Facebook Twitter

საქმე №ას-1681-2018 1 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „მ-ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე, პრინციპალი ან კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, ბენეფიციარი ან სამინისტრო) მიმართ, უსაფუძვლოდ მიღებული 40 659 ლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ამ თანხის 1%-ის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 16 აგვისტოსა და 6 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #490 და #550 ხელშეკრულებები. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მიწოდების ვადის გადაცილების მიზეზით, სამინისტრომ კომპანიას ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შესახებ #490-1 და #550-1 აქტების საფუძველზე დააკისრა პირგასამტეხლო, რომელთა გადახდაზეც მენარდემ უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში, მიწოდების ვადის გადაცილება თავდაპირველად განპირობებული იყო თვითონ შემკვეთის ბრალეული ქმედებით, ხოლო შემდგომ _ ფორსმაჟორით. სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს კომპანიის მიმართ, 2013 წლის 16 აგვისტოს #490 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს _ 76 046.10 ლარისა და 2013 წლის 6 სექტემბრის #550 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს _ 74 060 ლარის დაკისრების მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მენარდეს, შემკვეთის სასარგებლოდ, 2013 წლის 16 აგვისტოსა და 6 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა მხოლოდ 5 000 ლარის გადახდა. შემკვეთის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სს „ს-მა“ (შემდგომში _ გარანტი) მენარდესა და გარანტს შორის 2013 წლის 9 აგვისტოსა და 5 სექტემბერს დადებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელეს ჩაურიცხა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - ჯამში 40 659 ლარი. აღნიშნული თანხა, გარანტმა 2014 წლის 6 თებერვალს, უაქცეპტოდ აინაზღაურა მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან. მენარდემ აღასრულა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და გადაიხადა დაკისრებული პირგასამტეხლო 5 000 ლარი, ხოლო შემკვეთმა მოსარჩელეს არ დაუბრუნა მისი საბანკო ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოჭრილი საგარანტიო თანხები, რითაც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა 40 659 ლარით, ხოლო, მოსარჩელეს მიადგა ზიანი იმ პირობებში, როდესაც მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის მოცულობა 5 000 ლარით განისაზღვრა. გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის თანხის ჩარიცხვის შემდეგ, საგარანტიო თანხები ჩამოიჭრა კომპანიის ანგარიშიდან და დაიფარა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების შესაბამისად. გარდა მითითებული საგარანტიო თანხებისა, ქვეყანაში არსებული საბანკო საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით, კომპანიისათვის მიყენებულ ზიანს, ასევე, წარმოადგენს დასაბრუნებელი თანხის წლიური 12% მოპასუხისათვის თანხის მიღების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ პირგასამტეხლო 5 000 ლარის ოდენობით მოსარჩელემ გადაიხადა ვადის დარღვევის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, პირგასამტეხლოს თანხის დაანგარიშებისას, მხედველობაში მიიღო სამინისტროს ბრალეული ქმედება და შემდგომ არსებული ფორსმაჟორული გარემოება, კერძოდ, სასამართლომ ვადაგადაცილებულ დღეებს გამოაკლო სამინისტროს ბრალეულობით გამოწვეული ვადაგადაცილების დღეები, ხოლო მენარდის მხრიდან დარჩენილ დღეებზე ვადის გადაცილება დადგენილად მიიჩნია და შესაბამისად, პირგასამტეხლოც დააკისრა. გადაწყვეტილებით კომპანიის არაბრალეულობა არ დადგენილა, არამედ, მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც გარანტმა დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა. ამდენად, სამინისტრომ სადავო შესრულება სამართლებრივი საფუძვლით მიიღო, რაც გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრებას. ბენეფიციარის მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები შეესებამებოდა გარანტიის პირობებს და გარანტიის წარდგენა მოხდა გარანტიით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც გარანტს არ ჰქონდა უარის თქმის უფლება ბენეფიციარის მოთხოვნაზე. გარდა ამისა, მოთხოვნილი თანხის 1%-ის ყოველთვიურად დაკისრების ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა 40 659 ლარის გადახდა, 2014 წლის 6 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 40 659 ლარის 1%-ის დაკისრების ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბენეფიციარმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ვალდებულების დარღვევის გამო ბენეფიციარისათვის გარანტის მიერ გადახდილი თანხის პრინციპალისათვის დაბრუნების წინაპირობების არსებობა (ამ თანხის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის _ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლომ უარყო სარჩელი, სსსკ-ის 264-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, მასზე საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს). ქვემდგომი ინსტაციის სასამართლოების დასკვნით, კასატორს მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა კონდიქციური ვადებულება, რამდენადაც საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის მიღებით ის გამდიდრდა უსაფუძვლოდ. კასატორი არ ეთანხმება ხსენებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ შესრულება სამართლებრივი საფუძვლით განხორციელდა და არ არსებობს უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენების წინაპირობა, შესაბამისად, მხარე საკასაციო პრეტენზიას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წინაპირობებს უკავშირებს.

1.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე, ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.2.1. 2013 წლის 16 აგვისტოს სამინისტროსა და კომპანიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #490 ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა მოპასუხისათვის, ამავე ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული საქონელი (საველე ფორმა კეპითა და პანამით) 2013 წლის 1 ნოემბრამდე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 974 950 ლარით, საქონლის მიწოდების ადგილად გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაბა ვ-ი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2013 წლის 31 დეკემბერი. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მენარდემ შემკვეთს წარუდგინა 19 499 ლარის საბანკო გარანტია. 2013 წლის 9 აგვისტოს, ბანკს და პრინციპალს შორის დაიდო საგანარანტიო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გარანტმა იკისრა ვალდებულება, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გადაეხადა ჯამური თანხა 19 499 ლარი. გარანტიის მაქსიმალური მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 იანვარი. საგარანტიო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ იქნა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლითაც გარანტმა პრინციპალის თხოვნით წერილობით იკისრა ვალდებულება, რომ პრინციპალის მიერ ნარდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ბენეფიციარს გადაუხდიდა საერთო ფულად თანხას არა უმეტეს 19 499 ლარს, ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

1.2.2. 2013 წლის 6 სექტემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #550 ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა მოპასუხისათვის ამავე ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული საქონელი (ქურთუკი, მათბუნებელი, შარვალი საქარე, საწვიმარი ლაბადა) 2013 წლის 1 ნოემბრამდე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 058 000 ლარით, საქონლის მიწოდების ადგილად _ გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაბა ვ-ი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად _ 2013 წლის 31 დეკემბერი. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელემ შემკვეთს წარუდგინა საბანკო გარანტია. 2013 წლის 5 სექტემბერს, გარანტსა და პრინციპალს შორის დაიდო საგარანტიო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გარანტმა იკისრა ვალდებულება, პრინციპალის მიერ სამინისტროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარისათვის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გადაუხადოს ჯამური თანხა 21 160 ლარი. გარანტიის მაქსიმალური მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 იანვარი. საგარანტიო ხელშეკრულების საფუძველზე გარანტმა ბენეფიციარის სახელზე გასცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია და წერილობით იკისრა ვალდებულება, პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, სამინისტროსათვის გადაეხადა თანხა არა უმეტეს 21 160 ლარისა, ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

1.2.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების 16.1 პუნქტებით განისაზღვრა, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში (მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საქონლის მიუწოდებლობისათვის) მას წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულებების 16.5 პუნქტების თანახმად, მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას შემკვეთი უფლებამოსილი იყო, გამოეყენებინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად;

1.2.4. 2014 წლის 9 აგვისტოსა და 5 სექტემბრის საბანკო გარანტიების თანახმად, თანხის ანაზღაურებაზე ბენეფიციარის მიერ მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნას სათანადოდ ხელმოწერილი, ბეჭდით დადასტურებული წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული იქნება მოთხოვნილი თანხა ციფრობრივად და სიტყვიერად, განმარტებული იქნება კონკრეტულად პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების რა პირობები იქნა დარღვეული პრინციპალის მხრიდან. მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს მოთხოვნაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და საბანკო გარანტიის ასლი. ამავე საბანკო გარანტიის მიხედვით, საბანკო გარანტიაზე მოთხოვნა ან პრეტენზია წარდგენილი უნდა იყოს საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე;

1.2.5. მენარდემ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობები. კერძოდ: საქონლის მიწოდების ვადა, რომელიც უნდა ყოფილიყო 2013 წლის 1 ნოემბერი, ფაქტობრივად მიწოდება განხორციელდა #490 ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 2013 წლის 20 დეკემბერს, ხოლო, #550 ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 2013 წლის 16 დეკემბერს. პირველ შემთხვევაში ვადაგადაცილებამ შეადგინა 49 დღე, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ 45 დღე. #490 ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელეს 2014 წლის 29 იანვრის #490-1 აქტის საფუძველზე შემკვეთმა დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელმაც შეადგინა 95 545 ლარი. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ბენეფიციარმა ბანკს მოსთხოვა საბანკო გარანტიის თანხის გადარიცხვა. 2014 წლის 6 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე ჩარიცხა საგარანტიო თანხა 19 499 ლარი;

1.2.6. 2013 წლის 5 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის #550 ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, მოპასუხემ, 2014 წლის 5 თებერვლის #550-1 აქტის საფუძველზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მენარდეს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელმაც შეადგინა 95 545 ლარი. 2014 წლის 6 თებერვალს გარანტმა ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, #550 ხელშეკრულების დარღვევის საგარანტიოდ, 2013 წლის 5 სექტემბრის საბანკო გარანტიის საფუძველზე სამინისტროს საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე ჩარიცხა საგარანტიო თანხა 21 160 ლარი;

1.2.7. შემკვეთის მიერ შედგენილი #490-1 და #550-1 აქტებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე მენარდემ განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში, მიწოდების ვადის გადაცილება თავდაპირველად თვითონ შემსყიდველის ბრალეული ქმედებით იყო განპირობებული, ხოლო შემდგომ _ ფორსმაჟორით. სამინისტროს სარჩელის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მენარდეს მის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს _ 5 000 ლარის გადახდა, ხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, უმეტესწილად, განპირობებული იყო შემკვეთის ბრალით, თუმცა, არც მენარდის ბრალეულობა არ გამოირიცხა (დადგინდა მხარეთა შერეული ბრალი, რაშიც სამინისტროს ბრალი უპირატესი იყო). აღნიშნული გადაწყვეტილება აღასრულა მენარდემ;

1.2.8. საგარანტიო თანხა, ჯამურად 40 659 ლარი, გარანტის მიერ უაქცეპტოდ იქნა ანაზღაურებული მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ არ არსებობდა საბანკო გარანტიის საფუძველზე გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის ვალდებულების დარღვევის გამო ანაზღაურებული თანხის კონდიქციის წესებით დაკისრების წინაპირობები. ამ მხრივ კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული (სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა) დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა.

1.3.2. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის ფაბულაზე: მოსარჩელეს სურს, დაიბრუნოს ხელშეკრულების დარღვევის მოტივით მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის გზით გადაცემული შესრულება, ამასთან, მიიჩნევს, რომ სახეზეა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წინაპირობები. მხარე მიიჩნევს, რომ სადავო შესრულებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის წარმატებულობის განსაზღვრისათვის სასამართლომ სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა მოიძიოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. აღნიშნული საკითხის კვლევა კი, ხორციელდება შემდეგი სახით: უპირველესად, მოწმდება მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსი იცნობს სახელშეკრულებო, არასახელშეკრულებო (კანონისმიერი) ან სპეციალური კანონით გათვალისწინებულ ვალდებულების წარმოშობის წინაპირობებს (სკ-ის 317.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის სტრუქტურიდან გამომდინარე, მოთხოვნის საფუძვლებიც შესაბამისადაა კოდიფიცირებული. დამფუძნებელი ნორმის მოძიებისას სასამართლო მოთხოვნის წინაპირობებს (მითითების ფარგლებში სარჩელში გადმოცემულ ფაქტობრივ მოცემულობას) ამოწმებს შესაბამისი თანმიმდევრობით.

1.3.3. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, მათ შორის გაფორმებულ იქნა ორი დამოუკიდებელი ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა შესაბამისად, ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილ იქნა, როგორც პირგასამტეხლოთი (სკ-ის 417-ე-420-ე მუხლები), ისე _ საბანკო გარანტიით (სკ-ის 879-ე-890-ე მუხლები). პრეიუდიციული ძალის (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) მატარებელი ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ ნარდობის ხელშეკრულება შესრულდა არაჯეროვნად, მხარეთა შერეული ბრალიდან გამომდინარე, სამინისტრომ პირგასამტეხლოდან გამომდინარე მოთხოვნა სასამართლო წესით დაიკმაყოფილა, რაც შეეხება საბანკო გარანტიიდან გამომდინარე შესრულებას, შეთანხმებული თანხა მას აუნაზღაურა გარანტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს დელიქტურ ქმედებაზე არც მოსარჩელე მიუთითებს და არც საქმის მასალებითაა ამგვარი გარემოება დადგენილი, ამასთანავე, შედავებული არ არის თავად საბანკო გარანტიის ნამდვილობა. ამდენად, ის ფაქტი, რომ მოთხოვნილი თანხა კასატორს ხელშეკრულების ფარგლებში გადაეცა, თავისთავად გამორიცხავს კონდიქციიდან გამომდინარე ნორმათა გამოყენების შესაძლებლობას (ქვემდგომი სასამართლოების დასკვნით, სახეზე იყო შესრულების კონდიქცია _ სკ-ის 976-ე მუხლი, თუმცა, როგორც ხსენებული ნორმის, ისე _ ზოგადად, უსაფუძვლო გამდიდრების სხვა ნორმათა გამოყენებისათვის ქონებრივ გადანაცვლებას არ უნდა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი, შესრულება არანამდვილი ნების საფუძველზე უნდა იყოს განხორციელებული, რასაც შედეგად ერთი პირის ქონებრივი დანაკლისი, ხოლო, მეორე პირის უსაფუძვლო გამდიდირება უნდა მოჰყვეს), რამდენადაც თანხის გადაცემას გააჩნდა სახელშეკრულებო საფუძველი. საკასაციო პალატის დასკვნით, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სახელშეკრულებო სამართლაში, კერძოდ კი, საბანკო გარანტიის მარეგულირებელ ნორმებში უნდა იქნას მოძიებული.

1.3.4. სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი განსაზღვრავს საბანკო გარანტიის ელემენტებს და ადგენს, რომ საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის ხსენებული საშუალება გარკვეულწილად მესამე პირის სასარგებლოდ დადებული იმგვარი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს პრინციპალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისი კრედიტორის ინტერესებს. სამოქალაქო ბრუნვაში საკმაოდ მყარად დამკვიდრებული ხსენებული ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი მისი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის დამოუკიდებლობაა პრინციპალსა და ბენეფიციარს შირის არსებული ვალდებულებისაგან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. გარანტიის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ბენეფიციარის მოთხოვნის შესრულების წესი, კერძოდ, ამავე კოდექსის 887-ე მუხლი ანაზღაურების წინაპირობას ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გარანტიის მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და მოთხოვნის განსაზღვრულ ვადაში წარდგენის ფაქტს უკავშირებს (I), უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნა შეწყდა შესრულებით, სხვა საფუძვლით ან თუნდაც ბათილია, ბენეფიციარის მხრიდან განმეორებითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, გარანტს ნაკისრი ვალდებულების უპირობოდ შესრულება ევალება(II).

1.3.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის ინსტიტუტის მარეგულირებელი არცერთი ნორმა არ შეიცავს ბენეფიციარისათვის გარანტიის საფუძველზე გადაცემული შესრულების გამოთხოვის შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ ვალდებულება დაირღვა, რომელიც უზრუნვეყოფილი იყო ორი დამოუკიდებელი საშუალებით (პირგასამტეხლო და საბანკო გარანტია) და არცერთი მათგანის ნამდვილობა სადავო არაა, ამდენად, იურიდიულად გაუმართლებელია პრინციპალის მოთხოვნა ბენეფიციარის მიმართ, დააბრუნოს საბანკო გარანტიის საფუძველზე მიღებული შესრულება.

1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია მატერიალური სამართლის ნორმათა მნიშვნელოვანი დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), თავად იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე: ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, პალატა მიიჩნევს რომ ის ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც კი გაუმართლებელია და სრულად უარყოფს მას.

2. პროცესის ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია, პროცესის სხვა ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა კი, მას არ წარუდგენია, შესაბამისად, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დებულებებით არ ხელმძღვანელობს, ამასთანავე, წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად იქნა უარყოფილი სარჩელი, ხოლო, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადასახდელ იმ ბაჟს (40 659X9%), რომლის გადახდისაგან გათავისუფლებულია მოპასუხე, აკისრებს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

2.1. შპს „მ-ას“ სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 40 659 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. შპს „მ-ას“ (ს/კ #2-...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 3 659,31 ლარის გადახდა

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი