საქმე №ას-1172-2018 08 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „პ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც-ა, ნ. ქ-ა, ა-ი, დ. ა–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „პ-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ც-ას (შემდგომში – მსესხებელი მოპასუხე), ნ. ქ-ას, დ. ა–ისა (შემდგომში – თავდები მოპასუხეები) და ა-ის (შემდგომში – მესაკუთრე მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2012 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 88 747,46 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 47 747,02 აშშ დოლარი, სარგებელი – 41000, 44 აშშ დოლარი და თანხის ამოღების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 7 სექტემბერს, მსესხებელ მოპასუხესთან გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 120 თვის ვადით, ყოველწლიურად 17%-ის დარიცხვით მსესხებელს გადაეცა 51781 აშშ დოლარი.
3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 7 სექტემბერს თავდებ მოპასუხეებსა და მოსარჩელეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. ამავდროულად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელი და მესაკუთრე მოპასუხეების კუთვნილი ბინები.
4. მოპასუხეებმა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებმა 2017 წლის 7 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე სარჩელი ძირითადი თანხის – 47 747 აშშ დოლარისა და სარგებლის – 12253 აშშ დოლარის, სულ – 60 000 აშშ დოლარის ნაწილში ცნეს. ამასთან, წარმოდგენილი შესაგებლით მათ განმარტეს, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2014 წლის 18 ნოემბერს შეწყდა, რა დროსაც, მოსარჩელემ, განსახილველი დავის საგნიდან გამომდინარე, აღძრა სარჩელი. შესაბამისად, სარგებლის დარიცხვა სწორედ მითითებულ პერიოდამდე უნდა მომხდარიყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი იმ ნაწილში დაკმაყოფილდა, რომელ ნაწილშიც მოპასუხეებმა ცნეს მოთხოვნა, კერძოდ, მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 60 000 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა 47747 აშშ დოლარი, სარგებელი – 12253 აშშ დოლარი, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით. ამასთან, გადაწყვეტილებით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. სარჩელი, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, თავდებების ვალდებულებების შესრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი, დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 7 სექტემბერს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით სარგებლობის თაობაზე, საკრედიტო ლიმიტი დადგინდა 72 0000 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელ მოპასუხეს გადაეცა კრედიტი – 51781 აშშ დოლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 120 თვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო – 0,5%. ამავე თარიღით თავდებ მოპასუხეებსა და მოსარჩელეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მსესხებელ მოპასუხესთან ერთად იკისრეს 2012 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში ფულადი ვალდებულების სოლიდარულად შესრულება.
9. 2012 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 22 აგვისტოს იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრე და მსესხებელი მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ნივთები.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა ძირი თანხის – 47 747,02 აშშ დოლარისა და სარგებლის – 41 000, 44 აშშ დოლარის (სულ – 88 747,46 აშშ დოლარი) გადახდა. მოპასუხეებმა ძირითადი დავალიანების (47 747 აშშ დოლარის) და სარგებლის (12 253 აშშ დოლარის, სულ – 60 000 აშშ დოლარის) ნაწილში სარჩელი ცნეს, რაც საფუძვლად დაედო ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა 2012 წლის 22 აგვისტოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია ვალდებულების შესრულების მიზნით.
11. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ ბანკმა დაარღვია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მოვალის ინფორმირებულობის ვალდებულება, კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მსესხებელი მოპასუხის მისამართით გაგზავნილი 2014 წლის 9 ივნისის წერილი არის მოვალის შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რადგან აღნიშნული წერილის არც სათაური – „გაფრთხილების წერილი მსესხებელს საქმის სასამართლოში გადაცემასთან დაკავშირებით“ და არც შინაარსი არ იძლევა ამაგვარი განმარტების შესაძლებლობას.
12. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2014 წლის 9 ივნისის წერილი მოვალეს აწვდის ინფორმაციას მხოლოდ საქმის სასამართლოში გადაცემის თაობაზე. ამასთან, ზემოაღნიშნულ წერილთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, 2014 წლის ივლისიდან მხარეთა შორის შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა სესხისათვის სარგებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 2014 წლის ივნისის ჩათვლით და არა სარჩელის აღძვრამდე, 2017 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, როგორც მოსარჩელემ მოითხოვა.
13. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ცნობა წარადგინა დარიცხული სარგებლის ოდენობის შესახებ მხოლოდ 2017 წლის 27 იანვრის მდგომარეობით, რაც შეადგენს 41.000.44 აშშ დოლარს, ხოლო 2014 წლის ივნისის ჩათვლით სესხზე დარიცხული სარგებლის ოდენობის შესახებ მოსარჩელეს ცნობა წარმოდგენილი არ აქვს, შესაბამისად, მითითებული პერიოდისთვის სარგებლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მოპასუხის მიერ აღიარებული სარგებლის დავალიანების ოდენობით – 12 253 აშშ დოლარით.
14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, თავდებ მოპასუხეებთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, მათ მსესხებელ მოპასუხესთან ერთად იკისრეს 2012 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში ფულადი ვალდებულების სოლიდარულად შესრულება. მითითებული ხელშეკრულებების შინაარსიდან ირკვევა, რომ განსაზღვრული არ ყოფილა თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა.
15. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის შესახებ, რომ განსახილველი სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები არ აკმაყოფილებს თავდებობის ხელშეკრულებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების არსებით პირობებზე, ასეთ არსებით პირობას წარმოადგენს თავდებობის ხელშეკრულებაში თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული თანხის მითითება, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ ფიქსირდება.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგეომ – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის, 867-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სარგებელზე (28 747,46 აშშ დოლარის ნაწილში) უსაფუძვლოა, რადგან საკრედიტო დაწესებულების მიერ დაცული არ არის ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები, კერძოდ, სსკ-ის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტა უკავშირდება გარკვეული სახის სავალდებულო პროცედურების დაცვას და საბანკო დაწესებულებას ვადამდე საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივად შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, მოვალე ზედიზედ ორჯერ არღვევს გადახდის პირობებს და, ამავდროულად, თუ ბანკმა მოვალეს მისცა ორკვირიანი საშეღავათო პერიოდი ვადამოსული ვალდებულების შესასრულებლად. ამდენად, ბანკის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება ცალმხრივი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის გზით და შეწყვეტილად ითვლება მას შემდეგ, როდესაც იგი ადრესატს მიუვა. საქმის მასალებში წარმოდგენილია „გაფრთხილების წერილი საქმის სასამართლოში გადაცემასთან დაკავშირებით“, კერძოდ, ბანკი აფრთხილებს მსესხებელს, რომ თუ 14 დღის განმავლობაში არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, ბანკი მიმართავს სასამართლოს..., რაც ვერ განიმარტება კრედიტორის ინფორმირებულობად, რომ მას ეძლევა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად და მხოლოდ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ წყდება ხელშეკრულება.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 463-ე მუხლით, 891-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თავდები ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლის 7 სექტემბერს თავდებ მოპასუხეებთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ თავდებობის ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 327-ე მუხლზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ.
19. სსკ-ის 892-ე მუხლის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, გარდა თავდების წერილობითი განცხადებისა, აუცილებელია თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. სააპელაციო პალატის შეფასებით, ასეთ მითითებად ვერ ჩაითვლება ხელშეკრულებაში არსებული დათქმა იმის შესახებ, რომ „სოლიდარული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრება მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით“.
20. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მსესხებელი მოპასუხისა და მესაკუთრე მოპასუხის სხვა ქონების მიმართ აღსრულების მიქცევის თაობაზე, რადგან, სასარჩელო განცხადების მიხედვით, მოსარჩელე შემოიფარგლება იმაზე მითითებით, რომ სადავო თანხის დაფარვა განხორციელდეს მოვალეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების და შემოსავლების ხარჯზე, ხოლო მოთხოვნა აღძრულია მხოლოდ იპოთეკარების მიმართ იპოთეკის საგნების რეალიზაციის შესახებ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
22. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მოსარჩელის წერილი, რომლის თანახმად, „ვინაიდან დარღვეულია ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, ბანკი გაფრთხილებთ, 14 დღის განმავლობაში სრულად დაფაროთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მიმართავს სასამართლოს, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის, კრედიტის მთლიანი თანხის, მასზე ვადის ბოლომდე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს და ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა თანმდევი ხარჯის გადახდის დაკისრების მოთხოვნით“.
23. გაფრთხილების წერილის ტექსტის, როგორც სიტყვასიტყვით, ისე შინაარსობრივად შეფასებით ცალსახად და გარკვევით იკითხება, რომ ბანკი მსესხებელს აძლევს ვალდებულების დაფარვის დამატებით 14-დღიან ვადას და აფრთხილებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სასამართლოში მიმართვის გზით.
24. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გადმოწერა წერილის ტექსტი გადაწყვეტილებაში, რადგან ტექსტის „ციტირება“ მთავრდება სამი წერტილით, რასაც უნდა მოჰყოლოდა გაგრძელება, როგორც წერილში – „საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის“. სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, დაცული იყო თუ არა სსკ-ის 405-ე მუხლის დანაწესი, მოვალისათვის ვადის დამატებით განსაზღვრასა და გაფრთხილებასთან დაკავშირებით, რაც არ გაუკეთებია.
25. რაც შეეხება ამავე კოდექსის 355-ე მუხლს, მითითებული ნორმით გათვალისწინებულ ვალდებულებას, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ინფორმაციული ხასიათისაა. შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასულ სუბიექტს მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობა ხელშეკრულების გასვლით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, როდესაც იგი ამის თაობაზე ხელშეკრულების მეორე მხარეს ინფორმაციას მიაწვდის. აღნიშნულის მიზნით, სრულიად საკმარისია დამატებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ სარჩელის წარდგენა და სასამართლო წესით მხარის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ კრედიტორი ხელშეკრულებიდან ვადის და ხელშეკრულებიდან გადასვლასთან დაკავშირებულ უფლებათა რეალიზებას სასამართლო წესით ახორციელებს.
26. მოცემულ შემთხვევაში, მოვალეებს განესაზღვრათ დამატებით 14-დღიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მოსარჩელემ სასამართლოს აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ მიმართა. შესაბამისად, დაცულია ხელშეკრულებიდან გასვლის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა. რაც შეეხება სსკ-ის 355-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით, კანონის აღნიშნული მოთხოვნა შესრულებულია სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის გადაცემის გზით. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, დასაბუთების მინიმალურ სტანდარტს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, რომ საკრედიტო დაწესებულებას ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები არ დაუცვია.
27. სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, იხელმძღვანელა სსკ-ის 463-ე მუხლით (სოლიდარული ვალდებულება), თუმცა შემდგომ დასაბუთება დააფუძნა სსკ-ის 892-ე და 898-ე მუხლების დანაწესებს და აღნიშნა, რომ ბანკმა გარიგების ფორმის დაუცველად შეადგინა თავდებობის ხელშეკრულება, სასამართლოს აღნიშნული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
28. როგორც ხელშეკრულების სათაური, ისე მისი შინაარსი ნათლად გამოხატავს მის არსს, კერძოდ, რომ ხელშეკრულება შეეხება სოლიდარულ ვალდებულებას და არა თავდებობას. არცერთი სიტყვაც კი თავდებობის რაიმე ფორმაზე ნახსენები არ არის და ნათლადაა განმარტებული ხელშეკრულების 1.1., 2.1., 3.1., 4.1. მუხლების შესაბამისად, რომ მის საგანს წარმოადგენს სოლიდარული ვალდებულება და არა თავდებობა, როგორც ამას პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები განმარტავენ.
29. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო სამართლებრივ დასაბუთებაში მოვალეთა სხვა ქონებაზე გადახდევინების მიქცევის საკითხს შეეხო მხოლოდ მცირე აბზაცით, საიდანაც აზრის გამოტანა რთულია. სსკ-ის 301-ე მუხლის 1.1. დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც, მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი (იპოთეკარი) კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
30. როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ასეთ დროს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება. კანონი ყველა მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულების ერთნაირ წესს აწესებს და იგი არ ითვალისწინებს რომელიმე მოვალის ვალდებულების გამორიცხვის შესაძლებლობას მოვალის შეხედულებისამებრ. შესაბამისად, კასატორმა მიიჩნია, რომ თუ მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება ბოლომდე, ძირითადი მსესხებლისა და სოლიდარულად ვალდებული პირების მოვალეობა ძალაში რჩება და ისინი ვალდებულნი არიან, დააკმაყოფილონ კრედიტორის მოთხოვნა. მით უმეტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ დათქმას პირდაპირ ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებები.
31. კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული ნორმის განმარტება შეესაბამება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებას (საქმე 2ბ/1938-11) და უზენაესი სასამართლოს განჩინების (1.08.2011წ. საქმე №ას-164-158-2011) სამართლებრივ დასაბუთებას. ზემოაღნიშნულ ორივე საქმეში მხარე იყო მოსარჩელე და მასში მოყვანილი სოლიდარული ვალდებულების და იპოთეკის ხელშეკრულებების შეფასებები სრულიად განსხვავდება გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებებისაგან.
32. მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, არც გაფრთხილების წერილი, არც სოლიდარული ვალდებულების და იპოთეკის ხელშეკრულებები. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, რომლის შედეგად სასამართლომ თავისი ინიციატივით გააუქმა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, არაკანონიერად ჩათვალა ხელშეკრულების შეწყვეტა და უარი თქვა სხვა ქონების ნაწილში აღსრულების მიქცევაზე, როდესაც მხარეს არც კი გაუხდია სადავოდ ფაქტობრივი არცერთი გარემოება.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ასევე, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი მოტივაციით:
35. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
36. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
37. 2012 წლის 7 სექტემბერს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით სარგებლობის თაობაზე, საკრედიტო ლიმიტი დადგინდა 72 0000 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელ მოპასუხეს გადაეცა კრედიტი – 51781 აშშ დოლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 120 თვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო – 0,5%. ამავე თარიღით თავდებ მოპასუხეებსა და მოსარჩელეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მსესხებელ მოპასუხესთან ერთად იკისრეს 2012 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში ფულადი ვალდებულების სოლიდარულად შესრულება.
38. 2012 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 22 აგვისტოს იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრე და მსესხებელი მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ნივთები.
39. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას განხორციელდეს თანხის დაფარვა მოვალეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებისა და შემოსავლების ხარჯზე, ასევე, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ქონება, აფუძნებს იმ გარემოებას, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება გარდა იპოთეკისა, უზრუნველყოფილი იქნა სოლიდარული თავდებობით. ფიზიკური პირები მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე - სესხის დაფარვაზე, მთელი თავისი ქონებით აგებენ პასუხს (ტ.1. ს.ფ. 5).
40. საქმეში წარმოდგენილი 07.09.2012წ.-ის „ხელშეკრულებით სოლიდარული ვალდებულების შესახებ“ ირკვევა, რომ დ. ა–მა აიღო ვალდებულება და თანხმობა გამოთქვა მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისროს სოლიდარულად, ისე, რომ მან მიიღოს მონაწილეობა მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე, რის საფუძველზეც ბანკს უფლება მიეცა თავისი სურვილისამებრ მთლიანი ვალდებულების შესრულება მოეთხოვა ნებისმიერი სოლიდარული მოვალისათვის (ხელშეკრულების საგანი - ტ.1. ს.ფ. 30), ხოლო სოლიდარული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით. იგივე შინაარსის მატარებელია იმავე დღეს, ნ. ქ-ასთან გაფორმებული ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 34).
41. დადგენილია, რომ სარჩელი, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, თავდებთა ვალდებულების შესრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რა ნაწილშიც გადაწყვეტილებაც სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას დააფუძნა, რომ 07.09.2012წ.-ის ხელშეკრულებებით განსაზღვრული არ ყოფილა თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა, რის გამოც, სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებით არ წარმოშობილა კანონის ის წინაპირობები, რომელთა ერთობლიობაც ქმნის თავდებობის ხელშეკრულებას.
42. ზემოაღნიშნულ ნაწილში, საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმ მოსაზრებას ემყარება, რომ სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, იხელმძღვანელა სსკ-ის 463-ე მუხლით (სოლიდარული ვალდებულება), თუმცა შემდგომ გადაწყვეტილება დაასაბუთა სსკ-ის 892-ე 898-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ბანკმა გარიგების ფორმის დაუცველად შეადგინა თავდებობის ხელშეკრულება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს აღნიშნული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები).
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა უმეტესობა მარტივი სახისაა და როგორც წესი, მასში მონაწილეობს ერთი კრედიტორი და ერთი მოვალე. როგორც სსკ-ის 316-ე მუხლის დანაწესიდან ჩანს, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საკანონმდებლო მოდელიც, ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობებში ერთი მოვალისა და ერთი კრედიტორის არსებობის პრეზუმფციიდან გამოდის. თუმცა თანამედროვე ეკონომიკურ-სამართლებრივ რეალობაში სულ უფრო მეტად შეიმჩნევა რთულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა მატების ტენდენცია, რომელშიც ერთ ან მეორე მხარეზე, ან ორივეზე ერთდროულად რამდენიმე კრედიტორი ან მოვალე მონაწილეობს. სოლიდარული ვალდებულება ვალდებულებით - სამართლებრივ ურთიერთობებში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული და რთული სახეა.
44. სოლიდარული ვალდებულების არსებობა (კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე) რამდენიმე წინაპირობას უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე რამდენიმე პირის მონაწილეობა. ამასთან, იმის მიხედვით, თუ ვალდებულების რომელ მხარეზე მონაწილეობს სოლიდარულად რამდენიმე პირი, თითეულს ერთი და იმავე მოვალის მიმართ გააჩნდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, ანდა თითოეულ მათგანს ერთი და იმავე კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების ვალდებულება.
45. სწორედ ის ფაქტი, რომ სოლიდარულ ვალდებულებაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან თითოეულს მთლიანი ვალდებულების შესრულება ეკისრება, ანდა თითოეული მთლიანი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზეა უფლებამოსილი, განასხვავებს სოლიდარულ ვალდებულებას წილადი ვალდებულებისაგან. ვალდებულებაში წილობრივად მონაწილე ნებისმიერ პირს ვალდებულების შესრულება მხოლოდ კუთვნილი წილის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს და შესაბამისად, მას მხოლოდ ამ წილის ოდენობით ეკისრება შესრულების ვალდებულებაც.
46. ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები შესაძლებელია ორ ნაწილად დავყოთ - „გარე“ და „შიდა“ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებად და მოვალეობებად. „გარე“ ურთიერთობა გულისხმობს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს ვალდებულების მეორე მხარის მიმართ გააჩნია. რაც შეეხება შიდა ურთიერთობას, იგი ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს მოიცავს ერთმანეთთან მიმართებაში.
47. როგორც წილადი, ასევე სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში ვალდებულების არსიდან ნათლად გამომდინარეობს წილობრივად, ანდა სოლიდარულად მონაწილე თითოეული სუბიექტის უფლება-მოვალეობათა ოდენობა „გარე“ ურთიერთობაში. განსხვავებულ სურათთან გვაქვს საქმე ვალდებულებაში მონაწილე ამ რამდენიმე სუბიექტის „შიდა“ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „გარე“ ურთიერთობაში წილობრივი ან სოლიდარული უფლებამოსილება თუ ვალდებულება იმისგან დამოუკიდებლად არსებობს, თუ როგორ აქვთ მოწესრიგებული „შიდა“ ურთიერთობები ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს. შესაბამისად, შესაძლებელია ვალდებულებაში სოლიდარულად, ანდა წილობრივად მონაწილე პირებს „შიდა“ ურთიერთობა სრულიად განსხვებულად ჰქონდეთ დარეგულირებული. „შიდა“ ურთიერთობა მხოლოდ „გარე“ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ხდება აქტუალური. სწორედ „შიდა“ ურთიერთობებით დადგენილი წილი განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ ვინ რა ოდენობითაა ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული ანდა მის მიღებაზე უფლებამოსილი.
48. წილადი მონაწილეობისაგან განსხვავებით, ვალდებულებაში სოლიდარული მონაწილეობის დროს კანონი იძლევა პასუხს სოლიდარულ მონაწილე პირთა წილების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
49. სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს. ნორმის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ.
50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე.
51. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან დაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულსა და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში თითოეულ სოლიდარულ მოვალეს ვალდებულების მთლიანი შესრულების ვალდებულება ეკისრება. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მთლიანი ვალდებულების შესრულება, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეუძლია. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
52. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა. კანონის საფუძველზე წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულების შემთხვევები სამოქალაქო კოდექსში საკმაოდ მრავლადაა. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ზიანის დადგომაში მონაწილე პირების სოლიდარულ პასუხისმგებლობას აწესებს. განსაკუთრებით ხშირია კანონისმიერი საფუძვლები საკორპორაციო სამართალში. მაგალითად, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (სპს) პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების (კს) პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (კომპლემენტარები), მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ საზოგადოების ვალდებულებისათვის სოლიდარულად. ასევე სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მუხლის თანახმად, საწარმოს დაფუძნებამდე საწარმოს სახელით მოქმედ პირებსა და საწარმოს დამფუძნებლებს.
53. საკასაციო პალატას საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არ წარმოშობილა, სსკ-ის 464-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულება. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე არ დასტურდება აღნიშნული ნორმით დადგენილი საფუძვლის არსებობა, როგორიცაა კანონიდან ან ვალდებულების საგნის განუყოფლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა; სახეზე არ არის არც ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულების წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა.
54. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია საკრედიტო დაწესებულებას ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობების დაუცველობასთან დაკავშირებით (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები - ამ განჩინების პპ: 22-26), რადგან ამ ნაწილში, კასატორმა ვერ წარმოუდგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
55. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს ნ.ქ-ასა და დ. ა–ის მიმართ მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებისა და შემოსავლების ხარჯზე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლების წარმოშობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. გირავნობის და იპოთეკისაგან განსხვავებით, თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავდები პირადად აგებს პასუხს მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობა წარმოადგენს ცალმხრივ, კაუზალურ და კონსენსუალურ ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე-თავდები კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარის-კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგეს მესამე პირს-მოვალეს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
56. ამდენად, თავდებობის ხელშეკრულება იდება ორ მხარეს (ორმხრივი გარიგება) - თავდებსა და კრედიტორს შორის და მასში არ მონაწილეობს მოვალე, თუმცა, თავდებობის შინაარსს წარმოადგენს სწორედ მოვალის („მესამე პირი“) მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფა (სსკ-ის 891-ე მუხლი).
57. სსკ-ის 69-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. რაც შეეხება თავდებობის ხელშეკრულებას, აღნიშნული ორმხრივი გარიგება იდება წერილობითი ფორმით [სსკ-ის 892.1 მუხლი].
58. ამასთან, სსკ-ის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ნორმატიული შინაარსი ითხოვს თავდებობის ხელშეკრულებაში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური (ზღვრული) თანხის მითითებას.
59. სსკ-ის 327-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
60. როგორც აღინიშნა, სოლიდარული თავდებობის ორმხრივი გარიგების არსებით პირობად სსკ-ის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსი მიიჩნევს შეთანხმების მიღწევას თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ (ზღვრულ) თანხაზე.
61. ზემოაღნიშნული ნორმის ამგვარი მოთხოვნა თავდების ფინანსური ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან, ზღვრული თანხის მითითება გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ მოთხოვნას ერიცხება პროცენტი ან/და პირგასამტეხლო (საურავი). ნორმა იმპერატიულია, საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (სსკ-ის 54-ე მუხლი). მიუხედავად უზრუნველყოფილი ვალდებულების ზრდისა, თავდები ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და თავდების განცხადებაში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (898. I მუხლი)
62. განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებებში მითითებული არაა თავდებთა პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა. ამგვარ მითითებად სასამართლო ვერ მიიჩნევს ხელშეკრულების იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვით ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით (ტ.1. ს.ფ. 30, 34). ნორმის დანაწესი, რომლის მიხედვით ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა სწორედ კონკრეტული ოდენობის თანხის მითითების ვალდებულებას გულისხმობს და არა, ზოგადად აბსტრაქტულ ციტირებას პასუხისმგებლობის ფარგლებთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ნორმის აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიულია და მისი შეუსრულებლობა უკავშირდება შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის წარმოუშობლობას და მაშასადამე, თავდებობის არარასებობას.
63. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 892-ე მუხლით გათვლისწინებული წინაპირობები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განხორციელებულად არაა მიჩნეული ამავე კოდექსის 891-ე მუხლით გათვალისწინებული პირადი (პიროვნული) პასუხისმგებლობის ფორმა - თავდებობა.
64. ამდენად, ამ ნაწილში, კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბანკის მოთხოვნას, თანხის დაფარვა განხორციელდეს თავდები მოპასუხეების ნ. ქ-ასა და დ. ა–ის მიმართ მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებისა და შემოსავლების ხარჯზე, სწორად ეთქვა უარი გასაჩივრებული განჩინებით.
65. კასატორს წარმოდგენილი აქვს მეორე საკასაციო შედავებაც, რომელიც შეეხება მსესხებელი მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიქცევას მესაკუთრე მოპასუხეთა სხვა ქონებაზეც, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის საგნის რელიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დაკისრებული თანხის დასაფარავად.
66. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია იმ სამართლებრივ მოცემულობასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ასეთ დროს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება [სსკ-ის 301-ე მუხლის 1.1. დანაწესი] (იხ., 22.08.2012წ.-ის N40017--021 იპოთეკის ხელშეკრულების 5.6 პუნქტი და 22.08.2012წ.-ის N18001-0222 იპოთეკის ხელშეკრულების პ - 5.6. ტ.1. ს.ფ. 40, 47.).
67. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსესხებელი მოპასუხისა და მესაკუთრე მოპასუხის მიმართ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის ნაწილში, კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იურიდიულად ნაწილობრივ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
68. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
69. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
70. დავის სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, სსკ-ის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის დანაწესით უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). სსკ-ის 319-ე მუხლის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებაში გაითვალისწინონ მათთვის სასურველი დებულებები, მხოლოდ იგი უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას.
71. სსკ-ის 301.1 მუხლისა და 301.11 მუხლის დანაწესით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
72. განსახილველ საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 22.08.2012წ.-ს ბანკსა და მ. ც-ას შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკით დაიტვირთა ქ.თ–ი, მ-ის მე-2 მკრ-ში 37-ე კორპუსში მდებარე მ. ც-ას კუთვნილი 130 კვ.მ უძრავი ნივთი და ქ.თ–ი, მ-ის პ. მკრ-ში მე-10 კორპუსში მდებარე ა-ის კუთვნილი N-- ბინა. იმავდროულად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად.... ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება (იხ., ტ.1. ს.ფ. 40, 47. N40017--021 ხელშეკრულების 5.6 პუნქტი და N18001--0222 ხელშეკრულების 5.6 პუნქტი) თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
73. ამდენად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობა დადგენილია აღსრულების წესთან დაკავშირებულ მხარეთა შეთანხმებაში. შეთანხმების აღნიშნული პირობა კი, კასატორს აძლევს ლეგიტიმურ მოლოდინს მასზედ, რომ მოვალისათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის, ასევე, იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, მოვალის, და სოლიდარული თავდების, საკუთრებაში არსებული ყველა სხვა ქონებების რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნა, გამომდინარეობს სსკ-ის 301.1 და სსკ-ის 301.11 მუხლების დანაწესიდან და მხარეთა შეთანხმებიდან (მოვალის სხვა ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ იხ., სასამართლო პრაქტიკა სუსგ №ას-1498-1418-2017, 8 ივნისი, 2018 წელი, პპ:34-37; №ას-828-786-2013, 24 იანვარი, 2014 წელი). ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გასაჩივრებულ ნაწილში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც, იპოთეკით დატვირთული ქონების გარდა სხვა ქონების რეალიზაციის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, ბანკის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, გასაჩივრებულ ნაწილში, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების და ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს წარმოშობს.
74. საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ქ. თ-ი, მ-ის დასახლება, მე-2 მიკრო რაიონში, 37-ე კრპუსში მდებარე მ. ც-ას კუთვნილი 130 კვ.მ უძრავი ნივთი (ს/კ: 01.1--1--0--.020.01.5--- და ქ. თ–ი, მ-ის დასახლება, პ. მიკრორაიონში, მე-10 კორპუსში მდებარე ა-ის N-- ბინა (ს/კ: 01.1--1--0--.020.01.---) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მ. ც-ასა და ა-ის სხვა ქონებაზე გადახდევინების მიქცევით;
3. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება;
4. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე