Facebook Twitter

საქმე №ას-1974-2018 4 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ყ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. ა-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ყ-ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ დარჩა განუხილველი; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, რომელიც აპელანტის მოთხოვნის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გაგრძელდა 10 დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან. როგორც ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით, ასევე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, შვილს − ლ. ყ-ს (პ/ნ: 5300...), 2018 წლის 9 ოქტომბერს, 10:28 საათზე. თუმცა აპელანტმა ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბერს (ორშაბათს) მიმართა − სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დარღვევით.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 368-ე, 374-ე, 63-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ, ვინაიდან ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა აპელანტმა სააპელაციო პალატას წარუდგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული ვადის დარღვევით, აღნიშნული შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე ხარვეზის შევსების ვადის დარღვევის გამო, უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

10.1. აპელანტს ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება პირადად არ გადასცემია, მისმა შვილმა კი უთხრა, რომ განჩინება 2018 წლის 10 ოქტომბერს ჩაიბარა;

10.2. ხარვეზის დადგენის შესახებ პირველ განჩინებაში (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინება) არასწორად იყო მითითებული სახელმწიფო ბაჟის თანხა. გარდა ამისა, 2018 წლის 27 ნოემბერს აპელანტს შეცდომით ჩაბარდა სხვა საქმეზე გამოტანილი განჩინება. შესაძლებელია აპელანტის შვილის მიერ ჩაბარებული განჩინებაც არ ყოფილიყო მის საქმეზე. აპელანტს ის არ გადასცემია;

10.3. აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, გამოხატა თავისი იურიდიული ინტერესი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო. აპელანტის უფლებები დაირღვა სააპელაციო სასამართლოშიც. ყოველივე აღნიშნულის გამო სასამართლოს აქვს სრული უფლება აღუდგინოს მხარეს საპროცესო ვადა;

10.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს სასამართლოსა და სახელმწიფოს მხრიდან გულისხმიერების პრინციპთან დაკავშირებით. ერთ-ერთია საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი №30459/13). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ კანონი არ უნდა იქნეს აბსტრაქტულად განხილული და სასამართლო გულისხმიერად უნდა მიუდგეს საქმეს. მაშინ, როდესაც საქმეში დევს უსამართლო გადაწყვეტილება და მოპასუხეს დიდი თანხა აქვს უკანონოდ დაკისრებული, სასამართლოს შეეძლო საქმე დროულად განეხილა და ეცნობებინა მოპასუხისათვის, რომ ამ უკანასკნელს შესძლებოდა საკუთარი პოზიციის დაცვა და ვადის აღდგენის თაობაზე დროულად მიმართვა;

10.5. სასამართლომ დაარღვია მოპასუხის კონსტიტუციური უფლება ესარგებლა სამართლიანი სასამართლოთი და განუხილველად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი.

11. კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში ასევე მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა გაუგრძელდა 10 დღით. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ.1. ს.ფ. 313-315).

16. დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 9 ოქტომბერს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, შვილს − ლ. ყ-ს (იხ. ტ.1. ს.ფ. 317).

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

18. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების აპელანტის შვილისთვის ჩაბარების მომდევნო დღეს − 2018 წლის 10 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 ოქტომბერს, ხოლო ვინაიდან აპელანტმა ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 22 ოქტომბერს (იხ. ტ.1. ს.ფ. 318), სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით, არსებობდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მისი განცხადებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის შედავება, რომ ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მას პირადად არ გადასცემია, გზავნილის ჩამბარებელმა (თავისმა შვილმა) კი უთხრა, რომ განჩინება 2018 წლის 10 ოქტომბერს ჩაიბარა.

20. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

21. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ჩაითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად და სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 9 ოქტომბერს ჩაიბარა ადრესატის შვილმა, რასაც იგი ადასტურებს საკუთარი ხელმოწერით. შესაბამისად, რადგან გზავნილი ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა, გზავნილი აპელანტისთვის ჩაბარებულად ითვლება.

22. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის შედავების, რომლის თანახმად, გზავნილის ჩამბარებელმა აპელანტს უთხრა, რომ განჩინება 2018 წლის 10 ოქტომბერს ჩაიბარა, დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, არ არსებობს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მხარის ოჯახის წევრის მიერ მიღებული დოკუმენტების მხარისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის ვალდებულებას, თუმცა ასეთი პირის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.

23. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებაში არასწორად იყო მითითებული სახელმწიფო ბაჟის თანხა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული უსწორობა გასწორდა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით (იხ. ტ.1. ს.ფ. 313-315), რომელიც კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს. ამდენად, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

24. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ, რადგან 2018 წლის 27 ნოემბერს მას შეცდომით ჩაბარდა სხვა საქმეზე გამოტანილი განჩინება, შესაძლებელია მისი შვილის მიერ ჩაბარებული განჩინებაც არ ყოფილიყო მის საქმეზე. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ აპელანტისთვის ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაგზავნის ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული სასამართლო გზავნილის თავფურცლიდან და საფოსტო უკუგზავნილიდან. აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულია გაგზავნილი განჩინების ნომერი (იხ. ტ.1. ს.ფ. 316-317), საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება კი კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.

25. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ გულისხმიერების პრინციპისა და აპელანტის სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე.

26. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის აღნიშნულ შედავებას და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, შვილს. ამასთან, აღნიშნული განჩინებით აპელანტს განემარტა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები. მიუხედავად ამისა, მას ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო თავად აპელანტის დაუდევრობა და სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობა, მისი მხრიდან არარელევანტურია სააპელაციო პალატის მიერ გულისხმიერების პრინციპის დარღვევაზე აპელირება.

28. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე