საქმე №ა-5085-ა-13-2018 3 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
განმცხადებელი – სს „ თ. ბ.“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი – თ. მ-ი, გ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ (მოსარჩელე)
წარმომადგენლები – მ. გ-ი, თ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ. ბ.“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შეტანის გამო.
2018 წლის 5 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სს „თ. ბ.“ წარმომადგენელმა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „თ. ბ.“ მიერ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით 2018 წლის 29 აგვისტოს და სასამართლოს ჩაბარდა 2018 წლის 31 აგვისტოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სს „თ. ბ.“ საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 31 აგვისტოს კანონის დარღვევით არის წარდგენილი, მაშინ როდესაც სს „თ. ბ.“ მიერ საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა კანონის სრული დაცვით. აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას თან ერთვის საფოსტო გზავნილი, სადაც მითითებულია სს „თ. ბ.“ მიერ საკასაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების ზუსტი თარიღი. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო, რომ სს „თ. ბ.“ მიერ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა კანონით დადგენილ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად არ დარჩებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა გასულად არ ჩაითვლება და მიუთითებს, რომ არსებობს საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სს „თ. ბ.“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმების და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით დადგინდა სს „თ. ბ.“ განცხადების განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სს „თ. ბ.“ საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე (იხ. სუსგ №ა-4178-ა-17-2015; 2015 წლის 28 დეკემბერი).
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სს „თ. ბ.“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შეტანის გამო. დადგენილია, რომ კასატორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ. 394-400). დადგენილია ასევე, რომ კასატორის წარმომადგენელმა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა - 2018 წლის 27 ივლისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა განჩინების ჩაბარება (იხ. ს.ფ. 416). საქმეში განთავსებული აქტით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის დასაბუთებული განჩინება მომზადდა 2018 წლის 8 აგვისტოს და იმავე დღეს გაეგზავნა კასატორს. გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2018 წლის 9 აგვისტოს, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილი (იხ. ს.ფ. 423).
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2018 წლის 10 აგვისტოს და ამოიწურა 2018 წლის 30 აგვისტოს. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. ვინაიდან საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო 2018 წლის 31 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 424-446), საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო გასაჩივრების კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადა.
განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას დაურთო საფოსტო გზავნილი, რომლითაც ირკვევა, რომ სს „თ. ბ.“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით - 2018 წლის 29 აგვისტოს (იხ. საფოსტო გზავნილი, ტ.1., ს.ფ. 468).
სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნული საფოსტო გზავნილით დასტურდება, რომ საკასაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის დაცვით. ამასთან, ის გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა აღნიშნული, განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინების ჩაბარების შემდეგ ანუ მოცემული საქმის წარმოების დასრულების შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მსჯელობისას საფოსტო გზავნილით დადასტურებული გარემოების გათვალისწინება, რომ სს „თ. ბ.“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით კანონით დადგენილი ვადის დაცვით, სასარგებლო გავლენას იქონიებდა საკასაციო საჩივრის სამართლებრივ ბედზე და მის განუხილველად დატოვებას არ გამოიწვევდა. დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილია ფოსტის მეშვეობით - 2018 წლის 29 აგვისტოს. შესაბამისად, არასწორია საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადად 2018 წლის 31 აგვისტოს მიჩნევა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელს არ დაურღვევია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების განახლების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ. ბ.“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და განახლდეს საქმის წარმოება საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 430-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ. ბ.“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე