდილება, რაც მხოლოდ მამაკაცისაგან, კონკრეტულად მამისაგან შეიძლება მიიღოს ვაჟმა.

62. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მცირეწლოვანი ა. ჩ-ე არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და ცხოვრობს ამ სახელმწიფოში დედასთან ერთად. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტს (მოსარჩელე, მეორე კასატორი) სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ა. ჩ-ის საცხოვრებელ ადგილად, დედის ნაცვლად, მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა შეესაბამებოდა მცირეწლოვანის ინტერესებს, ამდენად, ამ ნაწილში აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

63. სააპელაციო პალატის ამ დასკვნას არ ეთანხმება მოსარჩელე (მეორე კასატორი) და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უკანონოა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უმცროსი შვილის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის დადგენისას იგულისხმებოდა დედის მისამართი ქ.ქუთაისში და არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოპასუხემ მცირეწლოვანი ბავშვი წაიყვანა მამისაგან მალულად, მისი ნებართვის გარეშე.

64. საკასაციო სასამართლო მოხმობილი კვლევების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ, სააპელაციო პალატას საკმარისი კვლევა არ განუხორციელებია, კერძოდ, არ შეუსწავლია ის გარემოება, თუ რა გავლენას იქონიებს ძმების დაშორება, რამდენად ნეგატიურად აისახება იგი მათ მდგომარეობაზე. უფრო მეტიც, საქმეში არსებული დასკვნების შედგენიდან გასულია საკმაო დრო, გარკვეულწილად ვერ სრულდება სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტიც, ასევე, არ არის წარმოდგენილი სპეციალისტის შესაბამისი დასკვნა, რომელიც ასახავდა და გააანალიზებდა მარტოდ დარჩენილი ა–ის მდგომაროებას, მის ემოციურ განცდებს, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას, გვემსჯელა ბავშვთა საუკეთესო ინტერესებზე. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმასაც, რომ რაიონული სასამართლოსათვის ფსიქოლოგის მიერ მიცემულ განმარტებებიდან, საერთოდ არ იკვეთება, მამისათვის ერთ-ერთი ბავშვის მიკუთვნებამ თუ რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება შეუქმნას მეორეს; ფსიქოლოგი რეკომენდაციას აძლევს მშობლებს, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, ბავშვების მშობლებთან დამოკიდებულების ჩამოყალიბება-აღდგენისათვის, არ მოხდეს მესამე პირთა ჩარევა, რაც ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება, ამასთანავე, გარემოსთან ადაპტაციის შედეგად მოსალოდნელი შესაძლო უარყოფითი ეფექტის გასაქარწყლებლად ფსიქოლოგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ თავად გარემო არ იყოს ძალადობრივი. რეკომენდაციის თანახმად, ა–ის ბებიისადმი განსაკუთრებული „მიჯაჭვულობა“ ფაქტია, რომელიც შეიძლება გაქრეს თანდათან, სწორედ ბებიისა და დედის სურვილის შემთხვევაში (იხ.სხდომის ოქმი).

65. საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ საქმის ხელხლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, მტკიცებულებათა სრული და ობიექტური შეფასების შედეგად პალატა კვლავ იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ ა. ჩ-ის საუკეთესო ინტერესი მამის გარემოში ცხოვრება იყოს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, უალტერნატივოდ უნდა დადგინდეს და აისახოს გადაწყვეტილებაში ა. ჩ-ის ურთიერთობის შესაძლებლობა ძმასთან და დედასთან, ასევე, ამ ურთიერთობის რეალური და ინტენსიური ხასიათი, რამეთუ ბავშვების დაშორებამ, შესაძლოა, მათი ემოციური დაშორებაც გამოიწვიოს, რაც ნეგატიურ ფაქტორად შეიძლება იქნეს შეფასებული ასეთ ვითარებაში. მართალია, კანონით უზრუნველყოფილია ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებები და სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი უკრძალავს იმ მშობელს, შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს, თუმცა, რეალური სურათის გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა გადაჭრას ამ ნორმის ფაქტობრივად გამოყენების გზაც, ასეთ ვითარებაში გასათვალისწინებელია მხარეთა, მათ შორის, საკასაციო სასამართლოსათვის მიცემული განმარტებებიც. ისინი სიტყვიერად ადასტურებენ საკუთარი როლის მნიშვნელობას და გამოთქვამენ მზაობას შვილებისათვის ნორმალური გარემოს შესაქმნელად, თუმცა, ფაქტობრივი სიტუაცია განსხვავებულია და მხარეთა და მესამე პირთა ჩარევა ამას განუხორციელებადს ხდის. საგულისხმოა, რომ ნ. ჩ-ეს უფროს შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ შაბათ-კვირას, რაც, ბუნებრივია, არასრულფასოვანია და, როგორც ფსიქოლოგი სასამართლო სხდომაზე განმარტავს, შესაძლოა, ბავშვის რეაქცია მამის მიმართ მესამე პირთა დამოკიდებულებით იყო გამოწვეული, რაც შეეხება უმცროს შვილ ა-ს, მამა-შვილის ურთიერთობა რეალურად ვერ ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გზით, რომელსაც, ფაქტია, გარკვეული უთანხმოებები თან სდევს.

66. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოცემულ დავაში სოციალური მომსახურების სააგენტოს როლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის საქმეებზე მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს (სკ-ის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი ანალიზი ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ პროცესში წარმომდგენლობა პასიური ქმედებებით არ შემოიფარგლება და არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს ჩასატარებელი სამუშაოს ფორმალურ შესრულებაზე. შესაძლებელია, ვიმსჯელოთ საკითხის არასაკმარის საკანონმდებლო რეგულირებაზე, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად მეურვეობის ორგანომ მინიმუმ უნდა იხელმძღვანელოს „ბავშვთა უფლებათა კონვენციით“, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ და მას სავალდებულო ძალა გააჩნია. მან ეფექტური გზით უნდა გასწიოს სათანადო მუშაობა დასახული მიზნის მიღწევისათვის.

67. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სიკეთეში ჩარევის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ სწორი შეფასებისათვის, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე: ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებით, მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (Cılız v. the Netherlands). ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ოჯახური ცხოვრება სახეზე იყო იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მშობლების განქორწინებამდე ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ (inter alia, Olsson v. Sweden (no. 1), 24 March 1988, § 81, Series A no. 130). კოვნენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ინდივიდების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური ქმედებებისგან. ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ უფლება, აგრეთვე, მოიცავს დამატებით პოზიტიურ ვალდებულებებს, თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არსებული ზღვარი ზუსტ განსაზღვრებას არ ექვემდებარება. მათ მიმართ გამოყენებადი პრინციპები იდენტურია: ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიან ბალანსზე, რაც დაცული უნდა იქნას შეპირისპირებულ ინტერესებს შორის. გარდა ამისა, ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვარით (Tuquabo-Tekle and Others v. the Netherlands, 2005 წლის პირველი დეკემბერი). საქმეზე – „MUSTAFA AND ARMAĞAN AKIN v. TURKEY“ სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების განცალკევების თაობაზე წარმოადგენდა მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას. აღნიშნული გადაწყვეტილება არა მხოლოდ და-ძმას უკრძალავდა ერთმანეთის ნახვას, არამედ, პირველი მომჩივნისთვის (მამისათვის) შეუძლებელს ხდიდა, ორივე შვილი ერთდროულად ენახა. საკითხის განხილვისას მხედველობაში იქნა მიღებული მე-8 მუხლთან მიმართებით დადგენილი პრეცედენტული პრაქტიკა, რომელიც ხაზს უსვამს ხელისუფლების ვალდებულებაზე, იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით (Maslov v. Austria [GC], 2008 წლის 23 ივნისი). გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხის შეფასება ევროსასამართლოსაგან მოითხოვს, დაადგინოს, ჰქონდა თუ არა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი (რაც მოიცავს, მოწმეთა ჩვენებებს, კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოთა დასკვნებს, ფსიქოლოგისა და სხვა ექსპერტის შეფასებებს და სამედიცინო ცნობებს); აგრეთვე, დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის ბავშვებს, მიეცათ თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (Havelka and Others v. the Czech Republic, საჩ. ნომ. 23499/06, § 62, 2007 წლის 21 ივნისი; Haase v. Germany, საჩ. ნომ. 11057/02, § 97, ECHR 2004-III (extracts)). სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და-ძმას ერთმანეთის ნახვას არ უკრძალავდა, ვინაიდან ბავშვები სამეზობლოში ცხოვრობდნენ და, ამრიგად, ერთმანეთთან კონტაქტის შენარჩუნება შესაძლებელი იყო. სასამართლოს განმარტებით, ბავშვებს შორის კავშირის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აღნიშნულის მშობლების დისკრეციისა და ახირებისთვის მინდობა დაუშვებელი იყო. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული ეროვნული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანთათვის შაბათ-კვირის ერთად გატარება იქნებოდა მიუღებელი ცვლილება ბავშვისათვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისინი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. ალტერნატივის სახით, მომჩივნების მიერ შეთავაზებული ვარიანტი შეუფერებლადაც რომ მიეჩნია, ეროვნულ სასამართლოს შეეძლო, ბავშვების მიერ ერთმანეთის ნახვის სხვა მეთოდები განეხილა და, ამრიგად, დაეცვა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მათი უფლებები. სტრასბურგის სასამართლო, აგრეთვე, არ დაეთანხმა მთავრობის არგუმენტს, რომ ცალკე მცხოვრები შვილის მიერ ყოველი შაბათ-კვირის მამასთან ერთად გატარება უარყოფითად იმოქმედებდა მის განვითარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულება, როგორიცაა ფსიქოლოგის ან სხვა ექსპერტის შეფასებები. მშობლებისა და შვილების მიერ ერთმანეთის კომპანიით ორმხრივად სარგებლობა კონვენციის „ოჯახური ცხოვრების“ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (Kutzner v. Germany).

68. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

69. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე ობიექტურად არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

70. შესაბამისად, მოცემული დავის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით მათი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საჭიროება, ასევე, რა გავლენას იქონიებს არასრულწლოვანი ძმების დაშორება და ა. ჩ-ის საცხოვრებელ ადგილად მამის – ნ. ჩ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ხოლო ა. ჩ-ის საცხოვრებელ ადგილად კი დედის – ლ. ჩ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

სასამართლო ხარჯები:

71. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

4. საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ.ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ.ბაქაქური

ბ.ალავიძე