Facebook Twitter

საქმე №ას-106-2019 4 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს. მ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ბ. შ-ე, ე. ჩ-ე, გ. ლ-ე, ე. ბ-ი, ნ. ჯ-ი, კ. შ-ა, ნ. ლ-ი, დ. ხ-ლი, ლ. მ-ი, დ. ქ-ი, მ. ა-ა, თ. ჩ-ე, თ. გ-ა, თ. ქ-ე, ი. ხ-ი, გ. დ-ი, გ. ჟ-ე, გ. ხ-ე, ლ. კ-ე, ნ. ვ-ე, ა. ქ-ი, ბ. ბ-ე, დ. ჯ-ა, ე. კ-ი, ს. ჭ-ი, ე. გ-ი (მოსარჩელეები)

თავდაპირველი მოსარჩელე - ა. ვ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბ. შ-ემ, ე. ჩ-ემ, გ. ლ-ემ, ე. ბ-მა, ნ. ჯ-მა, კ. შ-ამ, ნ. ლ-მა, დ. ხუციშვილმა, ლ. მ-მა, დ. ქ-მა, მ. ა-ამ, თ. ჩ-ემ, თ. გ-ამ, თ. ქ-ემ, ა. ვ-ემ, ი. ხ-მა, გ. დ-მა, გ. ჟ-ემ, გ. ხ-ემ, ლ. კ-ემ, ნ. ვ-ემ, ა. ქ-მა, ბ. ბ-ემ, დ. ჯ-ამ, ე. კ-მა, ს. ჭ-მა და ე. გ-მა (შემდგომში − „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „სტუდია მაესტროს“ (შემდგომში − „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, ხელფასის გადახდის, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ა. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მხარეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. სააპელაციო პალატის მითითებით, შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების ასლი ჩაბარდა მოპასუხე კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს ნ. ლ-ას 2019 წლის 3 იანვარს. მიმღები პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ჩაბარების თარიღი და ხელმოწერა გარკვევითაა მითითებული შეტყობინების ბარათზე.

9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების ასლი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით მის მიერ მითითებულ მისამართზე და შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არც ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის აღდგენა.

11. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

11.1. 2019 წლის 3 იანვარს მოპასუხისთვის განკუთვნილი გზავნილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების ასლი სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაიბარა შპს „ტ.“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომელმა ნანა ლოგუამ. 2019 წლის 17 იანვარს შპს „ტ.“ წერილით აცნობა მოპასუხეს მისთვის განკუთვნილი გზავნილის მის ნაცვლად ჩაბარების შესახებ და გადასცა სასამართლოს განჩინება;

11.2. შპს „ტ.“ დამოუკიდებელი კომპანიაა, მის თანამშრომლებს არ აქვთ მინიჭებული მოპასუხე კომპანიის სახელით ოფიციალური კორესპონდენციის ჩაბარების უფლებამოსილება. სასამართლო უწყება არ ჩაბარებია მოპასუხე კომპანიის დირექტორს ან უფლებამოსილ პირს, იგი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის მიმართ არ დაწყებულა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა;

11.3. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სასამართლო უარს ამბობს ვადის აღდგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე ისეთ შემთხვევებში, როდესაც მხარეს ან მის წარმომადგენელს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრულ პირს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სუსგ №ას-792-741-2017, 2017 წლის 20 ივლისი; სუსგ №ას-620-579-2017, 2017 წლის 6 ივნისი; სუსგ №ას-267-255-2015, 2015 წლის 23 აპრილი). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუშვა საპატიო მიზეზით, ვინაიდან მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია აღნიშნული განჩინება.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობა.

16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7-დღიანი ვადა (იხ. ტ.3. ს.ფ. 52-55).

17. დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და გზავნილი 2019 წლის 3 იანვარს ჩაბარდა ნ. ლ-ას. საფოსტო უკუგზავნილზე მითითებულია, რომ ნ. ლ-ა არის ორგანიზაციის წარმომადგენელი, „ეიჩარ სპეციალისტი“ (იხ. ტ.3. ს.ფ. 57).

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მოცემულ შემთხვევაში გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

21. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

22. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივარზე თანდართული და საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ სასამართლო გზავნილის მიმღები ფიზიკური პირი, ნ. ლ-ა არ არის მოპასუხე კომპანიის თანამშრომელი. აღნიშნული ფაქტი დასტურდება 2019 წლის 17 იანვრით დათარიღებული წერილით, რომლითაც შპს „ტ.“ (მოპასუხე კომპანია და შპს „ტ.“ სხვადასხვა სუბიექტებს წარმოადგენენ [იხ. ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტ.2. ს.ფ. 188-191; ტ.3. ს.ფ. 79-81]) ატყობინებს მოპასუხე კომპანიას, რომ 2019 წლის 3 იანვარს შპს „ტ.“ შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ (საქმე №2ბ/6565-18), რომელიც განკუთვნილია მოპასუხე კომპანიისათვის და რომ აღნიშნული გზავნილი შეცდომით ჩაიბარა შპს „ტ.“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომელმა ნ. ლ-ამ (იხ. ტ.3. ს.ფ. 78). ზემოაღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება მოპასუხე კომპანიის მიერ გაცემული ცნობით, რომლის თანახმად, ნ. ლ-ა არ არის მოპასუხე კომპანიის თანამშრომელი და არც არასოდეს ყოფილა (იხ. ტ.3. ს.ფ. 95). ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი შპს „ტ.“ შესახებ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „ტ.“ მისამართი ემთხვევა მოპასუხე კომპანიის მისამართს, რომელზეც სასამართლომ გააგზავნა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება (ქ. თბილისი ლ. ქ. №...) (იხ. ტ.3. ს.ფ. 56-57; 79-81).

23. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც აბათილებს საფოსტო უკუგზავნილის შინაარსს ხარვეზის განჩინების მოპასუხე კომპანიის თანამშრომლისათვის ჩაბარების შესახებ და ადასტურებს, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მოპასუხე კომპანიის მისამართზე მდებარე სხვა კომპანიის თანამშრომელს. ამგვარად, აპელანტს სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის დადგენისა და მის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. სასამართლო გზავნილი მიიღო არაუფლებამოსილმა პირმა, რომლისთვისაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარება გზავნილის მხარისათვის გადაცემას არ უთანაბრდება და ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის ათვლის საფუძველი ვერ გახდება.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე აპელანტის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს. მ.“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინება და საქმე შპს „ს. მ.“ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე