Facebook Twitter

საქმე №ას-1974-2018 4 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ყ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საპროცესო ვადის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. ა-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ყ-ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად. ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

6. აპელანტმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გასწორდა 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და სახელმწიფო ბაჟის სახით აპელანტის მიერ გადასახდელ თანხად ნაცვლად „1028 ლარისა“, მიეთითა „800 ლარი“. აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 800 ლარის ოდენობით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. აპელანტს ასევე დაევალა წარედგინა ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით. ხარვეზის შესავსებად აპელანტს ვადა გაუგრძელდა 10 დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მასვე განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ დარჩა განუხილველი; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, შვილს - ლ. ყ-ს (პ/ნ: 53001...), 2018 წლის 9 ოქტომბერს, 10:28 საათზე. თუმცა აპელანტმა ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბერს (ორშაბათს) მიმართა − სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც, სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე ხარვეზის შევსების ვადის დარღვევის გამო, უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

10. 2018 წლის 17 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი ნოემბრის განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

11. 2018 წლის 12 დეკემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენა.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით აპელანტის განცხადება ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ დარჩა განუხილველი.

13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლით და მიუთითა, რომ განცხადება საპროცესო ვადის აღდგენაზე იმ სასამართლოში შეიტანება, სადაც საპროცესო მოქმედება უნდა შესრულებულიყო. ამ საპროცესო მოქმედების შესაძლებლობა მხარეს აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ არ არის მიღებული განჩინება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესასრულებელ მოქმედებასთან (მოთხოვნასთან) დაკავშირებით, ანუ მხარისთვის ცნობილია, რომ მან საპროცესო ვადა დაარღვია, მაგრამ ვინაიდან სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ არ არის მიღებული განჩინება ვადაში შეუსრულებელი მოქმედების გამო, შესაძლებელია მიმართოს სასამართლოს ამ ვადის აღდგენის მოთხოვნით.

14. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის პირველ ნოემბერს მიღებული იყო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ე.ი. სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული წარმოება სააპელაციო ინსტანციაში იყო დასრულებული და აპელანტს გაშვებული ჰქონდა საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნის წარდგენის ვადაც. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის აღდგენის შესახებ განცხადება იყო დაუშვებელი.

15. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საპროცესო ვადის აღდგენაზე მსჯელობა შეუძლებელი იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის პირველი ნოემბრის განჩინების კანონიერების შემოწმების გარეშე. ამ საკითხის გადასაწყვეტად კი უფლებამოსილი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლო.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენა.

17. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

17.1. ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება აპელანტს პირადად არ გადასცემია. აპელანტს უთხრეს, რომ განჩინება მის შვილს 2018 წლის 10 ოქტომბერს ჩაბარდა. რადგან აპელანტს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება არ უნახავს და იცოდა, რომ იგი 2018 წლის 10 ოქტომბერს იყო ჩაბარებული, მას არ მიუმართავს სასამართლოსთვის საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის პირველი ნოემბრის განჩინების თაობაზე აპელანტისთვის 2018 წლის 12 ნოემბერს გახდა ცნობილი. აღნიშნული განჩინება მან 2018 წლის 7 დეკემბერს ჩაიბარა;

17.2. აპელანტს 2018 წლის 18 დეკემბერს ჩაბარდა განჩინება, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის პირველი დეკემბრით და აწერია: „სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“. სარეზოლუციო ნაწილში კი წერია: „განცხადება ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ დარჩეს განუხილველი“. აპელანტმა განცხადება წარადგინა 2018 წლის 12 დეკემბერს და მისთვის გაუგებარია თუ როგორ დარჩა იგი განუხილველი 2018 წლის პირველ დეკემბერს;

17.3. ხარვეზის დადგენის შესახებ პირველ განჩინებაში (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინება) არასწორად იყო მითითებული სახელმწიფო ბაჟის თანხა. გარდა ამისა, 2018 წლის 27 ნოემბერს აპელანტს შეცდომით ჩაბარდა სხვა საქმეზე გამოტანილი განჩინება. შესაძლებელია აპელანტის შვილის მიერ ჩაბარებული განჩინებაც არ ყოფილიყო მის საქმეზე. აპელანტს ის არ გადასცემია;

17.4. აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, რითაც გამოხატა დავისადმი ინტერესი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო. აპელანტის ინტერესები შეილახა სააპელაციო სასამართლოშიც. ყოველივე აღნიშნულის გამო სასამართლოს აქვს სრული უფლება აღუდგინოს მხარეს საპროცესო ვადა;

17.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს სასამართლოსა და სახელმწიფოს მხრიდან გულისხმიერების პრინციპთან დაკავშირებით. ერთ-ერთია საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი №304..../13). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ კანონი არ უნდა იქნეს აბსტრაქტულად განხილული და სასამართლო გულისხმიერად უნდა მიუდგეს საქმეს. მაშინ, როდესაც საქმეში დევს უსამართლო გადაწყვეტილება და მოპასუხეს უკანონოდ აქვს დაკისრებული დიდი თანხა, სასამართლოს შეეძლო საქმე დროულად განეხილა და ეცნობებინა მოპასუხისათვის, რომ ამ უკანასკნელს შესძლებოდა ვადის აღდგენის თაობაზე დროულად მიმართვა.

18. კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში ასევე მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ მოპასუხის განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება. სასამართლო დააკმაყოფილებს ამ განცხადებას, თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა.

24. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 10 დღით. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ.1. ს.ფ. 313-315). აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 9 ოქტომბერს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, შვილს − ლ. ყ-ს (იხ. ტ.1. ს.ფ. 317). აპელანტმა ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით, 2018 წლის 22 ოქტომბერს (იხ. ტ.1. ს.ფ. 318).

25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ დარჩა განუხილველი; განუხილველი დარჩა ასევე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 321-324).

26. დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენა (იხ. ტ.1. ს.ფ. 337-342).

27. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის მოთხოვნის წინაპირობები, რამდენადაც აპელანტს გაშვებული აქვს საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნის წარდგენის ვადა.

28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო ვადის აღდგენა შესაძლებელია კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომამდე და არა სამართლებრივი შედეგის დადგომის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან განცხადების წარდგენის მომენტში სააპელაციო საჩივარზე უკვე დამდგარი იყო პროცესუალურ-სამართლებრივი შედეგი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სახით, ამ განჩინებაზე ვერ გავრცელდებოდა სხვა პროცესუალური რეჟიმი და იგი საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების საფუძველზე ვერ გადაისინჯებოდა.

29. კერძო საჩივრის ავტორი მის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარში არსებითად მსჯელობს საპროცესო ვადის აღდგენის საფუძვლებზე და მიუთითებს, რომ აპელანტს სასამართლოსთვის საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ მიუმართავს, რადგან, მისი ინფორმაციით, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მისმა შვილმა 2018 წლის 10 ოქტომბერს ჩაიბარა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან იგი ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობას უკვე მოჰყვა შესაბამისი საპროცესო შედეგი და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. ამასთან, ასეც რომ არ იყოს და დადასტურებულად მივიჩნიოთ კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული შედავება, მაინც არ არსებობს საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი, რადგან საპროცესო ვადის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საპატიო მიზეზი, რის საფუძველზეც შეიძლება აღდგენილ იქნეს საპროცესო ვადა, რამდენადაც, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მხარის ოჯახის წევრის მიერ მიღებული დოკუმენტების მხარისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის ვალდებულებას, თუმცა ასეთი პირის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.

30. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებაში არასწორად იყო მითითებული სახელმწიფო ბაჟის თანხა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული უსწორობა გასწორდა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი), რომელიც კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს.

31. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ, რადგან 2018 წლის 27 ნოემბერს მას შეცდომით ჩაბარდა სხვა საქმეზე გამოტანილი განჩინება, შესაძლებელია მისი შვილის მიერ ჩაბარებული განჩინებაც არ ყოფილიყო მის საქმეზე. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ აპელანტისთვის ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაგზავნის ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული სასამართლო გზავნილის თავფურცლიდან და საფოსტო უკუგზავნილიდან. აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულია გაგზავნილი განჩინების ნომერი (იხ. ტ.1. ს.ფ. 316-317), საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება კი კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.

32. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების თარიღთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, განჩინება თავდაპირველად დათარიღებული იყო 2018 წლის პირველი დეკემბრით, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გასწორდა აღნიშნული უსწორობა და სასამართლოს განჩინების მიღების თარიღად მიეთითა 2018 წლის 13 დეკემბერი (იხ. ტ.1. ს.ფ. 357-358). გასაჩივრებული განჩინების თავში გაკეთებული წარწერა: „სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“, კი არის ტექნიკური ხარვეზი და არ წარმოადგენს აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველს, რამდენადაც თავად განჩინების ტექსტიდან და სარეზოლუციო ნაწილიდან აშკარაა, რომ იგი მიემართება მოპასუხის განცხადებას ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ.

33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას ვერც სააპელაციო პალატის მიერ გულისხმიერების პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო თავად აპელანტის მხრიდან სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობა, არარელევანტურია სააპელაციო პალატის მიერ გულისხმიერების პრინციპის დარღვევაზე აპელირება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების მიუხედავად, აპელანტს არ დაუკარგავს შესაძლებლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი ნოემბრის განჩინების (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) კერძო საჩივრით გასაჩივრების გზით ედავა მის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის განმაპირობებელი საპატიო მიზეზების არსებობის შესახებ, რაც მან განახორციელა კიდეც (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი).

34. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ მოპასუხის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ მოპასუხის განცხადება განუხილველად. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე