Facebook Twitter

ბს-16-3-კს-04 5 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 12 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ მოპასუხეების: სს “ხ.-ის”, სს “კ.-ის”, სს “ს.-სა” და სს “ლ.-ს” მიმართ და მოითხოვა სს “კ.-ის” საგადასახადო ვალდებულებების სოლიდარულად გადანაწილება სს “ხ.-ზე”, სს “ს.-სა” და სს “ლ.-ზე”. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეთა უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 12 მარტის განჩინებით მოპასუხეების უძრავ-მოძრავ ქონებას დაედო ყადაღა. აღნიშნული განჩინება მოპასუხეთა მიერ გასაჩივრებულ იქნა კერძო საჩივრით, რაც უზენაესი სასამართლოს 2003წ. 8 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და დარჩა უცვლელად.

2003წ. 9 ოქტომბერს საოლქო სასამართლოს წერილობითი შუამდგომლობით კვლავ მიმართა მოსარჩელე ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მიუთითა, რომ მოპასუხე საზოგადოების მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 6 თებერვლის ¹3კ/117403 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო სააღსრულებო საქმე სს “ი.-ის” სასარგებლოდ 240945 ლარის ანაზღაურების შესახებ. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავდა, რომ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია არის ზემოაღნიშნული სააქციო საზოგადოების უძრავ-მოძრავი ქონების პირველი რიგის იპოთეკარი, რის გამოც სკ-ის 198-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მოქმედება უნდა შეჩერებულიყო სს “ი.-ის” სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სააღსრულებო ბიუროს დაევალა სს “ი.-ის” სააღსრულებო საქმეზე წარმოების შეჩერება.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “ი.-ის” სალიკვიდაციო კომისიამ, რომელშიც აღნიშნა, რომ სსკ-ის 198-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიღებას, რომელიც გამოიყენება მოპასუხეთა მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი სარჩელის უზრუნველყოფა მიმართულია სს “ი.-ის” და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, რომლებიც საქმეში მოპასუხე მხარეებს არ წარმოადგენენ.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ ანალოგიურ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 17 ივლისის განჩინებით დადგენილი იყო, რომ სსკ-ის 198-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სააღსრულებო საბუთის შეჩერება, როცა ამ საბუთს ედავება მოვალე სასამართლო წესით.

ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია არ არის ყადაღადებული სააქციო საზოგადოების პირველი რიგის იპოთეკარი, რაც დასტურდება მიწის მართვის სამმართველოს უფროსის, ზონის რეგისტრატორის 2003წ. 17 ოქტომბრის ¹1341 წერილით.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 29 დეკემბრის განჩინებით სს უნივერსალური ბანკი “ი.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივრის საფუძვლებს, შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელი არ იხდის გადასახადს დადგენილ ვადაში, დავალიანების თანხა და სანქცია – საურავები წარმოადგენს საფუძველს ამ გადამხდელის მთელი ქონების მიმართ სახელმწიფოს სასარგებლოდ ქირავნობისა და იპოთეკის უფლების გამოსაყენებლად.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული გირავნობის უფლება წარმოიშობა მოვალისათვის გაგზავნილი გირავნობის უფლების შესახებ შეტყობინების რეგისტრაციისას, ხოლო იპოთეკის უფლება _ იპოთეკის უფლების შესახებ განცხადების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას, რომლებიც გრძელდება გადასახადის გადახდის ვალდებულების შესრულებამდე ან მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.

ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოებს, გადასახადის იძულებითი გადახდევინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიმართ წარმოეშობათ იძულებითი იპოთეკის უფლება. ის გარემოება, რომ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ მითითებული უფლება გამოყენებული და რეალიზირებულია, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მიწის მართვის სამმართველოს ცნობის საფუძველზე.

სკ-ის 286-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში, მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან.

ამდენად, იპოთეკა, თავისი სამართლებრივი ბუნებით, წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომელიც იპოთეკარს, მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას, აძლევს უფლებას და, შესაბამისად, გარანტიას, სხვა ნებისმიერ კრედიტორთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა. თავისთავად, ის ფაქტი, რომ იპოთეკა წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატეს უფლებას, ავტომატურად გამორიცხავს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესაძლებლობას, თუნდაც, ვალი დადასტურებული იყოს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ შემთხვევაში თუ დასაშვებად იქნება მიჩნეული ნებისმიერი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და იპოთეკარს არ ექნება რეალიზაციის პროცესის შეჩერების რეალური მექანიზმი, თავისთავად, იპოთეკა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, კარგავს თავის დანიშნულებას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმის გარემოებებს და მართებულად იქნა გამოყენებული სსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს უნივერსალური ბანკი “ი.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.