Facebook Twitter

საქმე №ას-1304-2018 15 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – გ. კ-ი, პ. ჯ-ე (შეგებებული მოსარჩელე), მ. ჯ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

თანამოპასუხეები თავდაპირველ სარჩელზე _ ა. და გ. ა-ები

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა (თავდაპირველ სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ. ბ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. ჯ-ის, გ. კ-ის, მ. ჯ-ის, ა. და გ. ა-ების (შემდგომში _ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხე, პირველი და მეორე მოპასუხე ასევე, წოდებული, როგორც შეგებებული მოსარჩელეები, პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე _ აპელანტები, კასატორები, ერთობლივად _ მფლობელები) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ.გორში, შ. ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #66.45... შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 28 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ პირველი მოპასუხისაგან შეიძინა სადავო ქონება და 2015 წლის 1 ნოემბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ. გამყიდველს ქონება ოჯახის წევრებთან ერთად უნდა დეტოვებინა და ჩაებარებინა მყიდველისათვის, თუმცა, ოჯახის წევრებთან (მოპასუხეები) ერთად ფლობს ქონებას. პირველმა და მეორე მოპასუხემ შემძენს სთხოვეს დრო ალტერნატიული ფართის მოსაძებნად, თუმცა, გასული დროისა და მესაკუთრის მიერ წაყენებული პრეტენზიის მიუხედავად, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ ნივთს.

1.2. სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართეს პირველმა და მეორე მოპასუხემ თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ, 2015 წლის 28 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების მათ საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შეგებებული მოსარჩელეების ოჯახს აღებული ჰქონდა არაერთი იპოთეკური სესხი, როგორც გორში მდებარე უძრავ ქონების, ისე მათი შვილის _ მესამე მოპასუხის კუთვნილი ქონების უზრუნველყოფით. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გამო, გადაწყვიტეს გაეყიდათ კუთვნილი სახლი. თავდაპირველმა მოსარჩელემ მოიწონა სადავო ქონება და შეუთანხმდა გამყიდველებს, რომ ქონების სრულ ღირებულებას 2015 წლის ბოლოსათვის გადაუხდიდა. 2015 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც ნასყიდობის საგნის ფასი განსისაზღვრა 60 000 აშშ დოლარით, თუმცა, რეალურად, შემძენმა ღირებულების ნახევარი გადაიხადა, ხოლო ნახევარი 2015 წლის დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. აღნიშნული თანხა შემძენს დათქმულ ვადაში არ გადაუხდია (სასამართლო სხდომაზე შეგებებულმა მოსარჩელეებმა შეცვალეს მოთხოვნის საფუძველი და საერთოდ უარყვეს შემძენის მიერ ქონების საფასურის ნაწილის გადახდაც, რის გამოც გამყიდველები, ვალის გასტუმრების გამო, იძულებული გახდნენ იპოთეკით დაეტვირთათ შვილის კუთვნილი, ქ.თბილისში მდებარე ბინა).

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს თავდაპირველი სარჩელი და განმარტეს, რომ მათ სადავო ქონება იმის გამო გაყიდეს, რომ ორჯერ იყო იპოთეკით დატვირთული, შესაბამისად, მყიდველი ვალდებულებას იღებდა, მთლიანად დაეფარა სასესხო დავალიანება. ეს პირობა შემძენმა არ შეასრულა, რის გამოც მოპასუხეებს კვლავ ერიცხებათ სესხის სარგებელი. შემძენის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, მეორე მოპასუხე იძულებული გახდა, აეღო სხვა სესხი და გაეთავისუფლებინა სახლი უზრუნველყოფისაგან, რომელსაც ბანკი რეალიზაციისთვის ამზადებდა. შესაბამისად, მოსარჩელეს აღარ აქვს უფლება, გამოასახლოს მოპასუხეები სადავო ქონებიდან;

2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემაც არ ცნო შეგებებული სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ პირველი მოპასუხისაგან სადავო ქონება შეიძინა კანონიერად, სრულად გადაუხადა თანხა, რომელიც პირველ და მეორე მოპასუხეს უნდა შეეტანათ ბანკში იპოთეკური სესხის დასაფარად (რომლის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით იყო დატვირთული სადავო ქონება და მოეხსნათ მასზე იპოთეკა). ამავე ვალდებულების უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო მოპასუხეების შვილის (მესამე მოპასუხის) სახელზე რეგისტრირებული ბინაც. შეგებებულმა მოსარჩელეებმა არ შეასრულეს ვალდებულება, არ გაათავისუფლეს ბინა იპოთეკისგან. გარკვეული დროის განმავლობაში ისინი იხდიდნენ თანხას გრაფიკის მიხედვით, სანამ არ გაათავისუფლეს იპოთეკისგან მესამე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ბინა. სესხის გადაუხდელობის გამო, საფრთხე ექმნებოდა სადავო ქონებას, რაც ემსახურებოდა შემძენის იძულებას, გადაეხადა გამყიდველის ვალი ბინის შენარჩუნების სანაცვლოდ. იპოთეკის საგნის რეალიზაციის თავიდან ასარიდებლად, შემძენმა თანხის ნაწილით დაფარა მეორე მოპასუხის სესხი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს, ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, თავდაპირველი სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 06.10.2015 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად,სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს პირველი მოპასუხის საკუთრებას;

1.2.2. 01.11.2016 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, დავის საგანი თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრებადაა რეგისტრირებული. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 28.10.2015 წ;

1.2.3. 2015 წლის 28 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 60 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ ნასყიდობის თანხა, მყიდველის მიერ სრულად იყო გადახდილი;

1.2.4. უძრავ ქონებას ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი ვალდებულებითთან ერთად სანივთო უფლების წარმოშობის საფუძველსაც წარმოადგენს, შემოწმებას ექვემდებარება, როგორც სამოქალაქო კოდექსის 183-ე, ისე _ 477-ე მუხლის წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ გარიგება კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვითაა გაფორმებული და შემძენის მიერ მოპოვებული უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ამდენად, ფორმალური თვალსაზრისით, გარიგება შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე, დადგენილია, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამყიდველმა დაადასტურა ნასყიდობის ღირებულების მიღების ფაქტი. რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტს გააქარწყლებდა შეგებებულ მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ გარიგების ბათილად ცნობის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს კონტრაჰენტის ნების ხარვეზი და ხელშეკრულების როგორც საცილო, ისე _ უცილოდ ბათილად მიჩნევისათვის უნდა დგინდებოდეს, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ შეესაბამება მათ შინაგან ნებას. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული მოსარჩელე გარიგების ბათილობას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ შემძენს არ გადაუხდია ნასყიდობის ღირებულება, მართალია, ამ ფაქტს ვერ ამტკიცებს მხარე, თუმცა, დადასტურების შემთხვევაშიც კი, იგი სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს და არა საკუთრების დაბრუნების. აქვე უნდა ითქვას, რომ საქმის მომზადების დასრულებამდე (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ქვეპუნქტი, 201.4 და 219.1 მუხლები) შეგებებულ მოსარჩელეს არც თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში და არც შეგებებულ სარჩელში არ მიუთითებია იმგვარი ფაქტები, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლად მიეჩნია და სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლების ფარგლებში შეემოწმებინა. რაც შეეხება ვინდიკაციურ სარჩელს, მის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მართლზომიერი ფლობის ფაქტი, ისევე, როგორც მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტის სამართლებრივი ძალის არქონა, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორთა უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორები ვერ ამტკიცებენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნივთის ვინდიცირების, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მეორე მოპასუხემ და მოითხოვა საქმისათვის ახალი მტკიცებულების _ საბანკო ქვითრის დართვის თაობაზე. საკასაციო პალატა უარყოფს ხსენებულ მოთხოვნას და განმარტავს, რომ ამ ინსტანციაში მტკიცებულებათა წარდგენა არ ხდება, რადგანაც საკასაციო სასამართლო ფაქტების დამდგენ ინსტანციას არ წარმოადგენს, კანონის ძალით (სსსკ-ის 407.1. მუხლი) იგი შემოიფარგლება საქმეში უკვე არსებული დოკუმენტების შემოწმებით საკასაციო პრეტენზიათა ფარგლებში. ვინაიდან პალატას არ გააჩნია უფლება, მიიღოს ახალი მტკიცეულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მას უბრუნებს განმცხადებელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის, პ. ჯ-ისა და მ. ჯ0ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს დაუბრუნდეთ 06.03.2019წ. #ა-1094-...განცხადებაზე დართული საგადახდო დავალება 1 (ერთი) ფურცლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი