საქმე №ას-1766-2018 22 თებერვალი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს ''ჩ.რ.ბ.ჯ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ–ძე, მ.მ–ძე, ლ.გ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ტ–ძის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე), მ.მ–ძისა (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) და ლ.გ–ის (შემდეგში: მესამე მოსარჩელე, ყველა ერთად მოხსენიებული, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები, დაზარალებულები) საცხოვრებელი სახლები ხაშურის რაიონის სოფელ .... მდებარეობს (იხ.ტ.1, ს.ფ. 19-20; 56-57; 92-93);
2. შპს ''ჩ.რ.ბ.ჯ–ი" (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, აპელანტი, კასატორი) სარკინიგზო გვირაბს აშენებს წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ ტერიტორიაზე. კომპანიამ მშენებლობის პროცესში მიწისქვეშა აფეთქებები გამოიყენა (იხ. ტ.2, ს.ფ. 402);
3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიუროს) 2017 წლის 13 მარტის N001357717 დასკვნის თანახმად, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ რაიონში მდებარე პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, სახლი დაზიანდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებითა და წარმოქმნილი დინამიკური დატვირთვებით. საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, ძირითადად I-II ხარისხისაა, თუმცა, შენობის მარცხენა ტორსულ კედელზე წარმოქმნილი დაზიანება III ხარისხისაა. I-II ხარისხის დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა, შემდგომ საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით, ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიდა სივრცეში თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშაცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები) უნდა გაიკრას. საცხოვრებელ სახლზე შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა, დამუშავებული პროექტის მიხედვით, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების შესრულება (იხ.ტ.1, ს.ფ. 21-36).
4. ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 29 მარტის N001449917 დასკვნის თანახმად, მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული სახლი ტექნიკურად, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად დამაკმაყოფილებელია. შენობის ბზარები ძირითადად 2012 წელს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებებით, ასევე, ფუძე-გრუნტის გაწყლიანებითა და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით არის გამოწვეული. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად II ხარისხისაა, თუმცა შენობის მარცხენა ტორსულ კედელზე - III ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა დაკვირვებას საჭიროებს. ამ მიზნით, ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიდა სივრცეში თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები) უნდა გაიკრას (იხ.ტ.1, ს.ფ. 58-71).
5. ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 21 ნოემბრის N006768616 დასკვნის თანახმად, მესამე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რომელიც 2012 წლიდან გაუარესდა, თუმცა დაზიანების ხარისხი (II ხარისხი) იგივე დარჩა. ადრე დაფიქსირებული ბზარების გახსნილობა და მოხაზულობა შესამჩნევად არ შეცვლილა, მაგრამ მრავალი ახალი ბზარი წარმოიქმნა, რომლებიც პირველი კვლევის დროს არ შეინიშნებოდა. საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსისა და ღობის დაზიანება, ძირითადად, 2012 წლიდან N9 სარკინიგზო გვირაბის გასაყვანმა აფეთქებითმა სამუშაოებმა გამოიწვია. სახლის სახურავის საფარი და მეორე სართულის ჭერი ტექნიკური მოუვლელობით დაზიანდა. ასეთი ხარისხით დაზიანებულ შენობებში, შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია, შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დაზიანების ხარისხის გაზრდა. ღობის კედლის განვითარებული დაზიანება V ხარისხისაა. დაკვირვების მიზნით, ბზარწარმოქმნის ადგილებზე თაბაშირის ყალაურები უნდა გაიკრას. ზარალის ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ აღდგენა-გაძლიერების პროექტის მიხედვით, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ არის შესაძლებელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 94-121).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1 მოსარჩელეებმა, 2017 წლის 17 ნოემბერს, სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის, პირველი მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის, 12100.21 ლარის, მეორე მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის - 18695.07 ლარისა და მესამე მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის, 23960.91 ლარის, დაკისრება მოითხოვეს, აგრეთვე - ექსპერტიზისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება.
6.2 მოსარჩელეებმა წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითეს და დამატებით განმარტეს, რომ გვირაბში მიწისქვეშა აფეთქება დაშვებულ ნორმებზე მეტი სიმძლავრით სისტემატურად მიმდინარეობს, რამაც მათი საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა.
6.3 მოსარჩელეებმა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაც მოითხოვეს.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლები გვირაბიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და გვირაბის აღმოსავლეთ შესასვლელში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოები, სახლებს ვერ დააზიანებდა.
7.2 მოპასუხის განმარტებით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები აგებულია ვარაუდზე და მათი კვლევითი ნაწილი მხოლოდ გარეგანი დათვალიერების შედეგებს ეფუძნება, შესაბამისად, დასკვნები დაუსაბუთებელია და რაიმე კონკრეტული გამოკვლევებიდან და ოფიციალური ჩანაწერებიდან არ გამომდინარეობს.
7.3 მოპასუხემ განმარტა, რომ საქართველოს რკინიგზის დაკვეთით, კომპანია "ე–მა" წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ სოფელში, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში სამუშაოების ზეგავლენა შეაფას იმ მიზნით, რომ აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგისას მათი ტექნიკური მაჩვენებლები გაუმჯობესებულიყო, ასევე, აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები დასაშვებ ნორმებს არ აცდენოდა. ექსპერტიზის ბიუროს აღნიშნული კვლევის შედეგები არ გამოუყენებია, ხოლო მას სხვა რაიმე ალტერნატიული მონაცემები აფეთქების ირგვლივ არ გააჩნდა.
7.4 მოპასუხის განმარტებით, წინამდებარე განჩინების 7.3 ქვეპუნქტში მითითებული კომპანიის კვლევის თანახმად, კომპანიის აფეთქებით სამუშაოებს, მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლების დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის.
7.5 მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც.
7.6 მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.
8. ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
8.1.1 მოპასუხეს, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის - 12100.21 ლარის, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 16945 ლარისა და მესამე მოპასუხის სასარგებლოდ, 21812 ლარის გადახდა დაეკისრა;
8.1.2 მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ ექსპერტიზისა და ხარჯთარღიცხვის შედგენის ხარჯის გადახდაც დაეკისრა.
8.2 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 316-ე, 317-ე, 411-ე და 992-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპრეცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლები, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ სოფელში მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში სისტემატურმა, მრავალჯერადმა აფეთქებამ დააზიანა.
8.3 რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მესამე მოსარჩელის სახლის სახურავი მოუვლელობით დაზიანდა, ხოლო მეორე მოპასუხის ეზოს საყრდენი კედელი, ხის დიდი ფესვებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მათი აღდგენითი ღირებულება ზიანის ხარჯთაღრიცხვის გაანგარიშებას გამოაკლო, რადგან ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
8.4 ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით, პირველი და მესამე მოსარჩელეთა შუამდგომლობა, მიყენებული ზიანის ნაწილში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე მოპასუხის იგივე შუამდგომლობა, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო საჩივარი
9.1 მოპასუხემ (კომპანიამ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2 სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებში აღწერილი მოსარჩელეთა სახლები, მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით დაზიანდა.
10.3 სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ ისეთი საკითხების შეფასებისას, როდესაც სასამართლოს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, ექსპერტიზის დასკვნა ერთ-ერთი წონადი მტკიცებულებაა, რომელსაც სასამართლო მხოლოდ მისი, განკუთვნადობის, შესაბამისობის, სანდოობისა და სხვადასხვა ფაქტორებით ითვალისწინებს.
10.4 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული სამივე ექსპერტიზის დასკვნა, არაორაზროვნად და იმპერატიულად ადგენს, რომ საკვლევი უძრავი ქონების დაზიანება, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებით წარმოქმნილი დინამიკური დატვირთვების შედეგია. ექსპერტი, სამივე დასკვნაში, მოპასუხე კომპანიის მიერ აფეთქებებსა და მოსარჩელეების ქონების დაზიანებებს შორის, მიზეზობრივ კავშირს ადგენს.
10.5 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები შედგენილია შესაბამისი ცოდნის მქონე ექსპერტის/დაწესებულების მიერ, საკითხი სიღრმისეულადაა გამოკვლეული, ადგილზე დათვალიერებულია, ვითარების ამსახველი ფოტოსურათები დართულია, შესაბამისად, მათი სასამართლოს მიერ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები არ არსებობს.
10.6 სააპელაციო სასამართლომ არ გაზიარა აპელანტის პოზიცია, რომლის თანახმადაც, კომპანია ,,ე–ის“ მიერ გაცემული დასკვნები სადავო ზიანის მიყენებას გამორიცხავს.
10.7 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა, ზოგადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს შეეხება და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ არის მიღებული, შესაბამისად, ზემოხსნებეული კომპანიის დასკვნა, თავისი მნიშვნელობით, კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ ექსპერტიზის ბიუროს ცალსახა დასკვნას ვერ გააქარწყლებდა.
10.8 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი დასკვნით, აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შეფასდა. ამასთან, აღნიშნული დასკვნით კონკრეტული შენობა-ნაგებობები არ გამოკვლეულა, მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების მდგომარეობა არ შესწავლილა, არ დაკვირვებულან მასზე ფაქტობრივ/რეალურ ზემოქმედებაზე, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლაზე და ა.შ.
10.9 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომლის თანახმად, მოსარჩელეთა უძრავი ქონებები აფეთქებებით ვერ დაზიანდებოდა და განმარტა, რომ აფეთქებები მიმდინარეობდა არა ერთჯერადად, არამედ - სისტემატურად, რამაც, როგორც ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით დგინდება, მოსარჩელეთა სახლების დაზიანება გამოიწვია. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება კი, რომელიც წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასაბუთებულ შედეგს გააბათილებდა, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს არ წარუდგენია.
10.10 სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.
10.11 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტს ხარჯის უზუსტობის, სხვა ოდენობით გამოთვლის ან/და სხვა სახის გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, დასკვნით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა კი, საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და დაეთანხმა გამოთვლილი ზიანის ოდენობას.
10.12 სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მესამე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და განმარტა, რომ, მართალია, მან პირველი საექსპერტო შეფასება 2012 წელს ჩაატარა, თუმცა, საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია 2012 წლის შემდეგ სახლის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზიანის გამომწვევი მრავალჯერადი აფეთქება 2012 წელს დაიწყო და დასრულების თარიღი საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთანავე, აპელანტს უნდა დაედასტურებინა აფეთქების ფაქტობრივი დასრულების თარიღი და, შესაბამისად, წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა.
10.13 სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განჩინების გაუქმების წინაპირობები არ არსებობდა.
10.14 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საკუთრების უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების არსსა და მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ამ უფლების განუხრელად დაცვა დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები სწორედ საკუთრების უფლების დაზიანების გამო მოითხოვდნენ ზიანის ანაზღაურებას, ასევე, დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, სახლის მდგომარეობის გაუარესების ალბათობა არსებობდა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საჭიროება დგინდებოდა.
10.15 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, ხოლო დაუყოვნებელი აღსრულების პირობებში მოსარჩელეებს თანხა უკვე აუნაზღაურდათ, 2018 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების წინაპირობები არ არსებობდა.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1 მოპასუხემ (კომპანიამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა დაარღვია, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად არ შეაფასა.
11.3 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეთა უძრავი ქონებების დაზიანება ნაწილობრივ გამოწვეულია მოპასუხე კომპანიის ბრალით, საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ დასტურდება.
11.4 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ დაეკისრა მოპასუხეს ზუსტად ამ ოდენობის თანხა.
11.5 კასატორის მტკიცებით, რადგანაც დაუდგენელია მოპასუხემ რამდენად დააზიანა მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონება, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
11.6 კასატორი სამივე მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით ექსპერტის ბიუროს დასკვნებს სადავოდ ხდის და განმარტავს, რომ მათი დაკვეთით საერთაშორისო კომპანიის მიერ შედგენილი საექსპერტო დასკვნის რუკაზე აღნიშნულია მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლები ან მახლობლად მდებარე საცხოვრებელი სახლები, სადაც აფეთქებითი სამუშაოების მიმდინარეობისას დაყენებული იყო სეისმოგრაფი, რომელმაც სახლებთან ახლოს ყველა აფეთქებითი სამუშაო გაზომა და ნორმაზე მაღალი არც ერთი ბიძგი არ დაუფიქსირებია.
11.7 კასატორი განმარტავს, რომ მესამე მოსარჩელისათვის 2012 წელს უკვე ცნობილი იყო პირველი ექსპერტიზის დასკვნის არსებობის შესახებ, შესაბამისად, მას ზიანის მოთხოვნის კანონიერი უფლება გაუჩნდა, მაგრამ არ გამოუყენებია.
11.8 კასატორის მტკიცებით, ექსპერტის დასკვნაზე დართული ფოტოსურათების მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, მესამე მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანება, ისევე როგორც სხვა უძრავი ქონებების, გამოწვეულია როგორც მოუვლელობის ისე, ბუნებრივი მოვლენების შედეგად, რაც ექსპერტის მიერ დასკვნაში სრულყოფილად არ ასახულა.
11.9 კასატორი სადავოდ ხდის ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებასაც, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიქცევის შესახებ და განმარტავს, რომ, თავად მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, დადგინდა შენობების ვარგისიანობა, აქედან გამომდინარე მოსარჩელეთა ქონებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიდგომის საფრთხე არ არსებობს.
11.10 დანარჩენი საკასაციო საჩივრის პრეტენზიები წინამდებარე განჩინების 7.2-7.4 ქვეპუნქტებში მითითებული სააპელაციო პრეტენზიების იდენტურია.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
19. წინამდებარე შემთხვევაში, მოპასუხის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში, არ დასტურებდა. ამასთან, სადავოა ზიანის ოდენობაც.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე (შდრ. სუსგ #ას-129-122-2014, 30.04. 2014 წ.).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები, რომლის თანახმად, მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ქონებების დაზიანება, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებით წარმოქმნილი დინამიკური დატვირთვების შედეგია (იხ. ექსპერტიზის დასკვნები, ტ.1, ს.ფ. 21-36, 58-71, 94-121).
23. საკასაციო სასამართლო, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესწავლის შემდეგ, განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იურიდიული სანდოობის, საქმის მასალებთან კავშირისა და ექსპერტისათვის დასმული კითხვების კონტექსტში მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი დასკვნები სწორად შეაფასა.
24. საკასაციო სასამართლო, კასატორის მიერ წარდგენილ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ 2017 წლის 31 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნებს, მოცემულ დავის საგნის მიმართ არ იზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნები, 2017 წლის ივლისში ჩატარებული აფეთქების ვიბრაციის მონაცემების შეფასებას ეფუძნება და მოცემულ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები არ გამოკვლეულა და მათზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედების დაკვირვება არ განხორციელებულა, მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სსსკ-ის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, არ გამოდგება იმ ექსპერტიზის დასკვნის გასაბათილებლად, რომელმაც უძრავი ქონებების დაზიანება, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიკური დატვირთვის შედეგად დაადგინა და რომელიც სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტის მიერ არის შედგენილი.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით შეეძლო სასამართლოსათვის შეეთავაზებინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოსარჩელეების მიერ წარდგენილ დასკვნებს ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ კომპანიის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოები, მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაძლია სსსკ-ის 992-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის შემადგენელი ელემენტების არსებობის დადასტურების ტვირთი, ხოლო მოპასუხემ, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, ვერ დაამტკიცა.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ნორმების გამოყენებისას, მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავ გარემოებას, მოპასუხის ვარგისი შედავების საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სსკ-ის 1008-ე მუხლი „დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულიმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ“ წარმოადგენს. ამავე კოდექსის, 130-ე მუხლის შესაბამისად „ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ“, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს წინამდებარე განჩინების 10.12 ქვეპუნქტში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ აფეთქებითი სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ ვლინდება, აღნიშნული კი, სსსკ-ის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტური ვალდებულების ხანდაზმულად მიჩნევას გამორიცხავს.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის თანახმად, დადგენილია მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელს მართებულად დააკისრა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, მოპასუხეს, შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით გააქარწყლებდა, არ წარუდგენია სასამართლოსათვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის (კომპანიის) პრეტენზია, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი, იმ შემთხვევათა ჩამონათვალს განსაზღვრავს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. აღნიშნული ნორმის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველა სხვა საქმეზე, სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება (ძალადაკარგულია „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს).
30. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე კომპანიის ბრალით გამოწვეული უძრავი ქონების დაზიანების გამო, ზიანის ანაზღაურებას შეეხება. საკასაციო სასამართლო, საქმეში არსებულ უდავო ფაქტებისა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საცხოვრებელ სახლებზე წარმოქმნილი დაზიანებების პროგრესირების ალბათობა არსებობს, მით უფრო, როცა, კასატორი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, 2020 წლამდე განსახორციელებელ სამუშაოებზე უთითებს საკასაციო საჩივარში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება, გადაწყვეტილების დაუყოვნელბივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, დასაბუთებული და კანონიერია.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (კომპანიის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
32.სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ''ჩ.რ.ბ.ჯ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ''ჩ.რ.ბ.ჯ–ს" ს/კ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2542,86 ლარის (საგადასახადო დავალება N351, გადახდის თარიღი 2018 წლის 11 ნოემბერი), 70% – 1780 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე